კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა მიცვალებულის სახელის მოხსენიებას მისი სულის ცხონებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა და არის თუ არა აუცილებელი გარდაცვლილისთვის საკურთხის მომზადება

ეკლესიური სწავლების თანახმად‚ ყოველი შაბათი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ კავშირს თავიანთი ახლობლების გარდაცვლილ სულებთან და ეს სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი საკუთარი მიცვალებულის სულის დასახმარებლად, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი): 

– მიცვალებულების მოხსენიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი მიიცვალნენ, ამ ქვეყანაზე აღარ არიან, მაგრამ, ისინი სულიერად მაინც განაგრძობენ არსებობას. შესაბამისად‚ ჩვენსა და მათ შორის კავშირი ყოველთვის უწყვეტია, ეს კი გამოიხატება ქრისტიანულ სწავლებაში, ანუ ლოცვით მდგომარეობაში, ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი კარგი საქმეები, პირდაპირპროპორციულია ჩვენი მიცვალებულების სულებთან‚ ანუ ის‚ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ აქ, როგორი ქრისტიანები ვართ. ადამიანმა‚ შეიძლება‚ მიცვალებულისთვის ბევრი რამ გააკეთოს, საკურთხი მიიტანოს ეკლესიაში, სასულიერო პირს გადაახდევინოს პანაშვიდი, მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულ მდგომარეობად დარჩება‚ თუ მასში ადამიანი სარწმუნოებით არ მონაწილეობს. მისი სარწმუნოება კი დატვირთული უნდა იყოს კეთილი საქმეებით. არავინ იცის‚ სად არიან ჩვენი მიცვალებულები სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. გარეგნული შეხედულებით არასდროს უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან არავინ ვიცით‚ ვინ როგორია გულის სიღრმეში, რას ნანობს, როგორ ცდილობს‚ მოინანიოს განვლილი ცხოვრება – ეს მან იცის და უფალმა მხოლოდ. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ვინმე ან ჯოჯოხეთში გავუშვათ, ან – სამოთხეში. 

– როგორ ეხმარება ადამიანი საკუთარი ქცევით, ცხოვრების წესით, მიცვალებულებს?

