როგორ უნდა მოვემზადოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის და როდის იწყებს მორწმუნე მაცხოვართან ერთად გოლგოთაზე ასვლას
სულ მალე მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, მანამდე ერთი დღით ადრე კი – ლაზარეს შაბათს – დღეს, როდესაც ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა. ბზობის დღესასწაულზე იერუსალიმში ზეიმით შესული იესო ქრისტე, ერთი კვირის შემდეგ, იმ ხალხმა, ვინც ბზებს უფენდა, ჯვარს აცვა. ბზობის დღესასწაული დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენ‚ უპირველეს ყოვლისა‚ ვზეიმობთ მაცხოვრის ბრწყინვალე შესვლას იერუსალიმში. როგორც ვიცით‚ ამ დროს მას ხალხი ეგებება როგორც მათ გამათავისუფლებელს, მხსნელს, მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის რტოებს, ბზებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ. ეს იყო იმის გამოხატულება, რომ ხალხი მზად იყო‚ დახვედროდა თავის მეუფეს, მბრძანებელს, როგორც მას აღიარებდნენ. მათი მიდგომა არასწორი იყო, რადგან ისინი მაცხოვარს ელოდებოდნენ, ხვდებოდნენ არა როგორც ზეციურ მბრძანებელს, არამედ, როგორც ამქვეყნიურ, მიწიერ მბრძანებელს და იმედი ჰქონდათ, მაცხოვარი გამეფდებოდა დღეს ან ხვალ და მათ გაათავისუფლებდა ამქვეყნიური მბრძანებლებისგან, დამპყრობლებისგან, გააბატონებდა ებრაელ ერს სხვა ერზე. რა თქმა უნდა‚ ეს თემა სცილდება ამ დღესასწაულის მნიშვნელობას. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– მაცხოვარმა ბზობის დღესასწაულამდე მკვდრეთით აღადგინა მართას და მარიამის ძმა – ლაზარე, რომელიც ოთხი დღის მიცვალებული იყო. ამით ძალიან დიდი საიდუმლო აღასრულა და ამიტომაც ეს არის ყველაზე დიდი სასწაული, რაც კი მანამდე მოუხდენია იესო ქრისტეს. ამით მაცხოვარმა გამოამჟღავნა საკუთარი ბუნება, გამომხსნელობა. ცოტა ხნის შემდეგ კი მან იერუსალიმში შებრძანება ინება ხილულად – კვიცზე ამხედრებულმა, რითაც ახდა 400 წლით ადრე ზაქარია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება.
– ბზობა – ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე კიდევ ერთხელ ეზიარება უფლის სიხარულს და, ამავდროულად, გარკვეულწილად, სინანულსაც გამოხატავს. ბზობას უფალი შედის დიდებით იერუსალიმში, ხალხი ხვდება დიდებით, მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ერთ კვირაში ის ადამიანები მაცხოვარს ჯვარს აცვამენ.
– როდესაც მაცხოვარი შედის იერუსალიმში, მას ხალხი ეგებება ბავშვებთან ერთად და უგალობენ: „დიდება ოსანა, მაღალთა შინა“. ეს არის ებრაულ-არამეული სიტყვები, რაც ნიშნავს: „დიდება ღმერთს, გადაგვარჩინე“. ანუ, მას, როგორც მხსნელს, მესიას, ისე ეგებება ხალხი და უფენს პალმის რტოებს. პალმის რტო, როგორც ბზა‚ არის მარადმწვანე მცენარე და იმას ნიშნავს, რომ ეს სიხარული არის მარადიული, უფალიც არის მხოლოდ და მხოლოდ მარადიული და ადამიანი უფალთან შეხვედრამ მარადისობაში უნდა შეიყვანოს. უფალმა ადამიანს უნდა მისცეს მარადიული ცხოვრების საწყისი და ცხონების ერთადერთი საშუალება. მაცხოვარი, რომელიც ყოველთვის თავმდაბლობით, უბრალოებით მოღვაწეობს, არ უშლის ხალხს ამ დიდების აღვლენას. მეხსიერებაში მკაფიოდ იხატება ის სულიერი გრძნობა, განცდა, რომ, ის ხალხი, რომელიც მაცხოვარს ეგებებოდა დიდებით, მას მომავალში უღალატებს. ბზობის დღესასწაული არის ძალიან დიდი სიხარული, დაკავშირებული მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლასთან და, ამავე დროს‚ ეს არის ჩვენი დაფიქრების დღე, იმის გახსენება, რომ უფალი ერთ კვირაში უნდა ეცვას ჯვარს და მესამე დღეს დიდებით აღდგეს. ანუ, ბზობიდან ვიწყებთ ამ ყველაფრის გახსენებას, გაცნობიერებას და მზადებას ამ სიხარულიდან უფალთან ერთად წამებისთვის, ჯვარცმისთვის. დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, მუხლს ვიყრით, მაგრამ, გავა დრო, დამთავრდება მარხვა და ჩვენ ისევ ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავუბრუნდებით. შეიძლება‚ ჩვენ ბაგეებით არ წარმოვთქვამთ – „ჯვარს აცვით ეგე“, მაგრამ, როცა ადამიანი ივიწყებს იმას, რა მადლია მარხვა, როგორი დიდი წყალობა, სასწაული და საიდუმლოებაა მაცხოვრის აღდგომა, ისევ ძველ, ბინძურ ცხოვრებას უბრუნდება. ბზობა კარგია, მაგრამ, მაცხოვართან ერთად გოლგოთაზე ასვლა არის აუცილებელი და მაცხოვნებელი. გოლგოთის მსხვერპლი თუ არ გაიზიარა ადამიანმა, თუ სვიმონ კვირინელივით არ იტვირთა მაცხოვრის ჯვარი, მაშინ ჩვენ დავრჩებით იმ ხალხთან, რომელიც ჯერ ადიდებდა უფალს და შემდეგ ჯვარს აცვა. ჩვენ ამ დღეს გვმართებს იმ სიხარულის განცდა, რაც ამ დღესასწაულს ახლავს თან. თუ ჩვენში რამე სევდა, სულიერი დაბნეულობაა, პრობლემები გვაქვს, გვირჩევნია‚ ეს ყველაფერი უკან მოვიტოვოთ და ყველამ ერთად ეს დიდი დღე ვიდღესასწაულოთ. უპირველეს ყოვლისა‚ დავესწროთ წირვას, მადლი მივიღოთ, წყალობა და შემდეგ შეგვიძლია‚ ეს გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს.
– ჩვენ დღეს, ამდენი საუკუნის შემდეგ‚ როგორ უნდა მივიღოთ სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი?
– თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ‚ სახედრის შვილზე ამხედრებული მესია უნდა მივიღოთ მარხვით, ლოცვითა და ეკლესიური ცხოვრებით. სანამ მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდება, მანამდე გოდებს, ტირის და წარმოთქვამს შთამბეჭდავ სიტყვებს, რომლებიც ნებისმიერმა ერმა საკუთარ თავზე შეიძლება მიიღოს. ეს გოდება 48 წლის შემდეგ გაახსენდებათ ებრაელებს, როდესაც მათ მოადგებიან რომაელი ლეგიონერები ტიტეს ხელმძღვანელობით და ქვა ქვაზე აღარ დარჩება ამ ქალაქში. ეს მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა 48 წლით ადრე და ამიტომ გოდებდა მათი უგუნურების გამო. მას შეეძლო‚ იერუსალიმში ცხენზე ამხედრებული შესულიყო, მაგრამ, ცხენი არის სიმბოლო ბრძოლის, გამარჯვებისა, შესაბამისად‚ მასზე ამხედრება და ისე შესვლა, ნიშნავს გამარჯვებას, აღზევებას. გაუხედნავი კვიცი კი არის მორჩილების, თავმდაბლობის სიმბოლო და, როდესაც მაცხოვარი მასზე ამხედრებული შედის, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მაცხოვარი შედის არა ამქვეყნიური დიდებისთვის, არამედ, ზეციური დიდებისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობითა და სიმშვიდით მოიპოვება. როდესაც ადამიანები ბზის ტოტებს, რტოებს აკურთხებინებენ მოძღვარს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარი სახლის ზღურბლს, კარიბჭეს უღებენ მაცხოვარს და მაცხოვარი მათთან შედის. როდესაც ჩვენ მიგვაქვს ბზა, სიმბოლოს მადიდებელნი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ, სიმბოლოს საწყისისა. მრავალი ქრისტიანი, რომლებსაც ბუჩქების სახით ძალიან ბევრი ბზა მიაქვთ სახლში, სასოებენ ბზის ტოტებით, მათ ჰგონიათ, რომ, რაც შეიძლება ბევრი ბზა უნდა წაიღონ სახლში და ამით დიდ რწმენას გამოხატავენ. ბზობის დღესასწაულზე გამოჩნდა აჩრდილი ჯვრისა და ეს აჩრდილი ნათელი გახდება ჩვენ წინაშე, როდესაც შევუდგებით დიდ ორშაბათს. ეს არის სამზადისი იმისა, რომ‚ თუ არ ვეცვით ჯვარს‚ არ ვიტვირთეთ და არ ვიარეთ გოლგოთაზე, მაშინ ჩვენი აღდგომა, სიხარული იქნება წარმოუდგენელი. ბზობის შემდეგ, როდესაც მაცხოვარი დიდებით მიიღეს, ის გამოდის იერუსალიმიდან და გზაზე ხვდება უნაყოფო ლეღვის ხე, რომელზეც მაცხოვარი ვერ იპოვის ნაყოფს და შერისხავს, დაწყევლის, გაახმობს. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრებაში კეთილი ნაყოფი არ გამოუღიათ. ღვთისგანდგომილების საუკუნეში გვიწევს ქრისტიანებს ცხოვრება. ბოლო წლებში ცხოვრების რიტმი განსაკუთრებულად დაიძაბა. ადამიანთა ყოფა ხშირად მიწიერი, ხორციელი ინტერესებით შემოიზღუდება. მათი უმრავლესობა დაუზოგავად ხარჯავს ღვთისგან მომადლებულ ენერგიას დროებითი, წარმავალი სიამოვნების მოპოვებისთვის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, ცოდვით დაცემულმა უგუნურმა და უღმერთო ადამიანებმა, განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს, სიკვდილი მიუსაჯეს, რომელმაც, ტანჯვისა და გვემის სანაცვლოდ, მათ მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფის სანაცვლოდ – ლოცვა-კურთხევით, სიკვდილის ნაცვლად – უკვდავებით. უღმერთო ადამიანებს არასდროს გამოუხატავთ შემოქმედისადმი ისეთი სიძულვილი, როგორც მაშინ, როდესაც ის ჯვარს აცვეს და ღმერთსაც არასდროს გამოუხატავს ადამიანებისადმი ისეთი სიყვარული, როგორც აღდგომის დროს. ადამიანებს უნდოდათ, ღმერთი მოკვდავად ექციათ, მაგრამ, ღმერთმა თავისი აღდგომით ადამიანები აქცია უკვდავებად. მთელი ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუ არა ერთადერთი სასწაულის ისტორია, კერძოდ, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სასწაულებრივი ისტორია, რომელიც განუწყვეტლივ აღესრულება.