მამათა შეგონებანი
არქიმანდრიტი რაფაელი: უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შევიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას; მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველ სიკეთეს! ჭეშმარიტად შურია ერთა დიდი და უმოწყალო მფლობელი და სასტიკი ბატონი ჩვენი გულებისა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა.
ბერი იოილი: ცოდვა აბნელებს გონებას. ამ სიბნელეშია ავხორცი, შურიანი, ანგარებიანი, ეგოისტი ადამიანი. ის დარწმუნებულია, რომ შეუძლია, შეიმეცნოს ყველა სიბრძნე და ისწავლოს მსოფლიოს ყველა ენა და მიაღწიოს ღრმა სიბერეს, მაგრამ თავისი ავხორცობის, ანგარებისა და სხვა მანკიერებათა გამო ვერ ხედავს ნათესავს, ვერც მეგობარს, ვერც ადამიანს და ვერც ღმერთს, ვერც სხეულს და ვერც სულს. ცოდვა ანადგურებს უმშვენიერეს სიკეთეს, რომელიც გაგვაჩნია – ჩვენს ნებისყოფას ისე ანადგურებს, რომ ცოდვილს ზოგჯერ გონება გაუნათდება და იგრძნობს, რომ იღუპება, მაინც ვერ იკავებს თავს.
წმიდა სილუანი: ზოგი ამბობს, რომ ლოცვისგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომაა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისგან. წმიდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისთვის. ლოცვით ადამიანი მიდის ღმერთთან, ლოცვით გამოითხოვება მორჩილება, მოთმინება და ყველაფერი კეთილი. ვინც ლოცვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, მან არ იცის, რა კეთილია და მოწყალე უფალი. ღმერთისგან სიავე არ არის. ყველა წმინდანი განუწყვეტლივ ლოცულობდა; ერთ წუთსაც არ აცდენდნენ ისინი ლოცვის გარეშე. სული, რომელმაც დაკარგა მორჩილება, კარგავს მასთან ერთად მადლს და წყალობას, ღმერთისგან და მაშინ ქრება მგზნებარე ლოცვა; მაგრამ, როცა სული დამშვიდდება ვნებებისგან და მოითხოვს მორჩილებას, მაშინ უფალი აძლევს მას თავის წყალობას და ლოცულობს იგი მტრებისთვის როგორც თავისთვის და მთელი მსოფლიოსთვის – მხურვალე ცრემლებით.
მარკოზ მოსაგრე: სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში სინათლეზე, რომელიც გამოდის ღმერთისაგან, ხედავს თავის თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს იგი ამასთანავე არა გარეგნულ მოვლენებს და ცხოვრების პირობებს, არამედ საკუთარ თავს, გაშიშვლებულს თავის ბუნებაში და გახსნილს საკუთარ სიღრმეში. მიუხედავად ამ ჭვრეტის მთელი „უხილავობისა“ და უბრალოებისა, რომელიც მიმართულია ცხოვრების წყაროსკენ – ღმერთისკენ, მასში იხსნება საზღვრები, რომელთა შორის მოძრაობს ყოფიერება ყველა ქმნილებრივი, სულიერი სამყაროსი და მასში შეიცნობს თავის ერთიანობას მისთვის მლოცველი.