სწავლანი მამათა ცხოვრებიდან
ქადაგებისათვის
***
წმიდა იოანე ოქროპირი ისე მშვენივრად და კეთილშეწყობილად ქადაგებდა, რომ მასზე ყველა ამბობდა: „იოანეს პირი ღვთის პირია, ქრისტეს პირი არისო“; მაგრამ მისი მშვენიერი ქადაგება და მეტყველება არ ესმოდა ყველას. ამისთვის, ერთმა უსწავლელმა დედაკაცმა, რომელსაც დიდად ენატრებოდა გაგონება იმის ქადაგებისა, მიიღო კადნიერება და უთხრა მას ეკლესიაში ქადაგების დროს: „მოძღუარო სულიერო, იოანე ოქროპირო, ძალიან ღრმა არის სწავლა შენი, და ჩუენი მოკლე, გაუნათლებელი გონება ვერ მისწვდება მას! გვიქადაგე მდაბიურად, რომ ჩვენც შევიძლოთ მიწვდომა და გაგონება მისი!“ – ეს გარემოება ყველას მოეწონა: ამიერითგან იოანეს დაერქვა „ოქრო-პირი“. და იწყო მან ქადაგება და წერა მდაბიურად, ანუ მისაწვდომად და ადვილგასაგონად ყოველთათვის; მაგრამ, ისე შეაწყო და განაშვენა მდაბიური ენა-მეტყველება, რომ ქადაგება და მწერლობა მისი შეიქმნა უფრო სასიამოვნო და წარჩინებული.
„საქართველოს სასულიერო მახარობელი“
1864 წელი
***
წმიდა ტიხონს ჰქონდა ესრეთი ჩვეულება: როდესაც დასწერდა ქადაგებას ეკლესიაში სათქმელად, ანუ სხვა სასულიერო თხზულებას, პირველად წაუკითხავდა მას სახლში მდაბალს ვინმეს და უსწავლელ კაცს და ჰკითხავდა მას: „გესმის, რაც აქა სწერიაო“?“ და თუ ეტყოდა ის კაცი: „არ მესმის, ან ცოტა მესმისო“, – კიდევ გაასწორებდა და გამოიყვანდა აზრს უფრო ცხადად და გასაგონად; მერმე მეორედ და მესამედ წაუკითხავდა და, თუ საჭირო იქმნებოდა, კვლავაც გაასწორებდა. და როდესაც მიიღებდა მსმენელისაგან პასუხს: „ახლა სულყველა მესმისო“, მაშინ იტყოდა იმ ქადაგებას ეკლესიაში და თხზულებას გადმოსცემდა საქვეყნოდ.
„შესანიშნავი მოთხრობა სასულიერო თხზულების მწერალთათვის“
1864 წელი