როგორ სთხოვა სახლის სახურავზე ცალ მუხლზე დაჩოქილმა როკ-ვარსკვლავმა ტაისონ რიტერმა ელენა სატინეს ცოლობა
მსოფლიოში ცნობილი და ლამაზი წყვილების სიას კიდევ ერთი მშვენიერი წყვილი შეემატა: ჰოლივუდში მოღვაწე წარმატებული ქართველი მსახიობის, ელენა სატინესა (სხირტლაძე) და ცნობილი როკ-ჯგუფის The All-American reject-ის ვოკალისტისა და ბას-გიტარისტ როკ-ვარსკვლავის ტაისონ რიტერის სახით. შვიდთვიანი ურთიერთობის შემდეგ ტაისონმა საკმაოდ რომანტიკულ გარემოში სთხოვა ელენას ხელი და თანხმობის შემდეგ‚ ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭდით დანიშნა. ამის შესახებ თავად ელენამ დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, თან, ბეჭდიანი ფოტოც ატვირთა, წარწერით: „მომავალი მისის რიტერი“, რასაც ტაისონის გამოხმაურებაც მოჰყვა: „როგორც იქნა‚ ვიპოვე ჩემი საცოლე“. ეს ფაქტი ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის – ელენასა და ტაისონის მეგობრებისთვის, განსაკუთრებული კი – ჟურნალისტებისთვის. წყვილმა შეძლო ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვა და მხოლოდ ნიშნობის შემდეგ განაცხადა ამის შესახებ. გარდა ამისა‚ ნიჭიერი და წარმატებული ელენას კარიერაშიც ბევრი სიახლეა, ზოგიერთი მათგანის შესახებ ცოტა ხნის წინ „თბილისელები“ ექსკლუზიურად უყვებოდა მკითხველს. რამდენიმე დღის წინ კი ელენა დაამტკიცეს NBC-ის ძალიან პოპულარულ და წარმატებულ შოუში – The sixth Gun-ში მთავარ როლზე. როგორც ცნობილია‚ ამ როლისთვის დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ მსახიობს და ბოლოს არჩევანი ელენაზე გააკეთეს. შოუ რამდენიმე სეზონისგან შედგება და ის საკმაოდ წარმატებული, პოპულარული და მაღალბიუჯეტიანია. ელენას გმირი არის ქვრივი – მისის იუმი, რომელსაც ახასიათებენ როგორც ძალიან ძლიერ, ულამაზეს, ჭკვიან და გავლენიან ქალს, მას არაფრის ეშინია... ვიმედოვნებ, რომ‚ როგორც სხვა შოუები, ეს შოუც ძალიან წარმატებული იქნება ელენასთვის, რომელიც ჰოლივუდში ნიჭიერ, ჭკვიან მსახიობად ითვლება.
რაც შეეხება ელენასა და ტაისონის ურთიერთობას, ის დაახლოებით 7 თვის წინ დაიწყო... თავიდან მხოლოდ საუბრობდნენ... მაგრამ, ნელ-ნელა უფრო მეტად დაახლოვდნენ. თუმცა‚ იმ დროს ორივე ძალიან დაკავებული იყო: ტაისონი საკუთარ ჯგუფთან ერთად მსოფლიო ტურნეში იმყოფებოდა, ელენას კი „მაგიური ქალაქის“ გადაღებები ჰქონდა. როგორც კი ორივე ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა და თავისუფალი დრო გამოუჩნდათ, შეხვდნენ და მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლოთ. ექვსი თვის თავზე‚ 3 აპრილს, ტაისონმა ელენას ხელი სთხოვა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ეს ამბავი ჰოლივუდის ყოვლისმნახველი საზოგადოებისთვისა და ჟურნალებისთვისაც კი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ნიშნობის მეორე დღეს „ტვიტერზე“, ასევე‚ სხვა საიტებზე, დღის ნიუსად იქცა და დღემდე ინტერესდებიან. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ელენას და ტაისონს და უდიდეს ბედნიერებას უსურვებს! ამ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბის შესახებ კი დაწვრილებით სასაუბროდ ელენას დედას, ქალბატონ მარინა სილაგაძეს დავუკავშირდით. ასე რომ‚ ელენასა და ტაისონის ნიშნობის დეტალებს „თბილისელები“ მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს.
– ქალბატონო მარინა, გილოცავთ ელენას დანიშვნას. მას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ! ის და ტაისონი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია ჰოლივუდში.
