მამათა შეგონებანი
ბასილი დიდი: ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება, როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინ აღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი, მე შენთან ვარ – რათა მოგეშველო შენ. მაგრამ შენ, მას შემდეგ, როცა ლოცვით დაამდაბლებ მტრებს, ისევ გააგრძელე გონების დაცვა და აი, ისევ ახალი ტალღები წინანდელზე უფრო ბევრია, ერთი მეორეზე მომავალი ისე, რომ თითქოს სული უკვე იძირება და სადაცაა დაიღუპება. მაგრამ იესო, რომელიც მოწაფეებმა გააღვიძეს, როგორც ღმერთი შერისხავს ბოროტ ქარებს და ისინი წყნარდებიან. შენ კი მტრების თავდასხმისგან გადარჩენილმა ადიდე შენი მშველელი და ჩაღრმავდი სიკვდილზე ფიქრში.
არქიმანდრიტი რაფაელი: გული კაცისა კარიბჭეა, რომელთაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა“, რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სამოთხის ხილვა. გზა ჯოჯოხეთიდან სამოთხისკენ გულზე გაივლის, მაგრამ ჩვენი ცოდვანი, ვნებიანი გული დახშულია და დაკეტილია. ვნებები, წადილი, გულისთქმა დუღან მასში. ისინი აბრკოლებენ, ატრიალებენ გულისთქმას და ადამიანის სული რაღაც ბნელ ქაოსშია. ის საკუთარ გულს არ იცნობს, საკუთარ სხეულს ვერ გრძნობს. მას თავის თავში გზა ხილულ სამყაროს შთაბეჭდილებებს მისცა, ამ შთაბეჭდილებებს დაეძებს და მათთვის ცხოვრობს. მას ამ ქვეყნისაგან რაღაც უნდა, ეთვისება, მის შემწეობას ეძიებს, ფიქრობს, რითი მოიპოვოს მისი მეგობრობა და ამ ვნებიან ზრახვათა ბუქში, როგორც ქარისგან დატრიალებული მტვრის კორიანტელში, მთელი სიცოცხლე გადის.
ალექსი ბერი: შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთ მთავარ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, – ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევამოსილი იმედი და ეს იმედი ხომ პირმშო ძეა სარწმუნოებისა. სარწმუნოება იმედის თავსაკიდურია, ვინაიდან სარწმუნოება შობს იმედს, იმედი შობს ნუგეშისცემას, ნუგეშისცემა აღუმსუბუქებს ადამიანს ჭირ-ვარამს და შობს სიმხნეს.
მათე მახარებელი: და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავპირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ უჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.