რა ისწავლა ლუკა მგელაძემ საკუთარ შეცდომებზე და მერამდენე რეჟისორია ის მგელაძეების ოჯახში
ჩვენი რესპონდენტი 22 წლის ლუკა მგელაძეა. მართალია, ის მომავალი რეჟისორია და ჯერ მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტია, მაგრამ რამდენიმე ნამუშევარი უკვე ფიქსირდება მის სარეჟისორო კარიერაში. პრაქტიკა ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მიიღო, რადგან ბავშვობიდან რეჟისორების გარემოცვაში გაიზარდა. ლუკას ბაბუა ყველასთვის ცნობილი რეჟისორი, გუგული მგელაძე გახლავთ, ხოლო მამა – გიო მგელაძე. რაც შეეხება ლუკას, მას ჩვენი ინტერვიუდან გაგაცნობთ უკეთ.
– ლუკა, ოჯახში მესამე თაობის რეჟისორი ხარ, რაც საკმაოდ იშვიათობაა. მკითხველი კარგად იცნობს შენს ბაბუასა და მამას, შენ შესახებ რას გვეტყვი?
– თეატრალური უნივერსიტეტის, სარეჟისორო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლევან თუთბერიძის ჯგუფში. ამჯერად სადიპლომო ფილმის გადაღებისთვის ვემზადები და დიდი იმედი მაქვს, რომ გადაღება შედგება.
– რეჟისორის პროფესია რომ აირჩიე, ეს ალბათ არავის გაჰკვირვებია. როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახში მესამე თაობის რეჟისორი იქნები.
– პირველი რეჟისორი ნამდვილად არ ვიქნები ოჯახში, ბაბუაჩემიც და მამაჩემიც რეჟისორები არიან. დედაჩემი მხატვარი იყო და ბავშვობიდან ისეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდი, სულ კინოსთან მქონდა კავშირი. ბაბუასაც დავყვებოდი გადაღებებსა და მონტაჟზე. მამაჩემი რომ უცხოეთში მიდიოდა გადაღებებზე, მეც თან დავყავდი, ისევე როგორც თბილისში ვესწრებოდი მის გადაღებებს. ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ეს სფერო და პროფესია შემიყვარდა.
– ძალიან კარგია, როცა ასეთი რეჟისორები გყავს ოჯახში. თუმცა, ხშირად იმ ფაქტსაც შეეჯახები, როცა იტყვიან, გუგული მგელაძის შვილიშვილია, ან გიო მგელაძის შვილიო. ეს თუ გაქვს გათავისებული?
– ამ ფაქტის წინაშე სწავლის პროცესში უკვე არაერთხელ აღმოვჩნდი. როცა იციან ვისი შვილი და შვილიშვილი ვარ, უფრო მეტს მოითხოვენ და გაცილებით მეტს ელიან ჩემგან. მეც ვცდილობ, მათ იმედები არ გავუცრუო.
– კინოს რომელი ჟანრი უფრო მოგწონს, ანუ რა ჟანრის ფილმების გადაღება გინდა?
– მაგალითად, ბაბუაჩემი კომედიებს იღებდა. მე კი მგონია, რომ კომედიას არ გადავიღებ. უფრო ზუსტად რომ გიპასუხოთ, არ ვიცი, რას გადავიღებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას არ გადავიღებ. კომედიას თავისებური მიდგომა სჭირდება.
– სადიპლომო ფილმის გადაღებას გეგმავ. ამაზე რას გვეტყვი?
– პრინციპში რაღაც მხრივ, კომედიური ჟანრიც არის. ანუ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სცენარი აპოლინერის მოთხრობის მიხედვით გაკეთდა. იმედი მაქვს, კარგი გამოვა. ჟანრი მისტიკა და ფანტასტიკაა, რომელიც კომედიურ ელემენტებს შეიცავს.
– ოჯახის წევრები როგორ აფასებენ შენს სარეჟისორო ნამუშევრებს? ლოგიკურია, რომ მათგან რჩევებიც უნდა მიიღო.
– საერთოდ არ მიყვარს ჩემი ნამუშევრების ჩვენება. ძირითადად, მამაჩემს ვაჩვენებ, ბაბუაჩემმა თუ შემთხვევით არ გაიგო, ისე არ ვეუბნები.
– რატომ?
– ალბათ, ცოტა მაინც სხვა ტიპია. შეიძლება ბევრი რამ ისე ვერ გაიგოს, როგორც მამაჩემი გამიგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში ბაბუაჩემს უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩვენ ორს ერთად. რჩევებს ნამდვილად ვიღებ, ისინი ყველაფერს გულახდილად მეუბნებიან – რა მოსწონთ ჩემს ნამუშევარში და რა – არა. ასე რომ, მათგან კრიტიკაც მისაღებია ჩემთვის.
– ბავშვობიდან გინდოდა რეჟისორობა?
– გადაწყვეტილება როგორც ასეთი არ მიმიღია, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა მერვე-მეცხრე კლასში ექიმობა მოვინდომე, მაგრამ სურვილმა ისე გადამიარა, სახლში არც არავის გაუგია. სხვათა შორის, შარშან ვუთხარი მამაჩემს, ადრე ექიმობა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, ვეტერინარობა მდომებია-მეთქი. ცხოველები ძალიან მიყვარს, ძაღლიც მყავს – „ბენჯი.“
რაც შეეხება რეჟისორობას, მიმაჩნია, რომ ეს პროფესია უფრო ზრდასრულ ასაკში უნდა აირჩიო. ვხვდები, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე. შეიძლებოდა, ჯერ სხვა პროფესია ამერჩია, რეჟისორი კი მერე გავმხდარიყავი.
– მართალია, მსახიობი რეჟისორზეა დამოკიდებული, მაგრამ რეჟისორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ხედვა, როლზე აყვანილმა მსახიობმა რომ გაუმართლოს. შენ როგორი ხედვა გაქვს?
– ეს მაშინ გამოჩნდება, სადიპლომოს რომ გავაკეთებ. მანამდე რაზეც მიმუშავია, მსახიობებთან მიმართებაში, ვფიქრობ, შეცდომები მაქვს დაშვებული. მგონია, ამ შეცდომებზე, უნდა მესწავლა რაღაც ეტაპამდე მაინც.
– ცხოვრებაში თუ გიმართლებს?
– მთავარია, შენ რას გააკეთებ იმისთვის, რომ გაგიმართლოს. ალბათ, ხან ნაკლებს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამიმართლოს, ხან შედარებით მეტს. შესაბამისად, ხან მიმართლებს, ხან – ნაკლებად.
– როცა ადამიანს რაღაც არ გამოსდის, შეიძლება, ხელი ჩაიქნიოს და იფიქროს, რომ ეს მისი საქმე არ არის, ან ფეთქებადი ხასიათი გამოავლინოს. შენ?
– დეპრესიაში არასდროს ვვარდები, პირიქით თუ რამე ისე არ არის, მიზეზს ვეძებ და სხვა გზას გამოვნახავ კარგი შედეგის მისაღებად.
– ყველაზე მეტად რომელ ფილმებს გამოარჩევ მამისა და ბაბუის შემოქმედებიდან?
– მამაჩემის გადაღებული მხატვრული ფილმებიდან რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება, რადგან ყველა ძალიან მომწონს. დოკუმენტურს რაც შეეხება, „7 დღე ტიბეტში,” ძალიან კარგად არის გაკეთებული. ბაბუას ძალიან ბევრი ფილმები აქვს გადაღებული... კომედიებიდან გამოვარჩევ – „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი.” გენიოსია ბაბუაჩემი ასეთი მაგარი ფილმი რომ გადაიღო. მას რადიკალურად განსხვავებული ფილმები აქვს, მაგალითად, სად „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” და სად – „ცისკრის ზარები” ან „ფესვები.” ბაბუაჩემის მთლიანი შემოქმედება ძალიან მომწონს, რადიკალურად განსხვავებული რომ არის იმიტომ.
– ალბათ, ძალიან ამაყიც უნდა იყო ასეთი მამისა და ბაბუის შთამომავალი ხარ?
– კი, რა თქმა უნდა.
– დედისერთები ხშირად ეგოისტობით გამოირჩევიან. შენც მიეკუთვნები მათ რიცხვს?
– ეგოიზმი ყველა ადამიანში დევს, მთავარი ისაა, დადებითი ეგოისტი ხარ თუ ეგოცენტრიკი. მე კი ეგოცენტრიკი ნამდვილად არ ვარ.
– ცელქი ბავშვი იყავი?
– გააჩნია, სად ვიყავი და საქმეს როგორ სჭირდებოდა. ეზოში, ალბათ, ცელქიც ვიყავი, მაგრამ სულ არა. როგორც უკვე გითხარით, მამასთან ერთად ხშირად ვმოგზაურობდი. მაგალითად, ინდოეთში, 50-გრადუსიან სიცხეში ვიყავი 6 წლის ასაკში. ისე ცხელოდა, ფეხსაცმლის ძირები გამდნარი იყო რომ ჩამოვედით. გადაღების დროს მამაჩემის ხან ერთ მეგობართან მივიდოდი და ხან მეორესთან: წამო, ნაყინი ვჭამოთ-მეთქი. მერე ვეტყოდი, ამ სიცხეში ცივი ყავა ჯობია ნაყინს-მეთქი. ერთ დღეს 7 ჭიქა ნაყინიანი ყავა დავლიე. კინაღამ გავგიჟდი, ყირაზე გადავდიოდი, ლამის კედლებზე გავიარე.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– მოგზაურობაზე არასდროს ვიტყვი უარს, რადგან ძალიან მიყვარს.
– შეყვარებული ხარ?
– შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ზოგადად, მაინც სულ შეყვარებული ვარ. ადამიანს სიყვარული აუცილებლად სჭირდება, რომელიც ყველაფერში გეხმარება. ამას მაშინ ხვდები, როცა არავინ გიყვარს. ჩემთვის სიყვარული მამოძრავებელი ძალაა.
– როგორი გოგონები მოგწონს, ან როგორი არ უნდა იყოს ის.
– უზრდელი არ უნდა იყოს. როცა ადამიანთან ურთიერთობა გაქვს, ცხადია, არც უნდა გიღალატოს.
– როგორ ფიქრობ, როგორი რეჟისორი გახდები, შენი პროგნოზი როგორია?
– დიდი სურვილი მაქვს, კარგი რეჟისორი გავხდე, რასაც საბოლოოდ, დრო გვაჩვენებს.