მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-15(641)
– გორბაჩოვს გულისხმობთ?
– მას და მის ბანდას, – სიმწრით თავი გააქნია ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მტრის უშუალო, მიყიდული აგენტია და მის ყველა მითითებას ყურმოჭრილი მონასავით ასრულებს.
– ალბათ, – დავეთანხმე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – არც მე მახსენდება ასეთი მაღალი დონის მოღალატის სახელი კაცობრიობის ისტორიაში.
გორბაჩოვის სახელი ჩემს ჩანაწერებში არაერთხელ მიხსენებია და ყოველთვის, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში. თუკი ის გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი და „მსოფლიოს გადამრჩენი“ იყო, დღესდღეობით თითქმის ყველა მიხვდა, თუ რა საბედისწერო, უცუდესი როლი ითამაშა მან მსოფლიოში.
რამდენიმე წლის წინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ვიმყოფებოდი და ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გორბაჩოვის ყოფილ პირად მცველს შევხვდი, რომელიც საბჭოეთის დაშლისთანავე გაემგზავრა ქვეყნიდან და თავის ყოფილ პატრონს უკიდურესი ზიზღით მოიხსენიებდა.
– იცით, ჩემო მეგობარო, გორბაჩოვი რომ ხელისუფლებაში მოვიდა და მოქმედებები დაიწყო, ასეულ მილიონობით ადამიანს ეგონა, რომ ახალი, ბედნიერი ხანა დგებოდა. ის კი, თურმე, ამერიკელების პირდაპირი აგენტი ყოფილა.
– როდის მიხვდით ამას?
– ძალიან გვიან.
– მაინც, როდის?
– ყოველ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული აგვისტოს პუტჩი სრული ფარსი იყო. ის ყირიმიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას მოსკოვში. „გეკაჩეპე“ განტევების ვაცად გამოიყენეს, ხალხის ყურადღება მათზე გადაიტანეს და გორბაჩოვი სუფთად გამოიყვანეს თამაშიდან.
– ვინ?
– რა თქმა უნდა, ამერიკელებმა. გორბაჩოვს ძალიან ეშინოდა, რომ მოტყუებული ხალხი მას ცოცხლად გაატყავებდა და ასეთი კომბინაციაც მისი ტყავის გადასარჩენად მოიფიქრეს. სამწუხაროა, რომ მისი გაშიფვრა არ მოხერხდა.
– რომ გაგეშიფრათ, რას იზამდით?
– ძნელი სათქმელია. ალბათ, მოვკლავდი.
– ეჰ, ჩემო მეგობარო, ასეთი ვერაგი მტრის გამოცნობა რომ ადვილი იყოს, მაშინ არც ჰიტლერი იბოგინებდა და ამდენ უბედურებას ვეღარ დაატრიალებდა და არც მისი მსგავსნი.
– მართალს ბრძანებთ, – დამეთანხმა გორბაჩოვის ყოფილი პირადი მცველი, – ამ ნაძირალამ ჰიტლერზე არანაკლები უბედურება დაატრიალა მსოფლიოში. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ის დღემდე ცოცხალია და პასუხს არავინ სთხოვს.
– მოვა დრო და მოსთხოვენ. ახლა კი თქვენი პასუხისგების დრო მოვიდა. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი ყოფილი პატრონის აღსასრულს ვერ მოესწრებით, – ვუთხარი ობიექტს, რომლის სალიკვიდაციოდ 300 ათასი დოლარი იყო გადახდილი და მას გულში ვესროლე მაყუჩიანი პისტოლეტიდან, იქვე დავტოვე და სასტუმროდან ჩუმად გამოვედი.
გორბაჩოვის ყოფილი მცველი იარაღით მოვაჭრეებმა შემიკვეთეს, რომლებსაც ის ხელს უშლიდა. მას სიამოვნებით დავტოვებდი ცოცხალს და გორბაჩოვის აღსასრულის ნახვის საშუალებას მივცემდი, მაგრამ საქმე საქმეა და ვერ გადავდებდი...
– კოკი, ჩემო ძვირფასო, გადადებული საქმე ეშმაკისაა, ამიტომ არასდროს გადადო სახვალიოდ ის, რაც დღეს უნდა გააკეთო, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, ეროვნებით ქართველი, რომელიც ძალიან მხიარული ადამიანი იყო და ისეთი იუმორით მოყვებოდა ხოლმე ყველაზე საზარელი მკვლელობის ამბებს, საკუთარ ყურებს არ დაუჯერებდი. მას „ძია დიტოს“ ვეძახდი და ვეტყოდი ხოლმე:
– ძია დიტო, ისე მხიარულად მითხარი, იმ პოლკოვნიკს წიწილასავით წავაცალე თავიო, თითქოს მართლაც წიწილა დაკალი და არა ადამიანი.
– რას ამბობ, კოკი, ის პოლკოვნიკი სამშობლოს მოღალატე იყო და იმიტომ გავიმეტე, თორემ, წიწილას რას ვერჩი?
– კარგი, რა, ძია დიტო, წიწილა და ადამიანი ერთია?
– ერთი როგორაა, შვილო, მაგრამ, მოღალატე არაკაცია, არაკაცი კი უნდა გაანადგურო, – ფილოსოფიურად მომიგო მან და დაამატა – იცი, რომ ცხოვრებაში ქათამი არ დამიკლავს?
– არ მჯერა.
– ზოგჯერ მეც არ მჯერა, მაგრამ, ფაქტია. მოკლედ, იმას გეუბნებოდი, რომ საქმე ყოველთვის დროზე გააკეთე და არასდროს გადადო, თორემ, საქმეებმა დაგროვება იცის და ერთბაშად ვერ აუხვალ.
ძია დიტო დიდი განათლებითა და სიბრძნით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, სასარგებლო რჩევების მოცემა იცოდა ხოლმე და მართალი იყო, რომ ამბობდა, საქმე არასოდეს გადადოო. მე დღემდე ვასრულებ მის ამ შეგონებას და გასაკეთებელს ყოველთვის დროზე ვაკეთებ. არასოდეს არაფრის გადადება არ მიყვარს და არც მოვლენებს ვუსწრებ წინ, რადგან, სულსწრაფობამ, ისევე, როგორც დაგვიანებამ, შესაძლოა, საქმე წაახდინოს. ერთხელ, მე და ჩემი მეწყვილე, ვინმე ფედია, ბუდაპეშტში ვიყავით გაგზავნილი ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ობიექტი ზუსტად დღის პირველ საათზე უნდა გამოსულიყო სასტუმროს შენობიდან და მე ის სნაიპერული შაშხანით უნდა მომეკლა. ჩვენ მოპირდაპირე შენობაში გვქონდა შერჩეული საცეცხლე წერტილი და ყურსასმენები მეკეთა. იმავე გეგმის მიხედვით, რაც არ უნდა ხელსაყრელი მომენტი მქონოდა, მიმართულების მიმცემის სიტყვიერი დასტურის გარეშე გასროლა არ უნდა განმეხორციელებინა. ფედია გვერდით მედგა, მას სპეციალური ბინოკლი ჰქონდა, იმით აკონტროლებდა ობიექტს და სწორი გასროლის განსახორციელებლად რჩევები უნდა მოეცა.
შესრულდა თუ არა პირველი საათი, ობიექტი სასტუმროდან გამოვიდა და ფედიამ მითხრა:
– ორი გრადუსით მარცხნივ და ხიე!
– დადასტურება არ მიმიღია და ჯერ ვერ ვესვრი, – მშვიდად მივუგე ფედიას, მან კი ნერვულად მითხრა:
– რა დადასტურება? ჩქარა, თორემ ხელიდან წაგვივიდა!
– დამიდასტურებენ და ვესვრი, – ვუთხარი ფედიას. ამ დროს ყურსასმენში მიმართულების მიმცემმა ხმადაბლა მითხრა:
– ფედია შენ გვერდითაა?
– დიახ.
– ჩქარა მოკალი, ობიექტი ეგაა. ბოლო მომენტში დადგინდა.
– არის! – მივუგე მიმართულების მიმცემს და შაშხანა გავასწორე, მაგრამ მისი ტარი ფედიას ყბაში ვთხლიშე და გავთიშე. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორჯერ ვესროლე თავში და მოვკალი. სნაიპერული შაშხანა კი ვიოლინოს ყუთში ჩავდე, ქუდი დავიხურე და იქაურობას მოვშორდი. ეს ისტორია კი იმიტომ მოვყევი, რომ ჩემი საქმისადმი პედანტურობა რომ არ გამომეჩინა და დადასტურების გარეშე მომეხდინა გასროლა, უდანაშაულო ადამიანს მოვკლავდი. თუმცა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და სუპერპროფესიონალებიც კი ცდებიან. მათ შორის, ერთხელ მეც შევცდი, მაგრამ, განგება დამეხმარა და ჩემი უნებლიე შეცდომა კატასტროფით არ დასრულებულა.
ერთხელ, ბულგარეთში, ქალაქ ვარნის პლაჟზე ერთი ობიექტის ლიკვიდაცია უნდა მომეხდინა. ის ჩეხი იყო და „კაგებემ“ მისი მოშორება ანტისაბჭოური პასკვილების გამო გადაწყვიტა, რაც ძირს უთხრიდა ჩვენს ქვეყანას. ვარნაში რომ ჩავედი, „კაგებეს“ ახალბედა თანამშრომელი ვიყავი და სულ რამდენიმე მსგავსი დავალება მქონდა შესრულებული. გეგმის მიხედვით, ობიექტივისთვის შხამიანი ისარი უნდა მომერტყა მარცხენა მხარში და ის რამდენიმე წუთში ინფარქტით მოკვდებოდა, ისარი კი დადნებოდა და მკვლელობის კვალს ვერავინ აღმოაჩენდა.
ოქროს შემოდგომა იდგა. მე ზღვის პირას, ღია კაფეში ვიჯექი და გლიასეს ვსვამდი, თან ობიექტს ველოდებოდი, რომელიც წამი-წამზე უნდა გამოჩენილიყო და ისიც ღია კაფეში დამჯდარიყო. ობიექტი გამოჩნდა. მას თეთრი პერანგი და შავი ჯინსი ეცვა და სპორტული კეპი ეხურა. მაგრამ, ის სასტუმროში შევიდა, ორიოდე წუთის მერე კი გამოვიდა, თუმცა, ამჟამად თეთრი შარვალი, შავი პერანგი და პიჯაკი ეცვა. ის ღია კაფეში არ დამჯდარა, გზა განაგრძო და, აშკარა იყო, რომ იქვე მდგომ ტაქსიში უნდა ჩამჯდარიყო. მე წამოვდექი, ერთადერთი შხამიანი ისარი გავამზადე, ვტყორცნე და მარცხენა მხარში შევარჭვე. ობიექტი ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. „ორიოდე წუთში მზად იქნება. მე კი წავედი“, – თვითკმაყოფილმა ვთქვი გუნებაში და, როცა მეც ტაქსისკენ გავემართე, რომ იქაურობას გავცლოდი, სასტუმროდან ობიექტი გამოვიდა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული. ის ღია კაფეში დაჯდა და ვისკი შეუკვეთა. მივხვდი, რომ ორეულთან მქონდა საქმე. სასწრაფოდ კონსპირაციულ ბინაში გავემართე, რათა ამ ფანტასტიკური დამთხვევის შესახებ მოსკოვისთვის მეცნობებინა და ცენტრს გადაეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი. მივდიოდი და ტყუილად მოკლულ ორეულზე ვფიქრობდი, რადგან ის არაფერ შუაში იყო. მოსკოვმა უკან გამიწვია. შჩუკინთან დარცხვენილი რომ მივედი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა ღიმილით მითხრა:
– მართლაც რომ ფანტასტიკაა და ასეთი რამ ყოველ ას მილიონ შემთხვევაში ერთია. შენ რომ ესროლე, თურმე, ობიექტის ტყუპისცალი ყოფილა, მაგრამ, ამის შესახებ არც ერთმა ძმამ არ იცოდა. შენ არ გამტყუნებ. ისინი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ბედის ირონიით, ორივე ძმა ერთ პატარა ქალაქში ჩავიდა დასასვენებლად და შენ ამიტომ შეცდი.
– მაინც ჩემი ბრალია.
– რატომ?
– იმიტომ, ამხანაგო გენერალო, რომ სხვადასხვა ტანსაცმელი ეცვათ და უნდა მომეტვინა.
– ეგ არაფერი. შენ იფიქრე, რომ ნომერში ავიდა და გამოიცვალაო.
– დიახ, სწორედ ასე ვიფიქრე, მაგრამ, მაინც შევცდი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი მოვკალი.
– მერედა, ვინ გითხრა, რომ მოკალი? ის ცოცხალი და საღ-სალამათია.
– ეგ როგორ? ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეესო მას ისარი მარცხენა მხარში. რა, შხამმა არ იმოქმედა?
– არა, – გაეცინა შჩუკინს, – ორეულს ხის ხელი აქვს და იმან გადაარჩინა. ბავშვობაში ავარიაში დაკარგა მარცხენა ხელი. ასე რომ, ჩემო კოკი, დამშვიდდი და განმეორებითი დავალების შესასრულებლად მოემზადე. შესრულების იარაღი იგივეა, თუმცა, ამჯერად ის უკვე იტალიაში, კუნძულ კაპრიზე უნდა მოიხელთო.
კაპრიზე არანაირ შემთხვევითობას არ ჰქონია ადგილი, ამიტომ დავალება ზუსტად შევასრულე და იქიდან ისე ავორთქლდი, რომ არავის მოვუკითხივარ.
– ყოჩაღ, კოკი, კლასიკური ნამუშევარი იყო, – შემაქო ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მოსკოვში რომ დავბრუნდი და მას დავალების შესრულება ვუპატაკე.
– ძალიან დაიღალე?
– არა, რატომ მეკითხებით, ამხანაგო გენერალო?
– კიდევ ერთი დავალების შესრულება უნდა დაგავალო და შენი მდგომარეობა მაინტერესებს.
– კარგ ფორმაში ვარ, თუნდაც ახლავე გამიშვით საქმეზე.
– სწორედ ახლა მინდა დავალებაზე შენი გაშვება და ამიტომ გკითხე. ესე იგი, კარგ ფორმაში ხარ?
– რა თქმა უნდა. სად, რა დავალებაზე უნდა გავემგზავრო?
– შორს წასვლა არ მოგიწევს. აი, ამ გემზე ეგრეთ წოდებული „ცეხავიკების“ შეხვედრა ეწყობა და შენ, აი, ეს ობიექტი უნდა მოიშორო, – მითხრა შჩუკინმა და ორმოციოდე წლის კაცის სურათი მაჩვენა, – მდინარემდე მოტოციკლით მიხვალ. იქიდან კი გემს კატერით დაეწევი, ზედ ახვალ, საქმეს შეასრულებ და კვლავ იმავე გზით დაბრუნდები. ჩვენ ერთ მრავალსვლიან ოპერაციას ვახორციელებთ და ეს საქმე პირველი ნაბიჯია.
შჩუკინის კაბინეტიდან პირდაპირ საქმეზე წავედი, მანამდე კი სასწრაფოდ შევინიღბე, შლემი ჩამოვიცვი და მდინარე მოსკოვის ნაპირზე მივედი. ბინდდებოდა, როცა კატერი გემს მივაბი, ზედ ავძვერი, ობიექტს ორჯერ ვესროლე თავში და იმავე გზით უკან დავბრუნდი. საათ-ნახევარიც არ იყო გასული, რომ კვლავ ვიქტორ იაკოვლევიჩს ვეახლე და დავალების შესრულება უკვე მეორედ ვუპატაკე.
– შენ სუპერპროფესიონალი ხარ. წადი, დაისვენე, – მითხრა გენერალმა და მე წამოვედი.
შჩუკინი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ჩემი პროფესიონალიზმით და ხშირად უთქვამს:
– კოკი, შენი გაშვება მდუღარე ვულკანშიც კი არ მეშინია – ისეთი პროფესიონალი ხარ, იქიდანაც ცოცხალი დაბრუნდები.
– ეგ უფრო გამართლებაზეა დამოკიდებული, ვიდრე პროფესიონალიზმზე, – ვუთხარი ერთხელ შჩუკინს, როდესაც მან თავისთან დამიბარა და მორიგი საქებარი სიტყვები მითხრა.
– არ იფიქრო, რომ ყველას უმართლებს. გამართლებასაც პროფესიონალიზმი სჭირდება, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა და საქმეზე გადავიდა, – აქ კი იმიტომ დაგიბარე, რომ საკმაოდ რთული დავალება უნდა მოგცე. დაახლოებით ისეთი, რომლის შესრულებასაც მარტო პროფესიონალიზმი არ ყოფნის და გამართლებაც სჭირდება.
– გისმენთ, ამხანაგო გენერალო!
შჩუკინმა ჩემი ხნის მამაკაცის ფერადი ფოტო მაჩვენა და მკითხა:
– გეცნობა?
– რა თქმა უნდა. ეს ხომ ტოლია ნაუმოვია. კოჯორში ერთად ვსწავლობდით. შემდეგ ბალაშიხაშიც შემხვდა, მაგრამ, კოჯრისგან განსხვავებით, იქ უკვე აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მე განსაკუთრებულ სექტორში ვცხოვრობდი და იქ არავის უშვებდნენ, – ვუთხარი შჩუკინს, მან კი მითხრა:
– ნაუმოვი იგივე „ისარია“. ის ჩვენი არალეგალი მზვერავი იყო ლათინურ ქვეყანაში და სწორედ ბალაშიხაში მოამზადეს ამისთვის. თუმცა, მან გვიღალატა – ამერიკელებს ჩაჰბარდა და, სანამ გავშიფრავდით, ორი წელი გვატყუებდა. ვერც სალიკვიდაციოდ მოვიხელთეთ და ვერც იმისთვის, რომ აქ ჩამოვათრიოთ, გავასამართლოთ და დავსაჯოთ. ერთი სიტყვით, მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. მას მუდმივი საცხოვრებელი არც აქვს, ის სულ მოძრაობაშია და ამერიკელებს უარიც კი უთხრა გარეგნობის შეცვლასა და დამალვაზე. მოკლედ, მას თავისუფალი ცხოვრება და „გულაობა“ ურჩევნია და ამისთვის ფულიც აქვს. ბოლოს და ბოლოს, მაინც მივაგნებდით, მაგრამ, მოულოდნელად გავიგეთ, რომ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავგამოდებული გულშემატკივარია და, თურმე, ყველა გადამწყვეტ მატჩს ესწრება. ზეგ ელ-კლასიკოა, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ ეთამაშება და, იმის დიდი ალბათობაა, რომ ნაუმოვი ამ თამაშს დაესწროს. შენც დაესწრები თამაშს და იქნებ გაგიმართლოს. აი, ბილეთები. სადაც გაგიხარდება, იქ დაჯექი. თუ მოიხელთებ, ხომ კარგი, თუ არა და, კარგ თამაშს ხომ მაინც ნახავ და უკან დაბრუნდები.
ვიქტორ იაკოვლევიჩმა ბარსელონის სტადიონ „ნოუ კამპის“ ათი ბილეთი გადმომცა, რომლებიც სხვადასხვა ტრიბუნების იყო. ეს ბილეთები შავ ბაზარზე რომ გამეყიდა მატჩის დღეს, ახალთახალ სპორტულ მანქანას ვიყიდდი.
„ბარსა“-„რეალის“ თამაში, ანუ ელ-კლასიკო, მანამდე ოთხჯერ მქონდა ნანახი უშუალოდ სტადიონზე: ორჯერ – მადრიდში, ორჯერაც – ბარსელონაში. დიდი ფეხბურთის ქომაგობა და ამ სფეროში ჩახედულობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ გენერალმა შჩუკინმა შეუსრულებელი მისია დამაკისრა. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების ყველა შეხვედრა სტადიონს პირთამდე ავსებს და, როგორ უნდა იპოვო ასი ათას კაცს შორის „კაგებეს“ კარგად გაწვრთნილი, ყოფილი აგენტი?..
ბარსელონაში თამაშის დღეს ჩავედი, „ბარსას“ სამოსში გამოვეწყვე და მის ფანებს შევერიე. ჯიბეში მატჩის ათი ბილეთი და „კაგებეს“ ლაბორატორიაში დამზადებული სპეცრეკვიზიტები მედო, იმ შემთხვევისთვის, თუკი ნაუმოვს ვიპოვიდი. თუმცა ამის შანსი თითქმის არ არსებობდა. სტადიონზე დურბინდი შევიტანე და ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე ვათვალიერებდი ტრიბუნებს იმ იმედით, რომ იქნებ ნაუმოვისთვის მომეკრა თვალი. თუმცა, ობიექტი ვერ აღმოვაჩინე და თამაშის დამთავრებისთანავე დავტოვე სტადიონი, სადაც მასპინძლებმა იმარჯვეს. ინსტრუქციის თანახმად, მოსკოვში დილით უნდა დავბრუნებულიყავი და კონსპირაციული ბინისკენ გავემართე ღამის გასათევად. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომს რომ ჩავუარე, ჩემი ყურადღება შავგვრემანმა გოგონამ მიიპყრო, რომელიც სპორტულ მანქანაში ჯდებოდა. მე მას თვალი გავაყოლე და ტოლია ნაუმოვს, იგივე „ისარს“ მოვკარი თვალი, რომელმაც მანქანა ადგილიდან მოწყვიტა... დაყოვნება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი მანქანა ქურდულად გავხსენი, რაც კოჯორში მასწავლეს და ობიექტს „კუდზე დავაჯექი.“ ნაუმოვი, როგორც უკვე ვთქვი, კარგად გაწვრთნილი აგენტი იყო და მასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მან მე ვერ შემნიშნა და იმ დროს წამოვადექი თავზე აბაზანაში, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, რომ მომხიბვლელ, შავგვრემან გოგონასთან ერთად ნეტარებას მისცემოდა. მე მას პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს!
ნაუმოვი შემობრუნდა, რომ დამინახა, უმალვე მიცნო და მშვიდად მითხრა:
– კოკი, შენ?.. როგორ მომაგენი?
– სრულიად შემთხვევით. „ნოუ კამპის“ ავტოსადგომზე დაგინახე და მოპარული მანქანით აქამდე გდიე, – აბსოლუტური სიმართლე ვუთხარი „ისარს“. მან, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ჩემი სიტყვები და მითხრა:
– დორამ გამყიდა?
– დორა, ალბათ, ის მშვენიერი, შავგვრემანი არსებაა, რომელიც პულვერიზატორით მივაძინე. მაგრამ, იძულებული ვიყავი, რომ ეს მექნა და ბოდიში სენიორიტასთან, – კვლავ სიმართლე ვუთხარი ნაუმოვს. მან კი მითხრა:
– გეყოფა, თავს ნუ იკატუნებ, კოკი, დორამ ჩამიშვა. მაგრამ, როგორ გახვედით მასზე? მე ხომ ის, სულ რაღაც, სამი დღის წინ გავიცანი?
– მთავარი ის კი არ არის, ნაუმოვ, გჯერა თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, არამედ ის, რომ ხელში ჩაგიგდე. ფრთხილად, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე ჩაიცვი და წამომყევი, – ვუთხარი ნაუმოვს და გზა დავუთმე, რომ აბაზანიდან გასულიყო.
– ეეჰ, დორა, დორა! მე კი ის თითქმის შემიყვარდა, არადა, თურმე, „კაგებესთან“ ყოფილა შეკრული, – თავი გააქნია ნაუმოვმა, როდესაც აბაზანიდან გამოდიოდა. უცებ ელვისებურად შემობრუნდა, რომ თავს დამსხმოდა, მაგრამ აპერკოტი ამოვკარი, გავთიშე და დავაყოლე:
– გითხარი, რომ შემთხვევით მოგაგენი-მეთქი, კრეტინო!
ნაუმოვი საიმედოდ გავკოჭე და კარგად გამოფხიზლებულიც არ იყო, რომ საბჭოთა გემის ტრიუმში იწვა, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა. „ისარი“ სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და სამშობლოს ღალატისთვის თხუთმეტი წელი მიუსაჯა. თუმცა, ის სულ რაღაც ორ წელიწადში გაათავისუფლეს და უცხოეთში გამგზავრების საშუალება მისცეს. საქმე კი ის იყო, რომ მომხიბვლელი, შავგვრემანი დორა ცნობილი კოლუმბიელი მილიარდერის ერთადერთი ქალიშვილი აღმოჩნდა. მილიარდერი კი საბჭოეთის მეგობარი იყო და მოღალატე ნაუმოვი საკუთარი ქალიშვილის დაჟინებული თხოვნით გაათავისუფლებინა ჩვენს მთავრობას. ჩვენს მთავრობას კი ნაუმოვის პატიმრობაზე მეტად მილიარდერი სჭირდებოდა და ასეთ დათმობაზე იმიტომ წავიდა. მახსოვს, შჩუკინი მაშინ ამბობდა:
– სწორედ რომ სასწაული დატრიალდა ნაუმოვის თავზე. საშინელი ციხიდან ოქროს სასახლეში ამოყო თავი. არა, რა, ტყუილს არ ამბობენ, რომ ლათინოსი ქალის გადაკიდებას, ჯობია, ეშმაკს გადაეკიდოო...
ეშმაკის რა მოგახსენოთ, მაგრამ, დორას წყალობით ნაუმოვი ქერის ორმოში ჩავარდა და მილიარდერი სიმამრის მარჯვენა ხელი გახდა. დორამ მას ხუთი შვილი გაუჩინა და მათი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კოლუმბიელი მილიარდერი ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკომოვაჭრე ყოფილა მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე კი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა და მისი ყველა საქმე ნაუმოვმა ჩაიბარა. მაშინ ამ ტერაქტზე ბევრს ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთი საუბრის დროს შჩუკინს ვუთხარი:
– ნაუმოვის სიმამრი, ალბათ, ამერიკელებმა ააფეთქეს.
– არა, ის კონკურენტებმა მოკლეს. თავიდან, ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ, შევცდით. არადა, ის კაცი ძალიან გვადგებოდა. ინვესტიციებსაც დებდა ჩვენს ეკონომიკაში და, რაც მთავარია, აგენტურულ საქმიანობაშიც გვეხმარებოდა. პასუხი უნდა გავცეთ და მისი მკვლელობის შემკვეთი უნდა გავანადგუროთ. სწორედ ამიტომ დაგიბარე აქ. აი, ესაა სამიზნე, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა ობიექტის სურათი მაჩვენა და დაამატა – ესეც კოლუმბიელია, მაგრამ, თითქმის სულ უცხოეთშია, ხოლო, სამშობლოში რომ ჩადის, ისეთ ცხრაკლიტულში იკეტება, მის მოკვლას ერთი პოლკი დასჭირდება.
– მეც, სხვაგან მოვიხელთებ.
– არც ესაა იოლი – ახლა გაძლიერებული დაცვა ჰყავს და მასთან ადვილად ვერ მიხვალ. თუმცა, შენთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს და, აბა, შენ იცი.
ობიექტი ბრაზილიაში რიოს ერთ-ერთ ფეშენებელურ ვილაში მოვიხელთე, რომელიც დაცვის სამმაგი ზოლით იყო შემოზღუდული. მას მე ვერტმფრენიდან გავუხსენი ცეცხლი, რომელსაც თავადვე ვმართავდი და საკუთარ საცურაო აუზში ნაფლეთებად ვაქციე. ეს იყო ჩემი უკანასკნელი საქმე „კაგებეში“ მუშაობის პერიოდში – ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ჩვენი უზარმაზარი ქვეყანა დაიშალა. მოსკოვში რომ დავბრუნდი და შჩუკინს პატაკის ჩასაბარებლად ვეახლე, მან ბოლომდე მომისმინა და მითხრა:
– ყოჩაღ შენ, როგორც ყოველთვის, ამ ამოცანასაც წარმატებით გაუმკლავდი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს შენი ბოლო მისია იყო „კაგებეში“.
– ბოლო მისია? ეგ როგორ?
– როგორ და, მსგავსი სპეცოპერაციები მკაცრად აკრძალეს, რაც ძალიან ცუდი ნიშანია.
– რას გულისხმობთ?
– იმას, ჩემო კოკი, რომ ჩვენს უწყებას ფუნქციებს უზღუდავენ და, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა დასასრულისკენ მიდის.
მაშინ შჩუკინის სიტყვები გადამეტებული მომეჩვენა და ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. თუმცა, მეტი დავალება აღარ შემისრულებია. საბჭოეთის დაშლისთანავე „კაგებეც“ დაიშალა, მეც უმუშევარი დავრჩი და, რომ არა ძია რომანი, ვინ იცის, რა გზას დავადგებოდი.
სხვათა შორის, ტოლია ნაუმოვთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მომიწია. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და ჩვენი ტრადიციული შეხვედრის ადგილზე, ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ მივედი, მითხრა:
– შემკვეთს პირადად სურს შენთან შეხვედრა. თუ თანახმა ხარ, მაშინ ორმოცდაათ ათას დოლარს გიხდის გზასა და ცხოვრებაში. გაწყობს?
– სად უნდა შევხვდე?
– რიოში გეპატიჟება.
– ხომ იცი, რომ საკუთარ თავს არ ვშიფრავ?
– ის მარტო მოვა, თანაც, შენ ხომ შენიღბული მიხვალ... რას იტყვი? თუ საქმეს აიღებ, მილიონს გადაგიხდის.
– კარგი. გადაეცი, რომ ერთ კვირაში რიოში ვიქნები და მაცნობოს, სად მივიდე.
ერთი კვირის შემდეგ შემკვეთს ოკეანეში, რიოდან ორ კილომეტრში, წყალში მცურავ იახტაზე შევხვდი, სადაც მისმა ხელქვეითმა მიმიყვანა და თვითონ უკან დაბრუნდა. იახტის ფეშენებელურ სალონში რომ შევედი, შევცბი – ჩემ წინ ტოლია ნაუმოვი იდგა. მე საიმედოდ შენიღბული ვიყავი. მან ვერ მიცნო და ესპანელისთვის დამახასიათებელი ინგლისურით მითხრა:
– დაბრძანდით, სენიორ!
მე სავარძელში ჩავეშვი და მივუგე:
– გისმენთ.
ნაუმოვმა გორგოლაჭიანი მაგიდა მოაგორა, რომელზეც ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი და სიგარები ელაგა და მითხრა:
– ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მიირთვით.
– გმადლობთ, სენიორ. გისმენთ.
ნაუმოვმა სიგარა გააბოლა, შემდეგ ოქროს ჩარჩოში ჩასმული სურათი დამიდო წინ და მითხრა:
– ეს დორაა, ჩემი გარდაცვლილი მეუღლე. მე ის უზომოდ მიყვარდა. მას კი უფრო მეტად ვუყვარდი. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც გავიცანი, ოცდაერთის კი, როდესაც დავქორწინდით. მან მე ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს: პირველად მაშინ, როცა „კაგებეს“ ციხიდან გამომიყვანა, მეორედ კი ამ ორი თვის წინ, როცა მკვლელი მომიგზავნეს – ჩემი დორა წინ გადამეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ჩემი სიცოცხლე. მე მინდა, რომ მისი მკვლელობის შემკვეთს წამებით ამოხდეს სული. თქვენზე მითხრეს, ნებისმიერ საქმეს ასრულებსო. თუ თანახმა ხართ, ფულს ახლავე მიიღებთ – სრულ მილიონ დოლარს.
ნაუმოვის სიტყვები გულის ამაჩუყებლად ჟღერდა და ლაპარაკი რომ დაასრულა, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. მე მას გავუღიმე და ვუთხარი:
– თანახმა ვარ, სენიორ. ვინაა სამიზნე?
ნაუმოვის სამიზნე კოლუმბიელი ნარკობარონი, მისი ერთ-ერთი კონკურენტი აღმოჩნდა.
– სენიორ, გიმეორებთ, მან საშინელ წამებაში უნდა დალიოს სული.
– მაშინ, ერთ რამეს შემოგთავაზებთ და, ვფიქრობ, თანახმა იქნებით.
– ბრძანეთ.
– სენიორ, ასე მგონია, რომ მისი წამებით მოკვლა თქვენ უფრო დაგაკმაყოფილებთ. ამიტომ, მე მას იქ მოგგვრით, სადაც მეტყვით, დანარჩენი კი თქვენ იცით.
– ეს საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, განუხორციელებელი. მას ისე საიმედოდ იცავენ, რომ ახლოს არ მიგიშვებენ. მის წამებით სიკვდილში შხამიანი ტყვიით დაჭრას ვგულისხმობდი.
– მე მას თქვენ მოგგვრით – ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. ოღონდ, ცოტა დრო მჭირდება – მაქსიმუმ, ორი თვე.
– კეთილი, თანახმა ვარ. რამდენი უნდა დაგიმატოთ?
– არც ერთი ცენტი. უბრალოდ, მითხარით, სად უნდა მოვიყვანო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში