როდის ხდება ქალის ცხოვრებაში სხვა კაცი უმნიშვნელოვანესი და რატომ არ აშინებს მას საყვარლის სტატუსი
ქალს სჭირდება სითბო, ყურადღება და სიყვარული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მამაკაცსაც სჭირდება, მაგრამ, ქალს ორმაგად აქვს ამის მოთხოვნილება. სამწუხაროდ, გათხოვების შემდეგ ქალები მწვავედ განიცდიან სიყვარულის, სითბოსა და ყურადღების დეფიციტს, რადგან, ქმრები მათ საყვარლის როლში აღარ განიხილავენ. ძალიან ბევრი მამაკაცისთვის ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება ქალებს, უმრავლესობა ეგუება ასეთ მძიმე ყოფას. იკლავენ სიყვარულის მოთხოვნილებას, უჩნდებათ კომპლექსები, აქვთ დეპრესია და უარესობისკენ ეცვლებათ ხასიათი. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც „თამაშგარე” მდგომარეობას ვერ ეგუებიან და აცხადებენ, რომ აქვთ ბედნიერების უფლება!
თეიკო (37 წლის): ვიცი, ბევრი გამკიცხავს ამ ჩემი გულახდილობისთვის – ჩვენთან ხომ არ არის მიღებული, ქალმა საკუთარ გრძნობებზე ილაპარაკოს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მალავენ, თორემ, ძალიან ბევრ ქალს ჰყავს საყვარელი, ან – „მეგობარი“ ოჯახის პარალელურად. მე მათ მსაჯულად არ გამოვდგები, მით უმეტეს, რომ ახლა თავად ვარ საყვარლის როლში. ზოგჯერ მიკვირს, ნეტავი აქამდე როგორ მივედი-მეთქი. სასურველი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ვის უნდა აწეწილი ცხოვრება ჰქონდეს და ყოველ წუთს სკანდალს, აყალ-მაყალს ელოდებოდეს?! ვიყავი გათხოვილი, ვზრდიდი შვილს და საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი რომანის გაბმას, მით უმეტეს – სამსახურში.
– სამსახურებრივი რომანი გაქვთ?
– სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. ამას ნამდვილად არ ვისურვებდი. ქალისთვის გაცილებით მომგებიანი ვარიანტია სტაბილური ოჯახი – ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ და გვინდა. ყველაფერი რაღაცნაირად, თავისთავად მოხდა. ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა აღარ შეგვეძლო.
მამაკაცებიც იმავეს ამბობენ ხოლმე, როცა ცოლებს ღალატობენ – არ ვიცით, ეს როგორ მოხდაო. ახლა უკვე მესმის მათი. რთული გასაგებია, მაგრამ, მსგავსს რომ გამოცდი საკუთარ თავზე, ბევრ რამეს სხვანაირად დაინახავ და აღიქვამ. თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ვაღიარებ – სუსტი აღმოვჩნდი. დღეს ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ასეთ ყოვლისმომცველ, ყველაფრის შთანმთქმელ, არანორმალურ სიყვარულს ველოდი; გიჟურს, ისეთს, უკანმოუხედავად რომ ჩაგითრევს თავის მორევში.
– მაგრამ, არსებობს პასუხისმგებლობაც.
– გეთანხმებით, მაგრამ, როცა გრძნობა იმარჯვებს, პასუხისმგებლობას ადგილს აღარ უტოვებს. მეც აღარ დამიტოვა. ისე გადავეშვი ამ სიყვარულის მორევში, ერთი წუთითაც არ ვიფიქრე, რომ საყვარელი მამაკაცი სხვას ეკუთვნოდა და არც მე ვიყავი თავისუფალი.
– გათხოვილმა ქალმა დაქორწინებული მამაკაცი გაიჩინეთ საყვარლად?
– საშინლად ჟღერს, ხომ? თხუთმეტი წელი ვიყავი გათხოვილი და პატიოსანი ქალი. ამ დროის განმავლობაში ვინმეს რომ ეთქვა, შენ ორმაგი ცხოვრება გექნება, ქმარს უღალატებ და სხვის ოჯახს დაანგრევო, გადავირეოდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ რაღაც ეტაპზე, სხვა მამაკაცი, ფაქტობრივად, სრულიად უცხო, უმნიშვნელოვანესი გახდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
– ანუ, ახლაც ვერ აცნობიერებთ, ეს როგორ მოხდა?
– იცით, რაშია საქმე? როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სიყვარული, ადრე თუ გვიან, გონება მაინც განათდება და საღად აზროვნებას იწყებ. ინანიებ შენს ნაბიჯს თუ არა, რთული სათქმელია, მაგრამ, აუცილებლად გიჩნდება სურვილი, საკუთარ თავთან მაინც იყო მართალი. რაღაცას გეტყვით და, შეიძლება, გაგიკვირდეთ: დღეს რომ არჩევნის წინაშე დავდგე, ისევ არ ვიტყოდი უარს იმ შესანიშნავ გრძნობაზე, რომელიც მქონდა და მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობის განცდა სულ მქონდა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენს სიყვარულს მომავალი არ ექნებოდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჩვენს ასაკში სიყვარული ძალიან საშიში ყოფილა. იცი, რომ არ შეიძლება, ყველაფერს ხვდები, მაგრამ, შეგნებულად დგამ სახიფათო ნაბიჯს. ხელის ერთი მოსმით ანგრევ სტაბილურობასა და სიმშვიდეს. შლი ყველაფერს, რაც მანამდე გქონდა და ბედნიერებას განიჭებდა. მომხდარში მარტო მე არ ვარ დამნაშავე. ბრალდებას არ ვუყენებ, მაგრამ, ჩემს ქმარსაც მიუძღვის წვლილი იმაში, რომ მე გული სიყვარულისთვის გამეხსნა. მე უკვე „სტაჟიან“ საყვარლად ვითვლები. ჩვენი ურთიერთობა მაშინ არ დაწყებულა. საკმაოდ დიდი მსხვერპლი გავიღე სიყვარულისთვის. სამი წელია, ცოლიანი მამაკაცი მიყვარს.
– იმასაც უყვარხართ?
– კარგი შეკითხვაა. ანუ, ღირს თუ არა მსხვერპლად ის, ვისთვისაც ჩემი ცხოვრება სასწორზე დავდე... მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მამაკაცია.
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ სიყვარულის სიძლიერე საერთოდ არ არის დამოკიდებული კონკრეტულად იმ ადამიანზე, რომელიც გიყვარს. უკეთ გეტყვით – განსაკუთრებულობისთვის არ შემიყვარებია, საამისო არაფერი ჰქონდა. ვაიმე, ეს ვინ ვნახე და რა ვნახეო – ასეთი პიროვნება ნამდვილად არ არის. სიყვარული ბრმა არისო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. ორი წლის წინ ჩემს საყვარელზე ერთი სიტყვის თქმასაც ვერ შევძლებდი. ისეთი ძლიერი გრძნობა მქონდა, რომ არაადეკვატური ვიყავი. ბუნებრივია, ვერანაირად ვერ შევაფასებდი პარტნიორის სიყვარულის ხარისხს – გრძნობა არ მომცემდა ამის საშუალებას და არც მომცა. რომ ამბობენ, დრო მკურნალიაო, იქვე ისიც უნდა თქვან, რომ დრო მკვლელიც არის. ყველაფერს კლავს, რაც გუშინ მშვენიერი იყო. ასე დაემართა ჩემს სიყვარულსაც.
– ანუ, გაქრა სიყვარული?
– არა, არ გაქრა, სხვა ეტაპზე გადავიდა. ეს ასე მარტივად ასახსნელი არ არის. მახსოვს, როგორ გავიცანი – ის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში როგორც ახალი თანამშრომელი. საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. უბრალოდ, გავიცანი და მერე შესვენებაზე, სასადილოში თუ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები. იმ პერიოდში ჯერაც ქმრის ერთგული, წესიერი და მეოჯახე ქალი ვიყავი. ქმართანაც ნორმალურად მქონდა ყველაფერი. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით – სიხარულებით და პრობლემებით. მოკლედ, სამსახურში გამოჩნდა ჩვეულებრივი, ნორმალური მამაკაცი. ზომიერად სიმპათიური და თავაზიანი. რამდენიმე ქალბატონი თანამშრომელი ძალიან აქტიურად ეფლირტავებოდა და მე ვბრაზობდი, რას აკეთებთ, ხომ იცით, რომ ცოლი ჰყავს-მეთქი. იცინოდნენ, – კარგი რა, ვერთობით, სერიოზულად რაში გვჭირდებაო.
– იმის თქმა გინდათ, რომ ფლირტისგან შორს იყავით?
– ძალიან. ყოველთვის ვარიდებდი თავს სახიფათო თამაშებს და ფლირტი არის კიდეც სახიფათო თამაში. ნურავის ეგონება, რომ ფლირტი უწყინარი გასართობია. ისე შეტოპავ, ვერც კი მიხვდები, როგორ აღმოჩნდები სიყვარულის კლანჭებში. სახლში შვილი მყავდა, ქმარი და უამრავი საზრუნავი მქონდა. მინდოდა ზედმეტი პრობლემები?! მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ჯანსაღად და რეალურად ვაზროვნებდი, მაინც გავები მახეში. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი თანამშრომლის „დამსახურებით“. განა იმას ვაბრალებ, უბრალოდ, მინდა ზუსტად მოვყვე, რა მოხდა და როგორ. ეს ჩემი თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, მაგ ტიპს აშკარად შენ მოსწონხარ, ჩვენ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს, მიდი რა, ცოტა გავათამაშოთ. შენ ხომ არ მოგწონს, ცოლიანი კაცი რომ ამჩატდება ხოლმე, ჰოდა, გავერთოთო. ჯერ უარი ვთქვი, მერე ვიფიქრე: რატომაც არა? მის მიმართ არანაირი სიმპათია არ მაქვს, ცოტას მეც გავერთობი-მეთქი. მოკლედ, სკოლის მოსწავლე გოგონასავით ავმჩატდი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ყველა მამაკაცის „აგდება“ შეიძლება. დავწერეთ ბარათი და მაგიდაზე დავუდეთ.
– ეს სასიყვარულო წერილი იყო?
– დიახ. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სისულელე გავაკეთე. დავწერე, თქვენ მე მომხიბლეთ-მეთქი. მრცხვენია, ჩემს გრძნობას რომ გიმჟღავნებთ, მაგრამ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ-მეთქი.
– რას ელოდით ამ წერილის საპასუხოდ, საერთოდ არ გიფიქრიათ მოსალოდნელ შედეგებზე?
– ჩემი ჭკუით, ვითომ ვიფიქრე, მაგრამ, საბოლოოდ, სხვანაირად გამოვიდა. ვიცი, ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, მაგრამ, ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც მოხდა, მით უმეტეს, რომ ქვემოთ სახელი არ მიმიწერია. ანუ, იმან არ იცოდა, ვისგან იყო ეს ბარათი. წაიკითხა და დაიწყო, რაც დაიწყო... სამწუხაროდ, უკანდასახევი გზაც ჩაიკეტა. არ ვიცი, რანაირად მოხდა, რომ მეორე დღეს, შესვენებაზე პირდაპირ მე მომადგა და მითხრა: ჭკუიდან გადამიყვანე, პირველივე დღიდან შენით ვარ მოხიბლული და ღამითაც კი შენზე ვფიქრობო. არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, რა „ჩაირთო“, შეიძლება, ქალური პატივმოყვარეობა, ან, შეიძლება, ყველა ქალი მართლაც უჭკუო და ქარაფშუტაა... მოკლედ, იმის „აგდება“ მინდოდა და სინამდვილეში მე „ავვარდი“. სადმე წავიდეთო. არ გავყევი – ქმარი მყავს-მეთქი. ის ბარათი ერთი სიტყვითაც არ უხსენებია არც მაშინ და არც მერე. რამდენიმე კვირა აღარც გამომლაპარაკებია. მდუმარედ მივლიდა გარშემო. მერე ჩვენი თანამშრომლის დაბადების დღე იყო და ოფისში აღნიშნა. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ. ერთი-ორჯერ იმასთანაც ვიცეკვე და მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც გრძნობა გამიჩნდა. ეტყობა, ეს გარეშე თვალისთვისაც შესამჩნევი იყო, რადგან, მეგობარმა გამაფრთხილა – აღარ გინდა, თორემ, ეს უკვე საშიში ხდება, თამაში ცუდად არ დამთავრდესო. დავეთანხმე, თუმცა, უკვე გვიან იყო. საკუთარ თავსაც ვუთხარი, მგონი, დავიღუპე-მეთქი.
– ესე იგი, ხვდებოდით, რასაც აშავებდით?
– როგორ არ ვხვდებოდი... ვინმე ვერ ხვდება ამას?! რა სისულელეა, ყველა ყველაფერს ხვდება. მაგრამ, არის მომენტები, როცა საკუთარ თავს აღარ ებრძვი – ვეღარ ებრძვი და ნებდები. შეიძლება, უფრო ძლიერი უნდა აღმოვჩენილიყავი. გაბრძოლება-გაფართხალება იყო ჩემი უსუსური არგუმენტი, რომ ქმარი მყავს და ეს არ უნდა გავაკეთო-მეთქი. მაინც გავაკეთე. თვეები დასჭირდა ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას, მაგრამ, მაინც გაღრმავდა და მოსახდენიც მოხდა... მანამდე იყო გაცილებები სახლამდე, შეყვარებულებივით ხელიხელჩაკიდებული სეირნობა წვიმაში, ყვავილები და სასიყვარულო მიმოწერა – ეს უკვე ღალატი იყო ქმრისაც და ოჯახისაც. როცა თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ვხვდებოდი, რომ თავს ვკარგავდი. ისიც ამ დღეში იყო. არც მას ეადვილებოდა დანებება...
– თქვენ თქვით, რომ მისი ცოლიც მოგივარდათ და სკანდალი მოგიწყოთ.
– დიახ და ამის გამო სამსახური დავტოვე. საშინელი დღე მქონდა. გამლანძღა, თან ტიროდა. შინაგანად მე მას თანავუგრძნობდი. იმ წუთებში მძულდა საკუთარი თავი, მაგრამ ჯიუტად არ დავიხიე უკან. არ დავთმე და ვუთხარი, ჩემი სიყვარული ამ ყვალაფერზე მაღლა დგას-მეთქი. წარმოუდგენელი სითავხედე იყო ჩემი მხრიდან ეს სიტყვები...
– თქვენმა მეუღლემ როგორ მიიღო ეს ამბავი?
– ჩემმა მეუღლემ დღესაც არ იცის, რომ მოღალატე ცოლი ჰყავს. ყველა საინფორმაციო საშუალება „გადავკეტე“ და ისეთი რაღაცეები ჩავიდინე, რომ ინფორმაციამ არ გაჟონა. არ მკითხოთ, ეს როგორ მოვახერხე. მოკლედ გეტყვით – ჩემი ქმრის გულუბრყვილობითა და ნდობით ვისარგებლე და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ, უკვე ვეღარაფერს შევცვლი.
– კიდევ გაქვთ ურთიერთობა?
– პერიოდულად მაინც ვხვდებით ერთმანეთს, როცა მონატრებას ვერ ვჯობნით. იმან ცოლი დაარწმუნა, რომ ჩემთან ყველაფერი დაამთავრა და ასე ვთამაშობთ პატიოსანი მეუღლეების როლს, მაგრამ, სადამდე გაგრძელდება ეს, არ ვიცი...