გაჭირვების ტალკვესი
ანუ „როცა ბელადია და თან აღარაა“
„დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც. მაგრამ, მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე. რატომ ადის, არავინ კითხულობს.
...იმიტომ რომ, დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ, რაკი დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო, როცა ბელადია და თან აღარაა, ეტყობა, რაღაც ირღვევა, რის დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ ადის...”
ჯემალ ქარჩხაძე
რატომღაც, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელმძღვანელობს, მაგრამ, იმ მარტივი მიზეზით, რომ დამოუკიდებლობის დღემდე შორია (თუმცა, არც ისე შორი, როგორც ნამდვილ დამოუკიდებლობამდე), გასამართ ღონისძიებათა ზუსტი ნუსხა უცნობია.
ერთი ის ვიცით, რომ სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება (რასაც, პირადად მე, არ დაგიმალავთ, მივესალმები). ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გაგვიმხილა, რომ ტრადიციულ ღონისძიებებს გამართავს (რატომღაც, რუსთაველზე, გლდანსა და ვარკეთილში. ვითომ, სტრატეგიულ პუნქტებს ითვისებენ?!).
ამას გარდა, არც ის დაგვიმალეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი (ზედაც, მთავარსარდალი) 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს როგორც რიგითი მოქალაქე (ეს ამბავი საგარეო საქმეთა მინისტრმა შეგვატყობინა).
თავის მხრივ, პრეზიდენტის მომხრეთა რიგებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი პირი 26 მაისს ავღანეთში აღნიშნავს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილი 2013 წელსაც ავღანეთში შეხვდა და, ზედაც, დავამატებთ, რომ აწ უკვე ხელმისაწვდომი, მანამდე კი გასაიდუმლოებული ინფორმაციით, მან და მისმა თანმხლებმა თანამოაზრეებმა გზად დუბაის ძვირად ღირებულ სასტუმროში გაატარეს დრო (რაც საქართველოს ბიუჯეტს, ანუ, გადასახადის გადამხდელებს 240 000 ლარი დაუჯდა), ბუნებრივად იბადება კითხვა: 26 მაისის მარშრუტი თბილისი-ჰელმანდის პროვინციაა თუ, ჩვეულებისამებრ: თბილისი-დუბაი-ჰელმანდი?!
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ავღანეთის მისია რომ არ ყოფილიყო, ჩვენს მთავარსარდალს უნდა გამოეგონა, როგორც გაჭირვების ტალკვესი!