რით ავსებენ ერთმანეთს სოსო თოლორაია და ქეთი ორჯონიკიძე და როგორ გახდნენ ისინი თანაწამყვანები
ქართული ტელეარხები, ბოლო დროს, საკმაოდ დაიტვირთა მუსიკალური შოუებით. უამრავი ახალი და ნიჭიერი სახე გამოჩნდა. წლების წინ, მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე მაყურებელმა, სწორედ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო და შეიყვარა. ის თავისი განსხვავებული იმიჯით, ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით, სხვა მონაწილეებისგან ნამდვილად გამორჩეული და რეიტინგული იყო. დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ და „მაგთის“ ერთობლივ მუსიკალურ პროექტში – „მაქთიფანი“, ქეთი, სოსო თოლორაიასთან ერთად, წამყვანად მოგვევლინა. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის ახალი ამპლუაა, სადაც თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს.
ქეთი ორჯონიკიძე: ტელეკომპანია „მაესტრომ“ ახალი პროექტი დაიწყო, სადაც აქტიურად ვარ ჩართული. მოკლედ, მუსიკალურ რეალითი შოუ „მაქთიფანში“ წამყვანი ვარ. ადრე სცენაზე, მიკროფონით ხელში, მხოლოდ ვმღეროდი, ახლა კი წამყვანის როლი შევითავსე და მგონი, კარგადაც. თავიდან, ცოტა ვინერვიულე, თუმცა, ჩემმა გამოცდილმა თანაწამყვანმა სოსო თოლორაიამ, ძალიან შემიწყო ხელი, დამეხმარა და ეს ნერვიულობა ადვილად დავძლიე. ხომ იცით, გვერდით ვინ გიდგას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს – ისე, კარგად ვერ იმღერებ და ვერც სოფელს ააშენებ (იცინის). მგონი, კარგი წყვილი ვართ, შეხმატკბილებული და ერთმანეთს ვავსებთ. ამ რეალითი შოუში, ახალგაზრდა მუსიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან – დიდ გამოცდილებას იღებენ და უფრო იხვეწებიან. გამოცდილი და კომპეტენტური ჟიური კი მათ აფასებს. ეს არის მუსიკალური რეალითი შოუ, სადაც თვრამეტი კონკურსანტია, აქედან ათი პირველ კონცერტზე წარდგება, დანარჩენი რვა კი, რეზერვია, საიდანაც ნელ-ნელა შეივსება ჯგუფი. მონაწილეები თორმეტი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ მათთვის სპეციალურად განკუთვნილ სახლში, წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით. უტარდებათ აერობიკის, ვოკალის, ცეკვისა და სხვადასხვა გაკვეთილი. მაესტროს ეთერში ყოველდღიურად გადის სერიები კონკურსანტების ერთობლივი ცხოვრებისა და სწავლების შესახებ. კვირის ბოლოს იმართება შემაჯამებელი ლაივ-კონცერტი. პროექტის მიზანია, კონკურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისგან შეიქმნას მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩაწერს ალბომს და გაემგზავრება ტურნეში. მოკლედ, გამარჯვებულს საკმაოდ კარგი პრიზი ერგება – შექმნის საკუთარ ბენდს. ეს დიდი ფუფუნება და ოცნებაა ყველა მუსიკოსისთვის, მით უმეტეს, დამწყებისთვის. წარმოიდგინეთ, მონაწილეები რა მონდომებულები არიან, თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, უკეთესი კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი მონაცემები. არაჩვეულებრივი შანსი მიეცათ და ამად ბრძოლა ნამდვილად ღირს. ეს რეალური შოუ, მათ ასევე აძლევს საშუალებას, წინ წაიწიონ შემოქმედებითი კუთხით. აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია. მე მომწონს.
– თავად თუ მიიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში?
– სიამოვნებით. ძალიან მაგარი პროექტია, ყველა ნიუანსით. სხვათა შორის, მეც კონკურსიდან გამიცნო ხალხმა და ეს დრო, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. მართალია, პროექტში შემთხვევით, მეგობრის წყალობით მოვხვდი, მაგრამ მომეცა შანსი, მაყურებელს გაეცნო ქეთი ორჯონიკიძე, მიეღო ის ისეთი, როგორიცაა და შეეყვარებინა მისი შემოქმედება. რომ იტყვიან, მოკლე დროში, გავხდი ცნობილი. ეს დიდი ბედნიერებაა. დღეს, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პროექტიდან ავიღე გეზი. კონკურსმა ბევრი რამ მასწავლა და საკუთარი თავი მაპოვნინა. ეს ის სფეროა, რომელშიც მოღვაწეობა მსიამოვნებს. მოკლედ, კონკურსმა, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, წარმატებისკენ გამიკვლია გზა – ხალხმა გამიცნო, საზოგადოებისთვის ცნობილი გავხდი და ბედნიერი ვარ, რომ ის რთული გზა გავიარე. გამოგიტყდებით, თავიდან არანაირი მიზანი არ მქონია, პირველ ოთხ ტურში იმიტომ გამოვედი, რომ ყველას მოწონებოდა ჩემი ნამღერი და ღირსეულად დამეტოვებინა პროექტი. მერე აზარტში შევედი და მივხვდი, გამარჯვებისთვის ბრძოლა უფრო და უფრო მინდოდა (იცინის).
