კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ საცოლეს ეძებს გიორგი გურგულია და როგორ ქალთან აპირებს მთელი ცხოვრების გატარებას

გიორგი გურგულია პროფესიით მსახიობი და რეჟისორია, თუმცა, რამდენიმე წელია, რაც ლექსებსა და სცენარებს წერს. ხანდახან თავისუფალ დროს საყვარელ ჰობის – ხატვას უთმობს, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. როგორც თავად აღნიშნავს, ხატვისთვის განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება. 

– ბატონო გიორგი, დღეს რით ხართ დაკავებული?

– ეს წელიწადი ჩემთვის ნაყოფიერად დაიწყო, რადგან, შემოქმედებითად ვარ დატვირთული. მეგობრებთან ერთად რამდენიმე სატელევიზიო პროექტი მოვამზადე. ჩემი ოცნებაა, უპატრონო ბავშვებისა და უპატრონო მოხუცების თავშესაფარი  ერთად გავაკეთო, რათა პატარებმა ბებიებისა და ბაბუების სითბო იგრძნონ, მოხუცებმა კი – ბავშვების. 1993 წელს აფხაზეთის თემაზე დავწერე სცენარი – „ფორთოხლის მზე” და ჩემს მეგობარს ლევან აბაშიძეს მიუძღვენი. ამ სცენარმა 2008 წელს კონკურსში გაიმარჯვა, მაგრამ მაშინ ფილმის გადაღების უფლება არ მომცეს, ახლა მე და ერეკლე ბადურაშვილი ამ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებას ვაპირებთ. ფილმი პაციფისტური იქნება, ანუ, ომის საწინააღმდეგო. ფილმში აღწერილი იქნება ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკების ისტორია, ასევე, ქართველი კაცის ისტორიაც. 

– თქვენ ამ ფილმში მიიღებთ მონაწილეობას?

– ერეკლე ბადურაშვილს უნდა, ფილმში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ, მე ჯერ არ გადამიწყვეტია. მე და ერეკლე ბადურაშვილი ერთად ვაპირებთ რეჟისორობას და, არ ვიცი როლისთვის დრო დამრჩება თუ არა. თუმცა, ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს (მუსლიმანი საიდის როლს) ზურაბ ყიფშიძე შეასრულებს. 

– მაშინ რატომ არ მოგცეს ფილმის გადაღების უფლება?

– იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტი მქონდა, რის გამოც  მტრად ვიყავი გამოცხადებული და, როგორც ხელოვანს, არაფერს არ მაკეთებინებდნენ. ტელევიზიებში პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ დაბლოკილი ვიყავი. ამის მიზეზი კი ჩემი სტატიები იყო. ორი სტატია დავწერე „ლიტერატურულ საქართველოში” და, მეორე სტატია რომ გამოვიდა, გაზეთი დახურეს. ერთი სტატია დიდმარხვის დროს ციხეში მომხდარ ბუნტს ეხებოდა. რასაც ხელისუფლების მხრიდან მუქარები და ტელეფონის ზარები მოჰყვა. იძულებული გავხდი, ის სახლი დამეტოვებინა, სადაც მაშინ ვცხოვრობდი. ჩემი მეორე სტატია – „ასე იწყებოდა ფაშიზმი”, რომელიც ეხებოდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პერიოდს, გაზეთ „შანსში” დაბეჭდეს და პირდაპირ ვამბობდი, რომ ეს ვარდების რევოლუცია კი არა, დადგმული სპექტაკლი იყო. ამ სტატიის გამოქვეყნებას ჩემი უფროსი შვილის დაჭერა მოჰყვა – ამით გადამიხადეს სამაგიერო. ყველაფერი გამაყიდვინეს და მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდეს. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმედიც გამიჩნდა. 

– რა ბრალდებით დააკავეს ლუკა?

– პოლიციას ლუკას უბნელი ბიჭის დაჭერა უნდოდა და ლუკას ეუბნებოდნენ, მისთვის ხელი დაედო. პოლიციამ ლუკას მაგიდაზე ორი აბი სუბოტექსი დაუდო და პირდაპირ უთხრა: თუ ხელს დაადებ, ხვალ სახლში იქნები, თუ არა და, „სროკზე” წახვალო. ჩემმა შვილმა ადამიანი არ გაწირა და ხელი არ დაადო, ამიტომ, 12 წელი მიუსაჯეს. საერთოდ, ერთ ან ერთ-ნახევარ აბ სუბოტექსზე 7 წლამდე უსჯიან, მაგრამ, ორ ან 7-ზე მეტ აბზე – 12 წელს. ამიტომ, პოლიციას ბევრი აბის მოტანა აღარ სჭირდება, ადამიანის განადგურება თუ უნდათ, ორ აბ სუბოტექსს დაუდებენ და ციხეში უშვებენ, 12 წლის მერე კი ციხიდან ტუბერკულოზით დაავადებული გამოვა და 5-6 წელიწადში მოკვდება. ასეთი გენოციდი მოუწყო წინა მთავრობამ ჩვენს ახალგაზრდებს. ის ბიჭები, რომლებმაც პოლიცია ლუკაზე გაიყვანეს, ძალიან მალე გაათავისუფლეს – პოლიციასთან თანამშრომლობისთვის მათ 6 თვე და 1 წელი მიუსაჯეს, ჩემმა შვილმა კი კაცი არ გაწირა. აქ ძველბიჭობაზე არ არის საუბარი, აქ ადამიანის მორალზეა საუბარი. ადამიანმა ამ ცოდვით მთელი ცხოვრება დაღი უნდა ატაროს. როცა ადამიანი მეორეს აბეზღებს, მასში ყველა ადამიანური მორალი იმსხვრევა და მერე მისგან პიროვნების შექმნა ძალიან ძნელია.  

