რატომ უნდა დააწყოთ კართან დაგებული ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფული და როგორ გავაძლიეროთ ფინანსური კოდი ჩვენს ბინაში
ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ და უფრთხილდებიან ახლობელთა ნაჩუქარ ან ნაქონ ნივთებს და ალბათ, ვერც ხვდებიან, რომ მათ მიმართ უცნაური ლტოლვა უჩნდებათ. ერთ დღესაც, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ, ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ჩვენი ერთგვარი დამცველია, ასევე, ავი თვალისგანაც გვიცავს და ჩვენს წარმატებაზეც აგებს პასუხს. ხოლო, რაც შეეხება ფინანსურ პრობლემას, შეგვიძლია, თავადვე გადავჭრათ. როგორც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი, ქალბატონი ლალი ამბობს, ყველა ადამიანი კარგად უნდა დააკვირდეს, რა ფორმის ბიჟუტერია უკეთია საქმიან შეხვედრაზე, პაემანსა თუ წვეულებაზე, რადგან ამაში უდიდესი მაგიური საიდუმლო ინახება.
ლალი: დღეს ჩვენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს და განვიცდი. ნეტავ, იმდენი ფული მომცა, ყველას დავეხმარო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემს ძალებს აღემატება. ერთადერთი, რითაც შემიძლია, მათ დახმარება გავუწიო, ის არის, რომ მივცე რჩევები და ვასწავლო ხერხები, რომლებიც მე წინაპრებისგან ვიცი და რაც უიღბლობისა და უფულობისაგან დაიცავს ადამიანს.
– კერძოდ, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ მატერიალური გაჭირვების წინაშე არ აღმოჩნდეს?
– იმისთვის, რომ ოჯახი არასდროს დადგეს მატერიალური გაჭირვების წინაშე, აუცილებელია, საცხოვრებელი ბინის კუთხეებში დავაწყოთ ხურდა ფული. უმჯობესია, თუ ის ოჯახის რომელიმე წევრის პირველი ხელფასით იქნება ნაყიდი და მას არასდროს დახარჯავთ. ასევე, პირველი ხელფასით აუცილებლად შეიძინეთ სარკე და ის ატარეთ ჩანთით, ოღონდ, მასში ყოველ დილას და საღამოს ჩაიხედეთ. ცნობილია, რომ საფულეში ჩალაგებული ერთნაირი კუპიურები ერთმანეთის ენერგეტიკას ძალიან აძლიერებს. ხშირად ამოიღეთ ფული საფულიდან, დათვალეთ, თავზე შემოიტარეთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ – ამით მას თქვენს ენერგეტიკას გადასცემთ და ეს ხერხი უფრო მეტი ფინანსების მოპოვებაში დაგეხმარებათ. როცა ხელფასს აიღებთ, სახლში მისულმა, საღამოს აანთეთ წითელი სანთელი, მის ალზე შემოატარეთ ფული და გონებაში გაიფიქრეთ, რომ ხართ ბედნიერი, არასოდეს შეგაწუხებთ უფულობა და სიდუხჭირე. შემდეგ ფულის კუპიურები ისევ საფულეში ჩადეთ და, მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ის უფრო მეტ სახსრებს მოიძიებს. ასევე, ნურასდროს ისესხებთ ფულს სხვისთვის, არ გაასესხოთ თანხა ორშაბათს, არ დააბრუნოთ ვალი შაბათსა და ორშაბათს და არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვა ადამიანის მზერა მოხვდეს. გაცემული თანხა არასდროს დაიბრუნოთ ნაწილ-ნაწილ, რადგან ასევე ნაწილ-ნაწილ გაგივათ ხელიდან, ისე, რომ ვერაფერს იხეირებთ. თუ მაინცდამაინც ფულის სესხება დაგჭირდათ, ისესხეთ ის ხუთშაბათ დღეს, რათა მალევე შეძლოთ მისი მევალისთვის დაბრუნება. თუ გსურთ, ოჯახში ბარაქა გააორმაგოთ, მინის ლარნაკში ჩაასხით ახალ მთვარეზე ონკანიდან აღებული სუფთა წყალი და ჩაყარეთ მასში ორი 20-თეთრიანი და ორი 50-თეთრიანი. ყოველ დილით კი ამ წყლის რამდენიმე წვეთი დალიეთ და ისე გადით სახლიდან. ასევე, ბარაქის მოსაზიდად კარგია სახლის კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფულის დადება, რომელიც დროდადრო უნდა ცვალოთ და ხარჯოთ. სასურველია, ამ ფულის ხარჯვა პარასკევ ან შაბათ დღეს დაამთხვიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძინოთ ამ ფულით სანთებელა, ასანთი, სიგარეტი და ცეცხლთან დაკავშირებული ნივთები. საღამოს არც გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ, არც მარცხენა ხელით გამოართვათ ის ვინმეს და არც თავად მისცეთ.
