მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების ტოპ-ათეული
ყველაზე მდიდარი მოქმედი ფეხბურთელების ტოპ-ათეულის წევრებს შორის არცთუ ბევრია მსოფლიოს ჩემპიონი, სამაგიეროდ, მათი უმრავლესობა სხვადასხვა დროს იყო „რეალის” ან „ბარსელონას” წევრი. ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთი თავის კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს, ზოგი კი ახალი ტიტულების მოპოვებასთან არის ახლოს. გთავაზობთ ყველაზე მდიდარ ფეხბურთელთა ტოპ-ათეულს.
დევიდ ბექჰემი (ინგლისი) – 175 მილიონი ფუნტი სტერლინგი
ის მსოფლიო ფეხბურთის ნომერი პირველი ფეტიში და მილიონობით ადამიანის კერპია, როგორც საფეხბურთო, ისე შოუ-ბიზნესის სამყაროში. დიდი ხანია, ბექჰემის პოპულარობა გასცდა სტადიონებს და იგი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სახე გახდა. ინგლისის ნაკრების, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „რეალის”, „მილანის”, „ლოსანჯელეს გელექსის” და ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი სასურველი ადამიანია არაერთი ცნობილი ბრენდისთვის. ბექჰემს ამჟამად კონტრაქტები აქვს „ადიდასთან”, H&M-სთან, „პეპსისთან”, „სამსუნგთან” და „სეინსბერისთან”; ამას გარდა, დიდი ხანია, მისი ავტობიოგრაფიული წიგნები ბესთსელერებად იქცა. 38 წლის ბექჰემი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. მისი თქმით, თავს მშვენივრად გრძნობს პარიზში და არ არის გამორიცხული, რომ, კონტრაქტი, რომელიც მაისში უმთავრდება, კიდევ გაახანგრძლივოს.
ლიონელ მესი (არგენტინა) – 115,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი
არგენტინელი „ოქროს ბიჭუნა” – ლიონელ მესი, დღესდღეობით ნომერ პირველი ფეხბურთელი და მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბად წოდებული „ბარსელონის” ლიდერია. მესის გარეშე წარმოუდგენელია როგორც კატალონიური გრანდი, ისე არგენტინის ნაკრები, რომელთან ერთადაც მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელს ჯერ არაფერი ღირებული არ მოუგია, თუმცა, გავრცელებული ცნობის თანახმად, ჩია არგენტინელი კბილებს 2014 წლის მუნდიალისთვის ილესავს. მესის სარეკლამო კონტრაქტები აქვს გაფორმებული: „ადიდასთან”, „ჰერბალაიფთან”, „თურქიშ ეირლაინთან”, „პროქტერ ენდ გემბელთან”, „პეპსისთან” და „დოლჩე გაბანასთან”; ამას გარდა, ის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებს „ბარსელონაში”.
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 112 მილიონი ფუნტი სტერლინგი
ლიონელ მესის მუდმივი ოპონენტი და მადრიდის „რეალის” ლიდერი; პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი და თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის მეტროსექსუალობით გამორჩეული სელებრითი – ირინა შეიკის საქმრო, ხელფასის სახით ყველაზე მაღალანაზღაურებადია სამეფო კლუბში; ამას გარდა, ის სარეკლამო კონტრაქტებიდანაც მსუყე თანხებს იღებს: „ნაიკი”, „პრო ევოლიუშენ სოკერი”, „კოკა-კოლა”, „არმანი”, „ბუგატი”, „კასტროილი”, „კონამი”, „მოტოროლა” და... ავტობიოგრაფიული წიგნი. საკმარისია, რომ რონალდუ პლანეტის მესამე ფეხბურთელი იყოს კაპიტალის რაოდენობით.
კაკა (ბრაზილია) – 66,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი
„მილანის” ლეგენდარული ნახევარმცველი და „რეალის” სათადარიგო ფეხბურთელი – კაკა, ყველაზე შეძლებულია ფეხბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავებს შორის. 2009 წლიდან ის სამეფო კლუბშია და ამ ოთხი წლის განმავლობაში მას იმის ნახევარიც კი არ გაუკეთებია, რასაც „მილანში” ერთ სეზონში აღწევდა. ამის მიუხედავად, იგი მაინც საინტერესო ფეხბურთელია კომპანიებისთვის და მას სიამოვნებით უფორმებენ სარეკლამო კონტრაქტებს, მაგალითად: „ნაიკი”, „სონი”, „არმანი” და, ასევე, მეტ-ნაკლებად ცნობილი ბრაზილიური კომპანიები. სავარაუდოდ, ამ ზაფხულს კაკა დატოვებს „რეალს” და, შესაძლოა, მისმა კაპიტალმაც კიდევ უფრო მოიმატოს.
რონალდინიო (ბრაზილია) – 63 მილიონი ფუნტი სტერლინგი
ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად მშობლიურ „ატლეტიკო მინეიროში” ასპარეზობს, მხოლოდ ერთი ოცნება აქვს – ითამაშოს 2014 წლის მუნდიალზე, რომელიც მის სამშობლოში ტარდება და სადაც გარანტირებული მოხვედრა ჯერ ვერ დაიმსახურა. რონალდინიო საინტერესო ფეხბურთელია ბრენდებისთვის და ის „ნაიკის”, „დანონეს”, „ლენოვოსა” და „ლორეტ დელ მარის” სარეკლამო სახეა, რაშიც დამატებით შემოსავალს იღებს.
სამუელ ეტოო (კამერუნი) – 52 მილიონი ფუნტი სტერლინგი
მსოფლიო ფეხბურთის კამერუნელი ვარსკვლავი სამუელ ეტოო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც კარიერის განმავლობაში ორივე ესპანურ გრანდში, „რეალსა” და „ბარსელონაში” უასპარეზია. ამას გარდა, ეტოო „ინტერის” რიგებშიც ირიცხებოდა, ამჟამად კი ის მახაჩკალის „ანჟის” წევრი და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის ფავორიტი ფეხბურთელია. რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობის მიუხედავად, ეტოო კვლავ აქტუალურია ცნობილი კომპანიებისთვის და მასთან „პუმა”, „ფორდი” და „ჯონ რიჩმონდი” თანამშრომლობენ.
უეინ რუნი (ინგლისი) – 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი
უეინ რუნი ამ რეიტინგის გამონაკლისია რიო ფერდინანდთან ერთად, რადგან, მათ არასდროს არ მოურგიათ „რეალის” ან „ბარსელონას” მაისური, მაგრამ, თუკი ფერდინანდთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება და „ესპანური მომავალი“ მას არ ემუქრება, რუნისთან დაკავშირებით რამის გადაჭრით თქმა არასწორი იქნება, რადგან, დიდი ხანია, რაც, მაგალითად, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ოცნებობს თავისი გუნდის რიგებში რუნის ნახვას. რუნის შემოსავლის ძირითადი წყარო, რა თქმა უნდა, ხელფასია, თუმცა, გარდა ამისა, იგი კომპანია „ნაიკთან” თანამშრომლობს და, ასევე, თანაგუნდელ რაიან გიგზთან ერთად, საინვესტიციო საქმეშია ჩართული.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 47 მილიონი ფუნტი სტერლინგი
ზლატანი ამ რეიტინგის პირველი ნომრის – დევიდ ბექჰემის თანაგუნდელია და, სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი ახალი, მორიგი საჩემპიონო ტიტულით გაამდიდრებს თავიანთ ისედაც ტიტულებით მდიდარ კარიერას. ყველგან, სადაც კი უთამაშია, ზლატანი ჩემპიონი ხდებოდა და სწორედ ამიტომ არის ის გამორჩეული ფეხბურთელი. „აიაქსი”, „იუვენტუსი”, „ბარსელონა”, „ინტერი”, „მილანი” და, ახლა უკვე – „პარი სენ-ჟერმენი.” „მომთაბარე” ზლატანი ყველგან აქტუალური იყო და არის, ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს მან ძალები ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯოს. ზლატანის შემოსავლის ძირითადი წყარო ხელფასია; ასევე, მას აკავშირებს კონტრაქტი „ნაიკთან” და იგი ფლობს საკუთარ სავაჭრო ნიშანს – „ზლატან”.
რივალდო (ბრაზილია) – 45,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი
ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი – რივალდო, უკვე 41 წლისაა, თუმცა, კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და ამჟამად მშობლიური „სან კაეტანოს” ღირსებას იცავს. თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში კი მას არაერთი ცნობილი და, ასევე, ეგზოტიკური კლუბის მაისური მოურგია: „დეპორტივო”, „ბარსელონა”, „მილანი”, „ოლიმპიაკოსი”, უზბეკური „ბუნიოდკორი” და ანგოლის „კაბუშკორპი”... – ეს იმ კლუბების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ღირსებაც რივალდოს დაუცავს. მისი შემოსავალია ხელფასი კლუბში და, ასევე, საკუთარი ბიზნესები: ტურისტული სააგენტო, დიზაინ-კომპანია და არტ-გალერეა.
რიო ფერდინანდი (ინგლისი) – 42 მილიონი ფუნტი სტერლინგი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი მცველი, რიო ფერდინანდი, მდიდარი ფეხბურთელების ტოპ-ათეულის ბოლო წარმომადგენელია. რიო, ხელფასის გარდა, საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებითაც არის დაკავებული. იგი ფლობს საინვესტიციო კომპანიას, ინტერნეტ-მაღაზიასა და საკუთარ რესტორანს – „როსიო”. ფერდინანდს სარეკლამო კონტრაქტებიც აქვს „მარსთან” და „ნაიკთან”. ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი ახლო მომავალში კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს, თუმცა, მანამდე „მანჩესტერის” მორიგი საჩემპიონო ტიტულის აღნიშვნისთვის ემზადება – ლეგენდარული ალექს ფერგიუსონის კლუბმა ვადაზე ადრე მოახერხა გამარჯვება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში.