„დამპატიჟე“
ანუ ყელსაბამიც ეყოფაო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე გამოსვლას, ჩვეულებისამებრ, არაერთგვაროვანი და რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: „ოცნება“ კმაყოფილია, „ნაცმოძრაობა“ – უკიდურესად უკმაყოფილო. თუმცა, თუ თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეაქციით ვიმსჯელებთ, მასპინძლები უფრო კმაყოფილებისკენ იხრებიან (პირადად მე იმით გახლავართ მოხარული, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ქართველი სახელმწიფო მოხელე ქართულ ენაზე რომ საუბრობდა, რაც, 2003 წლიდან მოყოლებული, წინა ხელისუფლება მშობლიურ და სახელმწიფო ენას ქვეყნის გარეთ არ სწყალობდა).
ასეა თუ ისე, როგორც გაირკვა, სამუშაო სადილზე საქართველოს დელეგაციაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოხვდნენ (აი, ისინი, პრემიერის გამოსვლა რომ დაიწუნეს). თავად ბ-ნმა ივანიშვილმა ფაქტი შემდეგნაირად ახსნა: „ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა ბატონმა მინიონმა მიგვიწვია სტუმრებად.“
თუმცა, ქართველ „ეროვნულ“ ოპოზიციას არც ის ეპიტნავა, რომ სადილზე (სადაც მათ წიხლი უკრეს) რფ-ის დელეგაცია ბრძანდებოდა (რამაც ჩვენებური ოპოზიციონრების წყენა კიდევ უფრო გააღრმავა).
ამ ფაქტს ყველაზე ნორჩი დეპუტატი ქ-ნი საჯაიაც გამოეხმაურა (ნეტავ, ის როდისღა წავა სასწავლებლად: პარლამენტარის ერთი ვადის ამოწურვის შემდეგ თუ ორი-სამი ვადის მოცვლას დაელოდება?!), ბოლოდროინდელი ტრადიციით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“.
სახელდობრ, 21 წლის კანონმდებელი ბრძანებს: „ოფიციალურ სადილზე, სადაც მიწვეული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთელი დელეგაცია (ეს პროტოკოლითაა გათვალისწინებული), არ არის გათვალისწინებული ოპოზიციის წარმომადგენლობა. სამაგიეროდ პუშკოვია მიწვეული.“
რაკი სტუმრები თვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიუწვევია, წარმოდგენაც არ გვაქვს, რატომ დაგვიჩაგრა ერთ დროს დემოკრატიის შუქურად წოდებული, აწ კი საქართველოს ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, თუ იმ ფარულ ხარჯებს გავიხსენებთ, პრეზიდენტი საკუთარი თანაგუნდელებისთვის ფუფუნება-კომფორტის შესაქმნელად ბიუჯეტიდან რომ ეწეოდა (მათ შორის, ქ-ნი საჯაიასთვის მირთმეულ სამკაულსაც), იქნებ ბ-ნმა მინიონმაც მიიჩნია, ყოველ შემთხვევაში, ქ-ნ საჯაიას ყელსაბამიც ეყოფაო?!