– გამიგია, რომ ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზე ტანსაცმელი და სამკაულებიც „აგებს პასუხს“. ამაზე რას გვეტყვით?
– სამკაულებსა და ტანსაცმელს მართლაც მაგიური თვისებები აქვს ადამიანის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუ ქალი ხშირად ატარებს ვარდისფერი და წითელი ტყავის სამაჯურებს, მას მატერიალური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზე ექნება. ზოგიერთი სამკაული და სამოსი ერთგვარ თილისმად და დამცველადაც მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ალბათ, მიხვდებით, რატომ გვიჭირს ხოლმე ამა თუ იმ სამკაულისა თუ ტანსაცმლის გაჩუქება. ძველად ადამიანები ახალ ტანსაცმელს იშვიათად იცვამდნენ. მიაჩნდათ, რომ ძველი ტანსაცმელი ავი თვალის ზემოქმედების, უსახსრობისა და უიღბლობისგან იცავდა მათ. საერთოდ, ძველი ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვამდით, უარყოფით ენერგიას განიზიდავს და, შესაბამისად, ადამიანის დაცვასაც უზრუნველყოფს არასასურველი მოვლენებისგან. ყველა ნივთი თავისი მფლობელის მფარველობისა და უსიამოვნებისგან დაცვის უნიკალურ უნარს იძენს, თუ მას დიდხანს და სიყვარულით ატარებთ. ბევრი მინახავს, ვინც ერთი ჭიქით სვამს ყავას, ჩაის თუ წყალს, ერთი და იმავე თეფშიდან მიირთმევს საჭმელს – ერთი სიტყვით, თავისი ჭურჭელი აქვს გამოყოფილი. ასეთი ჭურჭელიც ერთგვარი დამცველი თილისმაა მისი პატრონისთვის. კერძოდ, თუ მიეჩვიეთ ერთი ჭიქიდან სმას ან ერთი თეფშიდან ჭამას, მაგრამ, ის გაგიტყდათ და გამოცვლა მოგიწიათ, შესაძლოა, დროებით იგრძნოთ დამცველი ძალების ნაკლებობა.
– ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს ენერგეტიკა მართლა გადადის დროებით მფლობელზე და ხომ არ არის ეს საშიში?
– სხვათა შორის, ამას ბევრი მეკითხება. თუ თქვენ გიყვართ ესა თუ ის სამოსი ან სამკაული, თავს კომფორტულად გრძნობთ მათთან შეხებისას და დიდხანს ატარებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაანათხოვროთ, მით უმეტეს – არ გააჩუქოთ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი ენერგეტიკა, რომელიც ამ სამოსზე ან ნივთზეა გარკვეულწილად „მიწებებული”, გადადის მის ახალ მფლობელზე, შესაძლოა, მან დამცველის ფუნქციაც დაკარგოს და აღარც წარმატების მომტანი იყოს თქვენთვის. ის თქვენი დამცველი და თილისმაა და თქვენგან სათუთ მოპყრობას იმსახურებს.
– თანამედროვე ქალები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას – საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მათი გაკეთება ძალზე მიღებული და მოდური გახდა. ამბობენ, ამ დროსაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭიროო.
– დიახ, ასეა. თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, უნდა ისწავლოთ მათი სწორად შერჩევა. მაგალითად, თუ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით გაწყობილ ბეჭდებზე შეაჩერეთ; ყვავილის ფორმის, მკაფიო ფერის ქვებით გაწყობილი აქსესუარები კი გარშემო მყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის; გამჭვირვალე ქვებით მოოჭვილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით; ყვითელი შუშისთვლიანი ბიჟუტერია მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ; ხოლო, ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდების ტარება მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში; ოფიციალურ შეხვედრაზე კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის გაკეთება, რადგან ეს თქვენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს; პატარა, ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. საერთოდ, მიჩნეულია, რომ ქალმა ხშირად უნდა ატაროს მკვეთრი წითელი ფერის სამკაული, რადგან ამით ის ადვილად იპყრობს ყურადღებას და მეტად არის დაცული ნეგატიური ზემოქმედებისგან.