კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ მიდის დიმა ტატიშვილი არასდროს მაყურებლის გასაცინებლად და რისთვის ღირს მისთვის ცხოვრება

მსახიობი დიმა ტატიშვილი გულშემატკივრისა და მასზე შეყვარებული მაყურებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მისი ცხოვრების სტილი ყოველთვის აქტიურია. ჩვენი რესპონდენტი ბედის კმაყოფილია და მიაჩნია, რომ პროფესიაში ნამდვილად გაუმართლა. ბოლო დროს დიმა სერიალ „შუა ქალაქში” გამოჩნდა და მისმა პერსონაჟმა მაყურებელი საკმაოდ გაახალისა. 

– სერიალის „შუა ქალაქში” მაყურებელი თუ იყავით ადრე?

– კი, ვუყურებდი. სხვათა შორის, ერთ სერიაში ვმონაწილეობდი კიდეც, მხოლოდ ეს ძალიან ადრე იყო. მაშინ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსული ტიპი ვიყავი, ახლა კი სრულიად განსხვავებულ გმირს ვასახიერებ. ამ ფორმატის სერიალში პირველად ვთამაშობ, რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ფაქტობრივად, ყოველ ოთხშაბათს პრემიერა მაქვს. მოკლედ, სერიალს მუღამი თუ დაუჭირე, გამოგივა. 

– თქვენ თუ დაუჭირეთ მუღამი?

– მგონი, კი. ვცდილობ, ჩემი გმირი უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს. მთავარია, სახალისო იყოს, თუმცა მაყურებლის გასაცინებლად ყველაფერზე არ უნდა წახვიდე. ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს სახალისო და კარგი სანახავი. როცა მაყურებელი სერიალს უყურებს, კი არ უნდა მოიწყინოს, უნდა გაიხაროს და ისიამოვნოს. 

– გიაზე რას გვეტყვით, რამით თუ ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს?

– მე გიასნაირი კაცი არ ვარ, ცოტა ვერ არის. მოსწონს უცნაური მუსიკა, რაც მე კატეგორიულად არ მომწონს. მართალია, თაგვები არ მეზიზღება, მაგრამ გიასნაირად ნამდვილად არ მიყვარს. მღრღნელები ჩემთვის ფავორიტი ცხოველები არ არიან. თვითონ რომ ჰგონიათ მაგარი იუმორი აქვს და სხვა არავინ არის ამის აზრზე, აი, ისეთი კაცია. ისე, პერსონაჟები რაღაც დროის შემდეგ მსახიობებს ემსგავსებიან, ან პირიქით, მსახიობები ემსგავსებიან მათ.

– თქვენ რით დაემსგავსეთ მას?

– მე კი არა, გია მემსგავსება რაღაცით. ყველა მსახიობი საკუთარ პერსონაჟში გულისა და სულის რაღაც ნაწილს დებს, ისევე როგორც ხასიათის რომელიმე თვისებას ავლენს მასში.

– თქვენი ხასიათის რომელი თვისება გამოამჟღავნეთ ამ როლში?

– ჯაჯღანი. მართალია არ მიყვარს, მაგრამ ხშირად ვჯაჯღანებ სახლშიც და მეგობრებთანაც. მეუბნებიან, რომ ჯაჯღანა ვარ. გიაც სულ ბუზღუნებს.

– საქმეშიც ჯაჯღანა ხართ?

– არა, საქმეში ნამდვილად არ ვარ ჯაჯღანა, პირიქით. 

– წლების განმავლობაში ახმოვანებთ ექიმ ჰაუსს, რომელიც საკმაოდ პოპულარული სერიალის გმირია. 

– სხვათა შორის, ბოლო სეზონის გახმოვანება დავიწყეთ ახლახან. ეს არის მე-8 სეზონი, რის შემდეგაც თვითონვე გადაწყვიტეს, რომ აღარ გადაიღონ. ორი სერია უკვე გავახმოვანე, სულ 20 თუ 22 სერია იქნება. ეთერში როდის გავა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა რომ იქნება, ფაქტია. სიამოვნებით ვუყურებ თვითონაც, ძალიან მაგარი სერიალია. თავად ჰიუ ლორი ძალიან საინტერესო მსახიობია. 

– არ შემიძლია, არ ვახსენო „დემნას” პერსონაჟი, რომელიც ასევე თქვენ განასახიერეთ სერიალიში „ჩემი ცოლის დაქალები.”

– დემნა კარგი, მაგრამ ცოტა მოსაწყენი კაცი გახლდათ, რომელსაც თავისი სამყარო ჰქონდა. დემნაზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მას თავისი ლოგიკა აქვს, რომ დაუკვირდე თითქოს ნორმალურია, მაგრამ ბევრს უცნაურად ეჩვენება. რეალურად, მას თავისი გზა აქვს, რომელსაც რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოსწონს, არაორდინარული კაცია.

– მსახიობობა იმ მხრივაც საინტერესოა, რომ ყველანაირი ადამიანის განსახიერება გიწევს.

– თუ გაგიმართლა, კი. განუხორციელებელი მსახიობი ცოდოა, ამ სიტყვის სწორი გაგებით. როცა ადამიანს პოტენცია აქვს, მაგრამ არ ეძლევა მისი გამოყენების შანსი, ცუდია. როცა სხვადასხვა შემოთავაზება და სხვადასხვანაირი ადამიანების თამაში გიწევს, რასაკვირველია, საინტერესოა.

– კარგია, როცა გიმართლებს, რადგან მსახიობის პროფესია ისეთია, თუ არ გაუმართლა, შეიძლება, სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლოს. 

– პირადად მე, სხვა არაფრის კეთება არ ვიცი. ღმერთის წყალობით, ამ ფაქტის წინაშე არ ვმდგარვარ და იმედია, არ დავდგები. თუ მე თვითონ ვიგრძენი, რომ ამ პროფესიაში აღარ ვვარგივარ, მაშინ წავალ. ისევე როგორც ნებისმიერ პროფესიაში, ასეა ჩვენთანაც – თუ მსახიობი ხარ, ძალიან კარგად უნდა აკეთო შენი საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობია, წახვიდე. 

– რაც შეეხება თქვენს ოჯახს, არც ერთმა შვილმა მამის პროფესია არ აირჩია. 

– რომ მეგრძნო, რომ მათ მსახიობობის სურვილი აქვთ და რაც მთავარია, პოტენციალი, რასაკვირველია, ხელს შევუწყობდი ისე, როგორც შეიძლება, მშობელი შვილს დაეხმაროს. სიმართლე გითხრა, განსაკუთრებული სურვილი არ გამოუვლენიათ და რატომ უნდა მეიძულებინა?  პირიქით, ძალიან კარგი, რომ ასეა. მსახიობის პროფესია მარტივი არ არის, დიდი შრომა სჭირდება – თან ან გაგიმართლებს ან არა. ყოველთვის სხვა ადამიანებზე უნდა იყო დამოკიდებული, რომლებიც ან შეგამჩნევენ, ან არა. მართალია, ჯერ კარიერა არ აუწყვიათ, თუმცა ცდილობენ, თავისი საქმე კარგად აკეთონ. ერთი იურისტია, მეორე ბიზნესმენეჯერი. მომწონს, რომ ამ პროფესიით მუშაობენ.

– მკაცრი მამა ხართ?

– მკაცრი კი არა სამართლიანი ვარ. ვცდილობ, სხვას არ მოვთხოვო ისეთი რამ, რასაც თავად არ ვაკეთებ. უსამართლო ნამდვილად არ ვარ. 

– ერთი კურიოზი მახსენდება ტყუპებთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღში რომ მოხდა. წამოსაყვანად რომ მიხვედით, არ მოგყვებოდნენ და მასწავლებელს უთხრეს, ჩვენი მამა არ არისო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. არასდროს გიკითხავთ რატომ მოგექცნენ ასე?

– გავიხუმრეთო, ასე მეუბნებიან ყოველთვის. რეალურად, მგონი, თვითონაც არ იციან მიზეზი.

– თეატრზეც მინდა გკითხოთ. რა ხდება მარჯანიშვილის თეატრში?

– შემოდგომაზე მქონდა სპექტაკლის პრემიერა „კოტე მარჯანიშვილი.” ეს არის სპექტაკლი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი თეატრი. მალე შეიძლება, კიდევ ერთ სპექტაკლზე დავიწყოთ მუშაობა, რომლის შესახებაც წინასწარ არ მინდა საუბარი. ანუ, ამ ეტაპზე რეპეტიციები არ მაქვს, მხოლოდ სარეპერტუარო სპექტაკლებს ვთამაშობ. 

– მაყურებლის უმეტესობა დიმა ტატიშვილის გულშემატკივარია და დიდი სიმპათიით არის განწყობილი. ამას, ალბათ, გრძნობთ კიდეც.

– თუ მართლა ასეა, ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის, ყველგან დიდ სითბოს ვგრძნობ მაყურებლისგან, რაც ძალიან მიხარია. გულახდილად ვამბობ, მართლა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ადამიანები არაფრის გამო გამოხატავენ შენ მიმართ სითბოს. 

– რატომ არაფრის გამო? მგონი, ეს ყველაფერი დამსახურებულად ხდება.

– მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და კარგია, თუ მათ მოსწონთ ეს. განსაკუთრებულს მართლა არაფერს ვაკეთებ, ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის. მადლობელი ვარ ყველა იმ მაყურებლის, ვინც მართლა ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. რეალურად ჩემი საქმის კეთების 80 პროცენტი მათზეა დამოკიდებული. როცა მუშაობის დროს მეძინება, მცივა, მცხელა ან მეზარება, მაშინვე მახსენდება, რომ ჩემი ნამუშევარი მაყურებელმა უნდა ნახოს. ამიტომ, უფლება არ მაქვს, პირადი დისკომფორტის გამო, ჩემი საქმე უხარისხოდ გავაკეთო. ხალხის სითბო ამაში მეხმარება და ძალას მაძლევს. მაგალითად, ყოფილა გადაღება, სადაც სასტიკი ყინვა იყო, მე კი ერთი თხელი მაისური და ზევიდან რაღაც ანაფორა მეცვა. ყველა ვარიანტში უნდა გავციებულიყავი, მაგრამ არაფერი მომივიდა. ან მზის დარტყმა როგორ არ მივიღე, როცა ზაფხულში დილიდან საღამომდე მზის გულზე მქონდა გადაღება. ჩრდილში ხომ ვერ დაიმალები, როცა ოპერატორი გეუბნება, მზეზე გამოდიო. ჩემი აზრით, მაყურებლის სიყვარული და ის პასუხისმგებლობა მაძლებინებს, რასაც მათ მიმართ ვგრძნობ. მსახიობები რომ ამბობდნენ ამას, ადრე მეგონა, იტყუებიან-მეთქი, მაგრამ სიმართლე ყოფილა. მაყურებლის სიყვარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს მსახიობისთვის. მიმაჩნია, რომ ამისთვის ღირს ცხოვრება. მე ბედის კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს პროფესიაში ყოველთვის ძალიან კარგ ადამიანებთან მქონდა და მაქვს ურთიერთობა. 

скачать dle 11.3