ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორი მცენარეა ჰოვეა და როგორ გარემოში გავზარდო?
პასუხი: ჰოვეა ძალიან გამძლე პალმაა. კარგ პირობებში შეიძლება ორ მეტრ სიმაღლესაც კი მიაღწიოს. ეს მცენარე იმდენად იოლად გასაზრდელია, რომ, თუ ხშირ ყურადღებას არ მიაქცევთ, მაინც მშვენივრად გაიხარებს. მას ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ, ეცადეთ, დადგათ კარგად განათებულ ადგილას. მართალია, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს, მაგრამ, ასეთ პირობებში უფრო ლამაზი იქნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსია, სხვა სეზონებზე კი 18-24 გრადუსია საკმარისი. ზრდის პერიოდში ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, რომ მიწა ძალიან არ გამოუშრეს. ზრდის დროს ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ ჰოვეას სინათლესა და წყალს არ მოაკლებთ, ის ძალიან დიდი და ლამაზი გაიზრდება. შეგიძლიათ, ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდოთ, რათა ტენიანობა უფრო მეტად აუმაღლოთ. ამ მცენარის გახარებას განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვურჩევთ, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო არ აქვთ.
კითხვა: ჩემმა ამარილისმა ერთხელ უკვე იყვავილა, მაგრამ, მეორედ ვეღარ ვაყვავილე, იქნებ მირჩიოთ, კვლავ როგორ ავაყვავილო?
პასუხი: ამარილისის მეორედ აყვავება არც ისე იოლია. პირველად ყვავილობის შემდეგ მას ფოთლები გამოსდის და კარგი მორწყვა სჭირდება. ზაფხულის მიწურულს მცენარე ცოტა დაასვენეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. მთავარია, რეგულარულად მორწყათ და კაშკაშა სინათლეზე დადგათ.
კითხვა: როგორ მოვუარო გინურას და რთულია თუ არა მისი მოვლა?
პასუხი: გინურა ძალიან იოლად მოსავლელი მცენარეა. მორწყვისას ეცადეთ, ფოთლებს წყალი არ მოხვდეს. უმჯობესია, წყალი პირდაპირ ლამბაქზე ან მიწაზე დაუსხათ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს. შეგიძლიათ, გინურა კაშკაშა სინათლეზე ამყოფოთ. დადგით აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე. ეს იოლად მოსავლელი მცენარე მოტეხილი, წყალში ჩადებული ღეროთი ფესვიანდება. ყლორტების მოჭრით მას კომპაქტურობას შეუნარჩუნებთ, მაგრამ, ძალიანაც ნუ გასხლავთ, თორემ, დაუშნოვდება და შემდეგ მისი სილამაზის აღდგენა რთული იქნება. გინურა ძირითადად 20 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება. თავისი კომპაქტურობის გამო, ნებისმიერი ზომის ოთახშია შესაძლებელი მისი გახარება. მიუჩინეთ ადგილი განათებულ კუთხეში და გაითვალისწინეთ მცენარისთვის შესაფერისი ტემპერატურა და მორწყვა.
კითხვა: ბინაში მაქვს მანდევილა, მაგრამ, არ ვიცი, როგორ მოვუარო. იქნებ, ამიხსნათ, როგორ გარემოში გავზარდო მცენარე?
პასუხი: მანდევილა კარგად იტანს სიცივეს, თუმცა, მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთრობით კი – 15-16 გრადუსი. მცენარეს ყვავილობისთვის კარგი განათება სჭირდება, მაგრამ, მოარიდეთ მცხუნვარე მზეს. რაც შეეხება მორწყვას, ზრდის დროს მორწყეთ რეგულარულად. ზამთარში ისეთი სიხშირით მორწყეთ, რომ ნიადაგი არ გამოშრეს, თუმცა არც ზედმეტი წყალი მოგივიდეთ. ამ მცენარეს ფოთლების შესანარჩუნებლად ტენი სჭირდება. ყვავილები ზრდის პერიოდში ამოსდის, ამიტომ, დაყვავილების შემდეგ გადაჭერით, რითაც ხელს შეუწყობთ მომავალ სეზონზე მის უხვად აყვავებას. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, გირჩევთ, იქ დადგათ.