კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ტყვეა ლიკა ევგენიძე და რის გამო დატოვა მან თბილისი

„სხვა შუადღიდან“ გაუჩინარებული ლიკა ევგენიძის გარშემო თბილისში უამრავი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ზოგიერთი ამას მთავრობის ცვლილებებსაც კი უკავშირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „კვამლი ცეცხლის გარეშეც“ ჩნდება და ლიკას ამერიკაში გადასვლის მიზეზი ძალიან მარტივი და არგუმენტირებულია. იმისთვის, რომ ლიკამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღოს, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს. „იძულებით პატიმრობას“ ლიკა უფრო იოლად შეეგუა, რადგან ამ ერთ წელს მისი ორსულობა დაემთხვა, რომლის გატარება ისედაც ამერიკაში ერჩივნა.

 ლიკა ევგენიძე: სიგიჟემდე მენატრება თბილისი. იცით, რომ ჩემთვის უცხოეთში ცხოვრება რთული არ არის, ამდენი წელი მოსკოვში ვცხოვრობდი, ანა-სოფიაც ამერიკაში გავაჩინე და შეჩვეული ვარ ჩემი ქალაქის პერმანენტულ მონატრებას. მაგრამ, ახლა სხვა სიტუაციაა, სამსახური დავტოვე, საქმე, რომელიც მომწონდა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ამ წამოსვლის დროს ყველაფერი კარგად დაემთხვა. ამერიკული ბიუროკრატიული კანონების გამო ერთი წლით წამოსვლა ისედაც მიწევდა. „გრინ ქარდი“ მივიღე  და იმისთვის, რომ „გრინ ქარდი,“ ანუ ცხოვრების უფლება უკვე მოქალაქეობაში გადავიდეს და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გავხდე, აუცილებელია ქვეყნის ტერიტორია ზუსტად ერთი წლის განმავლობაში არ დავტოვო. ამერიკელების ტყვე ვარ მთელი წლით (იცინის). ზუსტად ნოემბრამდე. ნოემბერში საბუთებს შევიტან, დასრულდება პროცესი და მერე ჩვეულებრივად ვივლი. ერთია თბილისის მონატრება და მეორე პროტესტის გრძნობა, რომ ქვეყანა არ უნდა დატოვო. საშინელ ხასიათზე მაყენებს ეს ამბავი (იცინის). ორსულად ვარ, მეორე შვილს ველოდები და შესაძლოა, ეს ერთი წელი ისედაც არსად წავსულიყავი, მაგრამ როცა ჩარჩოებს გიწესებენ, საშინელება ყოფილა. მგონია, დატუსაღებული ვარ (იცინის). არა უშავს, ორსულობას უფრო წყნარ, მშვიდ ვითარებაში ვატარებ.

– ორსულობა დაემთხვა თუ დაგეგმილი გქონდა მეორე შვილის გაჩენა?

– დაემთხვა. აქ რომ ჩამოვედი, მერე გავიგე. კარგად აეწყო ყველაფერი. ბარემ ერთიანად მოვილევ ამერიკულ საქმეებს და მერე წყნარად ჩამოვალ. 

– ანა-სოფია მოქალაქეა არა?

– ანა-სოფიაც და ნიკაც. ნიკაც აქ დაიბადა, ანა-სოფიაც და პატარაც აქ დაიბადება, მე ვრჩებოდი მხოლოდ მოქალაქეობის გარეშე და ნოემბერში დავეწევი მათ.

– მსოფლიოში ყველა ადამიანი, მგონი, ამ ქვეყნის პასპორტზე ოცნებობს...

– მარტივია გადაადგილება და იმიტომ, არ არის საჭირო ვიზები. შეგიძლია, აიღო ბილეთი და ნებისმიერ ქვეყანაში ჩახვიდე. 

– რამდენი თვის ორსული ხარ?

– ექვსის. ივლისში ველოდები პატარას, რა სიცხე იქნება, წარმომიდგენია. ანა-სოფია 25 მაისს გაჩნდა და ისეთი არანორმალური სიცხე იყო, ბავშვი გარეთ ვერ გამყავდა, იწვოდა ყველაფერი. ახლა წარმომიდგენია, რა იქნება, შეიძლება, მოვიხარშოთ.

– სქესი იცით?

– კი, ბიჭია. სიმართლე გითხრა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, მაგრამ ორივე რომ გყავს, კარგია. მესამეზე აღარ ნერვიულობ და მართლა აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბავშვის სქესს. მაგრამ არც ამ შემთხვევაში იყო განსაკუთრებული მოლოდინი სქესის მიმართ, მაინც ერთნაირად გაგვიხარდებოდა მეც და ნიკასაც. მასაც არ ჰქონია არასდროს ბიჭის ისეთი სურვილი, ზოგადად, კაცებს რომ ახასიათებთ. გიჟდება ანა-სოფიაზე. მთლიანად ვარ ახლა გადართული ანა-სოფიაზე. ბაღში მივიყვანეთ, სწავლობს ინგლისურს, ლექსებს ყვება. ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს შერეულ ენაზე (იცინის). წინადადებაში ზოგ სიტყვას ქართულად ამბობს, ზოგს ინგლისურად. პირველივე კვირას წავიდა თუ არა ბაღში, ვირუსი მოგვიტანა.

– რაც ამერიკელები აცრებს იკეთებენ, კიდევ აქვთ ვირუსები?

– ზუსტად იგივე, თან, რაც მანდ. ენტეროვირუსები, გრიპის ის ფორმები, რაც თბილისში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გრიპზე ავცერი, მაინც გადაედო. აქაც ზუსტად იგივე ფორმებია მკურნალობის, რაც მანდ, მაგრამ თბილისში უფრო გიადვილდება ექიმთან ურთიერთობა. ბავშვის ექიმს რომ დაურეკავ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია, აჩვენო, ან ტელეფონით მოგცემს რაიმე მითითებას, ყველაფერზე ექიმს ურეკავ მოკლედ. აქ კი ასე არ არის. თუ სიცხე ამაზე მაღალი, ან სიცხეები ამდენ დღეზე მეტხანს უგრძელდება, მხოლოდ  ასეთ დროს უნდა მიმართო ექიმს.

– ანუ, ჩვენნაირი ფეთიანი დედებისთვის ამერიკული ჯანდაცვის სისტემა არ ვარგა.

– არა (იცინის). მანდ ეგრევე აჩვენებ, დამშვიდდები. აქ კი რამდენიმე დღე თავად გიწევს ბრძოლა და თუ რაღაც გართულდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია, აჩვენო ექიმს.

– მეორე ორსულობა განსხვავებულია?

– ცოტა სხვანაირი აღქმაა. პირველი მაინც პირველია და არ იცი, რას ელოდები, უფრო დაბნეული და შეშინებული ხარ. ფიქრობ ამ ცვლილებაზე – როგორი იქნება შენი ცხოვრება ამის შემდეგ, იმ სიყვარულსაც ვერ აღიქვამ, რაც ამ არსების გაჩენას მოჰყვება შენში. პირველი შეუცნობელის  და მეორე – შეცნობილი, გააზრებული ბედნიერების მოლოდინია. 

– ფიზიკურად არის რაიმე განსხვავება?

– არა, სხვათა შორის. პირველზეც არ გავსუქებულვარ დიდად და არც დიდი მუცელი მქონია. ახლაც ასე ვარ. რაც შეეხება ტოქსიკოზს, დასაწყის ეტაპზე მქონდა. ანა-სოფიაზეც მქონდა, მაგრამ ახლა პირველი რამდენიმე კვირა უფრო გამიმძაფრდა და ცუდად ვგრძნობდი თავს. ეს პერიოდი გამოვიარე და ახლა გადასარევად ვარ.  

– აპირებთ თუ არა ჩამოსვლას საქართველოში, თუ უკვე გინდათ, რომ დაფუძნდეთ?

– მეც და ნიკუშაც ერთ აზრზე ვართ ამასთან დაკავშირებით, რომ ძირითადად, საქართველოში უნდა ვიყოთ. საბუთებს მოვაგვარებთ და წამოვალთ. ძალიან მინდა, რომ ანა-სოფია იმავე სკოლაში წავიდეს, სადაც ნიკა დადიოდა, მაგრამ ჯერ პატარაა, სკოლამდე ბევრი დროა და თავისუფლად შეგვიძლია, მანდ ვიყოთ. არ ვარ ჯერ ისე მიბმული ამერიკაზე. აი, სკოლაც რომ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში, მერე უკვე ანა-სოფიაზე მოგვიწევს აწყობა. თან, ახლა ძალიან ნოსტალგიურად ვარ განწყობილი. ნიკა ცოტა ხნით საქართველოში იყო ჩამოსული და რომ ბრუნდებოდა, დავაბარე, ვიცი, რომ ძალიან არ გინდა ახლა ყველით მგზავრობა, მაგრამ გთხოვ, იმერული ყველი წამომიღე-მეთქი. 

– ანუ, ჭყინტი ყველი პარკით ჩამოგივიდა...

– კი, კი და ვისიამოვნე (იცინის).

– შენი საქმისთვის როდის მოიცლი?

– ახლა სიმართლე გითხრა, არ მაქვს მუშაობის თავი, მთლიანად ყოფით საკითხებზე ვარ გადართული. მაგრამ ისე, სახლში, ჩემთვის რაღაცეებს სულ ვხატავ, მოვიწყვე სახატავი კუთხე. ძალიან მინდოდა, სატელევიზიო კურსების აღება, მაინტერესებს აქაური მუშაობის, სწავლების სტილი, კარგი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ, მოვინდომე თუ არა, ტოქსიკოზი დამეწყო (იცინის). სულ ასე ემთხვევა. ანა-სოფიას დროსაც ვაპირებდი სწავლას და მაშინაც ასე მოხდა. არა უშავს, ამის დროს ყოველთვის გამოვნახავ. თუ მანდ ჩამოვედი, გავაგრძელებ, თუ არადა, აქ გავივლი კურსებს. 

– ანა-სოფიას თუ აქვს ეჭვიანობის მომენტები?

– იცი რა, ახლა იწყებს აღქმას, თუ რა ხდება. ნელ-ნელა ვაპარებ, რომ ძამიკო ეყოლება. იცის, ხვდება, რომ მის თავს რაღაც ხდება. იმ დღეს მაღაზიიდან პატარა ჩასაცმელი მოიტანა, ეს ჩემს ძამიკოს ვუყიდე, მაგრამ ჩემიაო (იცინის). მინდა, მაქსიმალურად თვითონაც ჩავრთო აღზრდაში. გოგოებს მაინც, მგონია, რომ სხვანაირად აქვთ გამძაფრებული მზრუნველობის ინსტინქტები. სულ ვნერვიულობ ამ თემაზე, არ მინდა, ანას ჩვენი ყურადღება მოაკლდეს. 

– სახელი უკვე გადაწყვეტილი გაქვთ?

– ჯერჯერობით არა. მეც და ნიკასაც გვინდა, ისეთი სახელი დავარქვათ, რომელიც ყველა ენაზე იოლად გამოითქმება. 

скачать dle 11.3