„იდეებ რა ვუყო“
ანუ, მუზანასაზრდოებნი
რაკი ცნობილია, ისეც ვერ წვიმს, როგორც ქუხსო, ან, სულ სხვა, გაცილებით პროზაული მიზეზით, 19 აპრილის აქცია მთლად ისეთიც ვერ გამოდგა, როგორიც დააქუხეს. თუმცა, უმცირესოელი ხალხის რჩეული ბ-ნი კანდელაკი დარწმუნებულია, რომ „დღევანდელი აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ დაამკვიდრებს ახალ სტანდარტს, თუ რას ნიშნავს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია“.
მეტიც, დეპუტატს არანაკლებ ღრმად სწამს (კვლავ ციტატას მოვიხმობ): „დღევანდელი აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ იმპულსს შესძენს საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას.“
ეს ყოველივე კი იმ დიადი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი (რაკი აპრილია, ბ-ნ კანდელაკის კომენტარის ტექსტს ისე ვციტირებ, როგორც ლენინს – „აპრილის თეზისებიდან“): „ვართ ცივილიზებული ხალხი. გვინდა, რომ საქართველო ცივილიზებული სახელმწიფო იყოს.“
რთული სათქმელია, რამდენად გულწრფელია ხსენებული დეპუტატის ცივილიზებულობის მოთხოვნილება (რთული, რადგან, ცივილიზაცია და ჩინოვნიკთა მიერ საკუთარ კეთილდღეობაზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები ერთმანეთთან სასტიკ წინააღმდეგობაში მოდის), მაგრამ, თუ სპეციალური სახელმწიფო დაცვის სამსახურის საიდუმლო ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს გავიხსენებთ (აი, მათ, რომლებიც ხან პრეზიდენტის მიერ შვილებისთვის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდასა თუ თანაგუნდელებისთვის წვეულებებისა და მოგზაურობების ხარჯების გაღებას ასახავს) და ამ ყოველივეს ბ-ნი კანდელაკის რწმენას შევუზავებთ („იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიაო“), სავარაუდოა, რომ აქამომდე „ნაციონალური მოძრაობის“ მუზა საბიუჯეტო და არა მხოლოდ საბიუჯეტო ფულით საზრდოობდა.