კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო განაცხადა უარი „სეზარის” პრემიაზე ჟან-პოლ ბელმონდომ და რა აკავშირებს მას ჯეკი ჩანთან

საკულტო მსახიობი, მილიონობით ქალისთვის მამაკაცის ეტალონი და მსოფლიო კინოს ფრანგი ლეგენდა – ჟან-პოლ ბელმონდო 80 წლის გახდა და, სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს ფრანგული კინოს უბერებელი სექს-სიმბოლოს სტატუსს. „ბებელის,“ როგორც მას ახლობლები უწოდებენ, ხანგრძლივმა ცხოვრებამ არაერთი საინტერესო ისტორია შემოინახა.

 

* ჟან-პოლ ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს დაიბადა პარიზთან ახლოს, ნეინ-სიურ-სენში, მოქანდაკისა და პროფესორის, პოლ ბელმონდოსა და ფერმწერ მადლენ ბელმონდოს ოჯახში. ისინი საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა, მამა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი და, გარკვეულწილად, გამოასწორა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სკოლაში სწავლის პერიოდში ჟან-პოლი არ გამოირჩეოდა კარგი სწავლით და დროის უმეტეს ნაწილს სპორტს უთმობდა: ფეხბურთს, სადაც მეკარეობა იზიდავდა და  კრივს. თუმცა, სპორტული კარიერის აწყობა ჟან-პოლს არ გამოუვიდა, რადგან, 16 წლისას ტუბერკულოზი დაუდგინეს, რომლისგან განკურნებაც მხოლოდ 20 წლის ასაკში მოახერხა. იმ დროისთვის მას ხელი ჰქონდა ჩაქნეული სპორტზე და მთლიანად სამსახიობო კარიერის აწყობაზე იყო გადართული – მან დრამატული ხელოვნების უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის კურსები გაიარა, რომლის დამთავრების შემდეგ თეატრში დაიწყო თამაში.

* ჟან-პოლ ბელმონდოს დებიუტი დიდ კინოში შედგა 1957 წელს ნაკლებად ცნობილ ფილმში – „ცხენზე, ფეხით და ავტომობილში.” თუმცა, მისი მონაწილეობით გადაღებული კადრები ფილმის საბოლოო ვერსიიდან ამოჭრეს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ეპიზოდური როლი ფილმში – „იყავი ლამაზი და გაჩუმდი”, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი დამწყები მსახიობი – ალენ დელონი თამაშობდა, მაგრამ, სცენები მათი მონაწილეობით ისევ ამოჭრეს მონტაჟის დროს. ჟან-პოლ ბელმონდო ცნობილი გახდა 1958 წელს ჟან-ლიუკ გოდარის ფილმით – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”. ამ ფილმმა სათავე დაუდო ფრანგული კინოს „ახალ ტალღას”.

* სპეციფიკური გარეგნობის გამო, თეატრალური სკოლის პედაგოგები ჟან-პოლ ბელმონდოს მხოლოდ უარყოფითი როლების შესრულებას უწინასწარმეტყველებდნენ – მათი აზრით, ბელმონდო თავისი გარეგნობით მხოლოდ ადამიანების შეშინებას მოახერხებდა. ასევე, მათი აზრით, ჟან-პოლს გაუჭირდებოდა გმირი-საყვარლის როლების მორგება და მხოლოდ გარეწრების როლებით მოუწევდა დაკმაყოფილება. რეალობაში კი ჟან-პოლ ბელმონდო თავისი დროის სექს-სიმბოლოდ იქცა, რომელიც მამაცურ როლებს არულებდა კინოში და რომანები ჰქონდა მსოფლიო კინოს მეგავარსკვლავებთან: ურსულა ანდრესთან, ჯინა ლოლობრიჯიდასთან, სოფი ლორენთან, კატრინ დენევთან, ჟანა მოროსთან და კლაუდია კარდინალესთან.

* 1970-1980-იან წლებში ჟან-პოლ ბელმონდო უზომოდ პოპულარული იყო საფრანგეთში. ეს პერიოდი მის კარიერაში ითვლება ყველაზე წარმატებულად როგორც პროფესიულად, ისე ფინანსური კუთხითაც. 80-იანი წლების ბოლოს ჟან-პოლმა თეატრალურ სცენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო პერიოდი თითქმის მთლიანად ჩამოშორდა კინოსამყაროს, მხოლოდ რამდენიმე მეტ-ნაკლებად წარმატებულ ფილმში ითამაშა. მათ შორის აღნიშვნის ღირსია კლოდ ლელუშის „საბრალონი” და პატრის ლეკონტის „ერთი შანსი ორისთვის”, სადაც ბელმონდომ ალენ დელონთან ერთად ხანში შესული, რისკის მოყვარული  „ძველი ბიჭებისგან” შემდგარი დუეტი შექმნა.

* 1963 წელს ჟან-პოლ ბელმონდომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი – „30 წელი და 25 ფილმი” და იმავე წელს აირჩიეს საფრანგეთის მსახიობთა კავშირის პრეზიდენტად.

* 1985 წელს ეკრანებზე გამოსული ფილმი „ძარცვა” უკანასკნელი ფილმია, სადაც ჟან-პოლ ბელმონდო თავად ასრულებდა ურთულეს ტრიუკებს კასკადიორების გარეშე. გადასაღებ მოედანზე ბელმონდომ რამდენიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, კასკადიორების მომსახურებით ესარგებლა.

* რამდენიმე წლის წინ ჟან-პოლ ბელმონდოს ჰკითხეს, თუ რას აპირებდა იგი მომავალში, რაზეც ბებელმა უპასუხა: „არ ვაპირებ, გავხდე ფრანგული კინოს მფრინავი ბაბუა”.

* ჟან-პოლ ბელმონდოს სიმაღლე 179 სანტიმეტრია.

* ფილმში „ბედით განებივრებული” შესრულებული მთავარი როლისთვის ჟან-პოლ ბელმონდომ ფრანგული კინოპრემია „სეზარი” მიიღო. თუმცა, ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან, ჯილდოს ავტორი, მოქანდაკე სეზარი, თავის დროზე ჟან-პოლის მამაზე, ასევე მოქანდაკე პოლ ბელმონდოზე, არცთუ კარგ კონტექსტში ლაპარაკობდა.

* ჟან-პოლ ბელმონდომ 7 წელი იცხოვრა სამოქალაქო ქორწინებაში მსოფლიო კინოს სექს-სიმბოლოსთან, ურსულა ანდრესთან.

* პირველი ქორწინებიდან ელოდი კონსტანტენთან (1953-1966) ჟან-პოლს სამი შვილი ჰყავდა: პატრიცია, ფლორენცია და პოლი. მისი უფროსი ქალიშვილი – პატრიცია, 1994 წელს უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. ყოფილ ბალერინა ნატი ტარდიველთან ჟან-პოლს ეყოლა ქალიშვილი – სტელა. ბოლო წლებში ჟან-პოლი „ფლეიბოის” ყოფილ მოდელსა და ბიზნესლედის, ბარბარა განდოლფის ხვდებოდა. მისი ერთადერთი ვაჟი, პოლ ბელმონდო, „ფორმულა 1-ის” ყოფილი მრბოლელია.

* უფროსი ქალიშვილის დაღუპვის ამბავი ჟან-პოლ ბელმონდოს სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. ბელმონდომ ბოლომდე ითამაშა სპექტაკლი, რომლის დასრულების შემდეგ გულის შეტევა მოუვიდა, მეორე დღეს კი მას ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები შეექმნა.

* ჟან-პოლ ბელმონდო ფლობს ცნობილ იტალიურ რესტორანს პარიზში, სახელად „სტრეზა”. რესტორანი სასტუმრო „პლაც ატენას” უკანა მხარეს, შამბიეს ¹7-შია გახსნილი.

* 2006 წელს ჟან-პოლ ბელმონდომ ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კომანდორის ტიტული მიიღო. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ამ  ჯილდოთი მსახიობის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედება დააფასა.

* ჟოს ბომონის როლი „პროფესიონალში,” თავისი გროტესკულობის მიუხედავად, მსახიობის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ როლად ითვლება.

* 1995 წელს ჟურნალ „ემფაირის” მიერ ჟან-პოლ ბელმონდო მსოფლიო კინემატოგრაფის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მსახიობი მამაკაცების ასეულში 52-ე ადგილზე გავიდა.

* ჯეკი ჩანის თქმით, მისი კერპი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდოა.

* ჟან-პოლ ბელმონდო პარიზულ საფეხბურთო კლუბს „პარი სენ ჟერმენის” ქომაგია 1950 წლიდან.

* მსოფლიოში განთქმულმა საკლუბო დიჯეიმ, ბობ სინკლერმა, თავისი ფსევდონიმი ჟან-პოლ ბელმონდოს გმირის პატივსაცემად აიღო ფილმიდან „შესანიშნავი”.

* თავის მუდმივ კონკურენტთან, ალენ დელონთან ერთად, ჟან-პოლ ბელმონდოს ნათამაშები აქვს ორ ფილმში: „ბორსალინო და კომპანია” და უკვე ნახსენები „ერთი შანსი ორისთვის”.

უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3