მკვდარი ვერსია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-15(641)
ბანკში მოქალაქეებს სამი კრედიტოფიცერი ემსახურებოდა. ისინი ტიხრებით გაყოფილ პატარა ოთახებში ისხდნენ, რომლებსაც შუშის კარები ჰქონდა. ამიტომაც, ნიკას არ გასჭირვებია მისთვის საჭირო კრედიტოფიცრის მოძებნა. შალვა მიქაძე, რომლის შედგენილიც იყო ანდრო სირაძეზე სესხის გაცემის ხელშეკრულება, მარცხენა განაპირა ტიხარში იჯდა. ნიკას თითქმის ერთსაათიანი ლოდინი დასჭირდა, ვიდრე მასთან შეხვედრას მოახერხებდა.
როგორც იქნა, მისმა რიგმაც მოაღწია. ნიკა შევიდა და მიპატიჟების გარეშე ჩამოჯდა კრედიტოფიცრის პირისპირ, რომელიც რაღაც დოკუმენტს ჩაჰკირკიტებდა. ორიოდ წუთში მან დოკუმენტი გვერდზე გადადო და მოიბოდიშა:
– მაპატიეთ, უყურადღებობისთვის. არ მიყვარს საქმის გვერდზე გადადება. რით შემიძლია, გემსახუროთ?
შალვა მიქაძე 30-32 წლის იქნებოდა. საშუალოზე დაბალი, ჩასუქებული მამაკაცი იყო. თეთრ, ფიზიკურ შრომას მიუჩვეველ კოტიტა თითებში აუჩქარებლად ატრიალებდა საწერ-კალამს და სტუმარს გულგრილი მზერით ათვალიერებდა.
– სესხის მიღების პირობების გარკვევა მსურს, – უპასუხა ნიკამ.
– რა ოდენობის თანხის მიღება გინდათ? – ჰკითხა კრედიტოფიცერმა.
– სამასი ათასი ლარის.
შალვა სკამზე შესწორდა, უფრო ყურადღებით შეათვალიერა ნიკა და თქვა:
– ეს საკმაოდ მსხვილი თანხაა.
– მე სწორედ ამდენი მჭირდება, – უპასუხა ნიკამ.
– თქვენ ხომ ხვდებით, რომ მტკიცე გარანტიის გარეშე, ბანკი ასეთი ოდენობის თანხას არ გასცემს, – განაგრძო შალვამ.
– რა თქმა უნდა.
– კეთილი... თქვენი პირადობის მოწმობა მომეცით.
ნიკამ ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და კრედიტოფიცერს გაუწოდა. მან მოწმობაზე დატანილი პირადი ნომერი კომპიუტერში შეიყვანა, კლავიატურაზე რამდენიმე მანიპულაცია შეასრულა და შემდეგ თქვა:
– მონაცემთა ბაზა მიჩვენებს, რომ სხვა ბანკებიდან სესხი არ გაქვთ აღებული.
– ასეა, – თავი დაუქნია ნიკამ, – პირველად გადავწყვიტე სესხის აღება.
– მუშაობთ?
– იურიდიულ ფირმაში ადვოკატი ვარ, – ამ სიტყვებთან ერთად ნიკამ სავიზიტო ბარათი გაუწოდა.
– რა შემოსავალი გაქვთ? – შალვამ ყურადღებით დაათვალიერა სავიზიტო ბარათი.
– როგორ აგიხსნათ... სტაბილური შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ, პერიოდულად ვიღებ მსხვილ ჰონორარებს, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში ოცდათხუთმეტი-ორმოცი ათასი ლარის ფარგლებში. მიმიღია უფრო მეტიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმალურ თანხას ვასახელებ.
– გასაგებია... – შალვამ კიდევ რამდენიმე მანიპულაცია შეასრულა კლავიატურაზე და ისევ ნიკას მიუბრუნდა, – რადგან სტაბილური შემოსავალი არ გაქვთ, სესხს მხოლოდ უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში მიიღებთ. რა სახის ქონებას ფლობთ?
– მაქვს სამოთახიანი ბინა დიღომში. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. უახლესი მოდელი არაა, მაგრამ, მაინც კარგ მანქანად ითვლება.
– სამასათასიანი სესხისთვის ძალიან ცოტაა, – თავი გაიქნია შალვამ.
– ჩემს მეუღლეს აგარაკი აქვს წყნეთში, – დაამატა ნიკამ, – აგარაკს ჩვენ ვუძახდით, რეალურად კი კაპიტალური ორსართულიანი სახლია, მოზრდილი ბაღითა და აუზით.
– აგარაკი ერთობლივი საკუთრებაა, თუ მხოლოდ თქვენს მეუღლეს ეკუთვნის?
– არა... მეუღლის საკუთრებაა.
– ძალიან კარგი, – გამოცოცხლდა შალვა, – ჩვენ დაგვჭირდება ოფიციალური ცნობა თქვენი შემოსავლის შესახებ. ის თქვენი ფირმის ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. ასევე, ჩემთან უნდა მოიყვანოთ თქვენი მეუღლე. მან ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, რომ თანახმაა, სესხი აგარაკით უზრუნველყოს. ამის შემდეგ მე შევაფასებ თქვენი ქონების საბაზრო ღირებულებას, შევადგენ ყველა საჭირო დოკუმენტს და თქვენ მიიღებთ სესხს.
– გასაგებია, მაგრამ... – ყოყმანით წამოიწყო ნიკამ, – მეუღლის ბანკში მოყვანის გარეშე ვერ მოვაგვარებთ ამ საკითხს?
– რა ბრძანეთ?! – შალვამ გაოცებით შეხედა.
– არ დაგიმალავთ, – განაგრძო ნიკამ, – მეუღლესთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მას არ სურს აგარაკის ბანკში ჩადება, მაგრამ, მე აუცილებლად მჭირდება ფული. იქნებ, თქვენ მირჩიოთ, როგორ მოვაგვარო წყნეთის აგარაკის საკითხი მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე?
შალვა შესამჩნევად შეკრთა. ის სკამის საზურგეს მიეყრდნო, მზერა მონიტორზე გადაიტანა და გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა:
– ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. რასაც თქვენ მთავაზობთ, ამას ოფიციალურად დოკუმენტების გაყალბება და ფიქტიური გარიგება ეწოდება, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. გირჩევთ, თავიდან ამოიგდეთ მსგავსი აზრები და ნურავის მიმართავთ ასეთი წინადადებით!
ნიკა წინ გადაიხარა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა:
– რატომ?.. რა უნდა გაიგოს ჩემმა ცოლმა? დიასახლისია, მთელ დღეს სამზარეულოში და ტელევიზორთან ატარებს. სესხს კი ჩემი შემოსავლიდან დავფარავ. მომიგვარეთ ეს საქმე და, პირობას გაძლევთ, ვალში არ დაგრჩებით. მხოლოდ მითხარით, რაა საჭირო ამისთვის?
– ეს უკვე ნამეტანია! – შალვამ სასწრაფოდ დაუბრუნა პირადობის მოწმობა, – გთხოვთ, წაბრძანდეთ!
– თქვენი ფილიალის ხელმძღვანელს, ბატონ ლორიას რომ მივმართო? – ჯიუტად განაგრძო ნიკამ.
პასუხად შალვა ტელეფონის ყურმილს გადასწვდა და აღელვებულმა თქვა:
– ახლა დაცვას გამოვუძახებ!
– რატომ დაცვას? – ნიკა მოხერხებულად მოეწყო სკამზე, – იქნებ პოლიციაში დაგერეკათ. ან, უფრო უკეთესი – პირდაპირ პროკურატურაში!
შალვამ მძიმედ დაუშვა ყურმილი და დაძაბული ხმით ჰკითხა:
– ვინ ხართ?
პასუხად ნიკამ ჯიბიდან ანდრო სირაძესა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების ქსეროასლი ამოიღო და დემონსტრაციულად დაუგდო წინ.
შალვამ სწრაფად გადახედა ხელშეკრულებას. მან მაშინვე იცნო თავის მიერ შედგენილი დოკუმენტი, გაოცებული სახით გახედა ნიკას, შემდეგ თქვა – დამელოდეთო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ორიოდ წუთში კრედიტოფიცერი უკან დაბრუნდა და ნიკას სთხოვა, გამომყევითო.
– სად? – ჰკითხა მან.
– ფილიალის ხელმძღვანელს თქვენთან საუბარი სურს.
– კეთილი, – ჩაილაპარაკა ნიკამ და ადგა.
ფილიალის ხელმძღვანელი აკაკი ლორია თავის კაბინეტში დახვდა ნიკას. მას თავიდანვე არ მოეწონა მასპინძელი. ლორია 23-24 წლის ახალგაზრდა კაცი იყო. ტუჩიდან ნიკაპის ბოლომდე წვერის წვრილი ზოლი ჩამოსდევდა. ტანთ, თავისი აზრით, სუპერელეგანტური კოსტიუმი ეცვა, რომელიც უხვად იყო მოფენილი ვერცხლისფერი წინწკლებით. წინწკლები სინათლის მოხვედრისას უჩვეულოდ ბრწყინავდა და სამოსის პატრონს საახალწლო ნაძვის ხეს ამსგავსებდა.
