როგორ შექმნეს პროგრესული „ბაბულიკების კამანდა“ კოტე თოლორდავამ, გიორგი ყიფშიძემ, კახა აბუაშვილმა და სანდრო კაკულიამ
უკვე მესამე სეზონია, რაც ქართულ ტელეეკრანებზე წარმატებით გადის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”. ჩვენ გადამღებ ჯგუფს გადასაღებ მოედანზე ვეწვიეთ. შემდეგ მთავარ პერსონაჟებთან ერთად „ბაბულიკური” ფოტო გადავიღეთ და „ბაბულიკური” ინტერვიუს ჩაწერასაც შევუდექით. თუმცა, როგორ გამოგვივიდა, თქვენ განსაჯეთ...
– ვინ ხართ „ბაბულიკები”, როგორები ხართ?
კოტე თოლორდავა: კაი ტიპები ვართ.
გიორგი ყიფშიძე: „ბაბულიკები” – ასეთი ჟარგონი თუ სლენგია. 90-იანი წლების მეორე ნახევრის თბილისურ პოპულარულ უბნებში ასე ახასიათებდნენ მოძველბიჭო, კაიტიპურ, „ქულ” ტიპების კასტას.
კოტე: ახლაც ასე ეძახიან ვიღაც-ვიღაცეები.
სანდრო კაკულია: რაღაც კატეგორიაში ისევ ასე ეძახიან, კიდევ რაღაც კატეგორიაში ცოტა „ღადაობაც“ არის.
კოტე: „ბაბუს”, რომ ამბობ, ადრე თუ სტატუსი იყო, ახლა ხუმრობის ფორმად იქცა.
სანდრო: მაგალითად, ჩემთვის, ჩემხელებისთვის.
– სანდრო, მგონი, შენ ყველაზე უმცროსი ხარ ამ სამეგობროში.
კაბუ: ლაწირაკია.
სანდრო: მე „ვღადაობ“ „ბაბუზე” და ესენი მართლა ასე ეძახიან.
გიორგი: „ერთხელ ამერიკაში” ყველას გვინახავს და ჩვენს თაობაში მისი გმირები რომანტიკულ გრძნობებს იწვევდნენ. კოტე უფრო მაქსობს...
კოტე: იმას კი არ იტყვის, ეგ არისო!... „მაქსობსო” (იცინის).
– თქვენ როდიდან მოდიხართ?
– ჩვენ ერთი თაობა ვართ.
გიორგი: ერთ უბანში გავიზარდეთ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთად ვჩხუბობდით, ერთად დავიწყეთ სიგარეტის მოწევა, ერთად დავიწყეთ მაიმუნობა, ერთად დავანებეთ თავი მაიმუნობას, ერთად დავიწყეთ ბიზნესი და ერთად ვართ დღემდე.
კოტე: ეს „კამანდა” არის „პროგრესული ბაბულიკების კამანდა“. მათ გაიარეს ისიც, რაც ვიღაცეებმა ვერ გაიარეს და ვიღაცეები შეეწირნენ. იქაც თავიანთი ნიშა ჰქონდათ, ყველაფერს მიაღწიეს; შემდეგ მიხვდნენ, რომ ასე ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და გადავიდნენ სხვა „ლეველზე”, სხვა ეტაპზე თავიანთი ცხოვრების. „პრადვინუტი” ტიპები არიან – სიმპათიურებიც და დახვეწილებიც...
– ისეთი ტემპით მიდიხართ, მომავალში, მგონი, პოლიტიკაშიც მოხვალთ...
კოტე: ვგეგმავთ, რომ სანდრექსა თბილისის მერი გახდეს (იცინის).
– ამ სერიალში როგორ გაერთიანდით?
გიორგი: დაგვიძახეს, დავეთანხმეთ, გაგვიხარდა ერთმანეთი და მოვდივართ ჯიგრულად.
კოტე: მაგარი კარგი კვარტეტი გამოვიდა. მშვენიერი, დიდებული...
– ერთად გიმუშავიათ მანამდე?
კახა აბუაშვილი: მე და კაკულიას ვაფშე ყველა ძველი ბიჭი გვაქვს ნათამაშები, ვინც კი არსებობს დედამიწაზე.
სანდრო: მე ყველგან სამეგობროს წევრი ვარ, თან, ყველგან ახალგაზრდა, პატარა მეგობრის თამაში მიწევს. ერთი სიტყვით, თუკი რამე ვიცი, ყველაფერი ამათგან ვიცი, ამათ მასწავლეს, გამომზარდეს და ახლა უკვე მერობაზე გავყავარ (იცინის).
გიორგი: ტრამპლინი ავუშენეთ, ახლა „ჰოპა” უნდა.
კოტე: შეიძლება, ყველას ერთად მანამდე არ გვიმუშავია, მაგრამ, იმდენად კარგად, ნახევარი სიტყვით ვუგებთ ერთმანეთს და იმდენად არაჩვეულებრივი პარტნიორები არიან, რომ, რეალურ ცხოვრებაშიც, თუ რაღაცა არ გვქონდა აწყობილი, თუკი რამე შესავსები იყო, მომენტალურად შეივსო ყოველგვარი კითხვების გარეშე.
– მარტო დიტო დააოჯახეთ...
კაბუ: მოიცა, ცხოვრება წინ არის...
გიორგი: მე მიზანი მაქვს – სათვალიანი მკაცრი ნაშა მევასება.
სანდრო: მე მკაცრი ნაშები არ მევასება. ვეძებ ძალიან ჩვეულებრივს, ჯიგარს... არ ვიცი, ვნახავ ალბათ, იმედი მაქვს.
კაბუ: იგივე.
კაკულია: ჩვენ ერთად ვეძებთ.
გიორგი: სანდრექსა ხომ დაპატარავებული ვაკოა.
კაბუ: „მე ვაკოს აზრს ვეთანხმები” – არის სანდრექსა.
– როგორც გადაღებისას შევესწარი, ახალი ბიზნესის წამოწყებას აპირებთ...
– კი, ვგეგმავთ ახალ ბიზნესს.
კოტე: იგეგმება და, მოგვიტანს თუ არა შემოსავალს, ვნახოთ.
– წეღან კოტემ, უკაცრავად – დიტომ, გაიხუმრა – ბოლო სიტყვა ყოველთვის მე მეთქმის ამ საძმაკაცოშიო.
გიორგი: მაქსობს-მეთქი, ტყუილად კი არ გითხარი.
კოტე: მე უფრო ისეთი, მიზანმიმართული, გამოცდილი და საქმიანი ტიპი ვარ. ესენი ყველანი „ისპალნიტელები” არიან.
გიორგი: მე ხალი უნდა გავიკეთო ლოყაზე.
კოტე: ჰო, გიორგი, ანუ ვერსკი – „ლაფშაა”, ლაფშობს (იცინის).
კაბუ: კაი, რა, ეგ რა ლაფშაა, ეგ არის პიჟონი.
გიორგი: ჰოდა, პიჟონი ლაფშაა.
კაბუ: ლაფშა პიჟონი არ იყო, ლაფშა იყო აბსოლუტურად ქუჩის ბიჭი.
– კაბუ, შენ ვინ ხარ?
– მე ვარ ლაფშა.
– სანდრექს, შენ?
კოტე: ეგ ის არის, მეხუთე რომ უკვდებათ, ოღონდ, ახლა გადარჩენილია.
კაბუ: „ონ ნე პოდსკალზნულსია“.
– პოპულარობა მანამდეც არ გაკლდათ. ამ სერიალით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებასა და ურთიერთობებში?
გიორგი: როცა ყოველდღიურად გხედავს მაყურებელი ეკრანზე, უთო რომ შეაერთო, იქაც ჩვენ გამოვჩნდებით და, ამიტომ, ბუნერივია, პოპულარობამაც მოიმატა, თუმცა, ასეთივე ტემპით, თვალის დახამხამებაში შეუძლია, დაგანგრიოს – გამოგცვალონ და ორ წამში აღარავის აღარ ახსოვდე. მიღწევა რაღაც საფეხურამდე ძალიან ძნელია, მაგრამ, იქიდან ჩამოვარდნა არის ძალიან ადვილი.
– ფანკლუბი გაიზარდა?
– ალბათ, გაიზარდა. საიტები გაიხსნა, „ვერსკი” ჰქვია საიტს „ფეისბუქზე“. რადგან „ლაიკები“ აქვს, ალბათ, გაიზარდა. მერიდება, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი... წარმატებულია სერიალი და, აქედან გამომდინარე, ჩვენც გვერგო წილად წარმატების ჩვენ-ჩვენი პროცენტი.
კოტე: უფრო მეტი სითბო იგრძნობა ყველა ადამიანისგან. ამას რომ გრძნობ, რაღაცნაირად, პასუხისმგებლობა გემატება საკუთარი თავის მიმართ, რომ სულ იყო ფორმაში.
– ჰგავხარ შენს გმირს?
– არ ვიცი, რაღაც საერთო თვისებები ბუნებრივია, გვექნება. უამრავი თვისება აქვს დიტოს ისეთი, რომელიც მომწონს და ვუფასებ. დიტო ჩვეულებრივი თბილისელი „ვაიაკა” ტიპია, რომელმაც ყველაფერი იცის.
კაბუ: ჩემი გმირი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც იყო ძველი ბიჭი და ახლა არის ბიზნესმენი.
– რა შეიცვალა ამ სერიალით შენს ცხოვრებაში?
– დავიწყე ისევ ჩემი საყვარელი საქმის კეთება, რომელსაც ვაკეთებდი დიდი ხნის განმავლობაში.
– აქამდე სად იყავი?
– სახლში ვიყავი და ვიყავი ძალიან ცუდად. მერე ვნახე მიშა მშვილდაძე. რას შვრებიო? – მკითხა. არაფერს-მეთქი. რატომო? – იმიტომ-მეთქი. ძალიან მინდა, ვქნა და რამე მიშველე-მეთქი. კარგი, ვნახოთო, – ასე დამემშვიდობა. ჰოდა, იმ საღამოსვე დამირეკა და გადამიღო ფილმში „ჩემი ცოლის დაქალების ქორწილი”, მერე სერიალშიც მომახვედრეს. ამათ შემოვევლე. ძალიან მადლობელი ვარ ამათი, ამ ბიჭების.
– სანდრო, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა სანდრექსას გამოჩენის შემდეგ?
– უფრო ნაკლები დრო მრჩება სხვა რაღაცეებისთვის. ძალიან გამიმართლა. ის ვიგრძენი, რასაც მსახიობები გრძნობენ მაყურებლებისგან. მე ხომ მსახიობი არ ვარ და უცბად გამამსახიობეს. ახლა უკვე ქუჩაში მცნობენ.
– პროფესიით ვინ ხარ?
– პროფესიით ვარ იურისტი, მარკეტინგის მენეჯერი და თან ვწერ, ანუ, დრამატურგი ვარ.