კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დახვრეტილი თბილისელი თავადის ვაჟი ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი

შარშან, 2012 წლის 9 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში, თავის ფეშენებელურ აგარაკზე, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კრიმინალური  სამყაროს ლეგენდა ვიქტორ ანდრონიკოვი, მეტსახელად „შავგვრემანი“. 1920 წლის 9 მაისს, თბილისში, თავად ლევან ანდრონიკაშვილის ოჯახში დაბადებულ ერთადერთ ვაჟს ძალიან დინამიკური და ფათერაკებიანი ცხოვრება ჰქონდა, რომელიც უამრავი ლეგენდით, აშკარა თუ დაუჯერებელი ისტორიით იყო აღსავსე და რეალურ მასალებს მის შესახებ აწ უკვე რუსეთის მილიციის არქივები ინახავს. ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია ექსკლუზიურ მასალებზე დაყრდნობით იბეჭდება და რედაქციასთან შეუთანხმებლად გადაბეჭდვა ყოვლად დაუშვებელია. მასალაში მოხსენიებული ყველა პიროვნება რეალურია, ზოგიერთი მათგანი კი ცნობილი ისტორიული პირია.

 

„გადაგდებული“ სტალინი

ვიქტორ ანდრონიკოვი ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი იყო საბჭოთა კავშირის კრიმინალური სამყაროს ისტორიაში. მან ეს ტიტული 15 წლის ასაკში, 1935 წელს მიიღო ცნობილ მოსკოვურ „სხოდკაზე“, რომელიც ცნობილ „მალინაზე“ გაიმართა „მარინა როშჩაში“ და მას ოცი ქურდი ესწრებოდა. ეს ტიტული ანდრონიკოვმა თავისი ბიოგრაფიის წყალობით და ცნობილი ქურდის – ანტონ პავლოვის, იგივე „ოქროსთვალებას“ გადარჩენისთვის დაიმსახურა. პავლოვმა და ოთხმა კანონიერმა ქურდმა მოსკოვის საათის ქარხნის სეიფი გატეხეს, იქიდან 20 კილოგრამი ოქრო და 150 ათასი მანეთი წაიღეს და თითქმის სამშვიდობოზე იყვნენ გასულები, როდესაც მათ პატრული გადაეყარათ. ოქროსთვალება მილიციამ ფეხში დაჭრა, დანარჩენმა ოთხმა ქურდმა კი გაქცევით უშველა თავს. პავლოვი კი ოქროთი და ფულით მიწაზე ეგდო და გადაადგილება არ შეეძლო. იქვე იმყოფებოდა ანდრონიკოვიც, რომელიც პავლოვთან იზრდებოდა და ქურდებს მალულად გაჰყვა „ოპერაციაზე“. სწორედ მან მოიკიდა ზურგზე დაჭრილი ქურდი, 20 კილოგრამი ოქრო, 150 ათასი მანეთი და მოსკოვის მიწისქვეშეთში გაუჩინარდა, რომელსაც ის კარგად იცნობდა. მილიციამ მათ კვალს ვერ მიაგნო და ქურდები მშვიდობიანად დაბრუნდნენ კონსპირაციულ ბინაზე. სამაგიეროდ, ცუდი დღე გაუთენდათ გაქცეულ ქურდებს: შეიკრიბა სპეციალური „სხოდკა“, სადაც ისინი დაიბარეს, გაამტყუნეს და ქურდული ტიტულები ჩამოართვეს. ორმა მათგანმა იმავე დღეს ნაგანებით მოიკლა თავი, რათა სირცხვილი ჩამოერეცხათ, მესამე კი „ჩეკაში“ წავიდა და ოქროსთვალება დაასმინა. მილიციამ და „ჩეკამ“ ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს და  ვიქტორ ანდრონიკოვის კურთხევიდან ოთხი დღის მერე ოქროსთვალება და შავგვრემანი დააპატიმრეს, გაასამართლეს და 20-20 წლით ჩასვეს ციხეში. 15 წლის „შავგვრემანი“ ჯერ მოსკოვში, ტაგანკის ციხეში იხდიდა სასჯელს 2 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ურალში გაამგზავრეს ეტაპით. იქ მას დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა, მაგრამ, მტკიცე ხასიათისა და ფიზიკური სიძლიერის წყალობით, 17 წლის კანონიერმა ქურდმა შეძლო თავის დამკვიდრება და კოლეგებში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. 1940 წლის ივნისში, 20 წლის ვიქტორი მოულოდნელად მოსკოვში ჩაიყვანეს, დახურულ, ფარდებიან მანქანაში ჩასვეს და კრემლში, სტალინთან მიიყვანეს. დიდი ბელადის კაბინეტში სტალინის გარდა იმყოფებოდნენ ლავრენტი ბერია (რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო) და ყოფილი კანონიერი ქურდი, იმჟამად კი მილიციის პოლკოვნიკი, ნათან ფრენკელი. სწორედ ფრენკელის იდეა იყო, რომ კოლონიებში კანონიერი ქურდების პოზიციები განემტკიცებინათ, რათა მათ პატიმრები იძულებული გაეხადათ, რომ მონურად ეშრომათ. ამის გამო გაათავისუფლა სტალინმა ფრენკელი ციხიდან, მილიციაში მაღალი პოსტი და წოდება უბოძა და საპყრობილეები ჩააბარა. ფრენკელი წარმატებით უძღვებოდა თავისავე მოგონილ სისტემას და შავგვრემანიც სწორედ იმიტომ მოაყვანინა სტალინთან, რომ მისთვის ურალის მხარე ჩაებარებინათ.

– ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ავტორიტეტული ქურდი პირველად ვნახე – უთხრა სტალინმა ბერიას ქართულად და შავგვრემანს მიუბრუნდა:

– თუ არ ვცდები, ეროვნებით ქართველი თავადი ხარ და მამაშენი ცნობილი ინჟინერი იყო.

– დიახ, ის 1929 წელს დახვრიტეს, – გატეხილი ქართულით უპასუხა ვიქტორმა სტალინს და დაამატა – მაშინ 9 წლის ვიყავი. დედა სამ თვეში მიჰყვა მამას, დავობლდი და ბავშვთა სახლში მოვხვდი, იქ კი, ძირითადად, ცუდ გზას ადგებიან.

შავგვრემანის მამა რომ დახვრიტეს, ბერია მაშინ საქართველოს „ჩეკას“ მეთაურობდა და ინჟინერ ანდრონიკაშვილის საქმე კარგად ახსოვდა, მაგრამ, არაფერი უთქვამს. საუბარში კი ნათან ფრენკელი ჩაერთო და ვიქტორს შესთავაზა, თუკი ის პატიმრებს აიძულებდა ეშრომათ, პრივილეგიებს მიიღებდა.

– მე მგონი, ცუდი წინადადება არ უნდა იყოს, – უთხრა სტალინმა ავტორიტეტულ ქურდს.

– კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, – მიუგო ვიქტორმა სტალინს.

– თქვი, გისმენ, – უთხრა სტალინმა.

– სანამ ურალში დამაბრუნებთ, გთხოვთ, ორი-სამი დღით მოსკოვში დამტოვოთ, რომ ცოტა გავერთო.

– კარგი, – თქვა სტალინმა, – ხუთი დღე „მეტროპოლის“ ლუქსში იცხოვრებ, მაგრამ, ჩვენი გაცურება თუ დააპირე, იცოდე, ცუდ დღეში ჩავარდები.

შავგვრემანი კრემლიდან პირდაპირ სასტუმრო „მეტროპოლში“ წაიყვანეს, მაგრამ, რამდენიმე საათის მერე ის გაუჩინარდა, ანუ, თვით სტალინი „გადააგდო“.

ანდრონიკოვის საძებნელად მთელი „ჩეკა“ ფეხზე დადგა. მის გაქცევას ლამის ნათან ფრენკელი შეეწირა. თუმცა, ვერც შავგვრემანს მიაგნეს და ფრენკელიც გადარჩა – სტალინმა ის არ დასაჯა, რადგან, წარმატებით უძღვებოდა პენიტენციური სისტემის მართვას. იქ მილიონობით ადამიანი იჯდა და მშენებარე ქვეყანას მილიონობით უფასო მუშახელი ჰყავდა, ეს კი სტალინისთვის უმთავრესი იყო და ფრენკელიც ამან გადაარჩინა.

 

ფაშისტების რისხვა

„მეტროპოლიდან“ გაქცეული ვიქტორ ანდრონიკოვი კიევში გაემგზავრა და მან თავის ბავშვობის მეგობართან, გივი ზანდუკელთან შეაფარა თავი, რომელთან ერთადაც თბილისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. გივის მშობლებიც 1929 წელს დახვრიტეს მავნებლობის ბრალდებით. ზანდუკელი, ისევე, როგორც შავგვრემანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი იყო და თითქმის ნებისმიერი სეიფის გახსნა შეეძლო. თუმცა, ის ზეინკლის პროფესიას იყო ამოფარებული, კიევის მექანიკურ ქარხანაში მუშაობდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ახალგაზრდა, მშრომელი ჭაბუკი სეიფების რისხვა იყო. კრეშჩატიკზე, კიევის ცენტრში, მას ოროთახიანი ბინა ჰქონდა, შავგვრემანი მასთან იმალებოდა და ყველაზე ეჭვიანი კიეველი მილიციელიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას. 1940-1941 წლებში, სანამ ჰიტლერი ომს გამოუცხადებდა საბჭოთა კავშირს, გივიმ და ვიქტორმა 6 მსხვილი „საქმე“ გააკეთეს, სეიფები გაძარცვეს და 350 ათასი მანეთი წაიღეს, ხოლო, ომი რომ დაიწყო და კიევი ფაშისტებმა დაიპყრეს, ძმაკაცებმა ფაშისტების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს: მათ არალეგალური ბრძოლა გამოუცხადეს და ღამღამობით პატარ-პატარა ტერაქტებს აწყობდნენ, რომლებსაც ყოველდღიურად ორი-სამი ფაშისტის სიცოცხლე მაინც ეწირებოდა. კიევში კარგად ორგანიზებული და კონსპირირებული საბჭოთა ორგანიზაცია მოქმედებდა, თუმცა, გივისა და ვიქტორს მათთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

ამგვარად, ერთი მხრივ, საბჭოთა დაზვერვა ცდილობდა საბჭოთა პატრიოტი ტერორისტების გაშიფვრას, მეორე მხრივ კი – „გესტაპო“, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა. თუმცა, ერთიც და მეორეც პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ. უფრო მეტიც, ზაფხულის ერთ წვიმიან დღეს, ზანდუკელმა და შავგვრემანმა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმა განახორციელეს და კიევის  კომისარიატის ქვეშ ჯერ 140 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარეს, შემდეგ შენობის სალაროსა და სპეცგანყოფილებებში შეიპარნენ და, შესაბამისად, 110 კილოგრამი ოქროს ზოდები და საიდუმლო დოკუმენტების მთელი დასტა გაიტაცეს, სადაც საბჭოეთის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაგზავნი აგენტების სრული სია იყო, მათი ფოტოებითურთ... ოქროს 22 ცალი ზოდი საიმედოდ გადამალეს, საბუთები კი ვინმე მიკოლა შევჩუკთან ინკოგნიტოდ დატოვეს. ფოტოატელიეს თანამშრომელი შევჩუკი სინამდვილეში საბჭოთა მზვერავი იყო და ეს ზანდუკელმა ზუსტად იცოდა, რადგან შემთხვევით მოისმინა შევჩუკისა და თავისი მეზობლის იური მოროზის საუბარი.

ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წელს, გათავისუფლებულ კიევში, ერთ-ერთმა ძველმა მილიციელმა შავგვრემანი იცნო, რომელიც ქუჩაში მიდიოდა, იარაღი მიადო მას და დააპატიმრა. კიევის მილიციამ მოსკოვში დეპეშა გაგზავნა, სადაც შავგვრემანის პიროვნების დადგენას ითხოვდნენ. პასუხში ეწერა: რომ „ვიქტორ ლევანის ძე ანდრონიკოვი, შვიდი წლის განმავლობაში ძებნილი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავე იყო და მის გაძლიერებულ დაცვას მოითხოვდნენ მანამ, სანამ მოსკოვიდან გაგზავნილი სპეცბადრაგი ჩავიდოდა უკრაინის დედაქალაქში მის წასაყვანად. ორი დღის შემდეგ კიევში სპეცბადრაგი ჩავიდა. იმავე დღეს, გივი ზანდუკელმა, ხუთდღიანი ძებნის მერე კიევის მილიციის სამმართველოში მიაგნო შავგვრემანს და განაცხადა, რომ ის ოკუპირებულ კიევში ფაშისტებს ხოცავდა, რაც არავინ დაიჯერა. მაშინ ზანდუკელმა დაზვერვის ოფიცერთან შეხვედრა მოითხოვა და მას კომისარიატიდან გატაცებული საიდუმლო დოკუმენტების ამბავი მოუყვა.

– თუ ის საბუთები მართლა თქვენ გადმოგვეცით ინკოგნიტოდ, მაშინ ოქროს ამბავიც გეცოდინებათ და მხოლოდ მაშინ ვირწმუნებთ თქვენს სიტყვებს, – განუცხადა ოფიცერმა ზანდუკელს, რომელსაც მეტი არაფერი დარჩენოდა, რომ 22 ცალი ხუთკილოგრამიანი ოქროს ზოდის ადგილსამყოფელი მიეთითებინა. ჩეკისტებმა, მართალია, ოქრო ამოიღეს და ბანკში ჩააბარეს, მაგრამ შავგვრემანი მაინც მოსკოვში წაიყვანეს, ზანდუკელს კი ხელი არ ახლეს.

ანდრონიკოვის ამბავმა სტალინის ყურამდეც მიაღწია და მან ზანდუკელი და ანდრონიკოვი საბრძოლო წითელი დროშის ორდენებით დააჯილდოვა, ფაშისტებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის. თუმცა, შავგვრემანი პატიმრობიდან მაინც არ გაათავისუფლა – 1947 წელს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მოსკოვში, ბუტირკის ციხეში გადაიყვანეს. ამგვარად, სტალინმა მაინც არ აპატია შავგვრემანს სიტყვის გატეხა, თუმცა ის ცოცხალი დატოვა და საბრძოლო ორდენითაც დააჯილდოვა.

 

მოუხელთებელი ქურდი

მიუხედავად იმისა, რომ „ბუტირკაში“ გამომწყვდეული შავგვრემანი მხოლოდ 27 წლის იყო, მას უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდი ქურდული ავტორიტეტი ჰქონდა. თუმცა, 1952 წლის მაისში, ბუტირკის ციხის ქურდულ საკანში მასა და 66 წლის კანონიერ ქურდ ევგენი პაჟოვს, მეტსახელად „ხოლოდს“ შორის სერიოზული შელაპარაკება მოხდა, რაც შეტაკებასა და ციხის ბუნტში გადაიზარდა. ხოლოდი შავგვრემანს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს და ამის არგუმენტად საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მოჰყავდა, რითაც ის და ზანდუკელი დააჯილდოვა სტალინმა. მაგრამ, ანდრონიკოვმა პაჟოვს არაფერი დაუთმო და, როცა პაჟოვმა პირველმა დაარტყა, შავგვრემანმა მას დარტყმითვე უპასუხა. ამ კონფლიქტმა ბუტირკის ციხე ორად გაყო და ისეთი არეულობა გამოიწვია, რომ ადმინისტრაციამ დამატებითი ძალები გამოიძახა და აბუნტებული პატიმრები მძიმე ხელჯოხებით სცემეს... ხოლოდთან დაპირისპირებამ შავგვრემანის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა შავ სამყაროში, თუმცა, ბევრი მტერიც გაუჩინა და მისი მოკვლა სცადეს, მაგრამ ანდრონიკოვი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა. შემსრულებელი კი, ვინმე კაცევი, პატიმრებმა ჯერ გაატყავეს, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან ციხის ეზოში გადააგდეს.  ამის გამო, 1953 წლის 4 მარტს შავგვრემანი ციმბირში გაუშვეს ეტაპით, მაგრამ 5 მარტს ის გზიდან გაიქცა და მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მისი ძებნა აღარავის დაუწყია, რადგან სტალინი გარდაიცვალა და საბჭოთა კავშირი გლოვობდა...

1953-1959 წლებში შავგვრემანი საკავშირო ძებნაში იყო. ამ ხნის განმავლობაში, ის ერთ კვირაზე მეტხანს არსად ჩერდებოდა, თან, ქურდობდა და საკმაოდ მსხვილადაც. 1959 წლის მარტში ანდრონიკოვმა თბილისის ერთ-ერთი ქარხნის სეიფი მარტომ გაძარცვა, იქიდან 120 ათასი მანეთი გაიტაცა და მიიმალა. თუმცა, ქუთაისში მაინც აიყვანეს, სადაც ის ერთმა ყოფილმა პატიმარმა იცნო და მილიციაში დააბეზღა. ვიქტორი ოპერჯგუფმა სოხუმისკენ მიმავალი მატარებლიდან მოხსნა და ქუთაისის ციხეში გაამწესა. საქვეყნოდ ცნობილ ქურდს 15 წელი დაუმატეს და პირდაპირ სოლიკამსკში, ცნობილ „ბელი ლებედში“ უკრეს თავი. იქ მან 4 წელი დაყო, 1963 წელს კი მოსკოვში დააბრუნეს, ერთი ძველი საქმის გამომძიებლისთვის რომ მიეცა ჩვენება. შემდეგ მოსკოვშივე დატოვეს, თუმცა, 45 წლის შავგვრემანი ჯერ ციხიდან გაიქცა, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახერხა გასვლა, სადაც 45 წელი იცოცხლა. იქ მან ეგრეთ წოდებული „შავი სახლი“ დააარსა, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების მომპარავები იყვნენ გაერთიანებული და მათ ჩაუდგა სათავეში. ისინი მთელ შეერთებულ შტატებში ქურდობდნენ, ეგრეთ წოდებულ „ობშჩიაკს“ აგროვებდნენ და თანდათან „ათეთრებდნენ“ თავიანთ ბიზნესს. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს კი შავგვრემანის ფირმა სრულიად ლეგალური გახდა, ის დღემდე ფუნქციონირებს და სხვადასხვა სახის საბროკერო საქმიანობითაა დაკავებული. თავად შავგვრემანის ცხედარი კი პრესტიჟულ სასაფლაოზეა დაკრძალული და ის ბევრმა ცნობილმა სახემ  გააცილა უკანასკნელ გზაზე.

скачать dle 11.3