ბესტსელერების ავტორი ევგენი კოვტუნი – თბილისში
2013 წლის 13 აპრილს სამორინეში „შანგრი ლა თბილისი“ გაიმართა სამტომეული გამოცემის – „აზარტი საბჭოთა ქვეყნებში“ – პრეზენტაცია. სპეციალურად პრეზენტაციისთვის სამორინემ სახელგანთქმულ მწერალს – ევგენი კოვტუნს უმასპინძლა. ევგენი კოვტუნი აზარტული თამაშებისა და ლატარიების სფეროში სახელმწიფო რეგულირების დარგის ცნობილი ექსპერტია.
წიგნში საუბარია აზარტულ თამაშებსა და ლატარიებზე, ასევე, სათამაშო კარტების წარმოების ისტორიაზე. კოვტუნის ნაშრომი სამ ტომად გამოვიდა: „აზარტული თამაშები“, „ლატარიები“ და „სახელმწიფო საბანკო მონოპოლია“. წიგნის დაწერისას ავტორმა ხუთი ათასზე მეტი საარქივო მასალა შეისწავლა, გაეცნო ათასზე მეტ ცენტრალურ გაზეთს და შეარჩია ექვსასზე მეტი ილუსტრაცია. სამტომეულში ამომწურავად არის აღწერილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აზარტული თამაშების განვითარების ისტორია 1917 წლიდან მის დაშლამდე, ანუ, 1991 წლამდე. როგორც კოვტუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი და ყველგან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
სამტომეულის – „აზარტი საბჭოეთის ქვეყნებში“ – შეძენა შესაძლებელია ინტერნეტ-მაღაზიის – „ამაზონ.კომ-ის“ მეშვეობით. სამტომეულის რამდენიმე ეგზემპლარს კი სამორინე „შანგრი ლა თბილისი“ საჩუქრად გადასცემს ქალაქის ბიბლიოთეკას.