კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაირღვა 2008 წლის აგვისტოში საერთაშორისო ტრადიცია, რატომ გამოიქცნენ მეთაურები და რატომ არ გამოიქცა ჯარი ბრძოლის ველიდან

შეიძლება, ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს ტაბუ აეხსნა, თუმცა ჯერჯერობით მაინც არავინ ჩქარობს დამარცხების მიზეზების შესწავლას (აქვე გაგახსენებთ, რომ არც 1992-1993 წლების დამარცხების სამხედრო მიზეზები გამოკვლეულა). ბუნებრივია, ერთ მასალაში ვერ მოვახერხებთ ომის წაგების მოტივების დადგენას, თუმცა, პირადად მე, მიუხედავად  არცთუ ჭარმაგი ასაკისა, ორჯერ ვუყურე ბრძოლის ველიდან საკუთარი ჯარის გამოქცევას. მესამედაც რომ არ გავხდე მსგავსის მოწმე, ვფიქრობ, უპრიანია, გავარკვიოთ, რატომ ვმარცხდებით. ამას ამჯერად სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად შევეცდებით.

– აგვისტოს ომში იყო ერთი უჩვეულო დეტალი: როგორც წესი, ბრძოლის ველიდან გარბის ჯარი და რჩებიან მეთაურები, ჩვენთან პირიქით მოხდა: როგორც წესი, გაიქცნენ მეთაურები და ჯარი დარჩა, უბრალოდ დაიქსაქსა. ყველაფერში ორიგინალურები ვართ თუ რა მოგვივიდა?

– გამოძიება საკმარისი არ არის, გამოძიებამ შესაძლოა, გამოავლინოს დამნაშავეები, მაგრამ მიზეზებს კვლევა სჭირდება. თავდაცვის მინისტრთან რამდენჯერმე დავსვი ეს საკითხი, მაგრამ ის ამისადმი ჯეროვან ყურადღებას არ იჩენს. არადა, უნდა გამოინახოს ფინანსური სახსრები, რომლითაც კერძო კვლევები დაფინანსდება. რა თქმა უნდა, ზოგი კვლევა მაღალხარისხიანი იქნება, ზოგი –  ნაკლებად, მაგრამ, თუ არ დავძარით ეს საქმე, შედეგს ვერ მივიღებთ. თქვენ დასვით საკითხი, რომ  მეთაურები გამოიქცნენ, მაგრამ თქვენ ეს არ იცით დანამდვილებით, ამბები მოგივიდათ. მე მქონია შეხვედრები მეთაურებთან, ჯარისკაცებთან.

– უარესად იყო საქმე, ყველა გამოიქცა?!

– გიდასტურებთ, რომ პრობლემები იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ხელი მოვაწერო ექსპერტულ დასკვნას, მჭირდება ოფიციალური ინფორმაცია და შემდეგ უკვე შევძლებ, ზუსტად ვუპასუხო ყველა შეკითხვას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსჯელობა არ უნდა დავიწყოთ იმ ფაქტებით, რაც გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჟურნალისტების როლი ძალიან დიდია, მათ უნდა დასვან ეს შეკითხვები, რომ შესაბამისი პირები იძულებულნი გახდნენ, პასუხი გასცენ და, თუ მათი პასუხი არ დაემთხვევა სინამდვილეს, იძულებულნი გახდებიან, რომ უფრო ზუსტი პასუხები მოძებნონ.

– რა ფაქტები გვაქვს კვლევებამდე, რითაც შეგვიძლია მსჯელობის დაწყება?

– ჩვენ გვქონდა მთავარი პრობლემა –  არ იმუშავა სამხედრო მანქანამ, არადა, იყო უამრავი ოფიცერი და ჯარისკაცი, რომლებსაც სურდათ სისხლის ბოლო წვეთამდე ომი და ბევრმა იომა კიდეც, მაგრამ სამხედრო მანქანამ არ იმუშავა. ყველაზე ნათლად ჩანს ევაკუაციის პრობლემა. შეიძლება, სახელმწიფოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება ან არ მიიღო და ეს სხვა თემაა, მაგრამ ქვედანაყოფებისა და შენაერთების მეთაურებს არ ჰქონდათ ბრძანება, დაეყარათ იარაღი და გამოქცეულიყვნენ. მათ თავიანთი წესიერებიდან და იმ თეორიული ცოდნიდან გამომდინარე, რაც სამხედრო სასწავლებლებში მიიღეს, უნდა სცოდნოდათ, რომ, როდესაც უკან დახევა დაიწყეს და ზემდგომის ბრძანება არ ჰქონდათ, თვითონ უნდა შეექმნათ ეს ბრძანება, რომ ლეგიტიმური ყოფილიყო მათი უკან დახევა. უკვე დანაშაულია, თუ უკან დახევას იწყებ ბრძანების გარეშე. ამის შემდეგ, ამ უკან დახევის ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი უნდა ყოფილიყო ვითარების შეფასება. ნათლად ჩანდა, რომ შენ მიერ დატოვებულ ტერიტორიას დაიკავებდა მოწინაღმდეგე. თან, იცოდი, ვინ იყო მოწინააღმდეგე: ერთი მხრივ, რუსეთის რეგულარული ქვედანაყოფები და, მეორე მხრივ, მათ უკან მოქმედი სეპარატისტული ბანდფორმირებები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულებები, დაიცვან ომის კანონმდებლობა.

– ესე იგი, თუ რეგულალურ ჯარს, ადრე თუ გვიან, მოსთხოვ პასუხს, თუ სამხედრო დანაშაულებს ჩაიდენს, ბანდფორმირებას არ აკავებს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

– დიახ. როდესაც ვითარებას შეაფასებ მეთაური და პატიოსანი ადამიანი ხარ, შენს ერთ-ერთ ამოცანას წაროადგენს უკან დახევისას უზრუნველყო მშვიდობიანი მოსახლეობის ინფორმირება და მათი გამოყვანა შენი მოქმედების არეალიდან.

– მარტივად რომ ვთქვა, უკან თუ იხევ, მშვიდობიანი მოსახლეობაც უნდა წამოიყოლო.

– რა თქმა უნდა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, ხოლო, თუ მათთან არ გაქვს კავშირი, სამოქალაქო პირებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, გაუკეთო მათ ორგანიზება და შენ უკან დახიო ფეხით, შენი სატრანპორტო საშუალებები კი გამოიყენო მოსახლეობის ორგანიზებულად გამოსაყვანად. ეს არ გარკვეული მომხდარა, რაც უკვე ნიშნავს, რომ ქართულმა სამხედრო მანქანამ არ იმუშავა. მეტიც, არ არის გარკვეული, რა არის მისი დანიშნულება. ჩვენი სამხედრო ძალების ამოცანა არ არის მოსკოვის თავზე დროშის აღმართვა, უნდა იცოდე, რომ შენი მთავარი ამოცანაა, შენს სამოქმედო არეალში, ერთი მხრივ, ყველა შენს ხელთ არსებული რესურსით მოწინააღმდეგეს გაუწიო წინააღმდეგობა და, მეორე მხრივ, უზრუნველყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. თუ ეს არ სრულდება, ესე იგი, შენი ამოცანები არ იცი. მეორე პრობლემური საკითხი იყო დაჭრილებისა და დაღუპულების გამოყვანა.

– როგორც სამხედრო ექსპერტებმა მითხრეს, ასეთ მცირე, თან, საკუთარ ტერიტორიაზე ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი, რომელთა ამოსაცნობადაც გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება გახდა აუცილებელი, ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ცოცხალი, ანუ დაჭრილი მიატოვეს ბრძოლის ველზე. არ ასწავლიან ამას ჩვენს სამხედროებს თუ რა მოხდა?

– ერთი მხრივ, აქ იმუშავა ფსიქოლოგიურმა მოუმზადებლობამ. დამარცხება არ ნიშნავს, რომ უნდა გამოიქცე. თუ ფსიქოლოგიურად მდგრადი ქვედანაყოფია, დამარცხება შეიძლება, მიიღოს, როგორც ახალი რეალობისთვის ახალი გეგმის შექმნის საფუძველი. დამარცხებული ბრძოლა არის ერთი ეტაპი, რომლის შემდეგაც ახალ ეტაპზე გადადიხარ. აქ, გარდა ქვედანაყოფების ფსიქოლოგიური მდგრადობის პრობლემისა, გვქონდა სხვა პრობლემაც: დაჭრილები და დაღუპულები და ეს არ არის მხოლოდ მეთაურების პრობლემა. თუ მეთაურები დაგეხოცა, რჩება სერჟანტთა რგოლი და, საერთოდ, სამხედრო საბრძოლო ორკაციან ქვედანაყოფშიც კი ერთი მეთაურია, მიუხედავად წოდებისა. ამ მეთაურების ერთ-ერთი ფუნქციაა პირადი შემადგენლობის კონტროლიც: რომ ვინმე არ დაიჭრას, არ მიატოვონ. ბრძოლისას არის სიტუაცია, რომ შესაძლოა, ყურადღება მოგიდუნდეს, მაგრამ იმიტომ არსებობს მცირე საბრძოლო რგოლები, 5 ან 10-კაციანი, რომ ყველა ვიღაცის მხედველობის არეალში იყოს. აი, ეს იყო მოშლილი. იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ევალებოდა, თავიანთი მოვალეობა არ შეასრულეს და მათ, მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობაც კი არ დაკისრებიათ. გახსოვთ, რომ კოტე ყიფიანისა და ეკლესიის იმედად იყო სახელმწიფო, რომ დაჭრილები და დაღუპულები გამოეყვანა. კერძო პირმა უზრუნველყო მოლაპარაკება და შემდეგ სასულიერო პირები შევიდნენ და ფიზიკურად მუშაობდნენ, რომ დაღუპულები გაეპატიოსნებინათ.

– სხვათა შორის, დღემდე არ ვიცით დაზუსტებით, ამოიცნეს თუ არა ყველა დაღუპული. თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებდა. 

– გულწრფელობა აუცილებელია. ეს ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე რომ ჩატარებულიყო, შესაძლებელია, პოლიტიკოსს რამე დაემალა, მაგრამ, როდესაც შენს ტერიტორიაზეა ბრძოლა, მოწინააღმდეგე გყავს რუსეთი, შენი ბრძოლა აპრიორში სამართლიანია და არ ხარ გულწრფელი, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ცხადი იყო, რომ რუსეთთან ბრძოლისას ბევრი დაღუპული გვეყოლებოდა, ამიტომ ამის გამო პოლიტიკოსს თავის გამართლება არ გაუჭირდებოდა. იტყოდა, ვეომე და არ გამომივიდა. ამ დროს კი რას ვხედავთ? არ გამოიყენეს ყველა საშუალება. არავინ ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა შესულიყო ცხინვალში და ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა. როდესაც ხარ ხელმძღვანელი, შენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, გაქვს ერთადერთი მოვალეობა: იაზროვნო და გონივრული ნაბიჯები გადადგა. ეს პრეტენზია მქონდა შევარდნაძის ხელისუფლებასთანაც: მე პატიოსნად ვწირავ ჩემს სიცოცხლეს, ვიბრძვი, თუ მეტყვი, მარჯვნივ ისროლე, ვისვრი, თუ მეტყვი, წინ წადი, წავალ, მაგრამ ის მაინც მითხარი, საით წავიდე?! მე ვრისკავ სიცოცხლეს და ის მაინც გააკეთე, რომ გამოგვიყენე, ვინც სიცოცხლეს ვწირავთ?! არ უნდა მიმატოვო ბრძოლის ველზე. ხანდახან გია თავის თავზე იღებს გენერალიტეტის კრიტიკას, მაგრამ გია ყარყარაშვილს არ განვიხილავ გენერალიტეტში. გია იყო საველე მეთაური და ჩვენთან ერთად იბრძოდა, მაგრამ საქართველოში იყო გენერალიტეტი, რომლებმაც, ასევე, არაფერი გააკეთეს, ისე, როგორც პოლიტიკოსებმა და მათთანაც მაქვს პრეტენზია. მათ ჯარს აქციეს ზურგი: უთხრეს, თქვენ ხართ უდისციპლინოები და თქვენი ბრძოლა არ მაინტერესებსო. თუ ბრძოლა არ ვიცი, მასწავლე, როგორ ვიყო დისციპლინებული. ჩვენ 90-იან წლებშიც ვიბრძოდით და ეს ბრძოლა არავინ გამოიყენა. 90-იან წლებშიც უსინდისოდ მოგვექცნენ.

– უამრავი ბრძოლა გადავიტანეთ ისტორიის განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს, თემურ ლენგმა გაგვასწორა მიწასთან 8-ჯერ, მაგრამ არასდროს მომხდარა ის, რაც ახლა, ბოლო 16 წელიწადში, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი სრულად დაიცალა ქართველებისგან. რაღაცაშია საქმე და ჩვენ არ ვეძიებთ ამის მიზეზს.

– მთელი პრობლემა ის არის, რომ ზედაპირულად ვმსჯელობთ და არ ჩავდივართ სიღრმეებში. ზვიადის ფრთის კრიტიკა ნაცვლად იმისა, რომ უფრო ორგანიზებული ყოფილიყო, დავიდა იქამდე, რომ შევარდნაძე არის მასონი და კაციჭამია, ანუ მსჯელობა იმართებოდა ზედაპირულად და შევარდნაძეს არ უჭირდა თავის მართლება. ის ამბობდა, მე მოვიტანე სტაბილურობა და ეს სიმართლეა, მაგრამ აღარავინ სვამდა კითხვას, რად დაგვიჯდა ეს სტაბილურობა?!

– ისევე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში: როდესაც არჩევანი მაქვს ჩემს სიცოცხლესა და ჩემი მანქანის სარკეებს შორის, რომ მათ არავინ მოიპარავს, სარკეების უსაფრთხოებას საკუთარი უსაფრთხოება მირჩევნია.

– ჩვენი პრობლემაა ის, რომ საზოგადოება კამათობს ზერელედ. გაგვაღიზიანა ცოცხებმა და აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანის ცემა ყოველგვარი ცოცხის გარეშეც ძალიან ცუდია. ბაჩო ახალაია გამოვიდა გამარჯვებული, იმიტომ რომ მთავარში, რასაც ედავებიან, ბრალი არ აქვს წაყენებული. სამი წელიც რომ მიუსაჯონ, გამოვა და ამით დამთავრდება ყველაფერი.

– მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგები არ უწევდნენ წინააღმდეგობას ფაშისტებს და დე გოლმა ომის შემდეგ შექმნა მითი, თითქოსდა ფრანგებს ფართო ანტიფაშისტური მოძრაობა ჰქონდათ გაჩაღებული. ერმა ეს აიტაცა და დაიჯერა. ჩვენც მსგავსი მითის გამოგონება ხომ არ მოგვიწევს, რომ საკუთარი ბრძოლისუნარიანობა დავიჯეროთ?

