რომელი დიეტის დაცვით დაიკლო მარგარეტ ტეტჩერმა 10 კილოგრამი და რომელი არაპოპულარული ნაბიჯის გამო აითვალწუნეს ის სამშობლოში
87 წლის ასაკში გარდაიცვალა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერი – ადამიანი, რომელმაც მეოცე საუკუნის დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიო პოლიტიკის ლექსიკონში დააფუძნა მეტსახელი „რკინის ლედი” და საბოლოოდ დააკანონა ძლიერი ქალის არსებობა პოლიტიკურ „თამაშებში.” მარგარეტ ტეტჩერის სახელს არაერთი ცნობილი ისტორია უკავშირდება.
* პროვინციული გრანტჰემის მკვიდრი, დახლიდარის ქალიშვილი, მარგარეტ ჰილდა რობერტსი, მოგვიანებით მთავრობის მეთაური და ბარონესა „სელფ-მეიდ-ვუმენი” გახდა, ანუ, მან თავად შექმნა საკუთარი თავი. მარგარეტის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მამამ, ყოფილმა დახლიდარმა, შემდგომში ლინკოლნშირის მუნიციპალური საბჭოს წევრმა და გრანტჰემის ყოფილმა მერმა. სწორედ მან ჩაუნერგა ქალიშვილს მიდრეკილება პოლიტიკისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობისკენ. პირველად ლონდონში მარგარეტი 12 წლის ასაკში, სკოლის ექსკურსიის წყალობით მოხვდა. დედაქალაქის ნახვის შემდეგ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პოლიტიკოსი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არაპოლიტიკური განათლება მიიღო – მან ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა.
* 1951 წლის თებერვალში მარგარეტ ჰილდა რობერტსმა ერთ-ერთ სადილზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ცოლს გაშორებული ბიზნესმენი, დენის ტეტჩერი გაიცნო. დენისმა რკინიგზის სადგურამდე მიაცილა მარგარეტი და იმ დღეს დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია. მარგარეტ ტეტჩერი წერდა: „იყო პრემიერ-მინისტრი, იგივეა, მარტოობაში გაატარო მთელი ცხოვრება. ეს მართალიც არის – ბრბოს ნაწილი ვერასდროს მართავს სახელმწიფოს, თუმცა, დენისთან ერთად არასდროს მიგრძნია მარტოობა, დენისი იდეალური მეუღლე და მეგობარია”. დენის ტეტჩერი 2003 წელს 88 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
* 1953 წელს მარგარეტ ტეტჩერს, დადგენილ ვადამდე 6 თვით ადრე ტყუპები – კეროლი და მარკი გაუჩნდა. კეროლ ტეტჩერი ცნობილია როგორც ჟურნალისტი და მშობლების ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნების ავტორი. მარკ ტეტჩერს გაცილებით სკანდალური ცხოვრება აქვს. 2004 წელს, ეკვატორიულ გვინეაში გადატრიალების მოწყობის გამო, ის სამხრეთ აფრიკაში დააპატიმრეს. 2005 წელს სასამართლო სხდომაზე მარკმა აღიარა, რომ ფული ჰქონდა გადახდილი დაქირავებული მებრძოლებისთვის, რათა მათ პუტჩი მოეწყოთ. კეიპტაუნის სასამართლომ მარკ ტეტჩერს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრა და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გადავადების უფლებით.
* მარგარეტ ტეტჩერის არქივში აღმოაჩინეს საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი დიეტის ტექსტი, რომელზეც ტეტჩერის ხელით იყო მიწერილი, რომ ამ დიეტის დაცვა 2 კვირაზე მეტხანს არ შეიძლებოდა. 1979 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 14 დღით ადრე, მარგარეტმა დიეტის დაცვა გადაწყვიტა და არჩევნების დღეს დაახლოებით ათი კილოგრამით დაკლებული შეხვდა. კონსერვატიული პარტიის ლიდერის „საარჩევნო დიეტა” მოხარშული კვერცხისა და გრეიფრუტისგან შედგებოდა, პლუს ყავის ან ჩაის მიღებაც იყო დაშვებული. დიეტის დროს ტეტჩერი მაინც ეტანებოდა აკრძალულ კერძებს და ვახშამზე სტეიკს ან ხაჭოს მიირთმევდა.
* არჩევნების პერიოდში ბრიტანული ტელევიზიით ტრიალებდა საარჩევნო რგოლი, სადაც ტეტჩერი აცხობდა ღვეზელებს და რეცხავდა ჭურჭელს. სინამდვილეში, სახლის საქმეებისთვის ტეტჩერს თითქმის არ ჰქონდა დრო; ერთადერთი, რასაც ის ასწრებდა, დილით საუზმის გაკეთება იყო. დაუნინგ-სტრიტზე გადასვლის შემდეგ, ტეტჩერი და მისი მეუღლე ძალიან უბრალოდ ცხოვრობდნენ და, ყოფილა შემთხვევა, რომ თავისუფალ დროს პრემიერ-მინისტრს სადილი მოუმზადებია.
