როდის ტყუვდება მამაკაცი, როცა თავი ოჯახში მთავარი პერსონა ჰგონია და რით არის საშიში ქალის დეპრესია
ფსიქოლოგები გვირჩევენ – გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სტრესი ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად არ იქცეს; კიდევ უკეთესი, თუ სტრესს საერთოდ არ შემოვაყოფინებთ ცხვირს ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. სტრესი როდის გეწვევა, წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ – ის თითქმის ყოველთვის მოულოდნელად მოდის. მაგრამ, ერთი რამ მაინც უნდა მოახერხოთ – საკუთარ თავს უთხრათ, რომ, რაც ხდება, ყველაფერს უკეთესობისკენ მივყავართ. სულიერი წონასწორობის აღდგენის მზა რეცეპტი არ არსებობს – ყველას საკუთარი, ინდივიდუალური მიდგომა აქვს. თუმცა, ეს არც ისე უწყინარი გასართობია და ძალიან ვნებს ტრადიციულ ურთიერთობებს. მაგრამ, მაინც ძნელი სათქმელია, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე...
თეონა (36 წლის): არსებობს კი წამალი იმ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რომელშიც მე აღმოვჩნდი?! ვფიქრობ, რომ არა. უბრალოდ, ადამიანები ზოგჯერ თავს ვიმშვიდებთ ან ვცდილობთ, დავიმშვიდოთ – ეს, ალბათ, ჩვენი იმუნიტეტი მუშაობს. რაღაც ეტაპზე თითქოს კარგად ხარ, მაგრამ, მერე ხვდები, რომ პრობლემები მოიმატე, ჩიხში შეხვედი. აღარც რჩევა გშველის და აღარც მეგობრების მხარდაჭერა – მარტო ხარ უთანასწორო ბრძოლაში. თანაც, რა შევამჩნიე, იცით? თუ ერთხელ დაცურდი თავდაღმართზე, მერე ინერციით მიდიხარ ქვემოთ და დამუხრუჭება ძალიან ძნელია. ჩემი ქმარი, ერთი შეხედვით, უწყინარი ადამიანია, მშვიდი და წესიერი; მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მე მინახავს ის გაცოფებული და ცეცხლისმფრქვეველი. ამ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი და ახლა მიკვირს, როგორ მშვიდად შევცქეროდი მას თვალებში, როცა მთელი ხმით ღრიალებდა – საზიზღარი ძუკნა ხარ, ეს როგორ გააკეთეო. ცხოვრებაში პირველად, ფეხებზე მეკიდა, რას ფიქრობდა ჩემზე ერთ დროს საყვარელი ქმარი და, საერთოდ, ყველა. არადა, საკმაოდ სტერეოტიპული ადამიანი ვარ – ყოველთვის ვითვალისწინებდი საზოგადოების აზრს. ასე გამზარდეს და რაღაც მომენტამდე მეც ასე მიმაჩნდა მართებულადაც და ეთიკურადაც. ათწლიანი ოჯახური ცხოვრების სტაჟი მაქვს. ჩემი ქორწინება საკმაოდ მტკიცე იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პატარა ჩავარდნები გვქონდა.
– „პატარა ჩავარდნებს“ რას ეძახით?
– ჩხუბსა და შერიგებას. გეუგებრობებიც გვქონია და წყენაც, ოღონდ, ხმამაღალი სკანდალებისა და წამოძახებების გარეშე. განქორწინებაზე ხომ მინიშნებითაც კი არ ყოფილა საუბარი. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე ეს ამბავი დამემართებოდა. ფსიქოლოგები, ალბათ იტყვიან, რომ დეპრესიაში, სტრესის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი ზოგჯერ არაადეკვატურად იქცევა და, შეიძლება, თავადაც არ ესმოდეს, რაზეა წამსვლელიო.
– რას გულისხმობთ?
– კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნის გზებს. ჩვენ ყველა ჩვენებურად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პრობლემას. წყენას, სევდას, ტკივილს, სტრესს და უბრალოდ, ცუდ განწყობას. მამაკაცები უფრო ხშირად სასმელს ან მოსაწევს მიეძალებიან; ზოგი, მაგალითად, ჩემი მეგობრის ქმარი, სათევზაოდ დადის. ქალები ვიცი, ასეთ დროს ქსოვენ ან ქარგავენ. ინტერნეტსივრცეში ურთიერთობების გაბმაც ასეთი საშუალებათაგანია. უკიდურესი ვარიანტი ახალი პარტნიორია და მე, ჩემდა უნებურად, ამ გზით წავედი. სამწუხაროა, რომ ჩემი მდგომარეობის გამო აქამდე მივედი. რომ მეგონა, ქმარი ერთადერთი მამაკაცი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, დღეს საყვარელი მყავს. რეალობა ერთია, რომელსაც ვერაფრით ვეგუები – შინაგანი პროტესტი მაქვს.
– პროტესტი რის მიმართ?
– საკუთარი თავის მიმართ – ის გავაკეთე, რაც ჩემში არ იყო. ხვდებით, ხომ, რასაც გეუბნებით? ვფიცავ, ეს არ იყო ჩემი არჩევანი. ძალიან გავწამდი და ძალიანაც ვინერვიულე, მაგრამ... იყო მოკლე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემ მიერ გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი. იცით, ეს რას ნიშნავს? სრულ ჯოჯოხეთს. გამოგონილი ვნება, გამოგონილი ემოცია... რა მექნა! ვგრძნობდი, რომ, სხვანაირად, გავგიჟდებოდი. რეალური ცხოვრება, როგორი პრობლემებით დახუნძლულიც არ უნდა იყოს, ბევრად ჯობია ვირტუალურს.
– ახლა ხომ გაქვთ რეალური და პრობლემებით „დახუნძლული“ ცხოვრება, კმაყოფილი ხართ?
– დიახ. პრობლემები კი მაქვს, მაგრამ, თავს გამოცარიელებულად და გამოშიგნულად აღარ ვგრძნობ. თუმცა, სინდისიც მაწუხებს. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი-მეთქი, მაგრამ, ეს მდგომარეობა მაინც მირჩევნია. კაცები რომ ხვდებოდნენ, რა მდგომარეობამდე მივყავართ ქალები და როგორ მარხავენ ჩვენს გრძნობებს, იქნებ სამყარო უფრო ლამაზი ყოფილიყო.
– მხოლოდ მამაკაცები არიან დამნაშავენი იმაში, რომ ჩვენი ცხოვრება მუქი ფერებით არის სავსე?
– არ ვიცი, შეიძლება, ქალებიც ვაშავებთ. მაგრამ, ვფიქრობ, მამაკაცებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ – ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ და იმიტომ. ხომ უნდათ, რომ ყველაფერში მთავარი იყვნენ, ყველაფერი მათ ეკითხებოდეთ და ყველაფერს თავად წყვეტდნენ?! მაშინ, კეთილი ინებონ და შეგვიქმნან პირობები, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მოგვინდეს. კაცების ბრალია, რომ ჩვენ გამუდმებით ბრძოლა გვიწევს და ქალობასაც ვკარგავთ. ვისაც გნებავთ, იმას დავუმტკიცებ, რომ არც ერთ ქალს არ უნდა, კაცს ბრძოლა გამოუცხადოს და ამ ომში იცხოვროს. ვინ იტყვის, რომ ეს სასიამოვნო შეიძლება იყოს, ეს ხომ გამორიცხულია?! საერთოდ, ადამიანები ძალიან შეიცვალნენ – ურთიერთობებმა ფასი დაკარგა, სიყვარული და ერთგულება გაუფერულდა. ალბათ, გაგეღიმებათ – მე ვუღალატე ქმარს და მე ვლაპარაკობ ერთგულების გაუფერულებაზე. მაგრამ, ამან გადამარჩინა – ჩემი დეპრესიისთვის საუკეთესო წამალი აღმოჩნდა.
ერთი წლის წინ ჩემს ქმარს ხასიათი მკვეთრად შეეცვალა. დღემდე ვერ ვხსნი მიზეზს, რის გამო შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.
– საყვარელი გაიჩინა თუ ფინანსური პრობლემები გქონდათ?
– საყვარელი არ გაუჩენია, არც ფინანსური პრობლემები გვქონია – მეც ვმუშაობ, ისიც და კარგად გვყოფნის. უბრალოდ, ჩემი ქმარი ძალიან ამბიციური ადამიანი აღმოჩნდა. რაღაც ეტაპამდე ამას არ ავლენდა, სანამ მისი რამდენიმე ძმაკაცი ძალიან არ „გაიქაჩა“ სოციალურ კიბეზე, რამაც ეს ნელ-ნელა დაბოღმა. თურმე, თვითონაც ჰქონდა რაღაც კონკრეტული მიზნები და „ჩალიჩობდა“ კიდეც, ამ მიმართულებით. სამწუხაროდ (და ამას გულწრფელად ვამბობ), არაფერი გამოუვიდა. წინ ვერ წაიწია და ნელ-ნელა ეს მის ხასიათს ძალიან დაეტყო – დაკომპლექსდა და პიროვნულად შეიცვალა. მე არ მელაპარაკებოდა ამ თემაზე, საკუთარ თავში ჩაიკეტა და დამუნჯდა. სამაგიეროდ, გახდა აგრესიული, უკონტაქტო, მხოლოდ ერთი ტექსტი ჰქონდა ამოჩემებული: ჩემი სტატუსი დამამცირებელია. ორმოცი წლის კაცს ამაზე მეტისთვის როგორ არ უნდა მიმეღწია ცხოვრებაშიო. ჩემზე უტვინოები მინისტრები ან მილიონერები გახდნენ, მე კი ერთ ადგილს ვტკეპნიო. მე ძალიან თანავუგრძნობდი, ვეფერებოდი, მაგრამ, სიახლოვეს არ მიკარებდა, ხელს მკრავდა – მომშორდიო. მე ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვარ და შენ ჩემი საერთოდ არ გესმისო. ესეც რაღაც ფორმით დეპრესია იყო. განა ვერ ვიგებ და ეგოისტი ვარ, მაგრამ, რისთვის არიან საყვარელი ადამიანები საჭირონი? მე ქმარი მარტო იმიტომ ხომ არ მინდოდა, რომ მომევლო მისთვის? რა, მრეცხავი ვიყავი თუ დამლაგებელი?! მარტო სექსიც არ არის ყველაფერი, მაგრამ, ამ სექსის გარეშეც საშინელებაა, როცა ჯანმრთელი მამაკაცი გვერდით გყავს. მინდა, სწორად გამიგოთ. არ მოეფერო, არ მიეკარო, არ დაელაპარაკო, არ ჩაეხუტო... აბა, რა უნდა მექნა? რა ვქნა, მე მიმაჩნია, რომ სითბო, ყურადღება და სიყვარული ყველაფრის წამალია. ლამის გამაგიჟა საკუთარი უსუსურობის განცდამ, რომ ვერაფრით ვეხმარებოდი. გეფიცებით, ძალიან დიდხანს ვუმეორებდი – ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ნიჭიერი ხარ-მეთქი. თუმცა, არაფერმა გაჭრა. ეკლები გამოისხა და ერთხელ გამომიცხადა, ალერგია მაქვს შენზეო. იდიოტი ხარ, თუ ვერ ხვდები, მე ახლა რა მდგომარეობაში ვარო. ველოდებოდი, ვფიქრობდი, ეს ახლა „შავ ზოლშია“ და გაუვლის-მეთქი. მაგრამ, გაუარა კი არა, პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა. ერთბაშად ვერც მივხვდი, რომ მეც სერიოზული დეპრესია დამეწყო. ჩემი ქმარი დღითიდღე მშორდებოდა. ღამით მარტო წანწალს შეეჩვია – ადგებოდა და მიდიოდა, მე კი კოშმარში ვრჩებოდი, ტირილისგან თვალებდასიებული და გულგახეთქილი. ვერავის ველაპარაკებოდი ამაზე. მარტოსულობა საშინელება ყოფილა – დამანგრეველი და მომსპობი. ჰოდა, ერთხელაც, სრულიად უცხო – მამაკაცს მხარზე თავი მივადე და ავტირდი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, თქვენთვის გასაგები ვერ გახდება ის მდგომარეობა, რომელშიც იმ მომენტისთვის ვიყავი. სამწუხაროდ, ის უცხო კაცი გაცილებით ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის და უფრო კარგად გამიგო, ვიდრე ქმარმა, რომლის გვერდითაც ათ წელიწადზე მეტი გავატარე. ამ ადამიანმა ერთ თვეში ისე კარგად გამიცნო, რომ ჩემი სულის ყველაზე შორეულ ხვეულებს ჩასწვდა. ისე მიგებს, ლაპარაკიც არ მჭირდება. თურმე რამდენი რამე მკლებია; კაცის სითბოს როგორი დეფიციტი და მოთხოვნილება მქონია. აღარ ვარ ჩამქრალი და განადგურებული, მე გავცოცხლდი.
– ქმარს, ალბათ, უმალავთ ამ ამბავს.
– სულაც არ ვუმალავ. უკვე მოვუყევი ყველაფერი და ეს საერთოდ არ გამჭირვებია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ეს ნაბიჯი იმ მომენტში ერთადერთი წამალი და გამოსავალი იყო ჩემთვის. ქირურგი ხომ კვეთს ფეხს ან ხელს, რათა დანარჩენი ორგანიზმი გადაარჩინოს?! ჰოდა, მეც მოვიკვეთე პასუხისმგებლობა ქმრის მიმართ და ეს ვუთხარი კიდეც.
– რა გითხრათ?
– პირველი რეაქცია ბუნებრივი იყო: წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდანო, – ღრიალებდა. შვილებიც წაიყვანე და წადი, შენნარი ძუკნას შვილები არ მჭირდებაო. მერე დაუბრუნდა საღად აზროვნების უნარი და ძალიან ნანობს. არ დამტოვოო. ვიცი, მე მიგიყვანე ამ ზომამდეო. მეცოდება და ამიტომ ვერ ვტოვებ. თორემ ვგრძნობ, სულიერადაც და ფიზიკურადაც უკვე მეორისაკენ მივიწევ. ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ, ქალად თავს მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობ.
– იმას უნდა თქვენთან ყოფნა?
– ძალიან. თვითონ ცოლი არ ჰყავს. მეხვეწება, მასთან წავიდე სამუდამოდ ჩემი შვილებიანად და ოჯახი შევქმნათ.
– თქვენ რას აპირებთ?
– არ ვიცი. ალბათ, ქმარს ვერ მივატოვებ. გეუბნებით, მიჭირს. ვიცი, რომ დაიღუპება. ბავშვებსაც, ალბათ, საკუთარ მამასთან უნდათ ცხოვრება, როგორიც არ უნდა იყოს ის.
– თუ ქმრის მიმართ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ, მაშინ, თქვენი ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია.
– ჩემთვის არ არის გაუგებარი. პირიქით, სრულიად გასაგებია. შვილს ხომ ვერ მიატოვებს ნორმალური დედა? – ზუსტად ასეთი განცდა მაქვს, ჩემი ქმრის მიმართ, თორემ, როგორც მამაკაცი აღარ მაინტერესებს.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ მას ახლა არავინ ჰყავს, თქვენ კი მოახდინეთ თქვენი გრძნობებს რეალიზება.
– ვერ გეტყვით, შეიძლება, ასეც არის. ანუ, საყვარელი რომ ჰყავდეს, მოვებღაუჭები? რა გითხრათ... ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ღირდეს ჩვენი ოჯახის გამთლიანება, იქნებ ისევ ვიგრძნო ქმრისადმი ლტოლვა და ხელახლა დავიწყოთ ყველაფერი?! მაინც მენანება ჩვენი ათწლიანი ურთიერთობა.