ვისთან ჩხუბის გამო დარჩა სახეზე ნაიარევი პატარა ირაკლი ინწკირველს და როგორ მოხიბლა მან „იურმალის“ ჟიური
ეს უსაყვარლესი, ბუთქუჩა, კეთილი და მოფერებისთვის დაბადებული 11 წლის ბიჭი, ირაკლი ინწკირველი, საქართველოს სახელით მიემგზავრება იურმალაში საბავშვო „ახალ ტალღაზე.“ შიდა შესარჩევ კონკურსზე მან გულწრფელი აპლოდისმენტები დაიმსახურა ჟიურის წევრებისგანაც, მაყურებლისგანაც და რამდენიმე მონაწილეს შორის სწორედ ის შეირჩა. ირაკლი რუსეთში ცხოვრობს. მართალია, იქ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ, ინტერვიუ ქართულ ენაზე ჩავწერეთ, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი მისმა გურულმა აქცენტმა შესძინა. ირაკლიმ რუსულ-გურულად მიამბო, თუ როგორ ცხოვრობს პატარა ქალაქ კარალოვაში და როგორ ემზადება საბავშვო კონკურსისთვის.
ირაკლი ინწკირველი: მე ვარ ირაკლი ინწკირველი, 11 წლის. ამჟამად მოსკოვში ვცხოვრობ, დედასთან, მამასთან და ძმებთან ერთად. ძირითადად, პატარა ქალაქ კარალოვაში ვცხოვრობთ. მყავს ბევრი მეგობარი, ვერთობით, სხვადასხვა თამაშს ვთამაშობთ. ახლა მოსკოვში ვარ, სახლში მარტო ვრჩები, რადგან, მშობლები და ძმები სამსახურებში არიან.
– რატომ წავიდნენ მშობლები საქართველოდან?
– იმისთვის, რომ ჩვენი უზრუნველყოფა შეძლებოდათ, ნორმალურად გვეცხოვრა, სირთულეების გარეშე.
– ცელქი ბიჭი ხარ, მხიარული?
– კი, ორივე. თუმცა, სერიოზულიც ვარ ხოლმე. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვცელქობ, სხვანაირად როგორ იქნება.
– სახეზე ნაიარევი რატომ გაქვს?
– ბიჭებთან წავიჩხუბე ცოტა და იმიტომ. მაინც არის ქართველების მიმართ ცოტა აგრესიული დამოკიდებულება, მაგრამ, ყველა ასეთი არ არის. აუ, შენ ქართველი ხარ, წადი აქედანო, – არ გეუბნებიან. არიან ბიჭებიც და გოგოებიც, რომლებიც თბილად მიგიღებენ, თბილ სიტყვებს გეტყვიან. მაგრამ, ზოგი ისეთიც არის, რომ ქართველობის გამო ცუდად გექცევა და გეჩხუბება. ჰოდა, ერთხელ ამის გამო ვიჩხუბე და დამრჩა ნაიარევი.
– ქართულად ასე კარგად როგორ ლაპარაკობ?
– დედა და მამა სახლში მელაპარაკებიან და მასწავლიან ხოლმე, მაგრამ, წერა-კითხვა არ ვიცი. დიდად არც მინდა ვიცოდე, რადგან, არ მინდა საქართველოში ცხოვრება, მოსკოვში მინდა ვიყო. ძირითადად, კარალოვაში ვცხოვრობ, მაგრამ, მოსკოვში მირჩევნია.
– ვინ აღმოაჩინა, რომ კარგი ვოკალური მონაცემები გქონდა?
– ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა. პატარა ვიყავი, ექვსი წლის და ეს ამბავი ფრაგმენტებად მახსოვს. მამამ წამიყვანა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთ დარბაზში და ჩამწერა ცეკვის წრეზე. მამამ ჩემს მასწავლებელს, მაია ბალანჩივაძეს, უთხრა, იქნებ შეამოწმოთ, აქვს თუ არა სმენაო. მასწავლებელმა აიღო რაღაც ნოტები და მთხოვა, გაიმეორეო. რაც დამავალა, ყველაფერი გავაკეთე და უცებ მითხრა, არაჩვეულებრივი სმენა და ხმა გაქვს, უნდა იმღეროო. მოკლედ, ყველა ძალიან გახარებული იყო, რომ ხმა და სმენა აღმომაჩნდა და უცებ ვთქვი: „რეპი მინდა მე!“ (იცინის). გაგიჟდნენ. უკვე 10-11 წლის რომ გავხდი, ყველა დამცინოდა ამის გამო, სულ მახსენებდნენ, როგორ გამოვაცხადე, რეპის სიმღერა მინდა-მეთქი.
– ცეკვაზე სიარული განაგრძე?
– ცოტა ხნის წინ დავანებე თავი, რადგან, სამსაათიანი რეპეტიციების შემდეგ ყინვაში გარეთ რომ გამოვდიოდი, ძალიან ადვილად ვცივდებოდი და ეს არ შეიძლებოდა. სიმღერა თავიდანვე ძალიან სერიოზულად დავიწყე. სულ უფრო და უფრო შემიყვარდა სიმღერა. მამამ გადაწყვიტა, რომ „ვოისზე“ გამოეგზავნა „სილკები“. აქ ჯერ არ არის დაწყებული ეს პროექტი და, რომ დაიწყება, აუცილებლად გავალ. ქასთინგი გავიარე და „ბრმა ქასთინგზე“ არც ერთი მწვრთნელი არ მობრუნდა.
– რაღაც გაუგებრობა მოხდა, რამაც, ალბათ, საშინლად დაგწყვიტა გული.
– კი, მართლა ძალიან მეწყინა. იცით, არც ვფიქრობდი და არც ველოდი გავიმარჯვებდი თუ დავმარცხდებოდი, უბრალოდ, ძალიან მეწყინა, რომ პროექტიდან გამოვვარდი. ძაან-ძაან ნაწყენი ვიყავი. იმ პერიოდში გიგა კუხიანიძესთან დავდიოდი და მან მითხრა უფრო კარგი იქნება, „იურმალის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე თუ გახვალო. „ვოისზე“ ზურგით სხედან და მხოლოდ შენი ხმა ესმით. ძალიან მაგარი ხმა გაქვს, მაგრამ, ტიპაჟი ხარ უფრო მაგარი და, სადაც ამას ერთიანობაში ხედავენ, იქ გადიო. ხმასთან ერთად, ჟიურის სჭირდება ტიპაჟი, შოუ, რომელსაც სცენაზე შენ აუცილებლად დადგამო. ეს ტიპაჟი, ზრდილობა, თბილი კონტაქტი, ბავშვური თავმოყვარეობა – არც ერთ ბაღანაში, უფრო სწორად, ბავშვში არ დამინახავს და აუცილებლად მიიღე მონაწილეობაო.
– ანუ, დაგითანხმეს „იურმალის“ ქასთინგზე მონაწილეობის მისაღებად.
– მანამდე ორი თვე საქართველოში ვიყავი. „ვოისიდან“ გამოვვარდი თუ არა, იმ დღესვე მივედი გიგა კუხიანიძესთან, ეს მითხრა და გავედი „იურმალის“ შიდა შესარჩევზე. უცებ მოხდა ყველაფერი. გავედი, ვიმღერე და ამიყვანეს.
– ახლა რა ხდება, ვინ იქნება შენი პროდიუსერი, ვინ გამზადებს?
– ახლა რუსეთში ვემზადები, ჩემს მასწავლებელთან. აგვისტოში უნდა წავიდე იურმალაში, მანამდე კი, 21 აპრილს, მივიდე, რომ ჩემი რეპერტუარიდან სიმღერები აარჩიონ. იმის გამო, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ, ქართული სიმღერაც უნდა შევასრულო და ესეც ასარჩევია.
– გურული კილოთი საიდან ლაპარაკობ?
– დედაც და მამაც გურულები არიან და, როცა ზაფხულობით საქართველოში ჩამოვდივართ, ოზურგეთში მივდივარ, ჩვენს სოფელში, ვაკიჯვარში და ქართულს იქ ვსწავლობ. იქ გურული კილოთი ლაპარაკობენ.
– მოგწონს სოფელში ყოფნა?
– არა. არაფერი იქ არ არის, არანაირი გასართობი, მარტო ტყე და ტელევიზორი. თუკი რაიმე გასართობია, აიპედი ან რაღაც ეგეთი, ყველაფერი ჩამომაქვს რომ გავერთო. ზაფხულობით ჯერ დეიდაჩემთან ვარ ხოლმე ცოტა ხანს თბილისში და მერე – სოფელში.
– შეყვარებული გყავს?
– კი და ჩემი დიდი გულშემატკივარია.
– რა ჰქვია შენს შეყვარებულს?
– ეს „სეკრეტია“ (იცინის). მას ძალიან მოსწონს რომ ვღმერი და ამდენ პროექტში ვმონაწილეობ, მაგრამ, მას არ ვუმღერი ხოლმე. ისე, სულ ვახარებ და ჩუმად სიურპრიზებს ვუკეთებ. არ მინდა, ყველამ გაიგოს, რომ მიყვარს.
– მარტო ხშირად რჩები?
– საკმაოდ. მშობლები და ძმები რომ სამსახურში არიან, ყველაფერს მარტო ვაკეთებ: ვჭამ, გასართობად გავდივარ მეგობრებთან, ვმეცადინეობ. მოკლედ, ყველა მუშაობს, მე კი ვერთობი და ვმღერი. მამას სტუმრები რომ ჰყავს ხოლმე, მამღერებენ და ეს ძალიან მომწონს. იმედია, „იურმალაზე“ კარგად ვიმღერებ და ხალხს მოეწონება.