* „რკინის ლედის” გემოვნებით უყვარდა ჩაცმა. გასულ წელს ერთ-ერთ აუქციონზე ტეტჩერის პირადი ნივთები გაიყიდა, საერთო ჯამში, 115 ათას დოლარად, მათ შორის 40 ათას დოლარად გაიყიდა საქმიანი კოსტიუმი, რომლითაც ტეტჩერი 1979 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. საინტერესო ფაქტია, რომ 2007 წელს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან შეხვედრაზე, მარგარეტ ტეტჩერს კონსერვატიული პარტიის წევრისთვის უცხო ფერის სამოსი ეცვა: ღია ცისფერი კოსტუმის ნაცვლად – ვარდისფერი, რითაც ტეტჩერმა პატივისცემა გამოხატა ლეიბორისტული პარტიის მიმართ.
* 1982 წლის გაზაფხულზე მარგარეტ ტეტჩერმა მყისიერი რეაქცია მოახდინა არგენტინული შენაერთების გადმოსხმაზე ფოლკლენდის კუნძულებზე და საკამათო არქიპელაგისკენ სამხედრო-საზღვაო ესკადრა გაუშვა. 14 ივნისს არგენტინამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო მარგარეტ ტეტჩერის ავტორიტეტმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში უფრო ნაკლებად პოპულარული იყო, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში – მას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე სამშობლოში ჰყავდა და, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე არასასურველი პრემიერი იყო ბრიტანელებისთვის.
* „რკინის ლედი” მარგარეტ ტეტჩერს რამდენიმე არაპოპულარული ნაბიჯის გამო უწოდეს: მან გაატარა ხისტი პოლიტიკა ეკონომიკაში, დახურა ნაციონალური მაღაროები, შეამცირა სოციალური ხარჯები, არ აღიარა ჩრდილოირლანდიელები პოლიტპატიმრებად. სწორედ ყოფილმა მაღაროელებმა გამოხატეს ყველაზე დიდი სიხარული, როდესაც ტეტჩერის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს.
* ცნობილია, რომ მარგარეტ ტეტჩერს დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა, იგი „უძინარი პოლიტიკური ელიტის” წევრი გახლდათ, რომელშიც შედიან: ნაპოლეონ ბონაპარტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.
* პოლიტიკაში ჩართვამდე მარგარეტ ტეტჩერი ქიმიკოს-მკვლევრად მუშაობდა ბრიტანულ კომპანია „ლაიონს ენდ კომპანიში”, სადაც ნაყინის შენახვის მეთოდებზე მუშაობდა.
* „რკინის ლედის” გარდა, მარგარეტ ტეტჩერს რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა: „რძის ქურდი” (სახელმწიფო ხარჯების შეზღუდვის ფარგლებში ტეტჩერმა გასცა განკარგულება, რომ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აღარ გაეცათ მათთვის განკუთვნილი ერთი ჭიქა რძე სკოლის სასადილოში), „ატილას ქათამი”, „სპილო”, „ქალი კალიგულას თვალებითა და მერლინ მონროს ტუჩებით” (ასე მოიხსენიებდა მარგარეტ ტეტჩერს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი).
* მეფე გეორგ მეოთხე არ გახლავთ ერთადერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ლოგოპედთან მეცადინეობდა. მარგარეტ ტეტჩერიც დიდ დროს უთმობდა ლოგოპედთან მუშაობას. ნაციონალური თეატრის მასწავლებელთან გავლილი კურსის შემდეგ ტეტჩერის ხმის ტემბრი 46 ჰერცამდე დაეცა.
მეტსახელი „რკინის ლედი” – პირველად საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გაზეთმა – „კრასნაია ზვეზდამ” გამოიყენა, როდესაც ბრიტანელი პრემიერის კრიტიკას „რკინის დამას” ბოდვა უწოდა. ეს სახელი ბრიტანულმა „სანდი თაიმსმა” აიტაცა და ინგლისურად თარგმნა – „რკინის ლედი”.
* 2007 წლის თებერვალში მარგარეტ ტეტჩერს ლონდონში ქანდაკება დაუდგეს უინსტონ ჩერჩილის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს. ტეტჩერი პირველი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელსაც სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლი. ძეგლის გახსნის ცერემონიალზე „რკინის ლედიმ” აღნიშნა: „ვისურვებდი, რომ ქანდაკება რკინისგან ყოფილიყო დამზადებული, თუმცა, ბრინჯაოსაც არა უშავს, რადგან ის არ იჟანგება”.
* სკოლაში სწავლის პერიოდში მარგარეტ ტეტჩერი სპორტით იყო გატაცებული და ბალახის ჰოკეის, ცურვისა და სპორტული სიარულის სექციებზე დადიოდა.
* მარგარეტ ტეტჩერი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა და, ასევე, პირველი ქალი, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნა.