კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთხრა ცოლმა შოთა იამანიძეს ტრაგედიის დღეს, სახლიდან გასვლისას

„თბილისელები მოედნის სრული ბატონ-პატრონები არიან!”... „შოთა იამანიძე უნიკალური მოვლენა იყო ჩვენს ფეხბურთში. როგორც არავის სხვას, მას ჰქონდა პოზიციის შერჩევის უნარი და უსწრაფესი დრიბლინგი, ფილიგრანული პასი და უზუსტესი დარტყმა ორივე ფეხით. მისი შრომისმოყვარეობა, თავმდაბლობა, წესიერება იგრძნობოდა ყველაფერში – თამაშშიც და ცხოვრებაშიც...” „...1964 წელს, ჩემპიონატში მონაწილე არც ერთ გუნდს არ გააჩნდა ნახევარმცველთა ისეთი წყვილი, როგორც „დინამოს.” თბილისელთა ხერხემალი შ. იამანიძე და მ. სიჭინავა იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ ვეებერთელა შრომისუნარიანობით, უმაღლესი ტექნიკით, ბურთის ჩინებული კონტროლით, რაც საშუალებას აძლევდა მათ, თვალყური ედევნებინათ ყველაფრისთვის, რაც მოედანზე ხდებოდა...” – ასე იხსენებენ კოლეგები და მეგობრები დიდ ქართველ ფეხბურთელს და თბილისის „დინამოს” დემიკო ლოლაძის წიგნში „შოთა იამანიძე“.  შოთა იამანიძე 34 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. მოგვიანებით კი მისი ბედი გაიზიარეს ვიტალი დარასელიამ, დათო ყიფიანმა...

„შოთა იამანიძე მტკივნეულად განიცდიდა წაგებას – ფეხბურთი იქნებოდა თუ სპორტის სხვა სახეობა, ეს მის ხასიათში იყო, _ განაგრძობს ავტორი, – ერთი ასეთი ეპიზოდი გამახსენა ილია დათუნაშვილმა‚ რომელიც, გასვლითი თამაშებისას‚ მასთან ერთად ცხოვრობდა ოთახში: 1961 წლის ზაფხულში‚ ვოლგოგრადში „ტრაქტორთან“ გვქონდა ჩასატარებელი შეხვედრა სსრ კავშირის თასზე. მატჩის წინა ღამეს დიდი სიცხე იყო‚ არ დაგვეძინა. შოთა გატაცებული იყო ჭადრაკით და შემომთავაზა‚ გვეთამაშა. მან ყველა პარტია წააგო‚ მე დასაძინებლად დავწექი. იქნებოდა ღამის ორი საათი‚ გამაღვიძა. ჭადრაკი მაგიდაზე ჰქონდა დალაგებული და შეწუხებული ხმით მითხრა – ახლავე ადექი და მეთამაშეო. შევატყვე‚ აღელვებული იყო. იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი და მეთამაშა. რასაკვირველია‚ ის პარტია უნდა წამეგო‚ რადგანაც, მას არ დაეძინებოდა, დილით კი საპასუხისმგებლო მატჩი გველოდა‚ რომელიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა“.  

ტაშკენტის მატჩის ერთ-ერთი გმირის‚ ილია დათუნაშვილის მეხსიერებაში შოთა იამანიძე დარჩა‚ როგორც უკეთილშობილესი პიროვნება და დიდი სპორტსმენი. მან ერთხელ სინანულით მითხრა‚ რომ შოთას კიდევ შეეძლო, თავისი თამაშით სიამოვნება მიენიჭებინა ფეხბურთის მრავალრიცხოვან მოყვარულთათვის‚ მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ როგორც ხშირად ხდება, „რაღაც მიზეზების“ გამო იძულებული გახდა, გამოთხოვებოდა დიდ სპორტს. 

ზოგიერთმა გულშემატკივარმა‚ შეიძლება‚ არც კი იცოდეს‚ რომ 1966 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ შოთა იამანიძემ და გურამ ცხოვრებოვმა დატოვეს გუნდი‚ თუმცა, კარგ სპორტულ ფორმაში იყვნენ. შემდეგი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება თბილისის „დინამომ“ ახალი უფროსი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო‚ რომელმაც თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაისახა ორივე ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება. როგორც კი ამ ამბავმა შოთამდე მიაღწია, იმ წუთში ცხინვალს გაემგზავრა ცხოვრებოვის სანახავად‚ მაგრამ, ის ადგილზე არ დახვდა‚ მის მშობლებს კი ასეთი ბარათი დაუტოვა:

„ჩემო გურამ!

ძალიან ბევრზე მსურს, გელაპარაკო‚ მაგრამ, იმედი მაქვს‚ მალე პირადად გნახავ და მაშინ მოგიყვები ყველაფერს. ახლა ერთი თხოვნა მაქვს: მინდა, გუნდში დავბრუნდე შენთან ერთად‚ რაც შეიძლება მოკლე დროში. ხვალვე ჩამოდი და გთხოვ‚ 26-ში საკონტროლო თამაშში მიიღო მონაწილეობა. ამას გთხოვ მე და ამას გთხოვს ახალი მწვრთნელი‚ სოლოვიოვი. პირველი‚ რაც მან თქვა‚ ის იყო‚ რომ, გურამი და შოთა გუნდში თუ არ დაბრუნდებიან‚ მე ვერ ვიმუშავებო... მივიღებ ჩვენი ძმობის დასტურად ხვალ შენს თბილისში ჩამოსვლას და „დინამოში“ თამაშის დაწყებას.”

თოჯა მონცელიძე (შოთა იამანიძის მეუღლე): „მე და შოთამ ერთმანეთი 1961 წელს გავიცანით. თბილისელების უმრავლესობა‚ ოთხშაბათს და ხუთშაბათს კინოში სისტემატურად დავდიოდით‚ რადგან, სწორედ ამ დღეებში უჩვენებდნენ ახალ ფილმებს. ასე რომ‚ ჩვენი შეხვედრა კინოთეატრ „ამირანში“ მოხდა. შოთა იამანიძე პირველი ფეხბურთელი კი არა‚ საერთოდ‚ პირველი სპორტსმენი იყო‚ ვინც კი გავიცანი. მან უმალ მომხიბლა. იუმორის ჩვეულო ნიჭი ჰქონდა. განათლებული‚ ხალისიანი‚ კონტაქტური და ენამოსწრებული (კარგი გაგებით) უჩვეულო ადამიანი გახლდათ. 1963 წელს დავქორწინდით. შოთას გაცნობამდე ფეხბურთი არ მაინტერესებდა, მამაჩემი კი თავგადაკლული გულშემატკივარი იყო. სამწუხაროდ‚ იგი სწორედ ფეხბურთს შეეწირა. სსრკ ჩემპიონად გახდომამდე თბილისის „დინამომ“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ ფრედ ითამაშა‚ მამამ ძალზე ინერვიულა‚ ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა‚ ისე რომ, „დინამოს“ გაჩემპიონებას ვერ მოესწრო. შოთა ხალისიანი და, თანაც‚ ჟინიანი იყო. რასაც ჩაიფიქრებდა‚ სანამ არ გააკეთებდა‚ არ მოისვენებდა. მამაჩემი და შოთა კარგად უგებდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ კიდეც. ჭადრაკსა და ნარდს ხშირად თამაშობდნენ და შოთა თუ წააგებდა‚ ბრაზდებოდა. მას წაგება არ უყვარდა‚ მარცხს ვერ ეგუებოდა. ბევრს კითხულობდა‚ რაოდენ დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო‚ ისე არ დაიძინებდა‚ წიგნი ცოტა მაინც რომ არ წაეკითხა. როცა მისგან რუსი ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ‚ ისე თავისუფლად და დახვეწილად‚ ყოველგვარი მომზადების გარეშე საუბრობდა‚ გეგონებოდათ‚ წინასწარ დაწერილს კითხულობსო. როგორც მეუღლე‚ შოთა იყო თბილი და ლმობიერი... მეგობრები ძალიან უყვარდა‚ ხან ჩვენთან იკრიბებოდნენ‚ ხანაც შოთა მიდიოდა მათთან. ერთადერთი, მხოლოდ ამაზე გვქონდა კამათი – სულ მეგობრებთან ხარ-მეთქი. ყოველი თამაშის შემდეგ შოთა სახლში თუ ბრუნდებოდა‚ ჩვენთან 30-40 კაცი მაინც იყრიდა თავს. მის თამაშს რომ ვუყურებდი‚ მხოლოდ ერთს ვფიქრობდი – ისე ცუდად არ დაცემულიყო‚ რომ რამე ეტკინა. ასევე, როგორც მამა, შოთა იყო ძალიან კარგი‚ თბილი და კეთილი‚ მაგრამ, ამავე დროს, მომთხოვნიც. შვილებს თან ჰყვებოდა‚ მაგრამ, ზოგჯერ მათთვის დრო არ რჩებოდა. როცა უცხოეთში იყო წასული‚ ისეთ თბილ წერილებს მწერდა‚ რომ მაოცებდა. ჩვენმა შვილებმა კითხვა არ იცოდნენ‚ მათ ცალკე სწერდა და მთხოვდა‚ მათთვის წამეკითხა. ირინა 8 წლის იყო, დათო 6 წლის გახდა და ერთ კვირაში ტრაგედიაც მოხდა. საშინელი სიზმარი ვნახე და იმ დილით სახლიდან გასვლის წინ, შოთას ვუთხარი‚ ფრთხილად იყავით-მეთქი‚ მაგრამ...

ძალიან დამაკლდა. ნათქვამია‚ დრო ყველაფრის მკურნალიაო‚ მაგრამ, დრომ შოთა იამანიძე ვერ დამავიწყა. რამდენიმე წლის წინ სტადიონის დირექტორთან მქონდა საქმე. დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მკითხა – ვისთან ბრძანდებით‚ რა ვუთხრაო. შოთა იამანიძის მეუღლე გახლავართ-მეთქი. იცით‚ რა მკითხა? თქვენი მეუღლე‚ შოთა იამანიძე, აქ მუშაობს? რაღაც ვერ ვიხსენებო... ეს შემთხვევა სასეიროცაა და გულდასაწყვეტიც. ბორის პაიჭაძე‚ ავთანდილ ღოღობერიძე‚ მიხეილ მესხი‚ სლავა მეტრეველი და სხვა ვარსკვლავები ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.”

скачать dle 11.3