კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „შეერგო დედის რძესავით“ ჩინელ ბიჭს გაყინული პელმენი, არაჟანი და ლუდი

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრები. მე ახლა არა მიშავს რა, მაგრამ, რამდენიმე დღის წინ ცოტა შეუძლოდ ვიყავი და ექიმთან ვიზიტის ამბავს მოგიყვები ამ წერილში.

ადრეც გწერდი, რომ ძალიან უხარისხო საჭმელები იყიდება საქართველოში და ბევრი ხალხი იწამლება-მეთქი. ახლა კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. 

სამი დღის წინ კობამ თავისთან დამპატიჟა – მაგარ პელმენებს გაჭმევო და სტუმრად მივედი.  მითხრა, მაგარი არაყი მაქვს, ტყუილად დალევა არ მინდა, პელმენებს მაგრად მოუხდებაო და გაყინული პელმენები ადუღებულ წყალში ჩაყარა. პელმენი იგივე ხინკალია, ოღონდ, ძალიან პატარა ზომის. როცა მოიხარშა, დიდ თეფშზე ამოიღო და არაჟანი მოასხა – ძალიან უხდებაო. თითქმის ბოლომდე შევჭამეთ და კობამ ერთი ბოთლი არაყი დააყოლა, მე კი ცოტა ლუდი დავლიე,

სახლში მივედი თუ არა, ძალიან ცუდად გავხდი, თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა. ჩვენმა დიასახლისმა სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში წამიყვანეს.

გზაში მთელი გზა დამცინოდნენ – სასწრაფოს ექიმი ამბობდა, ნეტავი, ბუზმა მოწამლა თუ კალიამო. მიმიყვანეს, პალატაში დამაწვინეს და ექიმი მოვიდა.

პირველად მკითხა დაზღვევა გაქვსო? მე ვუთხარი, არა-მეთქი. უჰ, შენ გენაცვალეო, – ამოიქშინა და ხალისიანად დამიწყო გასინჯვა. რა დაგემართაო, – მკითხა. მე ვუთხარი, გაყინული პელმენები ვჭამე, თავბრუ მეხვევა და გული მერევა-მეთქი. კუჭი არ აგეშალაო? არა-მეთქი ვუპასუხე. აგეშლებაო, – დამაიმედა და გარეთ გავიდა.

ცოტა ხანში ექთანი შემოვიდა, სახელი, გვარი და მისამართი ჩაიწერა და მკითხა, ფულს შენ გადაიხდი თუ მოვა ვინმეო. მე ვუთხარი რა დროს ფულია, ცუდად ვარ, მიშველეთ რამე-მეთქი. იმან მიპასუხა, გირჩევნია, ფული გაამზადო, თორემ, ცუდად გახდომა მერე ნახეო. მე ვუთხარი, რამდენი უნდა გადავიხადო-მეთქი. ექთანმა ხელები მოიფშვნიტა და დაიწყო: ექიმის ვიზიტი – 70 ლარი, ახლა რომ წამალს დაგალევინებ – ეგ 20 ლარი, 20 ლარი მე უნდა გადამიხადო და, ღამე თუ დარჩები, საწოლი 300 ლარი ღირსო. 

ძლივს მომასულიერეს, დედა. ამ ქალმა ლამის ჩემი სამი თვის შემოსავალი ჩამოთვალა. მე ვუთხარი, ექიმს 70 ლარი რაში უნდა გადავუხადო, არაფერი გაუკეთებია-მეთქი. რომ გამოიძახე, იმიტომო. მე როდის გამოვიძახე, თვითონ მოვიდა-მეთქი. ასე მითხრა – პატივი გცა და მოვიდა თვითონ, აბა, შენ სად იყავი მიმსვლელი, ფეხზე ვერ დგები, ხო ხედავო. გავჩუმდი, რაღა მეთქვა. 

ჯერ ორი ტაბლეტი წამალი დამალევინეს, მერე კი მითხრეს, გადასხმა გჭირდება და 60 ლარი ღირსო. მე ვუთხარი, არ მინდა, სახლში წავალ-მეთქი. კარგად თუ იყავი, რას გამორბოდი აქ, რომ გვანერვიულე ამდენი ხალხიო, – გაბრაზდა ექთანი, რაღაცა ფურცელზე ხელი მომაწერინა – რომ მოკვდე, ჩვენ არ დაგვაბრალოო – და წავიდა. 

გამოვედი, დედა, 110 ლარი გადავიხადე და სახლში წავედი. დიასახლისს რომ მოვუყევი ყველაფერი, ყაჩაღები არიანო, თქვა და წყევლა დაიწყო. მერე 25 ლარი გამომართვა გადასასხმელი აპარატი და წამალი მოიტანა, სახლში გამიკეთა გადასხმა და მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავი. დედა, არ ინერვიულო, ერთი კი ვისწავლე: ცუდად თუ გახდები, ბევრი ფული უნდა გქონდეს, სხვა შემთხვევაში ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს საქართველოში.  ხოდა, კიდევ, აღარასდროს გავეკარები არც ერთ გაყინულ საჭმელს, მაგრამ, ისიც ვერ გავიგე, პელმენმა მომწამლა, არაჟანმა თუ ლუდმა; ალბათ, სამივემ ერთად – ნატურალური პროდუქტი ხომ საქართველოში არ იყიდება! ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3