„მესხი-კალოევის დუეტი“, უმადური კაკაბაძე და „მუნჯი მიცვალებული“
კოლორიტი შალვა
70-იან წლებში ლანჩხუთის „გურიის“ მთავარი მწვრთნელი იყო ცნობილი სპეციალისტი შალვა კაკაბაძე, ენამოსწრებული და ენაკვიმატი პიროვნება. გუნდის უფროსი გახლდათ ევგრაფი შევარდნაძე, რომელიც იმ პერიოდში გარდაიცვალა.
ერთხელ ერთ სუფრაზე შალვა ქეიფობს, იქვე, გვერდით კაცი ზის, ხმას არ იღებს და არის წყნარად. სუფრის წევრებს გაუკვირდათ – რატომ ხმას არ იღებს აგი კაციო.
– როდის იყო, მიცვალებული ხმას იღებდა? – კითხვა შეუბრუნა შალვამ.
– როგორ? – გაუკვირდათ სუფრის წევრებს.
– როგორ, ბატონო და, აგი კაცი ევგრაფის მძღოლად მუშაობდა და იყო გვარიანად, მარა, მოკვდა ევგრაფი და მოკვდა აგიცო, – აუხსნა შალვამ.
შეთანხმდნენ
ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა... შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა:
ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში 2-3 ბურთს აუცილებლად გავიტანო. მაინც, რა ისეთი ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, მერე ბურთს იქ დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ; ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.
ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას კი ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია: ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთით თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – ბურთზე მიყოლებით ორჯერ შეხება აკრძალულია. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო: ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ და მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.
მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან.
მადლობის მაგიერია?!
მოგვიანებით შალვა კაკაბაძე ფილარმონიის პირდაპირ მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიის დირექტორად მუშაობდა.
ერთი დღეა და, მაღაზიაში ახალმიღებულ ბოსტნეულზე მოზრდილი რიგია. მივიდა გამოჩენილი მსაჯი, ბატონი კარლო ყრუაშვილი. რიგში ხომ არ დადგებოდა? ბოლოს და ბოლოს, ძმაკაცი დირექტორი იქ ჰყავდა და პირდაპირ შალვასთან „მიაჭრა“ – ურიგოდ მომეცი პროდუქტიო.
– აჰ, ეგ არ მთხოვო! – შორს დაიჭირა შალვამ.
კარლოს ცივი წყალი გადაესხა – ამას ნამდვილად არ ელოდა:
– რატომ, კაცო? – ეკითხება პირგამშრალი.
– უხერხულია, ჩემო კარლო, ათი კაცი დგას რიგში და შენ ურიგოდ როგორ მოგცე, რას იტყვის ხალხი? მათ თვალწინ ურიგოდ როგორ გაგიშვა?
– ახლაა უხერხული, არა?! – გადაირია ყრუაშვილი, – შენ ის შალვა კაკაბაძე არ ხარ, ლანჩხუთში ათი ათასი მაყურებლის თვალწინ პენალტს რომ მთხოვდი?!
– ჩუმად, კაცო, რა გაყვირებს, მოგიხერხებ რამეს, – ხელად მონახა გამოსავალი შალვამ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი (პირველი) გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის ნაამბობის მიხედვით