რატომ არ ასრულებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუდიტის სამსახური თავის ფუნქციებს და რატომ იქცა საქართველოში პოლიტიკა მომგებიან და სარფიან ბიზნესად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კიდევ ერთი კვლევა 2012 წელს პოლიტიკური პარტიების ფინანსებს ეხება. ზოგადი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) საარჩევნო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა ექვსმა პარტიამ, საერთო ჯამში, 4 მილიონ 607 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო და იმავე პერიოდში – 6 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 13 მილიონ 434 ათასი ლარი მიიღო და მხოლოდ 3 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯა; ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას – 961-ათასლარიანი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 750 000 ლარი აითვისა; საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ კი, სულ რაღაც, 337 ათასი ლარი მიიღო, ხარჯებს კი 250 ათასი ლარი მოახმარა. რაც შეეხება სრულ პერიოდს: საერთო ჯამში, 2012 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მილიონი ლარი აითვისა, ხოლო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ – მხოლოდ 12 მილიონი. უფრო დაწვრილებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – „საქართველოს“ საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი გაგვაცნობს.
– ჩვენი განვითარების დონის მქონე ქვეყნისთვის რამდენად ადეკვატურია ის თანხა, რასაც საქართველოს პარტიები თავიანთი პარტიული ცხოვრებისთვის ხარჯავენ: გაცილებით ფუფუნებით ცხოვრობენ თუ მათი პოლიტცხოვრების დონე მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფერისია?
– საინტერესო კითხვაა, თუმცა მოქალაქეთა ცხოვრებასა და შემოსავლებთან პარტიების ფინანსების შედარება გამიჭირდება, მაგრამ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, 2012 წლის განმავლობაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მილიონი ლარის ხარჯი გასწია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა 6-მა პარტიამ კი, დაახლოებით, 12 მილიონი ლარის. მართალია, ჩვენი კანონმდებლობით, დაწესებულია გარკვეული ზღვარი, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი და, თუ ამ ზღვარს შევადარებთ, გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწესებულის თითქმის ნახევარი აითვისა, „ქართულმა ოცნებამ“ – მეოთხედი. ამ კუთხით თუ შევაფასებთ, დიდ თანხებზე არ არის საუბარი, თუმცა, რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის ათეულობით მილიონი ლარი საკმაოდ დიდი თანხაა. მეორე მნიშვნელოვანი კითხვაა, საჭიროა თუ არა ამ ოდენობის თანხების ხარჯვა პარტიული საქმიანობისთვის, მაგრამ, თუ პარტიები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ უნდა დახარჯონ ამდენი თანხა, ეს მათი გადასაწყვეტია.
– ცნობილია, რომ ფულის დაბანდებამ უფრო მეტი ფული უნდა მოგიტანოს. რა მოტივით დებენ ასე დიდ თანხას პოლიტიკური პარტიები თავიანთ პარტიულ საქმიანობაში, იმედი აქვთ, რომ უფრო მეტს მიიღებენ მომავალში? ეს ერთგვარი კაპიტალდაბანდებაა?
– ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი მოტივაცია, იმიტომ რომ, როდესაც პარტია მოდის ხელისუფლებაში, თუ წინა ხელისუფლების მაგალითით ვიმსჯელებთ, მისი წევრები საკმაოდ ბევრ ბიზნესში, თუ ყველგან არა, იყვნენ ჩართულნი ამა თუ იმ ფორმით და, რეალურად, საკმაოდ დიდ თანხებს იღებენ სანაცვლოდ არჩევნების შემდეგ. ანუ მომგებიანი „ბიზნესია“ პოლიტიკა.
– ჩინოვნიკთა და პოლიტიკოსთა საფინანსო დეკლარაციებიც ნათლად ასახავს პოლიტიკის მომგებიანობას, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, ჩვენი თავმჯდომარე ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა, ახლა კი რეზინის ჩექმებით დადისო.
– თუმცა საფინანსო დეკლარაცია სრულად არ ასახავს მათ შემოსავლებს.
– საქმეც ესაა, რასაც ასახავს, ისიც ნათლად აჩვენებს გამდიდრების ტენდენციას.
– გარდა ამისა, ამას წინათ გამოქვეყნდა პრეზიდენტ სააკაშვილის ფარული ხარჯები და, თუ ამასაც დავამატებთ ზემომოყვანილ ციფრებს, სახელმწიფოს ხარჯით ბევრი რამის გაკეთებას ახერხებენ ჩვენთან ხელისუფალნი. ასე რომ, რა თქმა უნდა, მომგებიანი საქმიანობაა პოლიტიკა და ხელისუფლებაში მოსვლა.
– ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ბიუჯეტიდანაც, გარდა ამისა, დაფინანსების რა წყაროები გამოიკვეთა?
– პარტიებს შემოსავლების რამდენიმე ძირითადი წყარო აქვთ: საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულობები ფიზიკური პირებისგან, საწევრო შენატანები და სხვა საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მსხვილი პარტიების შემთხვევაში შემოსავლებში ძალიან დიდი წილი უჭირავს შემოწირულობებს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი წინა საარჩევნო პერიოდში 13 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 11 მილიონი შემოწირულობა გახლდათ. კიდევ სხვა საკითხია, როგორ სწირავენ ადამიანები ამ თანხებს პარტიას: ნებაყოფლობით თუ პირიქით. რეალურად, პოლიტიკური პარტია ხარჯავს მოქალაქეების ფულს, ამ ფულით მოდიან ხელისუფლებაში და კიდევ დამატებით იღებენ შემოსავალს.
– როგორც ჩანს, პოლიტიკა ძალიან სარფიანი არჩევანია. როგორც წესი, მმართველ პარტიას ჰყავს ჩვენთან ყველაზე მეტი შემომწირველი?
– 2012 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემომწირველი ჰყავდა მმართველ პარტიას, ანუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დაახლოებით, ათას ადამიანამდე. „ქართულ ოცნებას“ 400-მდე ადამიანმა შესწირა თანხა.
– „ქართული ოცნების“ დაფინანსების წყაროები როგორია?
– კოალიციაში ექვსი პარტიაა გაერთიანებული, რამდენიმეს აქვს საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ აქაც უმეტესად შემოწირულობაა შემოსავლის მთავარი წყარო, თუმცა, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებსა და შემოწირულობებს შევადარებთ, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში გაცილებთი ნაკლებია როგორც შემომწირველების, ისე შეწირული თანხის ოდენობა.
– ამ კვლევამ თუ გააჩინა ეჭვი, რომ, გარდა დეკლარირებული შემოსავლებისა, პარტიებმა კიდევ დახარჯეს რაღაც თანხა, რაც ვერ მოხვდა ოფიციალურ დოკუმენტაციაში?
– ეს ლეგიტიმური კითხვაა, განსაკუთრებით თუ რამდენიმე ტენდენციას გავითვალისწინებთ. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ჰქონდა 7-მილიონიანი შემოსავალი, მაგრამ გასწია 12 მილიონის ხარჯი, 5-6 მილიონამდე ხარჯი ვალდებულების აღების ხარჯზე გასწია.
– ანუ „პოსლეზე“?
– დიახ და ეს სერიოზული პრობლემაა.
– არის კანონდარღვევა?
– კანონდარღვევა არ არის, პრობლემა ის არის, როდის გადაიხდიან ამ თანხას.
– თუ ასეა, რატომ არ ჩივის არავინ?
– ეს არის კერძო შრომითი ურთიერთობები, თუ მე ვიმუშავე პარტიისთვის და ხელფასი არ გადამიხადა, შემიძლია, მივმართო სასამართლოს. შესაძლოა, ნაწილ-ნაწილ ისტუმრებენ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ აქვთ დარჩენილი საკმაოდ დიდი დავალიანება. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებს: თუ ჩვენ დეკლარირებულ ხარჯს – 22 მილიონს დავამატებთ იმას, რასაც სახელმწიფო რესურსს ვუწოდებთ, ეს თანხა საკმაოდ დიდი გამოვა. გაგახსენებთ „თბილსერვისის“ საქმეს, როდესაც 700 ადამიანი აქტიურად იყო დასაქმებული მერიის სტრუქტურებში, პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ ხელფასს სახელმწიფო უხდიდა მათ. ჯერჯერობით საქმე ძიებაშია, მაგრამ, თუ დამტკიცდა, ესეც პარტიული თანხის მნიშვნელოვანი დაზოგვაა. ამას გარდა, იყო სამარშრუტო ტაქსების თემა: სექტემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ დიდ აქციების მოწყობაში გამოიყენეს სამარშრუტო ტაქსები და უკვე დადასტურებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს, ანუ სახელმწიფოს საწვავი გამოიყენეს. ესეც პარტიული თანხის დიდი დაზოგვაა, მაგრამ ყველაზე დიდი დანაზოგი მაინც ეგრეთ წოდებულ სოციალურ რეკლამებზე მოდის. ეს რეკლამები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 2012 წლის შუა თვეებიდან გადიოდა სატელევიზიო ეთერებში და თავისი შინაარსით იყო არა სოციალური, არამედ პოლიტიკური რეკლამა. სახელმწიფო ფულს იხდიდა ვიდეორგოლების დამზადებაში, მაგრამ სატელევიზიო ეთერებში განთავსება უფასოდ ხდებოდა, რადგან თითქოს სოციალური რეკლამა იყო. აგვისტოში, როდესაც წინასაარჩევნო რეკლამები დაიწყო, ტელევიზიით სოციალური რეკლამები აღარ გადიოდა, მაგრამ შინაარსით „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამები მანამდე გასული სოციალური რეკლამების იდენტური იყო. ანუ ამასაც თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სერიოზული თანხა დაზოგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე აკეთებდა რეკლამას და ეს არ არის ასახული პარტიის ფინანსებში. ასე რომ, ასეულ მილიონ ლარზე შეიძლებოდა, ასულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯი.
– ამჟამადაც გადის ტელევიზიებით ახალი ხელისუფლბის ორი სოციალური რეკლამა. აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს?
– ეს ორი ახალი რეკლამა თავისი შინაარსით სოციალური რეკლამაა.
– ეფექტიანია ფულის სოციალურ რეკლამაში დახარჯვა? ისევ იმ სოციალურ პროექტს რომ მოხმარდეს ის თანხა, რაც რეკლამის დამზადებაში იხარჯება?
– სოციალური რეკლამა საჭიროა, რადგან სოციალური რეკლამის დანიშნულებაა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაც საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. კანონით, სოციალური რეკლამა არ შეიძლება, იყოს კომერციული, პოლიტიკური რეკლამა, არ შეიძლება, შეიცავდეს სახელმწიფოს მიერ რამე გაწეული მომსახურების რეკლამას. თუ ახალ სოციალურ რეკლამებს გადავხედავთ, აქ არ არის ასეთი პათოსი. ეს არის ინფორმაცია იმ პროგრამის შესახებ, რასაც ახორციელებს სახელმწიფო და ეს კარგია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ესა თუ ის სახელმწიფო მომსახურება. ახალ სოციალურ რეკლამებში არ ჩანს არც პარტიის ლოგო, არ ჩანან არც თანამდებობის პირები. ანუ პოლიტიკური ნიშანი არ ჩანს და სუფთა სახით სოციალური რეკლამაა, რასაც ჩვენ მივესალმებით, იმიტომ რომ სოციალური რეკლამა, მართლაც, კარგი რამაა მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მისაღებად. მთავარია, არ ირღვევა კანონი სოციალური რეკლამის შესახებ.
– რას გვიჩვენებს თქვენი კვლევა, პარტიულ ფინანსებს რა წილი უჭირავს გამარჯვებაში?
– როგორც ამ ბოლო არჩევნებით გამოჩნდა, ფინანსები არ არის გადამწყვეტი. 22 მილიონი ლარის ხარჯი გასწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ მაინც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. მაგალითად, წინა არჩევნების დროს ძალიან დიდი იყო პარტიების ფინანსებს შორის სხვაობა: 14-15-ჯერ მეტ თანხას ხარჯავდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე ერთად აღებული ყველა დანარჩენი პარტია. 2012 წლის არჩევნებზე ამხელა სხვაობა აღარ არის და, რეალურად, გამოჩნდა, რომ ფინანსებს გადამწყვეტი როლი არ ეკისრება. ამ ფინანსურმა სხვაობამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე „ოცნებამ“, პლუს სახელისუფლო რესურსი, ვერ განაპირობა ყოფილი მმართველი გუნდის გამარჯვება, მაგრამ, რაც მიიღო, ის ხმები სწორედ ამ თანხის ხარჯვის შედეგად მიიღო. ფინანსები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკისთვის, მაგრამ, როგორც ვნახეთ, მხოლოდ ფინანსები არ შველის, თუ საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტი არსებობს. თუ უკმაყოფილების მუხტი რაღაც დონემდეა მისული, რაც გინდა დიდი თანხა დახარჯო, გაგიჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.
– გარდა აცდენებისა გასავალ-შემოსავალს შორის, კიდევ რა დარღვევები გამოვლინდა?
– სხვა დარღვევებიც არის, მათ შორის, მცირე ტექნიკური და უფრო სერიოზულიც, თუმცა ჩვენ ისინი კითხვის ნიშნებით დავტოვეთ, რადგან ჩვენი პრეროგატივა არ არის შემოწმება. ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქცია და პრეროგატივაა, მათ აქვთ ამ ფაქტების გადამოწმების საშუალება. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. რაც შეეხება პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, მოგეხსენებათ, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ეს ცნება არსებობდა. შემდეგ დაიწყო „ეს შენ გეხება“ კამპანია და მივაღწიეთ იმას, რომ ყველა ადამიანი, ვისაც შეხება ჰქონდა პოლიტიკურ პარტიასთან, არ გაიგივებულიყო მათთან, ვინც უშუალოდ ხარჯავდა ფულს ვინმეს სასარგებლოდ. ამდენად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციად ორი ორგანიზაცია დასახელდა: საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და გიგა ნასარიძის „საქართველო არ იყიდება“, რომელიც, ძირითადად, სარეკლამო რგოლებს ათავსებდა სატელევიზიო სივრცეში. კანონით, ამ ორ ორგანიზაციასაც უნდა წარედგინა დეკლარაციები, მაგრამ მათი დეკლარაციები დღემდე არ არის გამოქვეყნებული. სავარაუდოდ, არც მათ წარუდგენიათ და არც აუდიტის სამსახურს მოუთხოვია. შესაბამისად, არ ვიცით, რაში დახარჯეს თანხები, რაც საინტერესოა. „საქართველო არ იყიდება“ ორგანიზაციას მითითებული აქვს შემომწირველები და, დაახლოებით, 2 მილიონ ლარზეა საუბარი. სავარაუდოდ, ეს თანხა კლიპებში დახარჯეს.
– თუ თვალი არ მატყუებს, მათ მიერ დამზადებული კლიპები 2 მილიონი არ უნდა დამჯდარიყო.
– ალბათ, თან, პარტიას: „ნაციონალურ მოძრაობას“ აჩუქეს ის კლიპები. ის, რომ მათ არ აქვთ წარდგენილი დეკლარაციები, კანონის პირდაპირი დარღვევაა. უკვე მოგახსენეთ სამარშრუტო ტაქსებისა და „თბილსერვისის“ შესახებ და, წესით, აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონოდა რეაგირება ამ ფაქტებზე. არადა, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთ უმნიშვნელო ფაქტებს უკირკიტებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომ გასაკვირია, როგორ გამორჩათ ასეთი პრობლემები. ამას გარდა, საინტერესოა შემომწირველების თემაც: ბევრი შემომწირველი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან იყო, მაგრამ არც ამით დაინტერესებულა სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
– სამაგიეროდ, საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებენ და ეჭვი მაქვს, პრემიებსაც.
– თუმცა მათი აქტიურობა ნულამდეა დასული. სრულიად უფუნქციოდ არიან და, ალბათ, რაღაც უნდა გაკეთდეს: ან სხვა სტრუქტურად გარდაიქმნას, იმიტომ რომ მათი ასეთი პასიურობა საკმაოდ უცნაურია.