კალეიდოსკოპი
პოლიტიკაში დაბრუნებული პორნოვარსკვლავი სექსუალურ უფლებებს დაიცავს და მხარს დაუჭერს მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას
წარსულში ცნობილი პორნოვარსკვლავი ილონა შტალერი, რომელიც უფრო მეტად სცენური ფსევდონიმით არის ცნობილი, იტალიურ პოლიტიკაში ბრუნდება – მაისში ჩიჩოლინა რომის მუნიციპალურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
61 წლის ჩიჩოლინა თავის კანდიდატურას იტალიის ლიბერალური პარტიის სახელით წარადგენს. ის აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს პარტიის პოლიტიკურ პროგრამას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვაში. თუ შტალერი რომის საქალაქო საბჭოში მოხვდება, როგორც თვითონ ამბობს, ეცდება, მიაღწიოს ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას, პროსტიტუციის ლეგალიზებას, „მსუბუქი“ ნარკოტიკების მოხმარების დაშვებას და პატიმართა ღირსების დაცვას.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა ჩიჩოლინასთვის პირველი არ არის. ჯერ კიდევ 1979 წელს, პორნოფილმებში გადაღების პარალელურად, ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა იტალიის „მწვანეთა პარტის“ შემადგენლობაში. მოგვიანებით შტალერი „რადიკალურ პარტიაში“ გადავიდა, საიდანაც 1987 წელს პარლამენტში აირჩიეს. იქ ჩიჩოლინა 1992 წლამდე იყო და 12-ზე მეტი კანონპროექტი მოამზადა, თუმცა, ერთი მათგანი არ მიიღეს. ილონა ციხეებში თავისუფლი ურთიერთობების დამცველად გამოდიოდა და წინადადებაც წამოაყენა, შეექმნათ „სიყვარულის ოტელები“. 1991 წელს კი შექმნა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია – „სიყვარულის პარტია“.
პორნოვარსკვლავი მსოფლიოს დაამახსოვრდა, როგორც მშვიდობის დამცველი. სხვადასხვა დროს ის იასირ არაფატს, სადამ ჰუსეინსა და უსამა ბინ ლადენს სთავაზობდა, მასთან სიყვარულის სანაცვლოდ, უარი ეთქვათ ომზე. თუმცა, სამივე მამაკაცი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ეს შეთავაზება ვერ გამოიყენა.
2002 წელს შტალერმა ძალები ჩრდილოიტალიურ ქალაქ მონცის კომუნალურ არჩევნებში მოსინჯა, შემდეგ კი უშედეგოდ სცადა, მშობლიური უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო. არც ისე დიდი ხნის წინ მან განაცხადა „ოპტიმისტ-ფუტურისტების“ პარტიის შესახებ. გასულ წელს ჩიჩოლინა ქალაქ მონცის მერად აპირებდა თავისი კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ ბოლოს რომი აირჩია.
2011 წელს, პენსიონერის ასაკს მიღწეულმა შტალერმა, როგორც იტალიის სახელმწიფო მოღვაწემ, მოითხოვა პენსია 40 ათასი ევროს რაოდენობით და, დარწმუნებული იყო, რომ, გარდა პენსიისა, მას ეკუთვნოდა გარკვეული პრივილეგიები: მუდმივი უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ერთჯერადად – თვითმფრინავითა და მატარებლით.
ილონა შტალერი 1951 წელს დაიბადა ბუდაპეშტში, მაგრამ, კარიერა იტალიურ პორნობიზნესში გაიკეთა, სადაც 1972 წელს მოქალაქეობაც მიიღო, 1991 წელს ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ამერიკელ მხატვარს, სკულპტორ-ავანგარდისტ ჯეფ კუნსს, ვისგანაც ვაჟი – ლუდვიგი შეეძინა. მცირეხნიანი ქორწინების დარღვევის შემდეგ, შვილი ამერიკიდან იტალიაში წამოიყვანა, რის გამოც ქმართან მრავალწლიანი დავა ჰქონდა.
ზარმაცი და ცელქი... უნივერსიტეტის პედაგოგი
ამერიკის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პედაგოგმა პოლიციაში დარეკა, რომ თითქოს სასწავლო შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ეს ნაბიჯი კი იმის გამო გადადგა, რომ საშინლად ეზარებოდა მეცადინეობის ჩატარება.
ნენსი ბრაუნი, როგორც თავად აღიარა, იტანჯება შფოთვის შეტევებით, დეპრესიითა და ნევროზით. მდგომარეობა კი მას შემდეგ გაუუარესდა, რაც უფულობის გამო აუცილებელი წამლების მიღება შეწყვიტა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, მეცადინეობა რომ არ ჩაეტარებინა, საჭირო იყო მიზეზი. ასაფეთქებლის ვერსია კი იმ იმედით მოიგონა, რომ სამართალდამცავი ორანოები შენობის დაცლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეცადინეობა ჩაიშლებოდა. თუმცა, ევაკუაცია არ მოხდა. მაშინ ბრაუნმა თვითნებურად გადადო ლექციები იმ მოტივით, რომ საშიშროება არსებობდა.
„ცელქ“ პედაგოგს ეშმაკობას მიუხვდნენ. მართალია, არ დაუკავებიათ, მაგრამ, სასამართლოს წინაშე ის მაინც წარდგება.