– ამნისტია თუ შეეხო ლუკას?

– დიახ და ძალიან ბედნიერი ვარ. ლუკამ წელიწადი და სამი თვე მოიხადა, მერე კი ამნისტიით გამოუშვეს. თუმცა, ჩემი შვილის ციხიდან გამოსვლას, დედაჩემის ავადმყოფობა დაემთხვა. ის დრო, რაც ლუკა ციხეში იჯდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულში დანა გამიყარეს და გულის არეში მუდმივ ტკივლის ვგრძნობდი. როგორც კი ლუკას ჩავეხუტე (არ ვიცოდი, ლუკას თუ უშვებდნენ. როცა დამირეკა და მითხრა ათ წუთში გარეთ მიშვებენო, მაშინვე წავედი, მაგრამ, რუსთავამდე ჩასვლა ვერ მოვასწარი, ლუკა ვიღაცას დაემგზავრა და შუა გზაზე შევხვდით ერთმანეთს), ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ჩარჭობილი დანა ამომაცლეს და ტკივილიც მომეხსნა.

– პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია? ოჯახის შექმნას აღარ აპირებთ? 

– ახალი არაფერია, არც შეყვარებული ვარ. რომ გითხრათ, გადაწყვეტილი მაქვს და ვიღაცასთან ერთად ვცხოვრობ-მეთქი, ასე არ არის. ფინანსურად მძიმე პერიოდი მაქვს, დედაც ავად მყავს. რაც გამაჩნდა ყველაფერი გავყიდე და ვალები დამიგროვდა. მინდა, ჩემს პატარა ბიჭს, ანდრიას, ცხოვრება მოვუწყო. ჯერ მდგომარებიდან გამოვიდე და მერე ვნახოთ. 

– თქვენ გვერდით არავინ არის?

– რაღაც ფლირტები მაქვს, მაგრამ, სერიოზული არაფერია. პატარა ბიჭი აღარ ვარ, სულ მალე 49 წლის ვხდები და ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვფრთხილობ. ჩემს ასაკში ყველაფრის ნულიდან დაწყება რთულია. მაგრამ, თუ მაინც გადავწყვეტ ოჯახის შექმნას, არჩევანს ისეთ ადამიანზე შევაჩერებ, რომელსაც მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნი. 

– როგორი უნდა იყო თქვენი რჩეული, რომელთანაც ახალი ცხოვრების შექმნას დააპირებთ?

– კონკრეტულად ვერ გეტყვით. შეიძლება, შექმნა იდეალური სახე, მაგრამ, იდეალური ადამიანი არ არსებობს. როცა ვინმე შეგიყვარდება, მასში იმ თვისებებს დაინახავ, რაც შენ გინდა, რომ დაინახო; ასე რომ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.

– რატომ გაშორდით თქვენს მესამე მეუღლეს?

– ოჯახი რომ იქმნება, პირველი სამი წელი კრიზისულია. ხდება ღირებულებების გადაფასება. ყოველ შვიდ წელიწადში ადამიანის ფასეულობები იცვლება და ის სხვა თვალით უყურებს სამყაროს. თუ ადრე შენი მეორე ნახევრის ყველაფერი მოგწონდა და ნაკლს ვერ ხედავდი, დროთა განმავლობაში მის მინუსებსაც დაინახავ. ხანდახან ქალიც ფიქრობს, რომ შენ ის ადამიანი არ ხარ, ვისაც ეძებდა, ანუ – იდეალი. პირადად მე, მეოჯახე კაცი არა ვარ. ენერგიული ადამიანი ვარ და მოგზაურობა მიყვარს, თანაც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სახლში ხშირად არ ვარ. ქალი კი სტაბილური პიროვნებაა და ჩემნაირ ადამიანთან იღლება. 

– და მაინც, რა იყო თქვენი განშორების ნამდვილი მიზეზი?

– ჩვენი განშორების პირველი მიზეზი არის ხოლმე, როცა ვატყობ, რომ იმ ადამიანს ისე აღარ უხარია ჩემი სახლში მისვლა, როგორც თავიდან უხაროდა. მეუღლე კარს რომ გაგიღებს, უნდა გაგიღიმოს, უნდა გაუხარდეს შენი დანახვა; მეორე მიზეზი ქალის ბუნებაა – ქალებმა პატიება არ იციან. ქალს აქვს ისეთი თვისება, რომ ყველაფერი დაიმახსოვროს. შეიძლება, მილიონი სიკეთე გაუკეთო, მაგრამ ერთხელ თუ აწყენინე, მთელი ცხოვრება ემახსოვრება. როცა კრიზისული პერიოდი დგება, ქალს ისეთი ნიუანსები ახსოვს, რომელსაც მამაკაცი მნიშვნელობას არ ანიჭებს.

– ოჯახების უმრავლესობა ღალატის საფუძველზე ინგრევა, თქვენ არ გიღალატიათ მეუღლისთვის? 

– ბუნებით არ ვარ მოღალატე ადამიანი, თუმცა, პირველ მეუღლეს ვღალატობდი. 19 წლის ვიყავი როდესაც პირველად შევქმენი ოჯახი. შვილი რომ შეგვეძინა ჩემი მეუღლე ჩემთან ვერ მოგზაურობდა, ბავშვთან რჩებოდა და მე მარტო მივდიოდი, მეგობრებთან ერთად. ამიტომ, პატარ-პატარა რომანები მქონდა. მეორე მეუღლესთან რომ ვიყავი, ცხოვრებაში რაღაცეები შემემთხვა და მეუღლეს გული ვატკინე. მესამე ქორწინების დანგრევის მიზეზი ჩემი ამერიკაში წასვლა იყო – „გრინ-კარტა” მოვიპოვე, ამერიკაში სასწავლებლად წავედი და ექვსი თვე თბილისში არ ვიყავი. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, თბილისში ჩამოვედი და აქ პრობლემები დამხვდა; მერე უკან დავბრუნდი, მაგრამ, იქაც პრობლემები დამიგროვდა. ბოლოს ჩამოსვლა გადავწყვიტე და დავბრუნდი. იმ პერიოდში ხათუნასთან ურთიერთობა გამიფუჭდა. ხათუნასაც დაძაბული პერიოდი ჰქონდა – მამამისი დაიჭირეს, ციხეში არ მიხედეს და გარდაიცვალა, მე კი მაშინ მის გვერდით არ ვიყავი და ეს ვერ მაპატია. როცა ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა, ერთი წლის თავზე მას სხვა მოეწონა. მე იმ პიროვნებას შევხვდი და ცივილიზებულად დაველაპარაკე. მან ამიხსნა, რომ, სანამ ხათუნას არ გავეყრებოდი, მასთან ურთიერთობა არ ექნებოდა, მერე კი ცოლად მოიყვანდა. ჩემი აზრით, როცა ოჯახში კონფლიქტი იწყება, ჯობია, ყველაფერს გაერიდო. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეიძლება ასე შეფასდეს: გონებრივი სიახლოვე ბადებს პატივისცემას, სულიერი სიახლოვე ბადებს მეგობრობას, ფიზიკური სიახლოვე ბადებს ლტოლვას, ამათი ნაერთი კი – სიყვარულია. თუ რომელიმე დაირღვევა, მაშინ მთავარი იმსხვრევა, რომლის აღდგენა ძნელია. 

– ანდრია ხათუნასგან რატომ წამოიყვანეთ?

– ანდრიამ თავად არჩია ჩემთან ყოფნა. ბარგს რომ ვალაგებდი და მოვდიოდი,  თვითონ მითხრა: მამა, ჩემი ბარგიც ჩაალაგე, არაფერი დაგვრჩესო – და წამომყვა. დღემდე ასეა, 24 საათი ჩემთან უნდა ყოფნა. დედასთან სულ ტირილით და მოტყუებით მიმყავს. დედა მაინც რაღაცაზე უბრაზდება, ჩემთან კი თავისუფლად არის. 

– როგორი მამა ხართ?

– განსაკუთრებული მამა ვარ, სამივე შვილს დედებზე მეტად მე ვუყვარვარ. ბავშვები ძალიან მიყვარს. როცა ანდრია დაიბადა, მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. მკერდზე ვიწვენდი და ისე ვაძინებდი. ახლა 5 წლისაა და უკვე კაცობს. ჩემს მეგობარ გოგონებზეც არ ეჭვიანობს. თუ მოეწონება, მათთან თავს კარგად გრძნობს. რამდენჯერ უთქვამს – მამა, გოგონას მე აგირჩევო და, ქუჩაში გოგონა თუ მოეწონება, დამანახვებს – ნახე რა ლამაზიაო. 

– როგორი ბაბუა ხართ?

– ცუდი. თავიდან გიორგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, ანდრია რომ დაიბადა, მისკენ გადავერთე. გიორგი 9 წლისაა და პატარა ბიძაზე ეჭვიანობს. პირველად რომ მივუყვანე ანდრია, გიორგიმ იეჭვიანა და იტირა. 

скачать dle 11.3