კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევა სუმო ღმერთების ორთაბრძოლად და რატომ მსაჯობს შეჯიბრებას მღვდელმსახური

იაპონელები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდნენ ტრადიციებს, რომელთა ერთგულებიც დღემდე რჩებიან. მათი ტრადიციის ნაწილია ორთაბრძოლა სუმო, რომელიც იაპონელებს ძალიან უყვართ. სუმოს მოჭიდავეს ტრადიცია უამრავ შეზღუდვას უწესებს და პრივილეგიას ანიჭებს. რის გამოა „სუმოისტი“ ზეადამიანი, ამის შესახებ კულტუროლოგი ნინო გოგავა გვიყვება.

ნინო გოგავა: პროფესიულ დონეზე სუმო მხოლოდ იაპონიაშია, სხვაგან, ხუთივე კონტინენტზე არსებობს სუმოს ტურნირები, მაგრამ, ეს სამოყვარულო სუმოა და ტრადიციებთან ძალიან ცოტა აქვს საერთო. სუმოს მოჭიდავეები არიან იაპონიის ეროვნული გმირები, ზეადამიანები, რაც სუმოს შესახებ გავრცელებული ლეგენდებიდან მომდინარეობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მზის ქალღმერთის, ამატერასუს ბრძანებით, ორი უძლიერესი ღმერთი – მთის და ზღვისა და ტბების ერთმანეთს შეერკინენ სუმოში. ვინც გაიმარჯვებდა, მისი იქნებოდა იაპონიის კუნძულების მმართველობა და სწორედ  მისი შვილები არიან იაპონიის იმპერატორები. შესაბამისად, სუმო საიმპერატორო კარის განუყოფელი ნაწილია. შეჯიბრებები სეზონურად ტარდება, სხვადასხვა რეგიონის გამარჯვებულები ჩამოდიოდნენ და საიმპერატორო კარზე ერთმანეთს ხვდებოდნენ. სუმოს ძალიან დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს, ის სამონასტრო-რიტუალური ორთაბრძოლაა. როგორც საიმპერატორო კარზე, ისე შინტოს მონასტრებშიც, სპეციალური სკოლები იყო, სადაც სუმოს მოჭიდავეებს ზრდიდნენ. სუმოს დარბაზი, მოჭიდავეები, მათი ცხოვრების სტილი დატვირთული და გაჟღენთილია რელიგიური ელემენტებითა და სიმბოლოებით. მსაჯიც კი, რომელიც სუმოისტებთან ერთად საჭიდაო მოედანზე დგას შინტოისტური ტაძრის მღვდელმსახურია. მას ხელში მარაო უჭირავს, რომლის აწევა და გადაშლა ნიშნავს, რომ ორთაბრძოლა დასრულდა. ამ მარაოთივე გადასცემს ის გამარჯვებულს კონვერტში ჩადებულ ფულად ჯილდოს. 

– მოჭიდავეები რანგის მიხედვით იყოფიან?

– დიახ, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე მინდა გითხრათ, რომ მეჩვიდმეტე საუკუნე სუმოსთვის ოქროს ხანაა – ტოკუგავას პერიოდი, როდესაც იაპონიაში ყველაფერი ყვავის. ამ დროს ჩნდება ქუჩისა და ქალთა კომიკურ-სექსუალური ხასიათის სუმო, რომელიც მოგვიანებით, აიკრძალა. მეოცე საუკუნიდან ქალთა სუმოს ტურნირები არაპროფესიონალურ დონეზე უკვე ტარდება, მაგრამ ეს საკმაოდ მძიმე სანახაობაა. ესთეტიკურად ლამაზი ნამდვილად არ არის. ახლა მთავარი – სუმოს მოედანი, დოხე, როგორც ჩამოყალიბდა მეთექვსმეტე საუკუნეში იმ ფორმით, ზომითა და შინაარსით აგრძელებს არსებობას. ეს არის ოთხკუთხედი, შვიდი მეტრი და ოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძის მოედანი, რომელიც დაპრესილი თიხისგან კეთდება. მას ზემოდან აყრიან ქვიშას. ოთხკუთხედი მერე მრგვლად არის შემოსაზღვრული ბრინჯის თივისგან დაწნილი თოკით. სიმრგვალეში იყრება ქვიშა და ყოველი შეჯიბრების წინ, სწორდება, რათა ფეხის ანაბეჭდი კარგად გამოჩნდეს. ცენტრში ორი, თეთრად გამოყოფილი ხაზია მოჭიდავეების საწყისი პოზიციისთვის. ეს ყველაფერი დატვირთულია შინაარსით. ქვიშა სისუფთავის აღმნიშვნელი სიმბოლოა შინტოიზმში. მარილი, რომელსაც მოჭიდავეები თავად ყრიან მოედანზე, ნიშნავს, რომ ის ადგილი და მოჭიდავეებიც სუფთავდებიან და ბოროტ ძალებს დევნიან. სანამ შეჯიბრება დაიწყება, პირის ღრუში აუცილებლად ივლებენ წყალს და ქაღალდის ხელსახოცით ტანს იმშრალებენ. საერთოდ, იაპონელებს ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ სისუფთავის მიმართ. დარბაზის თავზე დაკიდებულია ჭერი, რომლის ოთხივე მხარეს ფუნჯები ჰკიდია, რაც წელიწადის დროებს აღნიშნავს: თეთრი შემოდგომაა, შავი – ზამთარი, მწვანე – გაზაფხული და წითელი – ზაფხული. ასევე, დაკიდებულია დროშები, რაც იმის მანიშნებელია, რომ სეზონი შეიცვალა და ქარია. შეჯიბრება ღია ცის ქვეშ იყო და ამ ყველაფერს ძველად სხვანაირი დატვირთვა ჰქონდა. კატეგორიულად აკრძალულია დოხეზე ქალი ავიდეს და იქ ფეხი დაადგას. თუ ეს მოხდა, იმ ადგილას პროფესიული შეჯიბრება აღარასდროს ჩატარდება.

– ტურნირი როგორ იწყება?

–  ტურნირი იწყება აღლუმით, რომელსაც წინ ტიტულოვანი, სახელოვანი სუმოისტი მოუძღვის. ის შესაძლოა, აღარც იყოს აქტიურ სპორტში. ამის შემდეგ მოდიან მსაჯები – ოთხივე კუთხის და ერთი ცენტრალური მსაჯი მარაოთი. მათ მოსდევს ორი მოქმედი სუმოისტი დიდი ხმლით ხელში. შეჯიბრება იწყება განწმენდის ცერემონიალით. სუმოისტი აიღებს მარილს, მიიყრის ტანზე, დაყრის დოხეზე, დაუკრავს ტაშს, ფეხს დაარტყამს დოხეს და ჩაიმუხლავს. როდესაც ორივე მოჭიდავე ჩამუხლულია, ზუსტად ერთდროულად უნდა დაარტყან ხელი იატაკს. თუ სინქრონი დაირღვა, ვინც ააცდინა, ჯარიმდება საკმაოდ სოლიდური თანხით 500-დან 1 000 დოლარამდე. ამის შემდეგ, ჩაკუზულებს შორის თვალებით მიდის ფსიქოლოგიური ბრძოლა. მონაწილეებს ოთხი წუთი ეძლევათ მოსამზადებლად. ოთხი წუთის შემდეგ კი იწყება ბრძოლა და დამარცხებულია ის, ვინც დოხეს გადაცდება სხეულის ნებისმიერი ნაწილით, იქნება ეს თმა, ხელის თითი თუ სხვა. წაგებულია ასევე ისიც, ვინც დოხეს იქით ტერფის ანაბეჭდს დატოვებს. ფეხით გადასვლა წაგებად არ მიიჩნევა, უნდა წააქციო მოწინააღმდეგე. ორთაბრძოლა რამდენიმე წამს გრძელდება. სამი ჩემპიონატი ტარდება ტოკიოში და თითო-თითო – ოსაკაში, ნაგოიოსა და კუნძულ კიო-სიოზე. რაც შეეხება ჩაცმულობას, ისინი ბორდო-იასამნისფერი კიმონოებით დადიან. თმა აუცილებლად გრძელია და იკვრება ერთიან კონად, რაც დარტყმისგან თავდასაცავად გამოიგონეს. შეჯიბრების დროს მათი ერთადერთი სამოსი ქამარია – ცხრა მეტრისა და ორმოცი სანტიმეტრის სიგანის, რომელსაც ისე მაგრად იკრავენ, მისი ჩამოძრობა ან ჩამოვარდნა გამორიცხულია. თუ ეს მოხდა, სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ემუქრება. თითის ჩაცურებაც კი არ შეიძლება, ისე მყარად კრავენ. ამ ქამარს წინ აქვს ჯოხები, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს.

– არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურებიან ამ დროს.

– იაპონიაში სუმოს უამრავი სკოლა არსებობს, სადაც მაღალი კლასის მოსწავლეებს იღებენ, მიღება ოცდასამ წლამდეა. აუცილებელია ამ დროს მისი წონა იყოს 70 კილოგრამი და სიმაღლე 1.73 მეტრი. ამაზე დაბალი გამორიცხულია. რაც უფრო მსხვილია ძვალი, მით მარტივად იკრებს წონას და ეს კარგია. სკოლაში დილით ექვს საათზე დგებიან, ხუთი საათი ვარჯიშობენ, მერე ჩადიან ძალიან ცხელ აბანოში. ამის შემდეგ აქვთ სადილი, ძალიან კალორიული, ცილოვანი საკვები. სადილის შემდეგ სამი საათი სძინავთ, მერე ისევ ვარჯიშობენ და საღამოს აქვთ ვახშამი.

– აბა, რა ასუქებთ?

– სპეციალური დიეტა, სადაც შედის ქათმის, ძროხის, ღორის ხორცის, თევზის, ბოსტნეულის, ზღვის პროდუქტების წვნიანი. ამ წვნიანის რეცეპტი ყველა სკოლას თავისი აქვს და ის გასაიდუმლოებულია. ეს ყველაფერი ერთად იხარშება, უბრალოდ, არ ვიცი, რა თანმიმდევრობით. ჩემპიონატის დროს კი მხოლოდ ქათმის წვნიანით იკვებებიან და რატომ? – სუმოისტი უნდა იდგეს ორ ფეხზე და არა ოთხზე, მსხვილფეხა საქონელივით. აუცილებლად მიირთმევენ ბრინჯს, ძალიან დიდი რაოდენობით ლუდს და ტოფუს, იაპონურ ყველს. არც ალკოჰოლური სასმელებია მათთვის აკრძალული და ესეც ასუქებთ. მათი წონა 120-175 კილოგრამს შორის მერყეობს. რაც უფრო მოქნილია სუმოისტი, ამით უპირატესობა აქვს. ისინი საოცარი პოპულარობით სარგებლობენ ღმერთკაცებად ჰყავთ მიჩნეული. ქუჩაში რომ ხედავენ, ხალხი იკრიბება, წრეს კრავს და ცდილობენ ხელით შეეხონ – მიაჩნიათ, რომ ამით მათ ცხოვრებაში ბედნიერება მოვა. ძალიან დიდი პრიზები აქვთ რანგების მიხედვით – ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის გვარს კალიგრაფი ყველაზე დიდი იეროგლიფებით ხატავს დაფაზე. საინტერესოა, რომ მთავარ პრიზად ახალი მანქანის გასაღებს გადასცემენ, არადა მანქანის მართვა ეკრძალებათ. ასევე, იღებენ ერთი ძროხის წონა ხორცს, ერთი წლის „კოკა-კოლას“ მარაგს და ათას ცალ შიიტაკის სოკოს. ასევე, არის ფულადი პრიზები. ჰყავთ სპონსორები, მუშაობს ბონუს-სისტემა, მოკლედ, ფინანსურ მხარეს არ უჩივიან. სუმოისტს ჰყავს მძღოლი ან ტაქსით დადის. მანქანის მართვა იწვევს დისკვალიფიკაციას და რანგით ჩამოქვეითებას. არის ასეთი მითიც, რომ ის სუმოისტი გაიმარჯვებს დოხეზე, ვინც წინა ღამეს ლამაზ ქალთან გაატარებს, ან ხორცის ძალიან დიდ ულუფას მიირთმევს. კიდევ ერთი აკრძალვა, კატეგორიულად დაუშვებელია ტოტალიზატორი და რაიმე გარიგება სუმოსთან დაკავშირებით. ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა, სუმოისტების ესემესები გამოაშკარავდა და ოსაკას ტურნირი ჩააგდეს. არადა, მეორე მსოფლიო ომის დროს და ხიროსიმას დაბობმვისასაც კი არ აუკრძალავთ ჩემპიონატი არც ერთხელ. მკაცრად დაისაჯა ყველა მონაწილე.

– ქართველებს რა რანგები აქვთ?

– საკმაოდ მაღალი. ოთხი ქართველია აქტიურ სუმოში: თეიმურაზ ჯუღელი, ლევან გორგაძე, მერაბ-გიორგი ცაგურია და ყველაზე ცნობილი – მერაბ-ლევან ცაგურია, ანუ კოკაი. კოკაი საკმაოდ ტიტულოვანია. 

скачать dle 11.3