გადანათლულები
ამას გვიმალავდით?!
თუ აქამომდე ერის მამათა საჭე ეპყრათ (და მერე რა, რომ სტატისტიკური ინფორმაცია იმგვარად ჰქონდათ აწყობილი, დასაქმების მაჩვენებლით თვით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი ვჯობდით), რაკი ახლა ოპოზიციაში გადაინაცვლეს (ზედაც „ეროვნულებად“ გადაინათლნენ), ქვეყნის ბედმა ათმაგად დააფიქრა. ჰოდა, რადგან ჩაფიქრდნენ, დაადგინეს, რომ „ქვეყანაში შექმნილია არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა“ და, როგორც ქვეყნის ამაგდარ პოლიტიკურ ძალას შეეფერება, ხელისუფლებას რჩევებიც გამოუცხვეს.
კერძოდ, 9-წლიანი სახელისუფლო სტაჟის (და, იმავდროულად, უმუშევრების არმიის) მქონე „ნაციონალები“ უსტაჟო „მეოცნებეებს“ უმუშევრობის დაძლევის 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ (ჭეშმარიტად, მაშინ მოდის გამოცდილება, როცა იგი აღარ გვჭირდება!).
კერძოდ, პირველ პუნქტად გადასახადების შემცირებას მოითხოვენ (და მერე რა, რომ თავად ზრდიდნენ?!); მეორე პუნქტში კერძო სექტორში დაცულობისა და სტაბილურობის განცდის გაჩენაზე ამახვილებენ ყურადღებას (ვითომ ისეთ დაცულობას გულისხმობენ, როდესაც ბიზნესმენები უშურველად ჩუქნიდნენ სახელმწიფოს მილიონებს?!) და აქვე ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის ამნისტიის აუცილებლობაზეც საუბრობენ (რაც, თუ ბიზნესმენთა მიერ სახელმწიფოსთვის წინა 9 წელიწადში ნაჩუქარ ქონებებს გავიხსენებთ, სავარაუდოდ, ნაჩუქარით გაბერილი ჯიბის გადარჩენის მცდელობაა), მეტიც, სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო კომპანიების შემოწმების აკრძალვასაც ამატებენ (?!).
დანარჩენი ორი პუნქტი შედარებით პროზაულია: მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა, სხვათა შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებით (მეორე მხრივ, ამ დასავლურ ბაზრებზე პროდუქციის ხარისხია უმნიშვნელოვანესი, ჩვენში კი, ხარისხის მაკონტროლებელი ბარიერები, სწორედაც რომ, ლიბერალური ეკონომიკისადმი ლტოლვით გაუქმდა).
ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ოპონენტი კოლეგების რჩევა-რეკომენდაციებს, მაგრამ, თუ იმ უტყუარ ფაქტს გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრაგიკულად მაღალია ღარიბთა ოდენობა, აშკარაა, რომ რჩევის მომცემებმა იქ, ზემოთ, ყოფნისას, მაინცდამაინც ვერ ივარგეს.
ხოლო, თუ, ზედაც, დავამატებთ, რომ ახლა მესამე თვალიც გახსნიათ, შესაძლოა, საქმე მხოლოდ სხვის ომში დაბრძენებასთან კი არა, მონათვლის მადლით ყოფილთა გონების განათებასთანაც გვქონდეს.