– აი, ასეთი ნიუანსობრივი შეფასებები საზოგადოებაში არ არის. დღეს, მაგალითად, პოპულარულია აზრი, რომ გაუქმდეს გაწვევა და არავინ უფიქრდება, რა არის ამის უკან. არადა, დაქირავებულ ჯარს ეროვნება არ აქვს და ეს არის პრობლემა. ნუ შევედრებთი ბრიტანეთს, იქ სულ სხვა მოტივაციაა. ჩვენ გვინდა, გადავიდეთ დაქირავებულ არმიაზე და ქართველი მოსახლეობა გამოვრიცხოთ სამშობლოს დაცვისგან?! ეს ხომ ნონსენსია?! პლუს ჩვენ გვყავს ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა და არ ვაძლევთ საშუალებას, ფიცი დადონ საკუთარი სამშობლოს წინაშე. ანუ მათი ინტეგრირება არ ხდება და კვლავ გარიყულს ვტოვებთ. მათ არ აქვთ ვალდებულება, ისწავლონ ქართული ენა; არ აქვთ ვალდებულება,  დაიცვან საკუთარი ქვეყანა. რატომ?! ამას დაფიქრება სჭირდება და ბევრი მუშაობა. ირაკლი ალასანია ამბობს, მე ასე მინდა და ასე იქნება, არადა, ასე ამბობდა მისი ყველა წინამორბედი მინისტრიც. ქართულ ჯარში დღეს არის ცუდი ტენდენცია, შეიქმნა რიტუალები, მაგალითად, „გრეხია“ საპირფარეშოდან 30 მეტრში დაგდებული ნივთის აღება.

– არ შეიძლება, „გრეხი“ გახდეს ბრძოლის ველიდან გამოქცევა?

– ეგ სხვა მომენტია… „გრეხია“ ტუალეტის დალაგება და ასე შემდეგ. „დედოვშინა“ აი, ასეთი რიტუალებით იწყება. თუ ეს რიტუალები დამკვიდრდა და მეთაურებმა ვერ დაანგრიეს, კვლავ დაავადებულ ჯარს მივიღებთ. როდესაც ბაჩო ახალაია დარბოდა, ვიღაცეებს ურტყამდა, ეს „დედოვშინა“ ბუნებრივად იყო ჩახშობილი, მაგრამ, როგორც კი, დასუსტდა კონტროლი, ამან იფეთქა და აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. ქართული არმია მექანიკურადაა შექმნილი: იქ არიან თოფიანი ადამიანები, სტრუქტურებს ჰქვია სახელები, მაგრამ არავინ მუშაობს თეორიულ ნაწილზე. ვადიან სამსახურს აუქმებენ და არანაირი მსჯელობა არ მიდის. არავინ არ აანალიზებს არგუმენტებს. ბუნებაში არ არსებობს ექსპერტული დასკვნა, იმიტომ რომ არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ამას გააკეთებს და ეს გადაწყვეტილება რომ ცუდ შედეგს მოიტანს, ვერავის დასჯი.

– პათეტიკურად ვიკითხავ: ეშველება რამე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს? იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ სძინავს?

– ავღანეთსა და ერაყში აჩვენეს, რომ ქართველი მებრძოლი არის ერთ-ერით საუკეთესო და თუ მათ ორგანიზებას გავუკეთებთ, მებრძოლის პრობლემა არ გვექნება. ჩვენ გვაქვს ორგანიზების პრობლემა! ამას გარდა, ჩვენი ჯარისკაცი, რაც უნდა უსწავლელი იყოს, მოკლე ხანში ახერხებს თანამედროვე ტექნიკის, შეიარაღებისა და ბრძოლის მეთოდების ათვისებას. სოციალურად ძალიან გაჭირვებული ფენიდან მოდის კონტინგენტი ჯარში, მათ არ ჰქონიათ განათლების მიღების საშუალება, მაგრამ, საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ როგორც კი გარემო იცვლება, ისინიც იცვლებიან და იმდენად ძლიერი ადამიანები არიან, რომ სამოქალაქო ცხოვრებაშიც რომ ჰქონოდათ პირობები, იქაც შეძლებდნენ საკუთარი თავის რეალიზებას. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს ის პრობლემა, რაც აქვთ სხვა არმიებს: ქართველი ჯარისკაცი ადვილად იწვრთნება, მას სიმამაცისთვის 100 გრამი არაყი არ სჭირდება, მას უბრალოდ სჭირდება ორგანიზება.

скачать dle 11.3