რის უფლებას აღარ აძლევს კოტიკო თოლორაია საკუთარ თავს დაოჯახების შემდეგ და როგორ გახდა ამერიკაში სოსო თოლორაია „შოშია“
ამერიკაში დაახლოებით შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ, სოსო თოლორაია ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა. ამისთვის კი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ 17 აპრილიდან, ქეთი ორჯონიკიძესთან ერთად, „მაესტროზე“ ახალ მუსიკალურ გადაცემას წაიყვანს და, მეორე – სოსომ და კოტიკომ ბიზნესი წამოიწყეს, რომელიც მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს.
სოსო: ეს იდეა ამერიკაში დაიბადა, თუმცა‚ იქ სხვა ფორმა აქვს: ქართველ მსახიობებს, მომღერლებს ვიწვევ ამერიკაში, ანუ, იქ ქართული პროექტების გაკეთებით ვარ დაკავებული. საქართველოში კი, „სოკო ივენთ გრუპი“ ქართველებს (და არა მხოლოდ ქართველებს), კერძო პირებს, ცნობილ ადამიანებს, ბანკებს, სხვადასხვა დაწესებულებას, რომლებსაც სურთ გარკვეული ღონისძიების გაკეთება, სთავაზობს თავიდან ბოლომდე მომსახურებას, ორგანიზებას – დარბაზში ცხენების შეყვანით დაწყებული, ფოიერვერკით დამთავრებული, ანუ, გააჩნია ფანტაზიას და ბიუჯეტს, ოღონდ‚ ორივე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ესე იგი‚ დაბადების დღეები, ქორწილები, ბოლო ზარები, კორპორატიული საღამოები – მოკლედ‚ ყველაფრის ორგანიზებას ვაკეთებთ, თან‚ მაღალ დონეზე. იდეა, რომელიც მქონდა ამერიკაში ძალიან წარმატებულია, ოღონდ, ცოტა სხვა ფორმით, გადმოვაქართულეთ და ჩვენს საქმიანობაშიც ჩავრთეთ – ეს ეხება სიყვარულის ახსნას. მოკლედ, გულდაწყვეტილ წყვილებს ან გაუბედავ შეყვარებულებს შეგვიძლია, დავუგეგმოთ‚ თუ როგორ უნდა აუხსნან შეყვარებულს სიყვარული. თუ უკვე ცოლი ჰყავთ, შეუძლიათ, სიურპირზი მოუწყონ, თავისი „ფლეშ მობებით“, სერენადებით, ბუშტებით და ასე შემდეგ. გვყავს ჩვენი სტაფი, ჩვენი მეგობრები და ამ ყველაფერს ვაკეთებთ უმაღლეს დონეზე.
– რატომ დაარქვით „სოკო“?
კოტიკო: სო – სოსო და კო – კოტიკო. გარდა ამისა, სოკო ძალიან გემრიელია, მისგან კერძის ბევრი სახეობა კეთდება, დრაგებს შორის წარმატებულია, ყველა კუთხეშია, თან, არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერის. იმის თქმა გვინდა, რომ ჩვენც გვსურს, ვიყოთ უნივერსალები. რაც შეეხება ივენთს, ღონისძიების დაგეგმვას, არ გვაქვს ის მომენტი, რომ ვიღაცას ქორწილი აქვს და ამას არ გავუკეთებთ. მაქსიმალურად ვეცდებით‚ რამდენიც აქვს ბიუჯეტი, იმის მიხედვით გავუკეთოთ „ჰაი-კლასის“ ივენთი.
– აქამდე თუ გაგიკეთებიათ საერთო ბიზნესი?
სოსო: რადგან მე წასული ვიყავი, კოტიკოს, ძირითადად, სოლოში უწევდა მუშაობა. „სოკო პროდაქშენის“ ფარგლებში სატელევიზიო პროექტზეც ვმუშაობთ – გვაქვს იდეა, რომ გვქონდეს სტუდია, სადაც ჩავწერთ ჩვენს გადაცემებს, ვითანამშრომლებთ ტელევიზიებთან. კოტიკო ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია და მეც, ამ შვიდ წელიწადში, ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამეზარდა. კოტიკო 13 წლის ასაკიდან მუშაობს, დამოუკიდებლად აქვს შემოსავალი, ძალიან საამაყო ძმა მყავს და, ვეცდებით, რომ ჩვენი ბიზნესი წარმატებული იყოს.
– სოსო, როგორც ვიცი, მალე „მაესტროზე“ ახალ გადაცემას წაიყვან და ამერიკიდან შენი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
– „მაგთი“ და „მაესტრო“ ერთად აკეთებენ მუსიკალურ პროექტს – „მაგთიფანი“, რომელიც გავა ონლაინ-რეჟიმში და, რაც მთავარია‚ განსხვავებული იქნება იმ მუსიკალური პროექტებისგან, რომლებიც აქამდე ყოფილა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. მოკლედ‚ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და სამთვიანი კონტრაქტი დავდე მამუკასთან. ვნახოთ, მერე როგორ განვითარდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში‚ მე მოტივირებული ვარ, თან‚ ახალი სუნთქვა შეინიშნება, სიახლეები, უფრო მეტი თავისუფლებაა. მე და ქეთი ორჯონიკიძე ვართ წამყვანები და, ვფიქრობ‚ საინტერესო იქნება.
– ორივე ძალიან მხიარულები, ენერგიულები ხართ, იუმორის გრძნობით.
კოტიკო: ეს მამაჩემისგან გვაქვს გენეტიკურად. მამა იყო ძალიან მხიარული ადამიანი, იუმორის გრძნობა ჰქონდა ფანტასტიკური. ნებისმიერი სირთულის წინაშე რომ ვდგებით, სულ ვცდილობთ, იუმორით გადავაგოროთ. იუმორი არის ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ისევ ისეთია სოსო: მაღალი, თმახუჭუჭა, ცისფერთვალება, ქერათმიანი.
– კოტიკო, დაოჯახდი და, ალბათ‚ შენი ცხოვრების წესიც, გარკვეულწილად, შეიცვალა.
– ჩემი მეუღლე ახლა ამერიკაშია, სოსო პატრონობდა: რძალი, თან ფეხმძიმეო – გადაყოლილი იყო. ახლა ჩემი ძმა რომ ჩამოვიდა‚ ჩემს რძალთან დარჩა, სოსოს ცოლთან, ერთად ჭუკჭუკებენ და ჩვენ აქ ვჭუკჭუკებთ. რაც დავოჯახდი, უფრო ჩავდექი კალაპოტში. ადრე თუ ხშირად დავდიოდი კლუბებში, ფუჭად ვხარჯავდი დროს, მეგობრებთან ერთად სამი საათი „ჯოკერს“ ვთამაშობდი, რომ დრო გამეყვანა, ახლა აღარ ვარ ასე. სანამ მარიამი აქ იყო, მთელი თავისუფალი დრო ერთად ვიყავით, ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. თავს ვეღარ ვაძლევ იმის უფლებას, რომ სულელული ნაბიჯები გადავდგა, ანუ, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ მომავალს, რადგან, მარტო აღარ ვარ, მეუღლე მყავს, შვილი გვეყოლება. თუ რამეს დავისახავ მიზნად, სულ ვამბობ: „გაბრიელისთვის“, ანუ, ყველა საქმეს უკვე მის სახელს ვარქმევ. თუ ადგომა მეზარება, ვამბობ: „ეს გაბრიელისთვის, ეს მარიამისთვის“ – და აღარ მეზარება.
– მარიამი მეხუთე თვეშია. აქ რომ ხარ, აკლდები ყველა იმ საინტერესო მოვლენას, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება.
– ვლაპარაკობთ სკაიპით, „ვაიბერით“, „ფეისბუქით“, მოკლედ, სულ ონლაინ-კავშირში ვართ. ჩვენ შორის დიდი პრობლემა მხოლოდ დროის საკითხია – ჩვენთან რომ დილაა, იქ ღამეა. ის ცდილობს, ისეთ დროს გაიღვიძოს, რომ მე მეღვიძოს; მეც ვცდილობ, ღამის 2-3 საათამდე „გავქაჩო,“ რომ ვილაპარაკოთ. ახლა ის ეტაპია, როცა ყველაზე მეტად მინდა მის გვერდით ყოფნა, თან, სულ სიახლეებია, შეგრძნებები... მუცელი რომ იზრდება, შიგნით ხმაურობს, ირტყმევინება... პირველად როცა გავიგე‚ ფეხმძიმედ იყო, იმხელა ვიყვირე. თან, რომ განახვებენ, ხელი სად აქვს, ფეხი სად აქვს. ისე‚ გოგოსკენ უფრო ვიყავი, რადგან, თოლორაიებს სულ ბიჭები ჰყავთ. ერთი თაკო თოლორაიაა, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა. მამაჩემსაც‚ თურმე‚ ჩემზე სულ გოგო ესიზმრებოდა. მეც ისეთი სიზმრები მქონდა, წესით გოგო უნდა მყოლოდა. სქესი რომ გავიგეთ, ჩემმა ცოლმა მითხრა, სახე აგელეწაო. უბრალოდ‚ გოგო მამისთვის სულ სხვაა – პრინცესა, „კაბოჩკებით“, თორემ, შვილი – შვილია. ივლისის ბოლოს მაქვს დაგეგმილი წასვლა, მშობიარობას რომ დავესწრო, ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და მერე ჩამოვალ, რადგან, აქაც საქმეები მაქვს. გავიჭირვებთ, იმიტომ, რომ ეს ისევ და ისევ ჩვენი და შვილის კეთილდღეობისთვის კეთდება.
სოსო: ძალიან საყვარელი რძალუკა მყავს, არაჩვეულებრივი მომღერალია და მისი მოსმენა ჩემთვის სასიამოვნოა. რომ გავიგე, ჩემი რძალი გახდა, ამ ფაქტმა ორჯერ და სამჯერ უფრო შემაყვარა. ძალიან კარგი ადამიანია. ვფიქრობ, მეც და კოტიკოსაც ცხოვრებაში ამ კუთხით გაგვიმართლა. ახლა სოფოს და მარიამს აქვთ შანსი, რომ ერთად იყვნენ, „იძმაკაცონ“. არაფერი არ ხდება ტყუილად, ალბათ‚ საჭირო იყო, რომ მათ ჩვენ გარეშე ჩამოეყალიბებინათ ერთმანეთთან ურთიერთობა.
– სოსო, ამერიკაში სხვადასხვა პროექტში იყავი დაკავებული. ახლა, თბილისში რომ ჩამოხვედი, ალბათ, გადადე რაღაცეები.
– წინასწარ ვიცოდი, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. ამიტომ, ის პროექტები‚ რაც ამერიკაში მუშავდება, დაკონსერვებულია. მე და ჩემი შეფი ვძმაკაცობთ, მინდა‚ აქაც ჩამოვიყვანო – საუბარია „ფერარის“ კლუბის გახსნაზე. როგორც იცი, ის „ფერარის“ ავტომრბოლელია. მოკლედ‚ დიდი გეგმები გვაქვს. ამერიკაში ხათუნა იოსელიანმა დადგა „თეთრი ბაირაღები“, პრემიერა უკვე ვითამაშეთ. შოშიას როლი შევასრულე, გაქსუებული გამფლანგველი ვიყავი. პერსპექტივები დაისახა გასტროლების სახით. შეიძლება, „სოკო ივენთ გრუპის“ ფარგლებშიც მოვიწვიოთ საქართველოში დასი, ტურნეებშიც წავიდეთ.
– კოტიკომ შვილი ხომ კარგად გაზრდილი დაგახვედრა...
– პრაქტიკულად, მამაც და ბიძაც ეს არის. ძირითადი დარტყმები თავის თავზე აიღო კოტიკომ. საამაყო ბიჭი გვყავს ანდრია, ახლა პატარა გაბრიელს ველოდებით და კოტიკოს უკვე მე ავუღებ „აბაროტს“. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვაკეთებდი: „კავეენები“, სცენა, სიმღერა და მერე‚ კოტიკო რომ ამომიდგა მხარში, იმხელა მუხტი დამანახვა, აღარ მქონდა გაჩერების უფლება. ადრეული ემიგრაციის პერიოდში ჩნდება დეპრესიული ფონი და მქონდა მომენტები – თავი ხომ არ გავანებო-მეთქი და ასეთ დროს სულ ჩემი ოჯახი მეხმარებოდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ჩემი არჩვეულებრივი მეუღლე – სოფო. მისი გაცნობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად‚ ადამიანი წარუმატებელია, თუ გვერდით არ უდგას ისეთი ადამიანი, ვისაც, შეუძლია, დაეყრდნოს. საბოლოო ჯამში, შვილებიც მიდიან, ყველა მიდის და რჩება ერთი მთლიანი ორი ნახევრისგან შემდგარი ცოლ-ქმარი. უფლის მადლით‚ ჩვენ ეს მოგვეცა და ვიცით, რომ ამას გაფრთხილება სჭირდება. ჩემი ოჯახის, შვილის არსებობა ყველა სიძნელის გადატანაში მეხმარებოდა, მაგრამ, როდესაც გვერდით, ფიზიკურად გყავს ადამიანი, ვინც ყოველდღე გეუბნება: „მიდი‚ სოსო, შენ ეს შეგიძლია, უნდა გააკეთო,“ – ეს ძალიან დიდი მოტივაციაა.