მარინა სილაგაძე: ელენასა და ტაისონის ნიშნობის ამბავი‚ ოჯახის წევრების გარდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რა თქმა უნდა‚ მათი ურთიერთობის შესახებ თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ, ჰოლივუდში უყვართ პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვა და ამის შესახებ ხმამაღლა მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც თავად გადაწყვეტენ. ასე მოხდა ელენას შემთხვევაშიც, ამიტომაც გახდა ეს ამბავი მეორე დღეს ნიუსების თემა. ჟურნალმა „ფიფლმა“ სთხოვა მათ ექსკლუზივი და ამის შემდეგ მათ შესახებ უკვე სხვა ჟურნალებიც წერდნენ. თუმცა‚ ტაისონმა ჟურნალებს მხოლოდ ერთი რამ უთხრა: „როდესაც ელენას ხელი ვთხოვე, ის ტიროდა, მე ვკანკალებდი, მაგრამ, არც ერთი არ გადმოვვარდნილვართ სახურავიდან“... სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან ლამაზად და რომანტიკულ ვითარებაში მოხდა: წინა დღეს ტაისონის სახლში მეგობრები შეიკრიბნენ, ელენა ღამით დარჩა. დილის 6 საათზე, როგორც კი ინათა, ტაისონმა სთხოვა, სახურავზე აჰყოლოდა. იქ კი ელენას საოცარი სიურპრიზი დახვდა: წითელი ვარდის ფუცლებისგან გაკეთებული დიდი გული. ტაისონმა ელენას წინაშე ცალ მუხლზე დაიჩოქა და ასეთი ლამაზი სიტყვებით მიმართა: „აღარ მინდა შენ გარეშე შევხვდე არც ერთ განთიადს,“ რის შემდეგაც ელენამ ტირილი დაიწყო, რადგან, ახალგაღვიძებული იყო და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. ცოტა ხანში დამირეკა: „დედა, მე ვთხოვდები!“ რა თქმა უნდა‚ ძალიან გამიხარდა. ტაისონი‚ გარდა იმისა, რომ ძალიან პოპულარული და წარმატებული მომღერალია, შინაგანადაც ძალიან კარგი პიროვნებაა – ერთი მხრივ‚ ცნობილი როკ-ვარსკვლავი, ხოლო მეორე მხრივ – რომანტიკული, ჭკვიანი, მგრძნობიარე ადამიანი. ქრისტიანია და ძველი ტრადიციების მოყვარული. ამაზე ერთი ფაქტიც მიანიშნებს: სანამ ელენას დანიშნავდა, მანამდე დამირეკა და ჩემგან თანხმობა და დალოცვა ითხოვა. მე ვუთხარი: „ასე მალე?“ რაზეც მიპასუხა: „თქვენც ფიქრობთ, რომ ყველაფერი მალე მოხდა?“ როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ერთმანეთის გარეშე არ სურთ ცხოვრება, რა საჭიროა ურთიერთობის დროში გაწელვა? ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. მან თავის მშობლებსაც გააცნო ელენა – სპეციალურად მათ გასაცნობად ჩაიყვანა ოკლაჰომაში და მათგანაც მიიღო დალოცვა – ეს თავად მას სიამოვნებს, რადგან ძველ ტრადიციებს დიდ პატივს სცემს.
– როდის აპირებენ ქორწილის გადახდას?
– როდესაც ელენას არ ექნება გადაღებები, ხოლო ტაისონს – კონცერტები, მაშინ გადაიხდიან ქორწილს. ჰოლივუდში ქორწილისთვის ყველაზე კარგი დრო საშობაო პერიოდია, დეკემბერი, როდესაც ყველა ისვენებს. სხვა დროს შოუ-ბიზნესის ხალხის შეგროვება ძალიან რთულია, საშობაო პერიოდში კი ჰოლივუდში დიდი არდადეგები იწყება, დეკემბრის დასაწყისში ყველაფერი იკეტება. ამიტომ‚ ალბათ‚ დეკემბერში, ფლორიდაში გადაიხდიან ქორწილს. ტაისონს ოკეანის სანაპიროზე აქვს სახლი და იქ გააკეთებენ ლამაზ და რომანტიკულ ქორწილს.
– როგორი გამოხმაურება მოჰყვა მათ ნიშნობას ტაისონისა და ელენას თაყვანისმცემლების მხრიდან? ორივე ძალიან პოპულარულია და თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავთ.
– ტაისონის თაყვანისმცემლები ხუმრობით წერდნენ: „ბოლო სართულიდან ვხტებით, რა აზრი აქვს ცხოვრებას – ტაისონმა ცოლი მოიყვანა.“ ყველას უხარია და ულოცავენ – თქვენ მაგივრად ბედნიერები ვართო. ზოგი ჟურნალი, პირიქით, წერდა: „ბედნიერია ტაისონი, რადგან ელენა ცოლობაზე დასთანხმდა“.
– ელენა ძალიან კარგად მღერის. მისი კარიერია თავიდან სწორედ ამ კუთხით დაიწყო. თუ აპირებს საქმროსთან ერთად სიმღერას, ალბომის ჩაწერას?
– აქვთ რაღაც გეგმები, თუმცა‚ ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 10 აპრილს, – ავტორი) ელენამ დაასრულა გადაღებები და ტაისონთან ერთად წავიდა ფლორიდაში კონცერტზე, შემდეგ ტაისონის სახლში მივლენ და იქ დაგეგმავენ ყველაფერს. უკვე ვეღარ ძლებენ ერთმანეთის გარეშე. ელენა ჩემთან რომ მოდის, ტაისონი უკვე რეკავს.
– ხომ არ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას?
– ტაისონს ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა, გეგმავენ კიდეც. ელენა მას უყვებოდა სოჭის შესახებ, მაგრამ, მე იმდენი ვესაუბრე საქართველოზე, რომ საქართველოში უფრო უნდა ჩამოსვლა, ვიდრე რუსეთში, უფრო მეტად აინტერესებს. აუცილებლად ჩამოვლენ, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცი‚ როდის. ალბათ‚ როცა ყველაზე კარგი ამინდები იქნება საქართველოში და, რაც მთავარია, ორივეს თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს.
– ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ ელენასა და ტაისონს მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას!