როგორ გახდა კერძო კოლექციონერი ყაჩაღური თავდასხმის ობიექტი და ვინ მოითხოვა წილი ციხეში დაგეგმილი ძარცვიდან
მძიმე მდგომარეობაში მყოფი 61 წლის თინა თ-შვილი საკუთარ ბინაში დამლაგებელმა მაგული დ-ძემ გაკოჭილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ქალბატონს თავის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის დარტყმით იყო მიყენებული. პირველადი დახმარება დაზარალებულს დამლაგებელმა აღმოუჩინა – მან შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც თინა თ-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანა.
პირველი ჩვენება გამოძიებას მაგული დ-ძემ მისცა.
ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „სამ წელზე მეტია ქალბატონ თინასთან ვმუშაობ. კვირაში ორჯერ მივდივარ მისი ბინის დასალაგებლად. იმ დღეს, როდესაც ქალბატონი თინა ამ მდგომარეობაში აღმოვაჩინე, მასთან დილის 9 საათზე მივედი. კარი დაკეტილი დამხვდა და რამდენჯერმე დავაკაკუნე, მაგრამ რომ არ მიპასუხა. მეგონა, ჩაეძინა და კარი ჩემი გასაღებით გავაღე. ბინაში შესვლისთანავე შევნიშნე, რომ იქაურობა არეულ-დარეული იყო. გადმოყირავებული იყო კარადა, რომელიც შესასვლელშივე დგას. მაშინვე საძინებლისკენ გავიქეცი. ქალბატონი თინა სავარძელზე იყო მიბმული, პირი „სკოჩით” ჰქონდა გაკრული, სახეზე კი სისხლი ეცხო. პირველი, რაც გავაკეთე, დანა მოვიტანე და თოკი გავხსენი, მერე პირიდან მოვაძრე სკოჩი. თინა ძალიან ცუდად იყო, წყალი მივასხი სახეზე, მერე ტელეფონს მივვარდი და პოლიციასა და სასწრაფოში დავრეკე.”
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, თინა თ-შვილი ბინაში მარტო ცხოვრობდა, ხოლო მისი ვაჟიშვილი, ამერიკაში წარმატებული კომპოზიტორი შეძლებულად ცხოვრობდა და იქიდან ზრუნავდა დედაზე. თინა თ-შვილი ხელოვნებათმცოდნე იყო, თუმცა, ბოლო წლებში პროფესიით აღარ მუშაობდა. გაირკვა, რომ მარტოხელა ქალს ბინაში ბევრი უნიკალური ნახატი და ანტიკვარული ნივთი ჰქონდა, მაგრამ, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინა თითქმის მთლიანად გაძარცვული დახვდათ – დამნაშავეებს ბინიდან წაეღოთ ნახატები, ანტიკვარული ნივთები და სუვენირები, რომელთა საერთო ღირებულება ასი ათას დოლარზე მეტი იყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბოროტმოქმედები კერძო კოლექციონერის ბინაში ფანჯრიდან, გისოსის გადახერხვის შედეგად მოხვდნენ. შემთხვევის ადგილზე არ იყო დატოვებული არც ერთი კვალი, რაც მიუთითებდა, რომ ისინი გამოცდილი კრიმინალები იყვნენ. რა მოხდა მარტოხელა ქალბატონის ბინაში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დაზარალებულს შეეძლო, რომლის დაკითხვა გამოძიებამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით შეძლო.
ამონაწერი დაზარალებული ქალის ჩვენებიდან: მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი ოჯახთან ერთად ამერიკაში წავიდა, მარტო ვცხოვრობ. საკმაოდ კარჩაკეტილი ცხოვრება მაქვს – რამდენიმე ნათესავის გარდა, ჩემთან არავინ მოდის. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი ბინის გასაღები აქვს, შორეული ნათესავია, რომელიც ჩემთან სახლის დასალაგებლად კვირაში ორჯერ მოდის. იმ ღამეს, როგორც ყოველთვის, მარტო ვიყავი. გვიანი ღამე იყო – დამამშვიდებლები დავლიე და ისე მეძინა, არაფერი გამიგია, როგორ შემოვიდნენ ჩემს ბინაში ქურდები. როცა თვალი გავახილე, დავინახე, რომ თავზე ორი მამაკაცი მედგა. ძალიან შემეშინდა. ერთს ხელში იარაღი ეჭირა, მეორე კი, რომელსაც ძალიან საშიში გამომეტყველება ჰქონდა, საწოლზე ჩამომიჯდა და მითხრა: ბებო, შენი მოკვლა არ გვინდა, ხმა არ ამოიღო, ყველაფერს წავიღებთ, რაც წასაღებია და შენც კარგად იყავი და ჩვენცო. მე ვუთხარი, ოღონდ ნუ მომკლავთ და, რაც გინდათ, ის წაიღეთ-მეთქი. მეორემ მკითხა: სახლში ვხედავთ, რაც გაქვს, შენ ფულის ამბავი გვითხარი, სახლში ფულიც გაქვსო? ფული არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. ამის თქმა იყო და იმ მამაკაცმა თავში იარაღის ტარი ჩამარტყა. ცხვირიდან სისხლი წამსკდა. მეორეს ეგონა, რომ თავი გამიტყდა და უთხრა: თავი დაანებე, ჩვენს საქმეს მივხედოთო. საწოლიდან გადმომათრიეს და სავარძელზე მიმაბეს თოკით. ერთ-ერთმა სკოჩი ამოიღო ჩანთიდან. პირის აკვრა რომ დაიწყეს, ვთხოვე: ეს ოთახი ისეთი მიყრუებულია, ჩემს ხმას ვერავინ გაიგებს. სუნთქვა მიჭირს და პირს ნუ ამიკრავთ-მეთქი. ამაზე იმ კაცმა, რომლის შეხედვაც კი მაშინებდა, დამცინა: ჰო, ბარემ ტელეფონს მოგიტან ახლოს, რომ პოლიციაში დარეკოო. სანამ პირს ამიკრავდნენ, კიდევ მკითხეს – ფული სად გაქვსო. სახლში მხოლოდ ორასი დოლარი მქონდა, დავიფიცე, ამის მეტი ფული არ მაქვს, აიღეთ და წადით-მეთქი. ამის თქმაზე მეორედ კიდევ ჩამარტყეს იარაღი თავში. ძალიან ცუდად გავხდი და ვთხოვე, წყალი დამალევინეთ-მეთქი, ამზეც უარი მითხრეს და გაკოჭილი და პირაკრული ოთახში დამტოვეს. მათი ფეხის ხმაზე ვხვდებოდი, რომ კედლებიდან ნახატებს ხსნიდნენ. არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამდენი რამის სახლიდან გატანა. წასვლისას ოთახში შემოიხედეს და მითხრეს: ჭკვიანად იყავი, ბებერო, თორემ, კიდევ გესტუმრებით და ასე ვეღარ გადაგვირჩებიო, – და წავიდნენ. მთელი ღამე სავარძელზე დაბმულმა გავატარე. თავის ახსნა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. დილით მაგულიმ მიპოვა და მან გადამარჩინა. ასე კიდევ დიდხანს რომ ვყოფილიყავი, ვერ გადავრჩებოდი”.
დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას თავს ორი დამნაშავე დაესხა. ისინი 40 წლამდე ასაკის მამაკაცები იყვნენ. თინა თ-შვილის განცხადებით, ისინი პირველად ნახა. ერთი მამაკაცი ჩვეულებრივი აღნაგობის იყო, მეორეს კი ძალიან საშიში გამომეტყველება ჰქონდაო, – განაცხადა სამართალდამცველებთან დაზარალებულმა, რომელმაც მოპარული ნივთების შეფასებისას აღნიშნა, რომ რამდენიმე ნახატი და ნივთი ძალიან ძვირად ღირებული იყო და მათ რეალიზაციას დამნაშავეები მხოლოდ ამ ნივთების კარგად მცოდნე პროფესიონალების მეშვეობით შეძლებდნენ.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დამნაშავეთა კვალზე გასვლა სწორედ ამ გზით მოხერხდა. დამნაშავეები ნაქურდალი ნივთების რეალიზაციას მოგვიანებით შეუდგნენ და სწორედ მაშინ გაებნენ ოპერატიული სამსახურის მიერ ოსტატურად დადგმულ ვაჭრობის „სცენაში:” მაღალი კვალიფიკაციის „ხელოვნებათმცოდნის როლი”, რომელიც მოპარული ნივთების ყიდვით იყო დაინტერესებული, კარგად შეასრულა ოპერატიული სამსახურის თანამშრომელმა. სამართალდამცველებმა დეტალებზე შესათანხმებლად მისული დამნაშავეები ადგილზევე დააკავეს. ისინი წარსულში ნასამართლევი 36 წლის ვაჟა კ-ძე და 39 წლის ზაზა წ-ვა აღმოჩნდნენ. დაკავებულები თავიდან არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და დუმილის უფლებით ისარგებლეს. მაგრამ, მტკიცებულებებმა, რაც გამოძიებას მათ წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული, ეჭვმიტანილებს მხოლოდ დუმილი კი არ დაარღვევინა, მათი საშუალებით გამოძიება დანაშაულის ორგანიზატორის კვალზეც კი გავიდა. ის პატიმრობაში მყოფი 30 წლის მამუკა კ-ძე აღმოჩნდა.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მამუკა კ-ძემ, ვაჟა კ-ძემ და ზაზა წ-ვამ ერთმანეთი ციხეში, პატიმრობის დროს გაიცნეს. სამივე მსჯავრდებული სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. ვაჟა კ-ძე და ზაზა წ-ვა ციხიდან მამუკა კ-ძეზე უფრო ადრე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, მამუკა კ-ძემ მათ ციხიდან გამოსვლის წინ თ-შვილის ბინის „ნაკოლი” მისცა. მეგობრებს მისი კუთვნილი წილი ფულის სახით უნდა მიეტანათ მამუკა კ-ძის ოჯახში. მამუკა კ-ძე თინა თ-შვილის უბანში ცხოვრობდა და იცოდა, რომ ქალს სახლში ბევრი უნიკალური და ძვირად ღირებული ნივთი ჰქონდა. ბიჭები ვგეგმავდით მაგ ბინის „გატანას“, მაგრამ, ვერ მოვასწარითო, – უთხრა მეგობრებს, რომლებმაც ციხეშივე დაგეგმეს მარტოხელა ქალის დაყაჩაღება, რაც გათავისუფლებიდან ერთ თვეში განახორციელეს. ვაჟა კ-ძე და ზაზა წ-ვა ორი კვირა სდარაჯობდნენ თინა თ-შვილის ბინას, კარგად შეისწავლეს, ვინ მიდიოდა მარტოხელა ქალის სახლში და როდის გადიოდა ის ბინიდან. ერთადერთი გზა ბინაში მოსახვედრად იყო სასტუმრო ოთახის ფანჯარა, რომელსაც გისოსები ჰქონდა. მეგობრები ორი დღე მალულად ხერხავდნენ გისოსს პირველი სართულის ფანჯარაზე – ისინი სწორედ ამ ფანჯრიდან მოხვდნენ ბინაში.
სასამართლომ დამნაშავეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობისა და სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა და ორივეს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გათავისუფლებიდან ერთ თვეში დამნაშავეები ისევ ციხეში მოხვდნენ. სასჯელი დაემატა ქურდობისთვის ნასამართლევ მამუკა კ-ძესაც, რომელსაც ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებისთვის ციხეში ყოფნის ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 წლით გაუხანგრძლივდა.