რას დაუკავშირა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დავით სარაჯიშვილმა და როდის გადაეცა ეს შენობა მწერალთა კავშირს
მრეწველი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ადამიანის... დავით სარაჯიშვილის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისთან და ქალაქის ისტორიასთან. ძველი ფოტოების დახმარებით, რომელთა შორის ერთ-ერთზე დიდი ადამიანის უკანასკნელი გზა არის აღბეჭდილი, გაგაცნობთ საინტერესო ისტორიებს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისზე.
დავით სარაჯიშვილის სახლი – მწერალთა კავშირის შენობა
სოლოლაკში, ამჟამინდელ მაჩაბლის ქუჩაზე, გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით, 1903-1905 წლებში დავით სარაჯიშვილმა საცხოვრებელი სახლი აიშენა. მის ადგილას, მაშინდელი სერგის ქუჩა ¹13-ში, მანამდე სარაჯიშვილების მამაპაპისეული ძველი სახლი იდგა. მშენებლობის პერიოდში დავით სარაჯიშვილი ოჯახთან ერთად ფრეილინის ქუჩაზე ცხოვრობდა (ამჟამინდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა). სარაჯიშვილის ძველ სახლს უამრავი სარდაფი ჰქონია და მისი დანგრევისას, ერთ-ერთ სარდაფში მუშებს კარგად შენახული ღვინის გაუხსნელი ბოთლებისთვის მიუგნიათ, ახალი სახლის აშენების დროს კი დავით სარაჯიშვილს ერთი მუჭა ოქრო ჩაუყრია საძირკველში. სახლის აგება მეცენატმა თავის ვერცხლის ქორწინებას – 25 წლის იუბილეს დაუკავშირა. 1905 წლის მაისში ახლად აშენებულ სასახლეში მოეწყო იუბილეს აღსანიშნავი წვეულება, რომელზეც აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი და სხვა უამრავი ცნობილი სტუმარი ყოფილა მიწვეული. სახლი მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამოირჩეოდა იმ დროის თბილისში. ფასადის მოპირკეთების დროს უხვად იქნა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტონები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები და ქალის სახის გამოსახულებიანი კონსოლები. სახლს ამშვენებდა გერმანული სტილის სახურავი, რომელზეც ოთხი მანსარდა გადიოდა. მრავალფეროვანი დეკორი შენობას მიმზიდველობას ჰმატებდა. ძველი თბილისის არქიტექტურის მკვლევართა აზრით, სარაჯიშვილის სახლში ბრწყინვალედ იყო შერწყმული თბილისური და ევროპული არქიტექტურის ნიშნები.
ახალ სახლში გადასვლიდან რამდენიმე ხანში სერგის ქუჩა ¹13 თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ეს ახალი სახლი, ისევე, როგორც სარაჯიშვილის სახლი სასახლის ქუჩაზე, ხშირად მასპინძლობდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს. 1911 წელს დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებამ სახლის მომავალ ისტორიაზეც იქონია გავლენა. თავდაპირველი ანდერძის თანახმად, მან სახლი მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს დაუტოვა, თუმცა, ანდერძთან ერთად, არსებობდა კიდევ ერთი ცნობა, რომელიც დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების წელსვე გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიის” ერთ-ერთ ნომერში. გაზეთში ეწერა: „განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა, ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარ მილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300 ათასი მანეთად, მოწყობილობა კი 100 ათას მანეთამდე მეტად”.
1918 წელს სახლი ცნობილ კომერსანტს, აკაკი ხოშტარიას შეუძენია საჯარო აუქციონზე, 1921 წლიდან კი სახლი მწერალთა კავშირს გადაეცა. 1921 წლის 25 თებერვალს პაოლო იაშვილმა შეკრიბა ცნობილი მწერლები და ხელოვნების მოღვაწეები და დელეგაციამ საქართველოს ახალ ხელისუფლებას – რევკომს წარუდგინა თხოვნა: დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ანდერძით, მათი სახლი მათ შემდეგ ქალაქს გადასცემოდა რაიმე კულტურული დაწესებულების განსათავსებლად. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და რევკომის 1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს, მეწარმე აკაკი ხოშტარიას კუთვნილი სახლი გადასცეს. საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს დავით სარაჯიშვილის აშენებულ სახლში ახლად შექმნილმა მწერალთა კავშირმა დაიდო ბინა. ცნობისთვის, 1920-იან წლებში მწერალთა კავშირის შენობას „ხელოვნების სასახლეს” უწოდებდნენ.
„დ. სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა“
1888 წლის შემოდგომაზე თბილისის სარექტიფიკაციო ქარხნის ბაზაზე ამოქმედდა დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც სამამულო ნედლეულზე მუშაობდა. სარაჯიშვილის კონიაკი პოპულარული იყო მთელ რუსეთის იმპერიაში და უცხოეთის ქვეყნებში. 1888-1914 წლებში მსოფლიო გამოფენებზე სარაჯიშვილის კონიაკმა 9 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სარაჯიშვილის ქარხნები აღჭურვილი იყო იმ დროის საუკეთესო აპარატურით. 1904 წლის მონაცემებით, მისი ქარხნების საერთო პროდუქცია შეადგენდა 38 218 000 ბოთლს. რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან შეწყდა, სარაჯიშვილის კონიაკისა და ლიქიორის ქარხანა ვეღარ ახერხებდა პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რის გამოც მძიმე პერიოდი დაუდგა. დაახლოებით 1920 წელს ქარხანა დაიხურა და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განაახლა მუშაობა – სწორედ დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.