– განსხვავებული იმიჯი გაქვს, რომელიც ხშირად საზოგადოების განხილვის საგანია. შენ არ რეაგირებ და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ხარ, არასდროს იმჩნევ დარდს. ეს შენი სტილია თუ უბრალოდ, ძლიერი პიროვნება ხარ?
– მიყვარს თავისუფალი ცხოვრების სტილი, განსხვავებული იმიჯი და ვერ ვეტევი სტანდარტულ ჩარჩოებში. რა ვქნა, ასეთი ვარ (იცინის). რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, შევინარჩუნო ოპტიმისტური განწყობა. მიყვარს უშუალო ადამიანები და ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო. კონკურსში რომ ვმღეროდი, ძალიან „რთული“ იმიჯი მქონდა. ვფიქრობდი, ხალხი ამას არ „მაპატიებს“ და ნეგატიურად განეწყობა-მეთქი (იცინის). მაგრამ, შევცდი. ისეთი სიყვარული და სითბო ვიგრძენი, ვერც კი წარმოიდგენთ. ქუჩაში მაჩერებდნენ, მესიყვარულებოდნენ, მეფერებოდნენ... ხალხი ყოველთვის გრძნობს შენს მათდამი განწყობას და თუ სცენიდან მათთვის იხარჯები, ისინი ამას სიყვარულით გიფასებენ. ხოლო, რა გაცვია და რა ფერის თმა გაქვს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია მათთვის. რა ვიცი, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა (იცინის). ბევრმა, პროექტის შემდეგ, ისიც მითხრა, შენი იმიჯის გამო არ მოგვწონდი, მაგრამ ახლა გვიყვარხარო. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო, რომ უფრო მეტი მემუშავა და უკეთესად მემღერა.
– თუმცა, შენს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა არსად ჩანდი და იმასაც ამბობდნენ, ქეთი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლადო.
– მართალია, როცა პროექტი დასრულდა, ლონდონში წავედი სასწავლებლად. არადა, მაშინდელი კონკურსის მონაწილეებზე იმ პერიოდში საკმაო მოთხოვნა იყო – ბევრ კონცერტზე იწვევდნენ. ამით, კიდევ უფრო გაიცნო ხალხმა და შეიყვარა ისინი. მიუხედავად ამისა, საქართველოში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ხალხს ისევ ვახსოვდი და ისევ ისეთ სითბოს ვგრძნობდი. ეტყობა, ჩემს ნამღერთან ერთად, ჩემი იმიჯითაც დავამახსოვრე თავი (იცინის).
– ქეთი, ამბობენ, ნიჭთან ერთად იღბალიც უნდა დაგყვეს და მაშინ ცხოვრებაში წარმატებას ადვილად მიაღწევო. შენ რას იტყვი?
– მე იღბლიანი ვარ, თუმცა ცოტა ზარმაცი (იცინის). ვიცი, სიზარმაცე ცუდია, უკან გხევს ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა?! ფაქტია, ამას ვებრძვი (იცინის). სიმართლე თუ გინდათ, ყველაფერს დიდი შრომის ფასად ვაღწევ. თუ არ ვიშრომე, ისე იღბალიც არ მწყალობს (იცინის).
– და, ბოლოს, რას ურჩევ რეალითი შოუს მონაწილეებს?
– მე ვენდობი საკუთარ გულისთქმას და ოცნების ახდენისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ამასვე ვურჩევ ყველას. რეალითი შოუ „მაგთიფანის“ მონაწილეებს კი ვეტყვი, რომ მთავარია მონდომება, ბევრი შრომა, თავდადება და ყველაფერი გამოგივა. თუ გულით ოცნებობ რამეზე, სიზარმაცეს დაძლევ, ბევრს იმუშავებ, იქნები ალალი და გულღია, ეს ოცნება ნამდვილად აგიხდება. მინდა, რეალითი შოუ „მაგთიფანის“ ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო.