კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემმა ქმარმა ჩემში პიროვნება ჩაკლა

ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას და ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ქმრებისგან დაჩაგრული ქალები წერენ თავიანთი სატკივრის შესახებ. სწორედ ამ წერილებმა გადამაწყვეტინა, მეც მომეწერა თქვენთვის, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ – უგულო, უხეში, ორსახოვანი ქმრის მსხვერპლი. მსხვერპლი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ქმარმა ჩაკლა ჩემში ყველაფერი ლამაზი და ამაღლებული; ჩაახშო ყველა ჩემი ოცნება; საშუალება არ მომცა, გამომეყენებინა ჩემი ნიჭი და უნარი, ერთი სიტყვით, მომეხდინა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება, ანუ, მეპოვა ჩემი ადგილი ცხოვრებაში. ალბათ, იტყვით, ქალის მთავარი ფუნქცია და ადგილი შვილების აღზრდა და ოჯახის მოვლააო. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალიც ადამიანია და ოჯახური რუტინის გარდა, მასაც შეიძლება ჰქონდეს ოცნებები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მკითხველი, ცხადია, იმასაც იფიქრებს, თუ ასეთი საშინელი ქმარი გყავს, რატომ არ გაშორდიო. სამწუხაროდ, არც ისეთი ადვილი ყოფილა ამ ნაბიჯის გადადგმა, მით უფრო, თუ „რას იტყვის ხალხის“ პრინციპით ხარ აღზრდილი. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც მქონდა (და მაქვს), რომ ქმარს არ გავშორდებოდი. რომელთაგან ზოგიერთი მის სასარგებლოდ მეტყველებს. პირველი და მთავარი მიზეზი ის არის, რომ კარგი მამაა და ჩემი ტყუპი გოგონები ვერ გავწირე იმისთვის, უმამოდ გაზრდილიყვნენ. მეორე მიზეზი ისაა, რომ ცხოვრებაში არსად მიმუშავია (ქმარმა არ მომცა უფლება), ის კი არა, ცოლად რომ შემირთო, უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვიყავი და სწავლაზე თავი დამანებებინა – განა რა სამსახური უნდა იშოვო, რომ შენს ხელფასს ოჯახისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდეს; ოჯახის რჩენა კაცის საქმეა, მე ჩემს ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებ, ჩემს შვილებს კი დედა უნდა ზრდიდეს და არა ვიღაც გამოტვინებული ძიძაო. მაშინ ძალიან მომწონდა მისი ასეთი პოზიცია და წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე ვასრულებდი მის ყველა სურვილს; მესამე მიზეზი ისაა, რომ გავშორდე, წასასვლელი არსად მაქვს. ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათი ბინა ჩემმა ძმამ გაყიდა და თვითონ უცხოეთში გადაბარგდა. კიდევ არის სხვა მიზეზები, მაგრამ, რაც ჩამოვთვალე, ალბათ, ისიც საკმარისია.

ყველაზე მეტად ჩემი ქმრის  საქციელში ის მაგიჟებს, რომ საერთოდ არ მთვლის პიროვნებად. მისთვის ვარ ცოცხალი რობოტი, რომელსაც მხოლოდ მოვალეობები და ვალდებულებები აკისრია, ინტერესები და სურვილები კი არ გააჩნია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შვილებთან მამცირებს ხშირად, თან ისე, რომ ვერც კი მოედავები, ანუ, ბრალსაც ვერ წაუყენებ, ისე „დახვეწილად“ აკეთებს ამას; მაგალითად, ვითომ ხუმრობით აქილიკებს ჩემს ყოველ სიტყვას, აზრს, საქციელს და, საერთოდაც ცინიკურია ჩემ მიმართ. შეუძლია, გამაშაყიროს ჩაცმაზე, ლიტერატურულ ან მუსიკალურ გემოვნებაზე, მერე კი გოგოებს გახედავს, თვალს ჩაუკრავს და ვითომ ხუმრობით იტყვის: დედათქვენის დონე ვერაფრით ვერ ავწიე, ვერ იფერებს კარგ ცხოვრებასო. ამ ყველაფრის შედეგს კი უკვე ვხედავ: ჩემს შვილებს არაფერი სჯერათ ჩემი; ყველაფერზე მეუბნებიან, შენ აზრზე არა ხარო; ანგარიშს არ უწევენ ჩემს აზრს, რაც ძალიან მწყინს და მაღელვებს, რადგან, ვგრძნობ, რომ ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანს ისევ და ისევ ჩემს შვილებს.

იმ ყველაფრის გარდა, რაც ჩამოგითვალეთ, ჩემს ქმარს აქვს კიდევ ერთი საშინელი თვისება – ორსახოვნება, რაც შემდეგში გამოიხატება: სახლში, როგორც უკვე გითხარით, არაფრად მაგდებს, მაგრამ, თუ სადმე ერთად წავედით, მაგალითად, სტუმრად მის მეგობართან ან თანამშრომელთან (ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა აუცილებელია, საზოგადოებაში ცოლთან ერთად გამოჩნდეს), წინა დღეს მომიტანს ახალ და ძალიან მოდურ ტანსაცმელს, მაიძულებს, გამოვეწყო საგამოფენო თოჯინასავით და მერე ხალხში ისე მექცევა, როგორც დედოფალს, რომლის სიტყვა და სურვილი მისთვის კანონია. ამიტომ, ყველას ჰგონია, იდეალური ქმარი მყავს, ჩემზე ყურებამდე შეყვარებული, რომელიც უსაზღვროდ მანებივრებს. მეც, სხვა რა გზა მაქვს, ვთამაშობ ხოლმე გათამამებული ცოლის როლს. მაგრამ, დავბრუნდებით თუ არა სახლში, მე ისევ შინამოსამსახურე რობოტად ვიქცევი, ის კი – ცინიკოსად.

მოკლედ, ასეთი „ბედნიერი“ ცხოვრება მაქვს და, რაც მთავარია, ვიცი, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება. ხშირად ვფიქრობ, რატომ შემირთო ცოლად, რაში ვჭირდებოდი-მეთქი, მაგრამ, პასუხი დღემდე არ მაქვს. ყველაზე მეტად კი შვილებზე ვნერვიულობ – არ მინდა, მამასავით ცინიკოსები გაიზარდონ.

მაგდა, 39 წლის.

 

საკუთარ თავზე ვბრაზდები

ძვირფასო „თბილისელებო!“

მოკლედ გიამბობთ ჩემი სატკივრის შესახებ:

ვსწავლობ თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სკოლის მეცხრე კლასში. ვუყვარვარ თანაკლასელ ბიჭს – გიოს, რომელიც  დიდად პოპულარული არც გოგოებშია და არც ბიჭებში, რადგან, ძალიან ზრდილობიანი და წერსიერია. თანაც, ყველაზე კარგად სწავლობს. „ავარდნილი“ ბიჭები ზურგსუკან ხან „დედიკოს ბიჭს“ ეძახიან, ხან „შკოლნიკს“, ხან – ფრიადოსანს (დაცინვით), მაგრამ, ამ ყველაფრის პირში თქმას ვერ უბედავენ, რადგან, ისეთი ღონიერია, ყველას ერთად მოერევა. ზუსტად ვიცი, თითოეულ მათგანს მაგრად შურს მისი, დაცინვით ცდილობენ, დაამცირონ, რადგან ის მათნაირი არ არის და ასე იმკვიდრებენ გოგოებში „მაგარი ტიპების“ სახელს. ანუ, ამით ფარავენ თავიანთ შურს და რაღაც დონეზე გამოსდით კიდეც, რადგან, თითქმის მთელმა კლასმა გაინაპირა გიო, მხოლოდ მაშინ კადრულობენ მასთან ურთიერთობას, როცა რამეში სჭირდებათ (მაგალითად, საკონტროლო წერის დროს გადაწერა რომ უნდათ ხოლმე). გიო ყველაფერს ხვდება, მაგრამ, დახმარებაზე უარს მაინც არავის ეუბნება.

მე ძალიან მომწონს გიო, თითქმის მიყვარს კიდეც, მაგრამ, მეშინია, კლასმა მეც არ გამრიყოს და ამიტომ ახლოს არ ვიკარებ. მერე კი სინდისი მქენჯნის. ძალიან ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ მეც მათნაირი გავხდი და, თანაც, ისეთი მხდალი აღმოვჩნდი, სხვის დასანახავად გიოსთან ჩვეულებრივ დალაპარაკებასაც კი თავს ვარიდებ. გიო ამასაც ხვდება, მაგრამ, არაფერს მეუბნება და მაინც მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, ვარ კი ასეთი ბიჭის სიყვარულის ღირსი?!

მაკა, 15 წლის.

скачать dle 11.3