ლორია სახეზე ნაჩქარევად მოგდებული ყალბი ღიმილით შეეგება კაბინეტში შესულ ნიკას და დაჯდომა შესთავაზა. შალვამ უმალ გაიხურა კარი და ფილიალის ხელმძღვანელი და მისი სტუმარი მარტო დატოვა.
ლორია მაგიდას მიუჯდა, კიდევ ერთხელ ჩახედა ხელშეკრულების ასლს და შემდეგ ნიკას მიუბრუნდა:
– შეგიძლიათ, ამიხსნათ, ვინ ბრძანდებით და საიდან მოხვდა თქვენთან ეს დოკუმენტი?
– მგონი, შეამჩნიეთ, რომ ეს დოკუმენტი კი არა, მისი ასლია, – უპასუხა მან.
– შევამჩნიე, – დაუფარავი ბრაზით თქვა ლორიამ, – და იმასაც ვხვდები, რომ ორიგინალიც გაქვთ!
– თავისთავად, – დაუდასტურა ნიკამ.
– ასე რომ, დავუბრუნდეთ კითხვას, – განაგრძო ლორიამ, – ვინ ხართ და საიდან გაქვთ ეს დოკუმენტი?
– დოკუმენტი გარდაცვლილი ანდრო სირაძის მეუღლემ გადმომცა. მე მის ინტერესებს ვიცავ.
– ადვოკატი ხართ?
– ადვოკატის რანგში სასამართლო პროცესზე ვიქნები. ამჟამად კერძო დეტექტივის რანგში ვმუშაობ ამ საქმეზე, – უპასუხა ნიკამ.
– გასაგებია, მაგრამ, მე ვერ ვხვდები თქვენი სტუმრობის მიზეზს. რისთვის უჩვენეთ ჩემს თანამშრომელს ეს ხელშეკრულება და რას ემსახურებოდა თქვენი უაზრო წინადადება სესხის კანონის დარღვევით გაცემის თაობაზე? – განაგრძო ლორიამ, – სხვათა შორის, თქვენ კრედიტოფიცერს დაუფარავად შესთავაზეთ ქრთამი. თქვენ, რა თქმა უნდა, არაფერი იცით ამის შესახებ, მაგრამ, გაფრთხილებთ, რომ ყოველი ჩვენი ოფისი აღჭურვილია სათვალთვალო მოწყობილობებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სამართალდამცველებს თქვენი და კრედიტოფიცრის საუბრის ვიდეოჩანაწერს წარვუდგენთ და... დანარჩენს თავადაც მიხვდებით...
– თქვენმა კრედიტოფიცერმა პირველად მიიღო ასეთი წინადადება?! – ირონიით ჰკითხა ნიკამ.
– არა... მაგრამ, ყველა წინა შემთხვევაში ის ზუსტად ასე იქცეოდა – უარით პასუხობდა წინადადების ავტორს და მე მატყობინებდა ამის შესახებ.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა ნიკამ, – მაშინ, როგორ დაიდო ხელშეკრულება ანდრო სირაძესთან?
– ჩვეულებრივად. ხელშეკრულების თანახმად, ბატონი სირაძე ბანკის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. შესაბამისად, გაიცა სესხი, – უპასუხა ლორიამ.
– მისი მეუღლე აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ამ სესხის შესახებ, სესხის უზრუნველსაყოფად კი ბანკში მისი კერძო საკუთრებაა ჩადებული.
– ქალბატონი სირაძე ნოვატორი არ არის ამ საქმეში. მე ადრეც შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ოჯახის წევრის მიერ სესხის აღების შესახებ და ავანტიურისტული მეთოდებით ცდილობდნენ ბანკის გადაგდებას. თუ თქვენ მართლაც დაინტერესებული ხართ თქვენი კლიენტის კეთილდღეობით, ურჩიეთ, ხელი აიღოს ამ საქმეზე. გარწმუნებთ, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევს, – დამრიგებლური ტონით თქვა ლორიამ.
– ჩვენ შეგვიძლია, ახლავე მოვაგვაროთ ეს საკითხი.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ლორიამ.
– თქვენ თქვით, რომ ყველა ოფისი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, – განაგრძო ნიკამ.
– დიახ.
– გადმომეცით ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია ნანა სირაძე ხელშეკრულების დადებისას და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ამით დამთავრდება!
– ეს... ეს... ეს კონფიდენციალური მასალაა, – აღელდა ლორია, – ბანკის უშუალო ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ასეთ ჩანაწერს ვერავის გადავცემ.
ნიკა სწრაფად გადასწვდა ტელეფონს, ყურმილი ლორიას მიაწოდა და უთხრა:
– მე არ მეჩქარება. დაუკავშირდით ბანკის ხელმძღვანელობას!
– ასეთ საკითხებზე ტელეფონით არ ვმსჯელობ! – ლორიამ სწრაფად დადო ყურმილი.
– თუ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს?! – დამცინავად ჰკითხა ნიკამ.
– საკმარისია!.. – ბრაზით წამოიძახა ლორიამ, – მე უკვე გითხარით ყველაფერი, რისი თქმაც მსურდა. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ!
ნიკა ადგა, ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, ლორიას თვალებში ჩააცქერდა და ცივად უთხრა:
– ეს კაბინეტიცაა აღჭურვილი სამეთვალყურეო მოწყობილობით?!
მასპინძელმა დუმილით უპასუხა.
– აღჭურვილია... ეს უშენოდაც ვიცი, – განაგრძო ნიკამ, – და, ძალიანაც კარგი, რომ აღჭურვილია. ახლა კი ყურადღებით მომისმინე, წინწკლებიანო ბიჭო! ერთი წამითაც რომ შემპარვოდა ეჭვი, რომ იმ ხელშეკრულების დადებისას ნანა სირაძე ბანკში იმყოფებოდა, სიტყვასაც არ დავძრავდი ამის შესახებ. მაგრამ, ვიცი, რომ ის აქ არ ყოფილა. დღეს ბოლო შანსს გაძლევ. განავალი, რომელშიც აღმოჩნდი, შენი ხელით უნდა გაქექო. ამას თუ არ გააკეთებ, მე გაგაქექინებ, მაგრამ, უკვე ცხვირით!.. გაიგე?.. – მოულოდნელად ჩაჰყვირა ნიკამ და საკინძეში სწვდა.
– ხელი გამიშვი! – სუსტად გაიბრძოლა ლორიამ.
ნიკამ ძლიერად უბიძგა, სავარძლის საზურგეს მიახეთქა და ლაპარაკი განაგრძო:
– ამ ჩანაწერს შენი ბანკის ხელმძღვანელებს აჩვენებ. იცოდე, გადავამოწმებ და მე თვითონ ვუამბობ, რაზეც აქ ვისაუბრეთ – ეს კარგად დაიმახსოვრე, წინწკლებიანო ბიჭო! – დაასრულა ნიკამ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან. ლორიამ გააფთრებული მზერით გააცილა დაუპატიჟებელი სტუმარი და, როგორც კი მან კარი გაიხურა, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა ნომერი.
* * *
ნიკას ორიოდ კვარტალი ჰქონდა გავლილი, მისი მობილური რომ აწკრიალდა. ეკრანზე დოდოს ნომერი გამოჩნდა.
– გისმენ... – მაშინვე უპასუხა ნიკამ.
– ქალთან ურთიერთობის უცნაური წესი გქონია, – გაიცინა დოდომ.
– რატომ?
– ორი დღის განმავლობაში ერთხელაც არ დაგირეკავს.
– არ გეწყინოს, ძალიან დაკავებული ვიყავი, – თავი იმართლა ნიკამ.
– მესმის, მაგრამ, ხომ შეგეძლო დაგერეკა და მხოლოდ ერთი ფრაზა გეთქვა: „როგორ ხარ, ძვირფასო?.. ძალიან მენატრები, მაგრამ, საქმეებს ვერსად გავექეცი!..“ შეგეძლო?..
– შემეძლო... დამნაშავე ვარ. რით გამოვისყიდო დანაშაული? – გაეცინა ნიკას, – საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, დანარჩენზე კი თანახმა ვარ.
– ახლა გცალია? – ჰკითხა დოდომ.
ჯერ შუადღე იყო. ნიკას კიდევ რამდენიმე საქმის მოგვარება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, დოდოს განაწყენება არ უნდოდა და უპასუხა, თავისუფალი ვარო.
– მაშინ, შეგხვდები, – შესთავაზა მან.
– ახლა?! – გაუკვირდა ნიკას.
– ჰო, ახლა.
– კი მაგრამ, ახლა შუადღეა. არ დაგიმალავ, საღამოს მართლაც ვაპირებდი შენთან შემოვლას, – უპასუხა ნიკამ.
– წეღან ვიღაც დანაშაულის გამოსყიდვაზე ლაპარაკობდა, – შემპარავი ხმით განაგრძო დოდომ.
– მახსოვს, – დაეთანხმა ნიკა.
– ჩათვალე, რომ ეს შენი სასჯელია. დღევანდელ დღეს მე დამითმობ.
– და, ეს სასჯელია? – ისევ გაეცინა ნიკას.
– შენი საქციელით თუ ვიმსჯელებ, სასჯელია!
– კარგი... სახლში მოგაკითხო? – ჰკითხა ნიკამ.
– არა, არა... ახლა მართლაც სახლში ვარ, მაგრამ, სხვაგან შეგხვდები. ნუცუბიძის პლატოს ბოლოში ამოდი. იქ, ლისის ტბის მხარეს, ახალი იპოდრომია. იცი ის ადგილი?
– ვიცი.
– ნახევარ საათში იქ გელოდები... გკოცნი, – დაასრულა დოდომ და მობილური გათიშა.
„ლისის ტბა... იპოდრომი... – ჩაფიქრდა ნიკა, – რა შუაშია იპოდრომი?.. შეიძლება, იქ რომელიმე ორიგინალური კაფე ან რესტორანია, ან რამე ამდაგვარი და იპოდრომი მხოლოდ ორიენტირად, ადგილის მისანიშნებლად გამოიყენა...“
ნახევარი საათი არც იყო გასული, როცა ნიკა იპოდრომს მიუახლოვდა. დოდოს მანქანა იპოდრომის წინ, ავტოსადგომზე იდგა. ნიკამ მის გვერდით გააჩერა მანქანა და გადავიდა. დოდო მალე გამოჩნდა – ის იპოდრომის ცენტრალური შესასვლელიდან გამოვიდა. მიახლოებისას დოდო შეჩერდა და კმაყოფილი მზერით შეათვალიერა. შემდეგ სწრაფად მიუახლოვდა, მკერდზე მიეახლა და ტუჩის კუთხეში აკოცა.
– როგორ ხარ? – მკლავი მოხვია ნიკამ და ძლიერად მიიკრა მკერდზე.
– მოვიწყინე უშენოდ. გთხოვ, ნუღარ მოიქცევი ასე, – დოდომ ფრთხილად გაითავისუფლა თავი, უკან გადგა და ღიმილით ჩააცქერდა სახეში.
– კარგი, პირობას გაძლევ, – ნიკამ ირგვლივ მიმოიხედა და მერე ჰკითხა – სად მივდივართ?
– არსად... ადგილზე ვართ, – უპასუხა დოდომ.
– აქ რა უნდა გავაკეთოთ? – გაუკვირდა ნიკას.
– გამომყევი, მოგეწონება... – თვალი ჩაუკრა დოდომ და იპოდრომის მთავარ შესასვლელს მიუბრუნდა.
აზარტულობის მიუხედავად, ნიკას არასდროს იზიდავდა ცხენები, იპოდრომი და ყველაფერი ის, რაც ამ სფეროსთან იყო დაკავშირებული. ცხოვრებაში ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, დასწრებოდა დოღს, ახლა კი ინტერესით ათვალიერებდა ბილიკებზე მორბენალ კუნთებდაძაგრულ შესანიშნავ ცხენებს. მათი ნაწილი საჩეხებში იდგა და ადამიანის შემჩნევისას, მოლოდინით უახლოვდებოდა ღობურას. თითქოს ყველას აგრძნობინებდა, ამ ერთი ციდა სათავსოში მარტო ყოფნა მომბეზრდა, კარი გამიღეთ და ბილიკზე, სარბენად გამიშვითო. შეიცვალა დოდოც: ის თვალებანთებული ათვალიერებდა ცხენებს და გატაცებით უამბობდა მათი ჯიშების, წინაპრებისა და მიღწევების შესახებ. დროდადრო კი ღობურასთან მიდიოდა, ცხენებს ეფერებოდა და ყურში ალერსით ჩასჩურჩულებდა მოსაფერებელ სიტყვებს. ჩანს, ცხენებიც კარგად იცნობდნენ მას, რადგან, დოდოს მიახლოებისას ისინიც მისკენ მოიწევდნენ, თავს მხარზე ჩამოადებდნენ და ადგილზე გაქვავებულები ისმენდნენ მის ჩურჩულს.
– მახსოვს, სტუდენტობისას როგორ დააქროლებდით შენ და შენი მეგობრები მოტოციკლებს. თუ არ მეშლება, უნივერსიტეტში ერთადერთი სტუდენტი იყავი, რომელიც მოტოციკლით მოდიოდა ლექციებზე, – ნიკას მიუბრუნდა დოდო.
– ჰო, იყო ასეთ დრო, – გაეღიმა მას.
– გინდა, ის შეგრძნება დაიბრუნო? – განაგრძო დოდომ, – არა, უფრო მეტი მიიღო, ნამდვილი, სუფთა ადრენალინი!
– ცხენით ჯირითს მთავაზობ? – გაუკვირდა ნიკას.
– გამოიცანი, – თავი დაუქნია დოდომ.
– არა, არა... – იუარა ნიკამ, – მე არაფერი მესმის ამის, ცხენზე არასდროს ვმჯდარვარ.
– მითხარი ისეთი რამ, რაც შენს ცხოვრებაში პირდაპირ მეორედ მოხდა. ყველაფერი ხომ პირველით იწყება და ყველაზე დაუვიწყარი და განუმეორებელი სწორედ ის პირველი შეგრძნებაა. გაიხსენე პირველი სიყვარული, პირველი სექსი – ყველაფერი, რაც პირველად მოხდა შენს ცხოვრებაში... ესეც იგივეა. დამიჯერე, ნიკა, არასდროს დაგავიწყდება იმ შეგრძნება, რომელიც ცხენის ჭენებისას დაგეუფლება, – გატაცებით თქვა დოდომ.
– მესმის ადამიანის, რომელიც სწრაფად დაქრის მოტოციკლით ან მანქანით, ყვინთავს აკვალანგით, ხტება პარაშუტით, მაგრამ, ვერ ვხვდები, რით მიგიზიდეს ცხენებმა?
დოდომ ორივე მკლავი მოხვია კისერზე, ტუჩებით ყურზე მიეკრა და ვნებით ჩასჩურჩულა:
– არაფერი არ აღმაგზნებს ისე, როგორც ფეხებსშუა მოქცეული ულაყი, რომელიც სიტყვას და ჟესტს კი არა, მხოლოდ ჩემი სხეულის მოძრაობას ემორჩილება!.. სცადე, იქნებ, შენც მოგეწონოს...
ნიკას თბილ ტალღად დაურბინა სხეულში ჟრუანტელმა. დოდომ უმალ შეიგრძნო ეს ტალღა, ნაზად აკოცა ყურის ძირში, უკან გადგა და ჰკითხა:
– გადაწყვიტე?
– ვცდი, – თავი დაუქნია მან.
– წამოდი, მე უკვე შევუკვეთე ცხენები, – დოდომ მკლავი გამოსდო და უახლოესი საჩეხისკენ წაიყვანა.
საჩეხში რამდენიმე მამაკაცი ტრიალებდა. ორი მათგანი ცხენს უნაგირს ადგამდა, ერთი უკვე შეკაზმული ცხენი კი ღობურაზე მიებათ. დოდოს დანახვისას ცხენებმა მისკენ გამოიწიეს. შესაკაზმავ ცხენს მამაკაცებმა წასვლის საშუალება არ მისცეს – ერთმა მათგანმა აღვირი მოზიდა და ცხენი უკან მიაბრუნა, მეორემ კი ღვედების შეკვრა განაგრძო.
დოდო მეორე ცხენს მიუახლოვდა, ღობურიდან ახსნა და ნიკასკენ წამოიყვანა. მოძრაობისას ცხენი მის მოფერებას ცდილობდა – ცხვირით ეხებოდა მხარზე, კისერზე და ყურზე.
– კარგი, კარგი... – იცინოდა დოდო, – ტყუილად მელაქუცები. დღეს არაფერი გამოგივა, ნიკას ცხენი იქნები.
– გაიცანი, ეს „ოსკარია,“ სამი წლის ინგლისური ცხენი. ის სავსებით შეეფერება დამწყებ მხედარს – მშვიდია და საგანგებოდ გაწვრთნილი. მხედარს თუ რაიმე შეეშალა, თავად გამოასწორებს შეცდომას. ასე რომ, თუ არ დაგემორჩილა, სიჯიუტედ ნუ ჩაუთვლი, – დოდო ნიკას პირისპირ შედგა და აღვირი ხელში ჩაუდო, – მოეფერე. ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ალერსის მიმართ. გრძნობს კეთილგანწყობას და თავადაც ასევე პასუხობს.
ნიკამ ხელი ასწია და ცხენს ფრთხილად ჩამოუსვა შუბლზე ხელი. ცხენი უმალ გამოცოცხლდა, მისკენ მიიწია, ინტერესით დაყნოსა და თავით ლოყაზე გაეხახუნა. ნიკას მართლაც მოეწონა შეხება. თვითონაც მოეფერა ცხენს – ორივე მკლავი მოხვია კისერზე და ფაფარი აუჩეჩა.
– შესანიშნავია. თქვენ უკვე გაუგეთ ერთმანეთს, – ღიმილით თქვა დოდომ და მოახოებულ მეჯინიბეს მეორე ცხენის აღვირი ჩამოართვა, მერე მოხდენილი მოძრაობით მოაჯდა უნაგირს და ნიკას მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო. ის მიხვდა, რასაც ელოდა დოდო, ფეხი უზანგში შედგა და სხეული ზემოთ აზიდა. ცალი ფეხი უკვე უნაგირზე ჰქონდა გადადებული, ცხენი ოდნავ რომ შეინძრა. ნიკამ მაშინვე დაკარგა წონასწორობა და, გვერდით მდგარი დოდო რომ არა, ალბათ თავდაყირა გადმოეშვებოდა ცხენიდან. ქალმა დროულად შეაშველა ხელი. ნიკამ წონასწორობა აღიდგინა, უნაგირზე მოეწყო და მადლიერებით გახედა დოდოს.
– შესანიშნავი დასაწყისია, – შეაქო დოდომ, – ახლა ყველაზე მარტივ წესებს აგიხსნი: თუ აღვირს მარცხნივ მოქაჩავ, ცხენი მარცხნივ შებრუნდება. შესაბამისად მოიქცევა, თუ აღვირს მარჯვნივ მოქაჩავ. ცხენის ადგილიდან დასაძრავად გვერდებში ქუსლები ამოჰკარი. ძლიერი დარტყმა საჭირო არ არის – „ოსკარი“ ჭკვიანი ბიჭია, მცირე შეხებაც ეყოფა. ცხენის შესაჩერებლად აღვირი უკან უნდა მოქაჩო. დღეისთვის საკმარისია, ჯერ ამით დავიწყოთ. მიდი!
ნიკა დარიგებისამებრ მოიქცა – ცხენს ქუსლებით მსუბუქად შეეხო გვერდებზე. „ოსკარი“ მაშინვე დაიძრა ადგილიდან და ბილიკს გაუყვა. დოდო გვერდით გაჰყვა, თან რჩევებს აძლევდა.
– თუ წინასწორობას ვერ იკავებ, ცხენს მუხლები მჭიდროდ შემოუჭირე... წინ ნუ გადაიხრები, წელში გაიმართე და ცხენის მოძრაობას აჰყევი – ისე, თითქოს ქალთან ხარ ლოგინში... მოკლედ, არ გესწავლება...
ნიკა მონდომებით ცდილობდა რჩევების შესრულებას. თავს ძალა დაატანა, წელში გაიმართა, ცხენის რიტმულ მოძრაობას აჰყვა და... შეგრძნება, რომ მანქანით მგზავრობდა ოღროჩოღრო გზაზე, მალე გაქრა. ნიკამ მთელი სხეულით შეიგრძნო ცხენი, რომლის ზურგიც რიტმულად მოძრაობდა ზემოთ-ქვემოთ. ამაში მართლაც იყო რაღაც მიმზიდველი, რის ბოლომდე აღქმასაც ის ჯერჯერობით ვერ ახერხებდა.
– ყოჩაღ, – შეაქო დოდომ, – კარგი მოსწავლე ხარ, სწრაფად ითვისებ ყველაფერს!
ამასობაში ორივე ცხენი სარბენ ბილიკზე გავიდა და გვერდიგვერდ განაგრძო გზა.
– როგორ გრძნობ თავს? – დოდომ იმდენად ახლოს მისწია ცხენი ნიკასკენ, რომ მათი მუხლები პერიოდულად ეხებოდა ერთმანეთს.
– იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე ვვარაუდობდი, – უპასუხა ნიკამ, – შესანიშნავია. ასე მგონია, მთელი დღე არ მომბეზრდება ასე სეირნობა.
– ცხენები ჩემი მთავარი გატაცებაა, – განაგრძო დოდომ, – ვიღაცას „ფერარი“ მოსწონს, ვიღაცას – „ასტონ მარტინი“, ვიღაცა თანამდებობასა და გავლენაზე გიჟდება, ვიღაცას ხუთკარატიან ბრილიანტზე ეკეტება ტვინი, მე კი ცხენებზე ვაფანატებ. ერთი ოცნება მაქვს: ვცხოვრობდე ქალაქიდან მოშორებით, ისე, რომ ჩემი სახლის სიახლოვეს არც სხვა სახლი იყოს და არც გზატკეცილი გადიოდეს. ორგვლივ სიმშვიდე იყოს და მყავდეს რამდენიმე ცხენი.
– შენ და სიმშვიდე?! – გაუკვირდა ნიკას.
– შენ მე კარგად არ მიცნობ. ის გოგონა, რომელიც უნივერსიტეტიდან გახსოვს, წარსულში დარჩა. მე დამღალა ხმაურმა, მოუსვენარმა ცხოვრებამ და ახლა მხოლოდ სიმშვიდეს ვეძებ.
– ამ ცხენებიდან რომელიმე შენი ხომ არ არის?
– არა... ეს ნამდვილი ფუფუნებაა. კარგი ცხენი ძალიან ძვირი ღირს – ორმოცდაათი, სამოცი, ასი ათასი დოლარი. არანაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული მისი შენახვაც. ამდენს ვერ გავქაჩავ. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ დროდადრო აქ მეძლევა ცხენით სეირნობის შესაძლებლობა.
– რას ნიშნავს – დროდადრო? – გახედა ნიკამ.
– კვირაში რამდენჯერმე. აქ ჩემს რამდენიმე ნაცნობს ჰყავს ცხენები და ისინი მაძლევენ სეირნობის უფლებას, – დააზუსტა დოდომ.
– „ოსკარი“ ვისი ცხენია?
– ნუ მკითხავ, – გაიცინა დოდომ.
– რატომ?
– გთხოვ... იმ პიროვნებას არ უყვარს თავისი ქონების აფიშირება.
– გასაგებია... – ჩაილაპარაკა ნიკამ.
– შენი საქმე როგორ მიდის? – საუბრის თემა შეცვალა დოდომ, – გაარკვიე რამე?
– ჯერჯერობით ადგილზე ვიტკეპნები. როგორც ჩანს, ისევ მომიწევს შენს კომპანიაში მოსვლა, – უპასუხა ნიკამ.
– რისთვის?
– ინწკირველს სერიოზულად უნდა ვესაუბრო. არ მჯერა პანამელი მოქალაქისა და უკრაინაში მცხოვრები მითიური გენერალური დირექტორის არსებობა. შენც და მეც კარგად ვიცნობთ საქართველოს და ვიცით, რომ ადგილობრივი მფარველის, უფრო კი მოწილეს გარეშე, კომპანია ერთ კვირასაც ვერ გაქაჩავს. მე მისი ვინაობა მჭირდება. გამორიცხულია, რომ ინწკირველს ურთიერთობა არ ჰქონდეს მასთან.
– სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარები, – გულისტკივილით ჩაილაპარაკა დოდომ.
– მჯერა... და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პიროვნება საგულდაგულოდ მალავს თავის კავშირს კომპანიასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენც გეცოდინებოდა მისი ვინაობა.
– სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. მე მაქვს ჩემი საქმე, ყველაფერი ის, რაც მის შესასრულებლად მჭირდება და ამაში მიხდიან საკმაოდ სოლიდურ ხელფასს. დანარჩენი კი ჩემი საქმე არ არის, – თქვა დოდომ.
– თუმცა, ის სოლიდური ხელფასი ცხენის შესაძენად არ გყოფნის, – გაიცინა ნიკამ.
– არ მყოფნის... მაგრამ პესიმისტი არასოდეს ვყოფილვარ. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც მოვახერხებ ამ ოცნების ასრულებას, – დოდო მცირე ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო, – ორი დღის შემდეგ კომპანია მივლინებაში მგზავნის ბათუმში, იქ ათი-თორმეტი დღე მომიწევს ყოფნა. კომპანიას საკუთარი სახლი აქვს სარფში, რომელსაც მაღალი რანგის ხელმძღვანელების დასასვენებლად ან უცხოელი პარტნიორების მისაღებად იყენებენ. ახლა იქ არავინაა. რას იტყვი, წამოხვალ ჩემთან ერთად?
– არ შემიძლია, – დაუფარავი გულისტკივილით უპასუხა ნიკამ, – სამუშაოს ვერ მივატოვებ.
– რატომ? შენ ხომ ქირურგი არ ხარ. თანაც, ფინანსურ საქმეზე მუშაობ. სამუშაო არსად გაგექცევა – ჩამოხვალ ბათუმიდან და გააგრძელებ...
– არ შემიძლია, დოდო. ვერ წარმოიდგენ, როგორ მწყდება გული, მაგრამ, მე ადამიანს პირობა მივეცი. მას ჩემი იმედი აქვს და მარტოს ვერ მივატოვებ! – თავი გააქნია ნიკამ.
– მე მეგონა, შეიცვალე. შენ კი ისევ ისეთი იდეალისტი ხარ, როგორიც სტუდენტობისას იყავი, – ყრუდ ჩაილაპარაკა დოდომ და ცხენი ააჩქარა.
იგივე სცადა ნიკამაც და, დარიგებისამებრ, ცხენს ქუსლები მსუბუქად შემოჰკრა გვერდებში. სწორედ ამ დროს ღობის მიღმა ბუჩქნარიდან, რომლის გასწვრივაც გზატკეცილი გადიოდა, მანქანის გაბმული სიგნალი გაისმა. სიგნალმა საშინლად დააფრთხო „ოსკარი“ – ცხენი მოულოდნელად გახტა გვერდზე, შემდეგ კი ადგილს მოსწყდა და ჭენებით გაუყვა ბილიკს. ნიკამ გაჭირვებით შეძლო თავის შეკავება. დოდომ მაშინვე გააფიცხა ცხენი, უკან მიჰყვა და თან უყვიროდა:
– აღვირი... აღვირი მოქაჩე!..
ნიკამ ძლიერად მოქაჩა აღვირი. „ოსკარმა“ ოდნავ შეანელა ჭენება, შემდეგ კი მოულოდნელად ყალყზე შედგა, შებარბაცდა, უკან გადაქანდა და ზემოდან დაასკდა უნაგირიდან გადავარდნილ ნიკას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში