რა სურვილებს უსრულებდა ბადრი პატარკაციშვილი ლიზა მაღრაძეს და საიდან გამოიქცა ის
საბავშვო „ახალ ხმასთან“ ერთად, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ კულტურის ბლოკს, კვირაში სამჯერ დაემატა რუბრიკა, რომლის წამყვანი, თოთხმეტი წლის ენერგიული და მხიარული ლიზა მაღრაძე კონკურსის მონაწილეებს, მწვრთნელებს გვაცნობს და პროექტის კულისებში გვახედებს. ლიზა ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია. ცნობილ ბაბუას ის განსაკუთრებით თბილად იხსენებს და ამბობს, ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია, რომ ნამდვილი თოვლის ბაბუ და მისი ყველაზე დიდი გამანებივრებელი ცოცხალი აღარ არის.
ლიზა მაღრაძე: ბავშვობიდან მინდა ჟურნალისტობა, ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია. სულ პატარა ვიყავი, როდესაც „იმედის დილის“ გადაცემა, დილის ფოსტა მიმყავდა თათია გიორგობიანთან ერთად. მაშინაც ძალიან მომწონდა და ეს სიყვარული დღემდე გაგრძელდა. კამერასთან კონფლიქტი არასდროს მქონია, თუმცა, რომ გითხრათ, იმ პერიოდში დიდად აღვიქვამდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და ვხვდებოდი, იმ კამერის უკან მილიონობით ადამიანი რომ იყო, მოგატყუებთ. ეს ჩემთვის თამაში იყო და ვერთობოდი. ხანდახან ეთერში ისეთ რაღაცეებს ვამბობდი, რომ ცოტა უხერხულიც იყო.
– ყველა ბავშვის ოცნება: „ტელევიზორში ვჩანდე,“ შენთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო?
– კი, თითქოს სახლში ვიყავი. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მხოლოდ იმიტომ მიხაროდა ეს ყველაფერი, რომ თათიაც იქ იყო და ვფიქრობდი, რა მაგარია თათიასთან ერთად ტელევიზორში ვარ-მეთქი. ახლა მივხვდი, რა ჯადოსნურ სამყაროსთან მქონია საქმე. ამ ერთი კამერის დახმარებით რამდენ ხალხთან გაქვს ურთიერთობა – მათ აზრი უყალიბდებათ შენზე. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის მინდოდა ტელევიზია, მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. ამ დროს დაიწყო საბავშვო „ვოისი“, ძალიან საინტერესო პროექტი და მითხრეს, რომ „ქრონიკის“ კულტურის ბლოკში „ვოისთან“ დაკავშირებული რუბრიკა უნდა წამეყვანა. ძალიან გამიხარდა.
– შენ მღეროდი კიდეც არა?
– კი და ახლაც ვმღერი. თათია გიორგობიანთან ერთად სიმღერა რომ ჩავწერე, ოთხი წლის ვიყავი და იმ სიმღერაზე გადაღებული კლიპი ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება საერთოდ არ მინდოდა, ვერც ვხვდებოდი, ეს რა იყო. მარტო იმას ვგრძნობდი, რომ ვიღლებოდი და მაწვალებდნენ (იცინის). მერე ვიწყებდი წუწუნს, ტირილს და ვიყავი ერთ ამბავში. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ჩაწერები, არ მინდოდა. მახსოვს, რაღაცეებს მჩუქნიდნენ, რომ არ მეტირა და ჩაწერა გამეგრძელებინა. სხვათა შორის, ნატვრისთვალი მაჩუქეს, რომელსაც, ძირითადად, უფრო მეტ ნატვრის თვალს ვთხოვდი. კიდევ ერთი ხუთი ნატვრისთვალი მინდოდა (იცინის). ამის შემდეგ, ერთი პერიოდი, საერთოდ აღარ ვმღეროდი, მაგრამ რამდენიმე წელია, ისევ დავიწყე. მაგრამ ვმღერი მოყვარულის დონეზე, არ ვსწავლობ.
– რას უსმენ, ზოგადად?
– კონკრეტულად საყვარელი ჟანრი არ მაქვს, ყველაფერს, რაც მომწონს და რისი განწყობაც მაქვს. ვმღერი იმას, რაც მომწონს. ბოლო ერთი წელია, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ვიმღერო. სხვათა შორის, „ბასტი-ბუბუს“ კონცერტზე გამოვედით მე და ჩემი მეგობრები – მე, ლიზა ყენია და მარიამ ბოკერია. ცოტა ხნის წინ, მე და სალომე ქათამაძემ რუსა მორჩილაძის სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც „იმედის“ ათი წლის იუბილეზე ვიმღერეთ. ჯერჯერობით „ვოისზე“ ვარ გადართული, მაგრამ მინდა, სიმღერაზეც ვიფიქრო.
– არ გაქვს სურვილი, „ვოისში“ ან რაიმე მსგავს პროექტში მიიღო მონაწილეობა?
– კონკურსებში მონაწილეობას ვერასდროს მივიღებ, შეიძლება ნერვიულობისგან მოვკვდე. ის კი არა, ეთერში რომ ვარ, მაგაზეც საშინლად ვნერვიულობ. ვერც წარმომიდგენია ასეთ კონკურსზე როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეგ კი არა, „ახალი ხმის“ ბავშვებზეც ისე ვნერვიულობ, თითქოს მე უნდა გავიდე სცენაზე, ვიტანჯები.
– გულშემატკივრობ ვინმეს?
– ნინი ნუცუბიძეს, ჩემი მეგობარია.
– რა პროფესიას აირჩევ, ამაზე გიფიქრია?
– სამსახიობოზე მინდა ჩაბარება. ვისწავლი თეატრალურში და პარალელურად, ჟურნალისტიკაზეც.
– პრინციპში, წამყვანების დიდი უმრავლესობა მსახიობია. არ იქნება ეს პრობლემა.
– მეც ასე მგონია.
– შენი ოჯახი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. როგორ გაიხსენებ ბაბუას?
– სულ ასეც არ იყო. ყოველთვის ყურადღების ცენტრში არ ვიყავი იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი ვარ. თავადაც ვირიდებდი ამ ყველაფერს და არ მომწონდა ზედმეტი ყურადღება. ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდი და არ მომწონდა, ჩემი ოჯახის გამო, ვინმე რაიმეს თუ გამიკეთებდა. ყველანაირად ვირიდებ პრივილეგიებს, არ მომწონს ეს.
– ბაბუას როგორ გაიხსენებ?
– ჩემთვის ის არასდროს ყოფილა ბიზნესმენი, პოლიტიკოსი. ის იყო ძალიან საყვარელი, ულვაშებიანი ბაბუა. არც ვიცოდი, რომ ბიზნესმენი იყო. ოჯახში ბადრი განსაკუთრებულად მიყვარდა, თოვლის ბაბუა იყო და იმიტომ. ყველა სურვილს მისრულებდა.
– ბევრი ისტორია გექნება მის თოვლის ბაბუობასთან დაკავშირებით.
– კი, უამრავი. აღდგომა იყო, მთელი ოჯახი შეკრებილი ვიყავით, ლოცვებს ვკითხულობდით ებრაულად. მოკლედ, სააღდგომო ტრადიციებს ვასრულებდით. ნანა – ბადრის და მეორე სართულზე ცხოვრობს, დიდი ბებია კი – მესამე სართულზე. პიანინოზე მომინდა დამეკრა. ავიტეხე, რომ ძალიან მინდა პიანინო, აუ, პიანინო! ბადრიმ მთხოვა, ცოტა ხანს გაჩუმდი, გეხვეწებიო. აიღო ტელეფონი, დაცვას დაურეკა და უცებ შემოაქვთ რაღაც დიდი ყუთი. ყუთი გახსნეს და გამიშალეს პიანინიო. დავჯექი და დავუკარი. სულ ასეთ რაღაცეებს მიკეთებდა.
– ალბათ, ძალიან მძიმე იყო შენთვის მისი გარდაცვალება.
– საშინელება. ვერც მივხვდი მაშინ, რა მოხდა, მერე და მერე უფრო გავაცნობიერე. სიმართლე გითხრათ, ახლაც მიჭირს იმის აღქმა, რომ ის აღარ არის.
– მომიყევი თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– ვმღერი ან ფოტოებს ვიღებ. მომწონს ფოტოგრაფია. ან მეგობრებთან ერთად ვარ. ვგიჟდები მეგობრებთან ერთად ყოფნაზე. რუსთაველის „ანტრე“ გვაქვს ამოჩემებული და სულ იქ დავდივართ ამ ბოლო დროს. სკოლაში და ერთმანეთთან სახლებში დავდივართ და ასე ვერთობით.
– ამერიკული აკადემიიდან რატომ გამოიქეცი?
– სიმკაცრის ან იმის გამო, რომ რთული იყო და ვერ ვსწავლობდი, არა. ჩვეულებრივად ვსწავლობდი. უბრალოდ, ვერ შევეგუე იქაურ სიტუაციას, მენატრებოდა ჩემი მეგობრები. სულ სხვა სისტემა იყო. პირველი, მეორე გაკვეთილის მაგივრად „ეი ბლოკი,“ „ბი ბლოკია.“ ერთსაათიანი ლანჩები. მოკლედ, სულ სხვა სისტემაა, სხვა ბავშვები და ვერ გავძელი. ამიტომაც დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ პირველ სკოლას, სადაც პირველი დღიდან დავდივარ.