როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ყურაშვილი-ყრუაშვილი
არსებობს მოსაზრება, რომ ყურაშვილებსა და ყრუაშვილებს საერთო წარმომავლობა ჰქონიათ, ოღონდ, სხვაობა იმაშია, რომ ყრუაშვილები აზნაურები ყოფილან.
გვარის ფუძეა მეტსახელი ყურა.
ყურაშვილთა გვარის გამოკვლევა მოცემული აქვს ბატონ პაატა ცხადაიას, წიგნში „გვარები და გვართა დასახელებანი სამეგრელოში”.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყურაშვილებს 79-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 4 971 ყურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 167, ქუთაისში – 755, ცაგერში – 497. არიან სხვაგანაც.
ქარჩავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქარჩა.
ამავე ძირისაა გვარები: ქარჩაიძე, ქარჩილძე.
ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ნაქარჩუ – უბანი ამავე სახელის სოფელში; ლუქარჩე – უბანი იორიმეში. აქაური ქარჩავების წინაპრები ჩამოსულან ნაკიანის ლექარჩედან საუკუნის წინათ და თან ჩამოუტანიათ სოფლის სახელწოდება.
საქარჩა უბანია ჩხოუშის მარცხენა ნაპირზე, საქარჩიო კი – უბნები მოცირში, ჭითაწყარსა და აბასთუმანში.
ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი ქარჩა. სიტყვა ქარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ქარჩავას 235-ე ადგილი უჭირავს, სამეგრელოში კი – 43-ე.
საქართველოში 2 836 ქარჩავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 005, ჩხოროწყუში – 426, თბილისში – 371. არიან სხვაგანაც.
ზანდარაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზანდარი.
დიღმელი ზანდარაშვილები ციციშვილების ყმები იყვნენ. მათი დაბრუნების პირობა ვახტანგ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს 1658 წელს მისცა.
1658 წელს მოიხსენიება გიორგი ზანდარაშვილი, რომელმაც დიმიტრი პაპაშვილს ორი დღის მიწა მიჰყიდა კოლოტაურის ვენახამდე. აღებული თანხით კი თავი დაიხსნა ციცი ციციშვილის ყმობიდან და მეფეს ეყმო.
ზანდარაშვილები ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ.
საქართველოში 288 ზანდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, მცხეთაში – 78, ყვარელში – 56. არიან სხვაგანაც.
თედორაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეოდორე, რაც ბერძნულად „ღვთის საჩუქარს” ნიშნავს. ბერძნული თეოდორედან შემდგომ ქართულში თევდორე გავრცელდა. გვაქვს, ასევე, მისგან ნაწარმოები ქალის საკუთარი სახელები თეოდორა და დოროთა.
სახელ თევდორესგან ნაწარმოები გვარებია: თედეიშვილი, თედელური, თედეშვილი, თედოზაშვილი, თედორაშვილი, თედიაშვილი, თევდორაშვილი, თევდორაძე.
„ალისმერეს მცხოვრებ ივანე თედორაძეს ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა 1558 წელს“.
საქართველოში 2 115 თედორაძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 487, ბათუმში – 226, აბაშაში – 206. არიან სხვაგანაც.
ნაცარიშვილი-ნაცარაშვილი
გვარის ფუძეა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი ნაცარაშვილი.
გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს საერთო არაფერი აქვს.
ნაცარიშვილი ხელოვნურადაა გამოგონილი ცხოვრებისეული პირობების გამო და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.
აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან ჩასული დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, „დადიანის ნაცარიშვილად“ მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს. ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.
საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.
ჯაფიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაფა, რომელიც ჩვენთან არაბულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა. ის მძიმე შრომას ნიშნავს.
1873 წელს, სოფელ წყურვილეთში მოიხსენიება გოგოლა ჯაფიაშვილი.
საქართველოში 392 ჯაფიაშვილი ცხოვრობს: გორში – 148, ქარელში – 117, თბილისში – 51. არიან სხვაგანაც.
ელიკაშვილი-ილიკაშვილი-ელიკაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელია. ამ საკუთარი სახელიდან რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
ელია ძველი ბერძნული სახელია და ნიშნავს: „ღმერთი ციხესიმაგრეა ჩვენი.”
ელიკაშვილი და ილიკიშვილი ერთი და იგივე გვარია.
1671 წელს ელიკა მოიხსენიება ბაადურ ციციშვილის მიერ სამწევრისეული მამულების ნუსხაში, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ნაქონი სამი დღის მიწა კაკალაშვილს ჰქონდა.
1709 წელს, ავნევში მცხოვრები ელიკაშვილი ფალავანდიშვილის წილის ბარათში მოიხსენიება.
ერტისში მცხოვრები ბიძინა ელიკაშვილი 1688 წელს მეფე გიორგიმ მამულითურთ უწყალობა ბეჟან თურქისტანიშვილს.
გიორგი ელიკაშვილი 1781 წელს, სოფელ მუხათში მოიხსენიება.
ელიკაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ჭანდარში.
ამავე ძირისაა გვარი ელიკაური.
საქართველოში 750 ელიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 305, გურჯაანში – 199, თბილისში – 174. არიან სხვაგანაც.
35 ელიკაური: თბილისში – 12 გორში – 18, თიანეთში – 5.
თურქაძე
ფუძიდან თურქი ნაწარმოებია ქართული გვარები: თურქანაისძე, თურქაძე, თურქია, თურქიაშვილი, თურქისტანაშვილი, თურქიშვილი. თურქიაშვილი, თურქანაისძე და თურქაძე ერთ და იმავე გვარად ჩანან.
თურქანაისძეთა განაყოფი გვარია, ასევე, გაბისულაისძე.
„გაბისულაისძის, სახლიკაცს ლაბეჭინის ეკლესიაში ჰქონდა საფლავი“, – აღნიშნულია გაბრიელ ლაბეჭინელის ანგარიშებში მეცამეტე საუკუნეში.
„თურქაძე პაატა იყო მოწმე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გიორგი გლურჯიძისთვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა” (1527-1556 წლები).
საქართველოში 941 თურქაძე ცხოვრობს: თერჯოლაში – 248, თბილისში – 178, ქუთაისში – 131. არიან სხვაგანაც.
თოლორდავა-თოლორაია-თოდუა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოლორდა, რაც მეგრულად „თვალად იყავის“ ნიშნავს.
თოლორდავა, თოლორაია და თოდუა, ერთი და იგივე გვარია. გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ფოლკლორული ნამუშევრები: გურიის მაზრის ერთ-ერთ სოფელში უცხოვრია ერთ კეთილბუნებოვან კაცს. ის ერთ ნათესავს დაუჩაგრავს, ადგილ-მამული წაურთმევია და შეურაცხყოფა მიუყენებია. კეთილ კაცს აბუჩად აგდება ვერ აუტანია და იძულებული გამხდარა, ნათესავი მოეკლა. მკვლელი მესისხლეობას გაჰქცევია და ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურისთვის შეუფარებია თავი. იქ ციდრავების გოგო მოსწონებია, მაგრამ, როგორც კი მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, ბატონი გამოჩენილა, რომლის აღვირახსნილობასაც ახალგაზრდებისთვის ხელი შეუშლია. კეთილი კაცი იქიდანაც აყრილა და სხვაგან გადასახლებულა. დადიანების ურჩ პატიოსან კაცს ბატონების შიში და კრძალვა ვერ მოუშორებია და მღვდლისთვის გაუნდვია: ცოლი შევირთე, აქვე, ლუგელაში ვცხოვრობ და თქვენი იმედი მაქვსო. კარგი, შვილო, მაგრამ, იცოდე, აქვე ახლოს უნდა იყო სახილველად, თვალის დასანახადო („თოლო ორდა“ მეგრულად – „თვალად იყავი“). ასე შერქმევია მის შთამომავლობას თოლორდავა.
სათოლორდო, თოლორდათი – უბანია ლეცირდესა და შიშას შორის, მუხურაში.
ასევე, თოლორდავები გვხვდებიან სოფლებში: ხაბუძე, ჩხოროწყუ, ნოსირი, თაია, საჯიქიო, ზუმი, ინგორი, ხამისქური, ჯგალი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თოლორდავას 387-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 2 127 თოლორდავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 907, თბილისში – 274, სენაკში – 170. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