– არ უნდა გვეგონოს, რომ, თუ შემოვიფარგლებით ტაძარში საკურთხის, შესაწირის გაკეთებით – ეს ყველაფერი ჩვენი მიცვალებულისთვის საკმარისი იქნება. ეს‚ რა თქმა უნდა‚ მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი ვერ იქნება. დღეს‚ როცა ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები 40 დღის განმავლობაში ლოცულობენ მისთვის, შეძლებისდაგვარად უკეთებენ ყველაფერს: საკურთხს, შეკვეთილ წირვას, პანაშვიდებს და ცდილობენ, მიცვალებულების მოხსენიების დღეებში მაინც მივიდნენ ეკლესიაში. მაგრამ, ამ ყველაფერს მხოლოდ გარეგნული სახე აქვს. როგორც კი გავა 40 დღე, მერე აღარაფერს აკეთებენ – არც მიცვალებულებს იხსენიებენ, არც ეკლესიაში მიდიან. თუ გვინდა, რომ მათ შევეწიოთ, უნდა ვიყოთ კარგი მართლმადიდებლები. რადგან‚ თუ არ ხარ კარგი მართლმადიდებელი, არ ეუფლები საღვთისმეტყველო სწავლებას, არ იღრმავებ ცოდნას, რომ გაიგო‚ რა სჭირდება შენს მიცვალებულს, გამოდის, რომ მას არ ეხმარები, რადგან, საკმარისი ცოდნა არ გაქვს. თუნდაც, როდესაც პანაშვიდის დროს მოძღვარი მოსახსენიებელს კითხულობს, მან ყველას სახელი უნდა წაიკითხოს, არავინ უნდა გამორჩეს და ჩვენც, როცა ჩვენს ან ახლობლის სახელს გავიგონებთ, ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამით ჩვენი მიცვალებულისთვის იქაურ ცხოვრებაში ყველაფერი გადაწყდა, შეიცვალა – ეს‚ რა თქმა უნდა‚ ზედაპირული და ძალიან პრიმიტიული მიდგომაა. როდესაც მიცვალებულის მოხსენიების დღეებია ან პანაშვიდებს იხდიან, იქ ჭირისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი მოსახსენიებელია, სადაც‚ ასევე‚ ძალიან ბევრი სახელი წერია. მოძღვარი იწყებს პანაშვიდის გადახდას, დასაწყისი ლოცვების შემდეგ მოდის მიცვალებულების პირველი კვერექსი, რომლის მეორე მუხლში უნდა მოვიხსენიოთ მიცვალებულების სახელები. როცა ცოტა ხალხია, არ არის პრობლემა, მოიხსენიებს მოძღვარი და ლოცვაც არ შეწყდება. მაგრამ, როდესაც ძალიან ბევრი მოსახსენიებელია და მასში წერია ძალიან ბევრი სახელი, წარმოიდგინეთ‚ ამის წაკითხვას რამდენი დრო სჭირდება. ზოგჯერ მღვდლის კურთხევით სტიქაროსნები კითხულობენ – ეს‚ რა თქმა უნდა, უკეთესია, რადგან ლოცვის პროცესი არ ირღვევა. მაგრამ, როდესაც ყველა მოსახსენიებელს მღვდელი კითხულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ლოცვა აღარ არის, რადგან, მამაო კითხულობს სახელებს, რასაც ძალიან დიდ დროს ანდომებს და ამ დროს ლოცვა გაჩერებულია – არ ლოცულობს არც მღვდელი და არც მრევლი. ადამიანები კი მოსახსენიებელს უფრო დიდი ყურადღებით უსმენენ, რადგან აკვირდებიან, რომ არ გამორჩეს მღვდელს მისი მიცვალებულის სახელი. ამის შესახებ არსად არაფერი წერია, არც ერთ წმიდა მამას არ უთქვამს, რომ ლოცვა უნდა შეწყდეს, მღვდელი კი უნდა დადგეს და საათ-ნახევარი იკითხოს ვინმეს სახელები. ეს გარეგნული მიდგომაა და არც ჰგავს მართლამდიდებლობას. ღმერთმა ხომ ყველას სახელი, გვარი იცის, იცის‚ ვინ როგორ წავიდა ამქვეყნიდან, რა ხვედრი აქვს. ამიტომ არ ჯობია, მღვდელი გამოვიდეს, ილოცოს, თქვას‚ რომ მე მოვიხსენიებ თქვენს ყველა მიცვალებულსო; თუნდაც, დაადებს ყველა მოსახსენიებელს ხელს და იტყვის: „ღმერთო, მოიხსენიე ყველა, ვინც აქ არის“, იმავდროულად‚ ადამიანებს გონებაში შეუძლიათ გაიხსენონ თავიანთი მიცვალებულები და ილოცონ მათთვის ჩუმად. ასეთ შემთხვევაში მღვდელიც ლოცულობს, მრევლიც, მგალობლები გალობენ და ეს ძალიან კარგია. სახელების ამოკითხვა კი არ არის მთავარი დანიშნულება, არამედ, ლოცვაა და ჩვენი მიცვალებულების შეწევნა. დღეს ძალიან ბევრი მოდის ეკლესიაში, ტოვებს თავის მოსახსენიებელს, საკურთხს, რადგან, ან ეჩქარებათ, ან მეტად აღარ აიძულებენ საკუთარ თავს. საკურთხის გაკეთებაც, ბევრს ჰგონია, იმისთვის არის საჭირო, რომ‚ პირდაპირი გაგებით‚ მის მიცვალებულს მიუვა და ძალიან კარგია. მახსოვს‚ ერთ პანაშვიდზე სიგარეტიც დადეს – ეს უყვარდაო, მიუვა და მოწევსო. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა. მთავარია, ადამიანის მიმართ სიყვარულის გამომჟღავნება. საკურთხის გაკეთება, პანაშვიდების გადახდა – ეს მხოლოდ სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვაა ჩვენი მიცვალებულების მიმართ.

– თუ არის აუცილებელი მიცვალებულების მოხსენიების დღეებში საკურთხის გაკეთება და რისგან უნდა შედგებოდეს ის? 

– აუცილებელი არ არის, რადგან‚ როგორც უკვე აღვნიშნე‚ ადამიანისთვის მთავარი არის სარწმუნოება, ლოცვა და პირადი ცხოვრება. ყველაფერი დანარჩენი‚ ანუ‚ რითაც ვიხარჯებით, რასაც ვაკეთებთ ჩვენი მიცვალებულების გამო – ეს მოწყალებაა, რადგან, ამას ვერ გამოიყენებს მიცვალებული. მოწყალება კი სიყვარულის გამოხატულებაა. ზრუნვა ადამიანებზე – ეს სჭირდება ღმერთს ჩვენგან და ჩვენ გვჭირდება ეს ერთმანეთისგან. შეიძლება‚ ადამიანმა არ გააკეთოს საკურთხი, მაგრამ, დადგეს, ილოცოს გულით თავის მიცვალებულისთვის, თუნდაც‚ სხვანაირად დაუდგეს გვერდში სასულიერო პირს. ერთ-ერთი პროტესტანტი მღვდელი ხალხს ასე მოუწოდებდა: როგორც კი თქვენი ოქროს მონეტა ჩაეშვება ჩემს შესაწირ ყუთში, მაშინვე თქვენი მიცვალებულის სული სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადავაო. ასეთი მიდგომა არ შეიძლება. მოვიხსენიეთ სახელი და ჩვენი მიცვალებულიც ცხონდა. ჩვენ ვიცხოვროთ ქრისტიანულად, თუნდაც იმ 40 დღის განმავლობაში, როცა მიცვალებული ახალი გარდაცვლილია, ვეცადოთ‚ მარხვა დავიცვათ, კარგი საქმეები ვაკეთოთ, საკუთარ თავზე ვიფიქროთ, ცოდვები მოვინანიოთ. ეს უფრო ქმედითი იქნება, წაადგება ჩვენს მიცვალებულებს, ვიდრე ის, რომ მივიდეთ ტაძარში, დიდი ტრაპეზი მივიტანოთ, დიდი სია მიცვალებულების, არც დავესწროთ პანაშვიდს და ვიფიქროთ, რომ ამით ეშველებათ ჩვენს მიცვალებულებს. ყოველი შაბათი დღე მიცვალებულების დღეა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, თუ ადამიანს სურს, სხვა დღეს გადაუხადოს თავის მიცვალებულს პანაშვიდი, ეს არ უნდა გააკეთოს. როცა ადამიანს ნათესავი, მეუღლე, შვილი გარდაეცვლება, რომელიც უყვარდა, ცდილობს‚ სიყვარულის ის მჭიდრო კავშირი, რომელიც მის მიმართ ცხოვრებაში გააჩნდა, არ დაკარგოს. სულიერი კავშირი მართლაც აშკარაა და ყოველთვის ვგრძნობთ მიცვალებულების მხრიდან და ისინი – ჩვენი მხრიდან. შესაბამისად‚ ეს კავშირი არ უნდა დაიკარგოს და თუ ადამიანი მოახერხებს, რომ გარდაცვალების შემდეგაც თავისი მიცვალებულის მიმართ იგივე ზრუნვა, სიყვარული გამოამჟღავნოს, ამას რა ჯობია. 

– ხშირად ამბობენ და სასულიერო პირებიც ითხოვენ, რომ, როდესაც ადამიანი კვდება და მას ოჯახში ვინმე მოსანათლი რჩება, აუცილებელია მისი მეორმოცე დღემდე მონათვლა. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა და აქვს თუ არა ამას საეკლესიო სწავლებასთან კავშირი? 

– ეს უფრო ხალხური ტრადიციაა, ვიდრე ეკლესიური სწავლება. მეოთხე საუკუნემდე ადამიანები არ ინათლებოდნენ ჩვილობაში, პირიქით, დიდ ასაკში იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ანუ, აცნობიერებდნენ იმას‚ თუ რასთან ჰქონდათ საქმე. აქედან გამომდინარე‚ თუ ოჯახის წევრი გარდაიცვლება და სახლში დარჩება ვინმე მოსანათლავი, რა შუაშია ამ დროს ნათლობა და მიცვალებული? ან, რატომ არის მიცვალებულის სულისთვის ცუდი ის, რომ მის ოჯახში ბავშვია მოსანათლავი?! ვერავინ მაჩვენებს წიგნს, სადაც რომელიმე მოძღვარი საუბრობს ამაზე. არის მეორე საკითხიც: ხშირად ადამიანებს ეშინიათ, რადგან მისი ჩვილი მოუნათლავი გავიდა ამქვეყნიდან, ესე იგი‚ ის ჯოჯოხეთში მოხვდება. ესეც დამახინჯებული მიდგომაა – როგორ შეიძლება‚ 3 წლის, ან 1 წლის ბავშვი აღმოჩნდეს ჯოჯოხეთში?! არავინ იცის‚ ვინ სად აღმოჩნდება გარდაცვალების შემდეგ – ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. 

скачать dle 11.3