კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღიკვეცება თუ არა ბერად გედევან ფოფხაძე და რა კომპრომისებზე მიდის ის „ქართული ოცნების“ ხათრით

„ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გედევან ფოფხაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ ინტელექტკლუბიდან – „რა? სად? როდის?“ გახდა, თუმცა, გედი, როგორც მას მეგობრები უწოდებენ, პოლიტიკურ საქმიანობაში ჯერ კიდევ პარლამენტარობამდე იყო ჩართული. დაოჯახებას არ ჩქარობს. ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნა მისთვის ბევრად უფრო დიდი კომფორტი იყო, ვიდრე პარლამენტარობის მძიმე ტვირთი. ჟურნალისტების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია, დასძინა – კარგად ვიცი მათი მნიშვნელობა და ფასიო; თუმცა, მომეჩვენა, რომ პოლიტიკოსის ამპლუისთვის ინტელექტუალთა გუნდის კაპიტანი ცოტა მორიდებულია.

გედევან ფოფხაძე: პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ვლაპარაკობ (იცინის) – არ მიყვარს.

– როგორ გგონიათ, თანამედროვე პოლიტიკაში ინტელექტუალების დეფიციტი ხომ არ არის?

– მე მგონი, პოლიტიკაში ვინც არიან, საჯარო პირები არიან და, ის  აუცილებელი და ელემენტარული განათლება, რაც უნდა ჰქონდეთ, აქვთ; ყოველ შემთხვევაში, მე მათთან კომუნიკაციის დროს ეს პრობლემა არ მაქვს. ვაფასებ ამ მხრივ ჩემი მოწინააღმდეგეების შესაძლებლობებს. განსხვავებული აზრები იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვერ დაინახო. ბოლოს და ბოლოს, მე და პალიკო კუბლაშვილი „რა, სად, როდისში“ ერთ გუნდში ვთამაშობდით, მეგობრები ვართ. მე და პალიკოს რაღაც საკითხებზე გვქონდა მძაფრი წინააღმდეგობები, მაგრამ, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ მოწინააღმდეგე ბანაკებში უნებურად აღმოვჩნდით. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მე ბორჯომის გამგებელი ვიყავი, როცა ნინო ბურჯანაძემ შემომითვალა – დაწერე განცხადება და შენი ნებით წადიო. ამის შემდეგ მე წავედი ბეთანიის მონასტერში, მეუფე სერაფიმეს კურთხევით, ერთი თვე ვიყავი იქ და, შეიძლება, იქიდან არც დავბრუნებულიყავი – აღარ მინდოდა ერში ცხოვრება. აქედან ძალიან დაბოღმილი და გაბრაზებული წავედი.

– დეპრესიისკენ მიდრეკილი ხართ, როგორც ჩანს.

– არ ვიცი, ალბათ. ისეთ თემაზე ვსაუბრობთ – ვარდების რევოლუციაზე, რაც ჩემთვის სახალისო გასახსენებელი ნამდვილად არ არის. ბორჯომის გამგებელი ექვსი თვის განმავლობაში ვიყავი. მაშინ ახალდაბასთან „კმარას“ აქტივისტებთან მომიხდა შეხლა-შემოხლა, გიგა ბოკერიაც იყო იქ. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ მშვიდი ცხოვრება საერთოდ არ მქონია. რევოლუციის მერე ჩავთვალე, რომ საერო ცხოვრებაში ჩემთვის საინტერესო აღარაფერი ხდებოდა. ძალიან ცუდად ვიყავი. მონასტერში ამ საკითხებზე ხშირად ვფიქრობდი... ბეთანიაში ჩემთან ამოვიდნენ პალიკო კუბლაშვილი და ჩემი რამდენიმე მეგობარი; მითხრეს, თუ პოლიტიკის გამო აპირებ აქ დარჩენას, მაგას ნუ იზამ, დაბრუნდი და ჩვენ ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო. ნაციონალებში შესვლა ნამდვილად არ შემოუთავაზებია (იცინის). გაზეთ „ბორჯომის ხმას“ ვუშვებდი და ასე ვუპირისპირდებოდი ხელისუფლებას. ადგილობრივ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და გავხდი საკრებულოს წევრი. ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და ბორჯომი ლევანმა მოიგო. მოკლედ, ბევრი ვიშრომე (იცინის).

– ტაძართან მანამდე ახლოს იყავით?

– არა, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი, ჩვენი ეპარქიის ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. მიმაჩნია, რომ სასულიერო ხელისუფლება საეროზე აღმატებულია... პოლიტიკოსმა კურთხევა უნდა მიიღოს მეუფისგან. მონასტერში შევძელი, ჩემს გაბრაზებას, წყენას, ვნებებს მოვრეოდი. თუმცა, ახლაც ვფიქრობ, რომ, შეიძლება, აღვიკვეცო, როცა მეუფის კურთხევა მექნება.

– თქვენთვის, როგორც სხვა პარლამენტარებისთვის, ალბათ, ქუთაისში სიარული დიდი დისკომფორტია. 

– ვერ ვიტყოდი (იცინის). ვისაც ოჯახი აქვს, ალბათ, იმისთვის უფრო რთულია. მე აქ ვიქნები, ბორჯომში თუ ქუთაისში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დილით მოვდივარ, ღამით ვბრუნდები და მაშინვე ვიძინებ, სახლში არავინ მელოდება (იცინის).

– მარტო ცხოვრება მოსაწყენი არ არის?

– არა მგონია, პირიქით. ყოველ შემთხვევაში, მე მშვენივრად შევეჩვიე.

– ემოციური ადამიანი არ ჩანხართ მეგრელ-გურული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით.

– რატომ გგონიათ, რომ ბორჯომელები არ არიან ემოციურები? საერთოდ, თამაშისას დინჯ კაპიტნად ვითვლებოდი, თუმცა, ემოციური გადაწყვეტილებებიც ხშირად მიმიღია. პარლამენტშიც, როცა საჭიროა, საკმაოდ ემოციური ვარ. აქციებზეც ასეთი ვიყავი, როცა მეგაფონით გამოვდიოდი. როცა ვბრაზდები, მუშტებს ვაბრახუნებ ხოლმე, ან კედელს რაიმე ნივთს ვესვრი, ძირითადად ისეთს, რაც ნაკლებად მჭირდება (იცინის).

– გედევან ფოფხაძის ბავშვობა როგორი იყო?

– მე ვსწავლობდი ბორჯომში და მეცხრე კლასიდან აქტიურად ჩავერთე ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ალბათ, პოლიტიკოსობაზეც მიფიქრია მაგ ასაკიდან. არ შევედით კომკავშირში და შევქმენით არაფორმალების ჯგუფი. ვიფიცებოდით, ვატარებდით მიტინგებს. სკოლაში რომ მივიდოდი, ამბობდნენ: ვა, გედი აქ არის? ესე იგი, დღეს გაკვეთილები გვიცდებაო (იცინის). სკოლის კომუნისტური გერბი ჯერ წითლად გადავღებე, მერე – ლურჯად (იცინის). თბილისშიც ჩამოვდიოდით და ვმონაწილეობდით საპროტესტო დემონსტრაციებში. მასწავლებლების თავის ტკივილი ვიყავით, სისხლს ვუშრობდით (იცინის). მამაჩემი ნერვიულობდა ხოლმე, დედაჩემი – თანამიგრძნობდა. ასე რომ, მშობლების დაბარებას არ ჰქონდა აზრი. იმათაც იცოდნენ, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერეოდნენ. არაფორმალების ლიდერი ვიყავი, მოკლედ. სტუდენტობის დროს პოლიტიკურად აქტიური აღარ ვყოფილვარ, უბრალოდ, ჩემი ძმა იყო „მრეწველებში“, მერე ის ბორჯომის მერი გახდა, მე – საკრებულოს წევრი. ჩემი ძმა ხშირად მეუბნებოდა: დაანებე, რა, თავი ამ ოპოზიციონერობას, აღარ შემიძლია. რა გინდა, რას მერჩიო, რადგან, ხშირად იბარებდნენ ხოლმე დაკითხვებზე, ხან რას იგონებდნენ, ხან – რას, რაც, ძირითადად, ჩემს გააქტიურებასთან იყო დაკავშირებული (იცინის).

– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პარლამენტარი გახდით?

– სიმართლე გითხრათ, ოპოზიციონერობა მერჩივნა, არ ვიყავი ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად და გუნდშიც არ გვეგონა, რომ ასეთი უმრავლესობით მოვიდოდით. ჩემთვის უფრო მარტივი და ნორმალურია სხვისი კრიტიკა – ლავირების უფრო ნაკლები შანსი გაქვს: ხანდახან უნდა გაჩუმდე იმაზე, რაც არასწორად მიგაჩნია. გუნდის პრინციპებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს გაჩუმება და კომპრომისზე წასვლა. ჩემთვის ეს რთულია, თუმცა ისეთი ნონ-კონფორმისტი არ ვარ, რომ ავმდგარიყავი და გოთი  გავმხდარიყავი (იცინის). პარლამენტარი რომ გავხდი, ამან დეპრესიაში ჩამაგდო და ამის გამოხატულებაა ის, რომ წვერს ვატარებ.

– პალიკო კუბლაშვილის გარდა ვისთან მეგობრობდით ნაციონალებში?

– ნიკა გვარამიასთან... რა ვიცი, ბევრთან, იმიტომ, რომ ჩემი თანაკურსელები იყვნენ. უბრალოდ, თუ ადრე სულ ერთად ვიყავით, ახლა იშვიათად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ჩვენთან პოლიტიკას ტაბუ ადევს. რომ ავყვეთ ამ თემას, შეიძლება, ერთმანეთი დავკარგოთ. ჩვენ ჩვენს მეგობრობას ძალიან ვუფრთხილდებით. მე, პალიკო, ნიკა და კახა კუკავა ერთად ვთამაშობდით ინტელექტკლუბში. კარგი სტუდენტები ვიყავით, უბნიდან უბანში არ დავდიოდით საჩხუბრად და გარჩევებზე. თუ ვინმეს კონსპექტი უნდოდა, იცოდნენ, რომ ჩემთან უნდა მოსულიყვნენ (იცინის). სულ ერთად ვიყავით, ჩემთან, სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე, რუსთაველზე.

– საზოგადოებაში ხშირად ქირქილებენ: ცხოვრებაში „ნაციონალები“ და „ოცნებელები“ მშვენივრად „კოჰაბიტირებენო“.

– არ ვიცი, რას გულისხმობთ. ნორმალური, სალმიანი ურთიერთობა გვაქვს. თუ ვინმეს სამოქალაქო ომის დაწყება უნდა, ვერ გეტყვით. მე თუ ადამიანს არ ვაგინებ დერეფანში, არ ნიშნავს, რომ განსხვავებული პოზიციები არ გვაქვს. უბრალოდ, მუშტი-კრივამდე არ მისულა საქმე.

– თქვენი მარტოხელა ცხოვრების გამო დედათქვენი პროტესტს არ გამოთქვამს.

– მაინცდამაინც არა. თან, ჩემმა ძმამ ახლახან შეირთო ცოლი, უფრო იმაზეა გადართული და ჩემთვის არ სცალია. ჩემს იმიჯზე ძირითადად მე თვითონ ვზრუნავ, ხანდახან დედაჩემსაც უწევს მოვლა (იცინის).  დაოჯახება არ მეჩქარება მაინცდამაინც – ბედის ამბავია.

– ამბობენ, ინტელექტუალი მამაკაცები სნობები არიანო.

– სნობიზმს ვერ ვიტან, ჩემთვის ძალიან დიდი სათნოებაა თავმდაბლობა. ძალიან იშვიათად, რომ თვითკმაყოფილება დამეუფლოს, თუ მაინცდამაინც, როცა ბაქრაძისთვის დამისწრია პასუხი (იცინის). სამედიცინო თვალსაზრისით, არაადეკვატური არ ვარ, თუმცა, ხანდახან ყველაა არაადეკვატური. ძალიან მწყდება გული, რომ „რა, სად, როდისში“ თამაშს ვეღარ ვახერხებ.

скачать dle 11.3