კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ფადარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფადარა. 

1781 წელს კოდაში ბევრელი ლაზარე და ფადარა გადასულან. ლაზარედან წარმოშობილა გვარი ლაზარიაშვილი, ხოლო ფადარადან კი – ფადარაშვილი.

ამავე გზითაა გაჩენილი გვარები: ოსიყმაშვილი, პოჩიკაშვილი, ოპენეზაშვილი, სარქისაშვილი, აბატაშვილი, მატიაშვილი, დალაქიშვილი, რევაზიშვილი, ყვავილაშვილი და ასე შემდეგ.

საქართველოში 138 ფადარაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 103, თბილისში – 29, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.

ელიაშვილი-ელიავა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მზიურს, მზიანს ნიშნავს. ქართულში დამკვიდრებულია ილია, რომლის კნინობითი ფორმებია – ილო, ილიკო. 

1721 წელს მოიხსენიება გერმანოზიშვილის ყმა ივანა ელიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ელიავა.

არსებობს დღესასწაული ელიაობა, რომელიც ამინდის ღვთაების – ელიას სახელობისაა.

საქართველოში 1 261 ელიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 309, ქარელში – 286, გორში – 258. არიან სხვაგანაც.

მეხრიშვილი

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი – მეხრე, რაც საქონლის მწყემსს ნიშნავს.

გადმოცემის მიხედვით, სოფელ ხვედურეთიდან ბატონს ყმა გლეხი მეხრიშვილი გამოჰქცევია, პატარა თონეთში დასახლებულა და გვარი მეხრაძედ შეუცვლია.

თონეთელმა პავლე მეხრიშვილმა 1829 წელს იქორწინა გორის მაზრის სოფელ ნიჩბისში მცხოვრებ ნიკოლოზ ციციანოვის ყმის, იასე ბონდაურის ქალზე, ნინოზე.

1886 წლის აღწერით, პატარა თონეთში მოიხსენიება ნინია მეხრიშვილი.

საქართველოში 828 მეხრიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 221, თბილისში – 151, ხაშურში – 133. არიან სხვაგანაც.

ცხაკაია

სავარაუდოდ, გვარის ფუძეა მეტსახელი ცხაკა, ჩხაკა, რაც თვალღიას, ღიას, გადახუნებულ თვალს ნიშნავს; ცხაკუა კი მეგრულად უძალო დარტყმას, მოცაცუნებას ნიშნავს.

ცხაკაიები ცხოვრობენ სოჭშიც – რამდენიმე ოჯახი 1980-იან წლებში გადასულა იქ.

ასევე, ცხაკაიები ცხოვრობენ სოფლებში: ქვაითი, ახალკახათი, ნაჯახავო, ლესიჭინე, მარტვილი; საცხაკაიო გვხვდება უბნად ახალკახათში.

საქართველოში 590 ცხაკაია ცხოვრობს: თბილისში – 189, მარტვილში – 105, ზუგდიდში – 93. არიან სხვაგანაც.

ინაიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ინა. ამავე ძირისაა გვარები: ინაური, ინაძე, ინალიშვილი, ინანაული.

ინაისშვილი ალექსანდრე მეფემ მამის ბედაურთან ერთად, შესწირა გელათის მონასტერს, 1484-1510 წლებში.

ინაიშვილები აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს აღად მოიხსენიებიან.

საქართველოში 535 ინაიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 410, ბათუმში – 91, თბილისში – 15. არიან სხვაგანაც.

მოქია

მოქია პირსახელია. დაბოლოების მიხედვით (ია) კოლხური, მეგრული გვარის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ამ საგვარეულოს ძირძველი მოსახლე სამეგრელოში იშვიათია.

მოქია გურიიდან გადასულ გვარად ითვლება. 

1995 წელს აღწერილი ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 362 მოქია: ლანჩხუთში – 209, ბათუმში – 53, ოზურგეთში – 50. არიან სხვაგანაც.

მათიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მათე, რომელიც ძველ ებრაული წარმოშობისაა და ღვთის საჩუქარს ნიშნავს.

„კოდაში მცხოვრებ საბატონო ყმას, სოლომონ მათიაშვილსა და სჯულიერსა ცოლსა მისსა მარიამს, 1834 წელს დაებადათ ვაჟი – მიხეილი. სახელი განათლა და მონათლა კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა, იაკობ აბრამის ძე ხუროშვილმა.”

მოგვიანებით, გვარი მათიაშვილი რუსულის გავლენით მატინოვად ჩაწერეს. ამავე ძირისაა გვარები: მატიაშვილი, მათესშვილი, მათეშვილი, მატიკაშვილი.

მატიაშვილების ერთი შტო 1886 წლის აღწერით, შემდეგ აზატაშვილად ჩაეწერა.

საქართველოში 2 870 მათიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 336, საგარეჯოში – 301, გურჯაანში – 272. არიან სხვაგანაც.

20 – მატიაშვილი.

ბეკურაშვილი-ბეკურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკური. 

ბეკურაშვილი და ემინტოშვილი ერთი და იგივე გვარია.

ენრიკო ბეკურაშვილი, იგივე ემინტოშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში, მოიხსენიება 1823 წელს.

დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.

ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.

საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს;

 87 – ბეკურიშვილი.

ახსიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახსია.

1721 წელს ახსია ახსიაშვილი დასახელებულია მოწმედ. ის, ასევე, დასახელებულია მოწმედ 1732 წელს ტბელი გიორგი იაგულაშვილის მიერ ხელავერა გიორგისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.

ახსიაშვილები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, 1873 წლის აღწერით, სოფელ საღორაშენში ცხოვრობდნენ.

ენაგეთში მცხოვრებმა იოსებ ახსიაშვილმა 1830 წელს იქორწინა და ჯვარი დაიწერა ბარბარესთან. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.

საქართველოში 52 ახსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 30, გარდაბანში – 12, თეთრი წყაროში – 10.

სადაღაშვილი

სადაღაშვილი ეპონიმური გვარ-სახელია.

ისტორიული წყაროებით, ეს გვარი მეექვსე საუკუნიდან გვხვდება. მისი ფუძე უნდა იყოს სადაღი (იგივეა, რაც სადაგი). გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი სადაღა.

1651 წელს ჩიტალაში მცხოვრები სადაღა წილად ერგო ყორჩიბაშ ბაადურ ციციშვილს.

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, ატენში მცხოვრებმა ბესო სადაღაშვილმა სამი დღის მიწა მიჰყიდა ვინმე თამაზას.

1639 წელს ძეგვში მცხოვრები ბერიკა სადაღაშვილი როსტომ მეფემ დეკანოზ იასე ზუმბულიძეს უწყალობა.

საქართველოში 713 სადაღაშვილი ცხოვრობს: გორში – 425, თბილისში – 236, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.

ზამთარაული-ზამთარაშვილი

მეტსახელი ზამთარა გვხვდება გვარში ზამთარაული. 

„ზამთარაული გიორგი არის თონელი, ჰყავს ძმა – ლომიტა. თეიმურაზ მეფემ ის უწყალობა ლუარსაბ მაყაშვილს” (1610 წელი).

„ზამთარაული ბერიკა, თიანეთში მცხოვრები, ჰყავს ძმა – ვეფხია და ძმისწულები. არჩილ მეფემ მისი წყალობა დაუმტკიცა მაყაშვილს, 1675 წელს.”

გვარი ზამთარაშვილი მიღებული უნდა იყოს გვარიდან ზამთარაული.

საქართველოში 40 ზამთარაული ცხოვრობს: გარდაბანში – 24, თბილისში – 7, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც.

54 – ზამთარაშვილი: თბილისში – 34, თიანეთში – 11, გარდაბანში – 7. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3