კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამჭრიახი პოლიციელი

ჩარლი კინელმანმა სიგარეტი ბოლომდე ჩაიყვანა და ჩაფიქრდა. საავადმყოფოში უთხრეს, რომ ჯინა გარდაიცვალა. დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა. შერიფს ჯერ კიდევ ერთი საათის წინ ელაპარაკა. ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ჩარლი ჯინას, მერე ბიჭმა ვეღარ გაუძლო მის გამოხდომებს და დაშორდნენ. თუმცა, ჩარლის ქალის მიმართ ლტოლვა და ინტერესი არ განელებია – მისი სურათიც კი ჯიბით დაჰქონდა. ჯინა ზოგჯერ აუტანელი იყო. პარალელურად, სხვა მამაკაცებსაც ხვდებოდა და ეკეკლუცებოდა, რაც ჩარლის აცოფებდა, მაგრამ, ქალთან ვერაფერს გახდა. საერთოდაც, ჯინა იზიდავდა უსიამოვნებებს. მისგან ყველას ჰქონდა პრობლემები, ჩარლის კი მაინც უყვარდა. შერიფმა ისევ დარეკა – ისინი ეძებდნენ მანქანას, რომელიც გვიან ღამით დაეჯახა ჯინას.

– თქვენ ამბობთ, რომ წითელი მანქანა იყო? ჰო, მაგრამ, მე ხომ მწვანე „რემბლერი” მყავს, რომელიც უკვე ერთი კვირაა, გაფუჭებულია და ვერც მოვიცალე, შემეკეთებინა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, პროფილაქტიკაშიც არ მყავს დამხმარე და ბენზინგასამართ სადგურზეც მარტო ვმუშაობ. არა, წუხელ აქედან არსად გავსულვარ, მთელი ღამე ვმუშაობდი. ვინ იცის, ვინ იყო – რამდენი გადარეული დადის ამ ტრასაზე! ჯინა? თვეზე მეტია, არ მინახავს. დიახ, მესმის, რომ ვალდებულები ხართ ყველა შეამოწმოთ. დიახ, რა თქმა უნდა... – ჩარლიმ ყურმილი დაკიდა და ტრასას გახედა. გული დამძიმებული ჰქონდა. ჯინას სახე სულ თვალწინ ედგა. გარეთ გამოვიდა – იქნებ მზეს და ჰაერს მოეგვარა მისთვის ცოტა შვება, თუმცა ამაოდ, მაინც ვერ მოისვენა. დასწყევლოს ღმერთმა ეს ჯინაო, – იფიქრა, – რატომ არ შემიძლია, საერთოდ ამოვიღო გულიდანო. გარაჟის გვერდით ხმამაღლა ყეფდა ვეება დობერმანი. ესეც უკვე ნერვებზე იწყებდა თამაშს. უცებ ძრავას ხმა შემოესმა. შემობრუნდა და მუქი წითელი „პონტიაკი” დაინახა. მძღოლმა პირდაპირ მის ბენზინგასამართ სადგურთან დაამუხრუჭა, სულ ბოლო ჩამომსხმელთან. ჩარლის წინა ბამპერი არ დაუნახავს, მაგრამ, გული სიხარულით აუძგერდა. ეს ნიშანი იყო. ცოტა ახლოს მივიდა და მანქანის მარცხენა ფრთაზე მოზრდილი დაზიანება შენიშნა. რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა და „პონტიაკს” ათვალიერებდა, მერე შეკრთა და ნელი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.

შერიფი ბობ პულზი მოღუშული იჯდა. ბოლო დროის მოვლენები ძალიან აღიზიანებდა. ჯერ იყო და, შტატის პოლიციამ რამდენიმე ნარკოტიკებით მოვაჭრე დააპატიმრა 24-ე გზატკეცილზე, ერთი კი გაექცათ; მერე კიდევ – ეს ჯინა ტატლი... ბობ პულზმა ამოიოხრა. სიმშვიდე სწყუროდა, მაგრამ თუ არ იმოქმედებდა, საყვედური არ ასცდებოდა. ისედაც რამდენჯერმე მიანიშნეს ცენტრალური განყოფილებიდან, ძალიან ცოტა დაპატიმრება გაქვს საგრაფოშიო. ჯინას შემთხვევა შუაღამისას მოხდა. ბობის უნდოდა, ეფიქრა, რომ ეს ვიღაც შემთხვევითი გამვლელი იყო და არა ადგილობრივი მოსახლე – მის საგრაფოში ხომ კეთილსინდისიერი მოქალაქეები ცხოვრობდნენ... მან ისევ ამოიოხრა და ყურმილი აიღო.

„პონტიაკის” მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, კარი კი ღია დატოვა, რომ „ბალახის” სუნი გასულიყო – შეიძლება, მექანიკოსს სცოდნოდა, როგორი სუნი აქვს „მოსაწევს”. მთელი ღამე გაუჩერებლად მიდიოდა. მთელი სხეული ნაცემივით სტეხდა. საღამომდე სენტ-ლუისში უნდა მოესწრო ჩასვლა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. ბენზინის ჩამოსასხმელთან მივიდა და, ის იყო, ავტომატი უნდა ჩამოეხსნა, რომ ჩარლიმ დაუძახა: 

– სერ, აქ თვითმომსახურება არ არის! 

მძღოლი შემობრუნდა და ზეთით მოთხუპნულ კომბინეზონში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი დაინახა. 

– კარგი, ბაკი გამივსე! 

მექანიკოსმა უცნაურად შეხედა, თითქოს ამოწმებდა. „პონტიაკის” მძღოლი აღელდა, მაგრამ, იმასაც მიხვდა, რომ ამ ტიპთან ჩხუბი არ აწყობდა – ახლა ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა, მექანიკოსის მზერა საშინლად აღიზიანებდა. არა, ახალი უსიამოვნება ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა, ისედაც, მაიამიდან მოყოლებული, ერთი პრობლემა მეორეს მოსდევდა. რამდენჯერმე ბეწვზე გადაურჩა საგზაო პატრულს. ანერვიულებულმა ნახევარი ბოთლი „ჯეკ დანიელსი” მაინც დალია. „ბარდაჩოკში” გადატენილი პისტოლეტი ედო, რომლიდანაც მაიამიში გაისროლა. „პონტიაკის” მძღოლმა ამოიოხრა და გაიფიქრა, რომ ბოთლში კიდევ იყო ჩარჩენილი ცოტაოდენი ვისკი. უცებ შეამჩნია, რომ მექანიკოსიც ნერვიულობდა. მანქანაში მთელ ხმაზე გაჰყვიროდა რადიომიმღები. იმ ქალის ამბავს გადმოსცემდნენ შუაღამისას, 24-ე გზატკეცილზე რომ დაეჯახა მანქანა. „პონტიაკის” მძღოლი ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა და გარაჟის კუთხეს ამოეფარა. ჩარლიმ მომენტით ისარგებლა და მანქანა გულდასმით დაათვალიერა. შეცდომა გამორიცხული იყო – მანქანებში უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა. როცა საგრაფოს მთავარმა ავტომექანიკოსმა თანაშემწედ აიყვანა, თოთხმეტი წლის იყო. „პონტიაკი” რაღაცას იყო დაჯახებული. შეიძლება ხეს, ან, მოზრდილ ძაღლს – დაზუსტებით თქმა ძნელი იქნებოდა, მაგრამ, ამას უკვე ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა, შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. უცებ ისევ წარმოუდგა თვალწინ ჯინა... დობერმანის ხმამაღალმა ყეფამ გამოაფხიზლა, გარაჟის კუთხიდან „პონტიაკის” გაფითრებული მძღოლი გამოჩნდა. – რა საშინელი ძაღლია! რამდენია ჩემზე, თერთმეტი დოლარი და ოთხმოცი ცენტი? არა, არა, არაფრის შემოწმება არ მინდა. ნურც ზეთს ჩაუმატებთ, ძალიან მეჩქარება.

– როგორც გენებოთ, უბრალოდ, ამ მხარეში მეტი ასეთი სადგური აღარ შეგხვდებათ, – მხრები აიჩეჩა ჩარლიმ, – მაინც რას დაეჯახეთ? სერიოზული დაზიანებაა. ირემი ხომ არ გაიტანეთ? გზატკეცილზე ხშირად დაბოდიალობენ ხოლმე.

„პონტიაკის” მძღოლს ნერვიულობა დაეტყო. ჩარლიც შესამჩნევად გაფითრდა. სიტუაცია ფეთქებადსაშიში ხდებოდა. მძღოლი ერთი ნახტომით გაჩნდა მანქანასთან და „ბარდაჩოკიდან” პისტოლეტი ამოიღო. ჩარლიმ მოასწრო და გაბმით დაუსტვინა. „პონტიაკის” მძღოლს ძაღლი არ დაუნახავს. მხოლოდ იგრძნო, როგორ დაეცა რაღაც ძალიან მძიმე, ყელში კი ბასრი კბილები ჩაესო. მერე გასროლის ხმაც გაისმა.

შერიფი პულზი გვერდზე გადგა, რომ საკაცეზე დადებული „პონტიაკის” მძღოლის უსულო სხეული გაეტარებინა – დობერმანმა მას საძილე არტერია გადაუჭრა. პულზი დაიხარა და ჩარლის, რომელიც იატაკზე იჯდა, ხელბორკილი დაადო:

– მაპატიე, ჩარლი, იძულებული გავხდი, ძაღლი მომეკლა. კარგად გყოლია დაგეშილი. რომ მცოდნოდა, ის ტიპი უკვე მკვდარი იყო, აღარ ვესროდი. იცი? როცა კარგად გავაანალიზე ჩვენი სატელეფონო საუბარი, ერთ რამეს მივხვდი:  ძალიან ბევრი ილაპარაკე საკუთარ მანქანაზე, რომელიც კვირაზე მეტია გაფუჭებულია და, თანაც, მწვანე ფერისაა. ასეა, მე ახლახან ვნახე ის, მაგრამ, იქვე რამდენიმე მანქანაც ვნახე. შენ ხომ მექანიკოსი ხარ. მძღოლები მოდიან, მანქანას შესაკეთებლად გიტოვებენ და მიდიან. იცი, კიდევ გარაჟში რა ვნახე? ქილა წითელი საღებავით. ეჰ, ჩარლი, ჩარლი... ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ, შეცდომები მაინც დაუშვი. ერთი კვირის წინ შენ დაურეკე ამ გარაჟის მეპატრონეს და სთხოვე, უფლება მოეცა, კლიენტის წითელი „რემბლერით” გევლო, სანამ შენს ავტომობილს შეაკეთებდი. უკვე მოგისწრია და გამოგისწორებია შეღუნული ფრთა, მაგრამ, მასზე საღებავი ბოლომდე ჯერ არ გამშრალა. მკვლელიც კარგად „გაშიფრე” და, პრინციპში, თითქმის ყველაფერი გამოგივიდა. ჯინამ ისევ გიღალატა, არა?! ამიტომაც შეიძულე. ვერც წარმოიდგენ, რა ვიპოვეთ „პონტიაკის” საბარგულში – ნარკოტიკები და, კიდევ, ნარკოტიკებით მოვაჭრის გვამი. შუბლი იმ იარაღით აქვს გახვრეტილი, რომლითაც „პონტიაკის” მძღოლი შენც გიპირებდა მოკვლას. ძალიან წარმატებულად შეგირჩევია მსხვერპლი, ვერაფერს იტყვი.

скачать dle 11.3