ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემს ძაღლს ხშირად აქვს კუჭის პრობლემები. რისი ბრალი შეიძლება იყოს კუჭის აშლილობა?
პასუხი: ხშირი კუჭის აშლილობა შეიძლება, საკვების მიცემასთან, დისბაქტერიოზის ან რაიმე სხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, საჭიროა მიზეზის დაზუსტება და სათანადო მკურნალობის ჩატარება. ამაში კი ვეტერინარი დაგეხმარებათ.
კითხვა: მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავუქლიბო ძაღლს ბრჭყალები, შესაძლებელია თუ არა ეს სახლის პირობებში და როგორ?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე სად იმყოფება თქვენი ძაღლი, ქუჩაში თუ სახლში, რამდენ ხანს ასეირნებთ მას გარეთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურა სახლშიც შესაძლებელია ჩატარდეს, ამისთვის დაგჭირდებათ სპეციალური მკვნეტარა, მაგრამ უმჯობესია, ეს პროცედურა სპეციალისტმა ჩაატაროს.
კითხვა: რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ძაღლს ჯღიბამ? გაზაფხულზე ჯღიბები გააქტიურდნენ. როგორ დავიცვათ ძაღლები?
პასუხი: ჯღიბში ალბათ, ტკიპას გულისხმობთ. მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ცხოველს, რადგან მისი საშუალებით გადადის პიროპლაზმოზები, რომელიც რთულად იკურნება. ტკიპებისგან დასაცავად ძაღლი უნდა დაამუშაოთ სპეციალური საშუალებებითა და ანტიპარაზიტული წვეთებით.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რას მოიცავს ძაღლის მინიმალური გაწვრთნა?
პასუხი: ძაღლის მინიმალურ გაწვრთნაში შედის აუცილებელი საბაზისო ბრძანებები: მოდი! დაჯექი! დაწექი! ადგილზე! დარჩი! ფუ (გაუშვი)! გვერდით! (სეირნობისას), ჩუმად! დაიყეფე! მომიტანე! გაითვალისწინეთ, რომ გამორიცხულია, ძაღლის ფიზიკური შეხებით დასჯა – ასე უფრო ძნელად მიაღწევთ შედეგს.
კითხვა: მყავს 10 წლის გერმანული ნაგაზი. როგორც ხვდებით, ის უკვე ასაკშია. მაინტერესებს, რამე სპეციალური დანამატი ხომ არ უნდა მივცე საკვების სახით, ანუ, შევიტანო თუ არა კვებაში ცვლილებები?
პასუხი: როცა ძაღლი ასაკშია, მას ხელის შეწყობა არა მხოლოდ კვებაში, არამედ სხვა რამეშიც სჭირდება. მაგრამ, რადგან თქვენ კონკრეტულად კვება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მისთვის აუცილებლად სპეციალური რაციონია საჭირო. არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად ასაკიანი ძაღლებისთვის არის განკუთვნილი და მისი მიღება ძალიან კარგია ძაღლის ორგანიზმისთვის. ის იმ მინერალებს შეიცავს, რომლებიც ხანში შესული ძაღლის ორგანიზმს ესაჭიროება. ასე რომ, არ დაიზაროთ და, ასაკში შესულ ძაღლს აუცილებლად შეუქმენით პირობები, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობს.
კითხვა: ჩემს ძაღლს ერთხელ ჰქონდა ღებინება. რამდენიმე ვეტერინართან გვყავდა მიყვანილი, მაგრამ ყველამ სხვადასხვა პასუხი გაგვცა, კონკრეტული მიზეზი მგონი მაინც ვერ დაადგინეს, როგორ გავიგოთ, რომელია სწორი პასუხი?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის ერთი ექიმიდან მეორესთან და მესამესთან ტარება. ეს უშედეგო მცდელობაა, რადგან ყველა ექიმს მკურნალობის თავისი მეთოდი აქვს და, როდესაც ამის არევა ხდება, ხშირ შემთხვევაში, შედეგი აბსოლუტურად წარუმატებელია. ამიტომ, არჩევანი ერთ ვეტერინარზე გააკეთეთ.