ჩასასხდომები
ანუ, სიყვარულით ჯიბეგამსკდარი საქმოსნები
თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ორგანოები მაინცდამაინც, არ იკლავენ თავს მედიასაშუალებებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალების კვალზე საქმეების აღსაძვრელად, იმის ფუფუნება კი ნამდვილად გვეწვია, რომ უკიდეგანოდ და შეუზღუდავად მივიღოთ ინფორმაცია.
ხოლო, რაკი ეს ბედნიერება მაინც გვეღირსა, გასულ კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა და შეგვატყობინა, რომ 2003–2007 წლებში ჩვენებურ ბიზნესმენებს სახელმწიფოსთვის 120 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება უჩუქებიათ.
თუ ამ ტენდენციას გავითვალისწინებთ და, ზედაც, არაერთი ბიზნესმენის ნაამბობს დავამატებთ, სავარაუდოა, რომ ნაძალადევი ქველმოქმედება მხოლოდ 120 მილიონზე ვერ შეჩერდებოდა (ჩვენებურთა „გულკეთილობის“ ამბავი რომ ვიცი).
შესაბამისი სტრუქტურები ამ საკითხს ჯერჯერობით არ ჩასხდომიან (გამოსაძიებლად, რასაკვირველია), თუმცა, მაგალითად, უკვე თითქმის მარადიული დეპუტატი, ოღონდ, აწ ოდენ ნავიცესპიკერალი ბ-ნი მაჭავარიანი (რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გაგვმრავლებიან გულკეთილი საქმოსნები) აცხადებს, დაე, გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონო (მაგრამ, რომ არ იძიებენ?!).
ჰოდა, რადგან არ იძიებენ, ოკუპანტურ ჭეშმარიტებას („ნე პოიმან – ნე ვორ“) არათუ მოვრგებივართ, ზედაც, გავცდენილვართ. ამ რეალობის გათვალისწინებით კი, ისღა დაგვრჩენია სანატრელად, რომ ბიზნესმენებს, თუ უწინდელ ნაჩუქარს ვერ დაიბრუნებენ, სიყვარულის (ანუ ქონების გაჩუქების) ბუშტი კვლავაც არ გაუსკდებათ.