კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იძია ქალმა შური ყოფილ ქმარზე და როგორ გაძარცვა მისი კუთვნილი სეიფი

42 წლის ზურა გ-ძე  საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მოათავსეს. ახალგაზრდა მამაკაცს, ფიზიკური ძალადობის  შედეგად მიღებული ტრავმების გარდა, დანით გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობაც აღენიშნებოდა. დაზარალებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა  პოლიციაშიც განაცხადეს  მომხდარის შესახებ – მათი ინფორმაციით ადამიანი, ვინც ზურა გ-ძე დაჭრა მისი ყოფილი მეუღლე, 35 წლის  ლალი მ-ძე იყო. 

ამონაწერი მოწმის, ზურა გ-ძის დის, მანონი გ-ძის ჩვენებიდან: „ლალი მ-ძე ჩემი ყოფილი რძალია. ის და ზურა ერთმანეთს 5 წლის წინ დაშორდნენ, ჰყავთ 14 წლის ქალიშვილი. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, ლალი სხვა მამაკაცზე დაქორწინდა. ბოლო პერიოდში ჩემს ძმას თავის ყოფილ ცოლთან ურთიერთობა ძალიან გაურთულდა –  ლალი ცდილობდა სხვადასხვა გზით გამოეძალა ფული ზურასთვის, რაც მათ გამწვავებულ ურთიერთობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ლალი საბაბად შვილის კეთილდღეობას იყენებდა, სინამდვილეში კი, ყოფილ ქმარს ფულს ახალი ქმრისთვის სძალავდა.”      

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ინციდენტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ლალი მ-ძის ბინაში მოხდა. ახალგაზრდა ქალთან  სასაუბროდ მისულ  ქმარს ქალი სასტიკად გაუსწორდა – ჯერ დანა დაარტყა, შემდეგ კი დაჭრილი მამაკაცი სცემა. ამონაწერი მანონი გ-ძის ჩვენებიდან: „დედამ დამირეკა და მითხრა,  რომ ზურა ლალისთან წავიდა, მეც  უკან გავყევი.  როცა ლალის სახლში მივედი, ინციდენტი უკვე მომხდარი იყო –  ჩემი ძმა დაჭრილი დივანზე იწვა და სისხლი სდიოდა. ლალი კი დაჭრილ ზურას ხან ხელით სცემდა, ხან ხის სკამის სახელურით. ამის თვითმხილველნი  იყვნენ  ჩემი არასრულწლოვანი ძმისშვილი და ლალის მეგობარი, რომელიც ამაოდ ცდილობდა ქალის შეჩერებას.“  

მოგვიანებით, სამართალდამცველებთან  ლალი მ-ძის მეგობარმაც დეტალურად აღწერა ინციდენტი. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „სახლში მე, ლალი და თეკლა ვიყავით. როცა ზურა მოვიდა, ჩვენ სამზარეულოში ვისხედით. ვიცოდი, რომ სასაუბრო ჰქონდათ და ბავშვთან ერთად სამზარეულოდან გავედი. ძალიან მალე ხმაური და ყვირილი  შემომესმა.  როცა ოთახში შევბრუნდი, ლალის ხელში დანა დავინახე, ზურა კი უკვე დასისხლიანებული. დივანზე იყო მიწოლილი. მალე ზურას დაც მოვიდა, სასწრაფო მან გამოიძახა ლალის სახლში.”  

რა გახდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამის შესახებ გამოძიებისთვის წინასწარი მოკვლევით გახდა ცნობილი. ამ ინციდენტამდე ორი  კვირით ადრე, ლალი მ-ძე ზურა გ-ძის ჩვენების საფუძველზე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ქმარი ყოფილ ცოლს ბინის ძარცვასა და ქურდობაში ადანაშაულებდა.  ქურდობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება.  

ზურა გ-ძის კუთვნილი ბინა, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, დაუდგენელმა დამნაშავემ გაძარცვა. სახლიდან რამდენიმე საათით გასულ მამაკაცს, უკან დაბრუნებისას ბინიდან მოპარული დახვდა 3 500 დოლარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ზურა გ-ძემ პოლიციაში განაცხადა. როგორც გამოძიებისთვის გახდა  ცნობილი, ზურა გ-ძემ ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტომობილი გაყიდა, ფულს კი სახლში ინახავდა. ქურდს ამ ფულთან ერთად ბინიდან რამდენიმე ოქროს სამკაულიც მოეპარა. გამოძიება დამნაშავეს რომ ეძებდა, დაზარალებული მამაკაცისთვის ცნობილი გახდა, რომ  ბინის გაძარცვის დროს მეზობლებმა სახლის სიახლოვეს მისი ყოფილი მეუღლე ნახეს. ის იქ შემთხვევით  არ უნდა  ყოფილიყო. ამის შესახებ ზურა გ-ძემ პოლიციასაც აცნობა; ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „მე და ლალის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მასთან კონტაქტს არ ვწყვეტდი. ავტომანქანა რომ გავყიდე, ამის შესახებ  ლალის სწორედ იმ დღეს  ვუთხარი: ხვალ ფულს მომიტანენ და ათას ლარს, რომელიც ბავშვის სწავლისთვის უნდა გადამეხადა,  აუცილებლად მოგიტან-მეთქი. იმ დღეს ფული მართლაც მომიტანეს და მეგობრის ხელით გავუგზავნე ჩემს ყოფილ ცოლს. რამდენიმე საათი იქნებოდა გასული, ბავშვმა დამირეკა და მათთან მისვლა მთხოვა. საღამო იყო, სახლში მარტო ვიყავი, დედაჩემი თავის დასთან იყო წასული და რამდენიმე დღე იქ რჩებოდა.  ბავშვმა ამის შესახებ იცოდა და თავისდაუნებურად, დედასთანაც თქვა. როდესაც თეკლასთან მივედი, ლალი სახლში არ დამხვდა.  ღამე იყო და ბავშვის მარტო ყოფნა გამიკვირდა. მეგობართან არის წასულიო, მითხრა თეკლამ. სახლში ალბათ, ორ საათში დავბრუნდი. კარი ღია დამხვდა – ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, მე დამრჩა ღია-მეთქი. სამზარეულოში, კარადის ქვეშ პატარა სეიფი გვაქვს, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იციან.  სეიფი  გაფუჭებულია, არ იკეტება, მაგრამ ფულს მაინც იქ ვინახავ ხოლმე.  სახლში შესვლისთანავე სეიფი გავხსენი – იმ დილით შენახული 3 500 დოლარი იქ აღარ იყო. საძინებლიდან მოპარული იყო დედაჩემის ოქროს ბეჭედი და საყურე, რომელიც ადრე ბევრჯერ გახდა დედაჩემისა და ლალის დავის თემა. იმ წუთებში ლალიზე ეჭვი არ მიმიტანია. პოლიცია გამოვიძახე, რომელთაც დაადასტურეს ჩემი ეჭვი, რომ ბინა ახლობლის მიერ იყო გაქურდული. ამ ინციდენტიდან მეორე-მესამე დღეს, დედაჩემს მეზობელმა უთხრა, რომ იმ საღამოს ლალის სადარბაზოსთან შეეფეთა. ის კი შეეცადა, თავი აერიდებინა მისთვის.  მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადე პოლიციაში, ვისზეც ეჭვის მიტანა შემეძლო, ეს ჩემი ყოფილი ცოლი იყო. ლალი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ მან უარყო რაიმე კავშირი ამ ფაქტთან. განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ჩემი სახლი გაიქურდა მეგობართან იყო. ალიბი იმისთვის გაიკეთა, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათ. თუმცა, სახლის გაქურდვა ადამიანისთვის, რომელსაც იმ სახლის  გასაღები ჰქონდა, რა პრობლემა უნდა ყოფილიყო. მან ორ საათში  სახლის გაძარცვაც  მოასწრო და მეგობართან გავლაც. ბავშვსაც სპეციალურად დაარეკინა ჩემთან. თუმცა, თეკლას წარმოდგენაც არ ჰქონდა, დედამისი რას გეგმავდა.”   

იმ დღეს, როცა ლალი მ-ძემ ყოფილი ქმარი დაჭრა, კაცი მასთან ქურდობის ფაქტზე სასაუბროდ იყო მისული. ამონაწერი ზურა გ-ძის ჩვენებიდან: „როგორც კი ბინაში შევედი, ლალი მაშინვე თავს დამესხა. მე როგორ მაბრალებ ქურდობას, შენი შვილის დედას ციხისთვის იმეტებო? – ყვიროდა გამწარებული. მე ვუთხარი: დარწმუნებული ვარ, სახლიდან გამომიტყუე ბავშვის დახმარებით და მერე შენ გამქურდე-მეთქი.  უცებ დანას  წამოავლო ხელი და გულში დამარტყა. ხმაურზე მისი მეგობარი შემოვარდა, ვერც იმან გააჩერა – ხან ხელებს მირტყამდა, ხან – ხის ჯოხს.”    

ლალი მ-ძე  ყოფილი ქმრის დაჭრის ფაქტზე დააკავეს. მან ჩადენილი  დანაშაული აღიარა – მოგვიანებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩადენილი ქურდობის ფაქტზეც. თავიდან ლალი მ-ძე უარყოფდა  დანაშაულს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარეალიზაციოდ ჩაბარებული დედამთილის კუთვნილი ოქროს სამკაულების ამოღება მოხერხდა, ის იძულებული გახდა, ჩადენილი ქურდობის ფაქტიც ეღიარებინა. ამონაწერი ლალი მ-ძის ჩვენებიდან: „სამი წელი ზურას ბავშვისთვის არაფერი გაუკეთებია, ჩემი სახსრებით ვინახავდი შვილს. როცა გავიგე, რომ მანქანა გაყიდა,  ბავშვის სკოლის ფულის გადახდა ვთხოვე. ამაზე დამთანხმდა, მაგრამ მითხრა, ამის გარდა  ჩემგან ერთ ლარსაც ვერ მიიღებო. ვალდებული იყო ჩემთვის ფული გადაეხადა, ამდენი წელი მარტო ვზრდიდი შვილს.   ვიცოდი,  ფულს სადაც ინახავდა, ბავშვის დახმარებით სახლიდან გამოვიყვანე. ვიცოდი, რომ ჩემი დედამთილიც არ იყო სახლში. გასაღები მქონდა, ბინაში უპრობლემოდ შევედი, ფულთან ერთად ჩემი დედამთილის ორი სამკაულიც ავიღე. სადარბაზოსთან   მეზობელს შევეჩეხე.  თავის  არიდება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ოქროს ნივთები მეგობრის მეზობელს მივუტანე ოქროს ბირჟაზე გასაყიდად.” 

სასამართლომ  დააკმაყოფილა  ლალი მ-ძის ადვოკატის შუამდგომლობა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, გაითვალისწინა რა, რომ ის არასრულწლოვანი გოგონას დედაა და  ყოფილი ქმრის გაქურდვისა და დაჭრის ბრალდების სანაცვლოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

скачать dle 11.3