ინტიმური „სიმართლე“
ბიუსტჰალტერი, რომელიც ქალის სხეულის ყველაზე მომხიბვლელ, ინტიმურ ნაწილს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის, მგონი, ყოველთვის არსებობდა. მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ბიუსტჰალტერს ატარებდნენ იმ ქვეყნების ქალბატონებიც, რომლებსაც „ცივილიზაციის აკვანს“ უწოდებდნენ და პირველყოფილი ტომებიც. ერთ-ერთი ძველეგვიპტური სასიყვარულო ბარათი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნით თარიღდება, ასეთი შინაარსისაა: „მე მინდა, ვიყო ის ბაფთა, რომელიც შენს მკერდს გარს ახვევია“.
სპეციალურ სამკერდე სახვევს, რომელიც ზოგჯერ თხელი ტყავისგანაც მზადდებოდა, ატარებდნენ ძველი საბერძნეთის ქალები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის ამფორაზე გამოსახულია ნახატი, როცა ქალღმერთს მფრინავი არსებები მსოფლიოში პირველი (ალბათ პირველი) ბიუსტჰალტერის მორგებაში ეხმარებიან.
ძველი რომაელი ქალები სახვევის ათასგვარ ვარიანტს იყენებდნენ. არსებობდა მკერდის ასაწევი სპეციალური სახვევი, ან, ძალიან დიდი მკერდის „შესამცირებელი“ სახვევი. ასკეტურ შუა საუკუნეებში ბიუსტჰალტერის შესახებ, რატომღაც, დაივიწყეს, მერე კი გაჩნდა მტანჯველი, სულის შემხუთველი კორსეტი, რომლის ჩაცმისას ქალები სერიოზულ ტკივილებს იტანდნენ.
1370 წელს სტრასბურგში გამოიცა სპეციალური დადგენილება, რომელიც ყველა ქალს ავალდებულებდა მკერდის „შეფუთვას“. ისე უნდა გაეკრათ, როგორც ესპანეთში. 16 წლის გოგონებს უკვე კორსეტში სვამდნენ.
იდეა ბიუსტჰალტერის შექმნის შესახებ ერთდროულად გაუჩნდა რამდენიმე ადამიანს. ცნობილმა პარიზელმა ექიმმა, მადამ გიშ სარომ, დაამზადა პირველი ლიფი – მან მარტივად გადაჭრა შუაზე კორსეტი და ორ ნაწილად გაყო. სხვათა შორის, პირველად ლიფები მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა.
იმავე დროს, იმავე საფრანგეთში, მოდელიერმა ერმან კადოლმაც გადაჭრა კორსეტი შუაზე. თავისი კლიენტის, ჩოგბურთელის მოთხოვნით. ძალიან მალე კი გერმანელმა მკერავმა კრისტინა ჰარლტმა მოიგონა „ფუფაიკა“ მკერდისთვის. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი პატენტი ლიფზე 1914 წელს გაიცა ვინმე მერი ფილიპს ჯეკობსზე. ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთხელ მერიმ შენიშნა, რომ უხეში კორსეტი საშინლად არ უხდებოდა მის მდიდრულ საღამოს კაბას. დაუძახა მოსამსახურეს და ორივემ ერთად, ორი ელასტიკური ლენტითა და, რამდენიმე ცხვირსახოცით, სახელდახელოდ დაამზადეს უზურგო ლიფი, რომელიც ზურგმოშიშვლებულ კაბაში არ გამოჩნდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს გამოგონება მერისგან გამოისყიდა მსხვილმა კომპანიამ და ლიფების წარმოებაც „დაიქოქა“. მიუხედავად ყველაფრისა, „ლიფის დედიკოს“ ტიტული მიანიჭეს მკერავ იდა როზენტალ-კაგანოვიჩს – ამერიკაში ჩასულ რუს ემიგრანტს. სწორედ მან, 1922 წელს, მოახერხა, ლიფი ორი „ფინჯნით“ გამოეკვეთა, ერთმანეთთან კი ლითონის ელასტიკური დეტალის ჩანართით შეეერთებინა.
1942 წლიდან ამ ლიფებმა მსოფლიო დაიპყრო.