კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან იყო „ევაკუირებული“ თეონა კონტრიძე და რას ვერ გაუძლო მან

27 აპრილს თეონა კონტრიძე თბილისს კონცერტით ეწვევა, არც მეტი, არც ნაკლები, თოთხმეტი წლის შემდეგ. ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის ყველაზე მოდურ ადგილას – „ელიტ კლუბში“ ჩატარებული კონცერტის შემდეგ თეონა „ივენთ ჰოლში“ იმღერებს, სადაც იქნება ძალიან დიდი მხიარულება, გემოვნებიანი, ხარისხიანი მუსიკა, იუმორი, ვნება და წარმოუდგენლად დიდი პოზიტიური ენერგია. თეონას პირველად ჩამოჰყავს თბილისში თავისი შვილები – რედი და გოგი. 

თეონა კონტრიძე: აქამდე არც ერთხელ არ ყოფილა რეალური დაინტერესება საქართველოდან, რომ მანდ კონცერტი ჩამეტარებინა. ახლა კი დამიკავშირდა კომპანია „ჯოი პრომოუშენს“ – ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული კომპანია. წესით არც უნდა ვახსოვდე – 22-23 წლის ბავშვები არიან და მართლა მიკვირს. მოსკოვში მცხოვრები ჩემი მეგობრის საშუალებით დამიკავშირდნენ და შევთანხმდით ყველა დეტალზე. მე ისე ძალიან მინდოდა მანდ კონცერტის გამართვა, რომ ყველანაირ დათმობაზე წავედი, რაც შემეძლო და ჩვენი კავშირი შედგა.

– რა პროგრამით ჩამოდიხარ, რას უნდა ველოდოთ?

– 1994 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ და, ამ დროიდან მოყოლებული, რუსულენოვანი პროგრამა არ მქონია. უსინდისობა და უნამუსობა იქნებოდა, რომ, მაშინ, როცა რუსეთმა პირადად მე ამდენი რამ მომცა: განათლება, ამხელა პუბლიკა, სითბო, სიყვარული, მეგობრები და სხვა თუ არაფერი – თავშესაფარი, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა რაღაც რუსულენოვანი. 1994 წელს წამოსვლას ემიგრაციას კი არა ევაკუაციას ვეძახი საქართველოდან, ფაქტობრივად, ევაკუირებული ვიყავი, ისეთი საშინელი სიტუაცია იყო. ყველა ხელოვანი, ვინც მაშინ საქართველოში დარჩა ჩემთვის გმირია, მაგრამ, მე ვერ შევძელი. უმადურობა იქნებოდა, არ გამეკეთებინა რუსული პროგრამა. შარშანწინ ჯგუფის წევრებთან ერთად გადავწყვიტე, მთელი შარშანდელი წელი რუსულენოვანი პროგრამისთვის დაგვეთმო. იქ არის ინგლისური და ქართული სიმღერებიც, მაგრამ ძირითადად რუსულია. დიდხანს ვფიქრობდი, რა მაერთიანებს რუსულენოვან პუბლიკასთან, რომელიც გაცილებით მარტივი და ნაკლებად პრეტენზიულია; რა მაერთიანებს ამ ქვეყნის ლოგიკასთან, რითი ვარ ამ ქვეყნის მენტალიტეტთან ახლოს და, მივხვდი, რომ, ერთადერთი რაც გვაერთიანებს, ეს საბჭოური წარსულია. 

– საერთო საბჭოური წარსული.

– დიახ. გადავწყვიტეთ, რომ ავიღოთ ძველი, 1940-1950 წლების ცნობილი საბჭოთა ჰიტები, იმ კომპოზიტორების სიმღერები, რომლებიც გენიალურ, მსოფლიო დონის სიმღერებს წერდნენ, მაგრამ, ამ სივრცეს ვერ გასცდნენ. კირკოროვისა და პუგაჩოვას რეპერტუარიდან ჩემთან არც ერთი სიმღერა არ არის (იცინის), ავიღე ის კომპოზიციები, რომლებშიც ჯაზური ბირთვიც არის ჩადებული და, იმდენად გადავაკეთე, რომ ხალხი ვერც ხვდება, ან მეორე-მესამე სტროფზე თუ ხვდება, რა სიმღერაა. ჯაზის, ფანქის, არენბისა და სოულის ელემენტებს ვეძებდი, რათა ეს სიმღერები ხმის ჩემს ფაქტურასა თუ რიტმის აღქმას მორგებოდა. ეს პროგრამა ძალიან ნოსტალგიური, თბილი და წარმატებული აღმოჩნდა მოსკოვში. წარმოუდგენელი რაოდენობის კონცერტები მქონდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ჩვენი პუბლიკა იყო არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ, ბევრად უფროსი თაობის მსმენელიც, რაც მე ძალიან მაინტერესებს.

– ესე იგი, ამ პროგრამით ჩამოდიხარ. ამიტომაც იკითხე „ფეისბუქში,“ როგორი დამოკიდებულება ექნება ქართველ მსმენელს ამ სიმღერების მიმართო?

– რუსული ენის სიყვარულის გამო პამიდორებს ხომ არ დამიშენენ-მეთქი. მინდა, ჩემი დახმარებით, ქართველმა ხალხმა მკვეთრი წითელი ხაზი გაავლოს რუს ხალხსა და კრემლს შორის...

– თუმცა, ეს რუსი ხალხი ქმნის კრემლს. ძნელია, ეს ორი ცნება ერთმანეთისგან გამიჯნო.

– რუსი ხალხი კრემლს ებრძვის ზუსტად ისე, როგორც სხვა ხალხი. არ არის არც ერთი კვირა, რომ აქ არ იყოს მიტინგები და დემონსტრაციები კრემლის წინააღმდეგ. კრემლი თავის ხალხს ეპყრობა საშინლად. მენდელეევის მთელი ცხრილია ამ მიწის ქვეშ, ხალხი კეთილდღეობაში უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ, ეს მენდელეევის ცხრილი კრემლის ჯიბეში ჩადის და, საკმარისია, მოსკოვს ასი კილომეტრით გასცდე, გაგიჟდები, ხალხი ისეთ სიდუხჭირეში, ისეთ პირობებში ცხოვრობს. ეს არის კრემლის ცინიკური, არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ.

– აგუტინ-ვარუმის კონცერტს განხილვები მაინც მოჰყვა, თუმცა, ზიზღი და პომიდვრები არ ყოფილა.

– არიან ადამიანები, რომლებიც, გარკვეული პოლიტიკური თამაშების გამო, ქართველების მიმართ გაცივდნენ, მაგრამ, მათ არ ახსოვთ საბჭოთა წარსული; მათ არ იციან, რომ თხუთმეტი რესპუბლიკიდან საქართველოსთვის, მიუხედავად უფრო ახლო მეზობლებისა, მაინც ყველაზე ახლოს რუსეთი იყო, თავისი ერთობლივი სუფრებით, გიჟობებით, პიცუნდებით და გაგრებით. მენტალურად ასე იყო. გვაერთიანებს რელიგია, რაც ჩემთვის ვიბრაციაა – ერთობლივი ლოცვა და სულიერი ტრადიციები; გვაერთიანებს კულტურა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთი იყო. რაც შეეხება რეპრესიებს, რუსმა ხალხმა რომ გადაიტანა რეპრესიები, მსგავსი რეპრესიები თხუთმეტი რესპუბლიკიდან არც ერთს არ განუცდია. უბრალოდ, განათლება მოაკლდა  ხალხს, გესმის?! ოცი წელი სიბნელე იყო თუ საქართველოში, თუ რუსეთში და, ამიტომ ვეღარ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან ბევრ რამეს. არაფერს ვამბობ პუტინ-მედვედევის პოლიტიკაზე, რომელიც ერთიანად ცუდად ექცევა როგორც თავის ხალხს, ისე საქართველოს, სომხეთის, მოლდოვეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეს. შეიძლება, ბაშმეტის უამრავი გამონათქვამი ძალიან მაღიზიანებს, ბევრჯერ არასწორად მოიქცა, მაგრამ, მუსიკა საერთაშორისო ენაა და, იმის გამო, რომ ედიტ პიაფს ფაშისტური გერმანიის გენერალიტეტისთვის აქვს ნამღერი იმ დროს, როდესაც ისინი პარიზს იპყრობდნენ, არ შეიძლება, მუსიკოსების მიმართ ზიზღი გვქონდეს. ეს ენა, პირიქით, ხალხთა შორის კომუნიკაციას, დაახლოებას უწყობს ხელს და, ძალიან მინდა ისევ ისეთი თბილები დავრჩეთ ხელოვანების, სპორტსმენების მიმართ, როგორებიც ყოველთვის ვიყავით. ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს ცოცხლად, გაიღიმოს, სიამოვნება მიიღოს. დავანებოთ თავი პუტინს, სააკაშვილს, ივანიშვილს... ჩვენს კონცერტზე მაინც, დროებით გამოვრთოთ „აიფონები“, გამოვიდეთ „ფეისბუქიდან“, დავისვენოთ და გავერთოთ. იმედი მაქვს, ეს „ქიმია“ ჩემს ჯგუფსა და ქართულ პუბლიკას შორის 27-ში შედგება. 

– საქართველოში პირველად ჩამოდიხარ ბავშვებით. რას ელოდებიან, რა განწყობა აქვთ?

– საქართველოსთან დაკავშირებით ბავშვებმა ყველაფერი პოზიტიური იციან: რომ ბებია-ბაბუას საფლავები თბილისშია; რომ დედა ქართველია და ამის გამო სულ გვაქვს ურთიერთობა ქართულ სამზარეულოსთან – სახლშიც და გარეთაც; რომ, როცა დედა მიდის საქართველოში, ჩამოდის იქიდან ბედნიერი და ჩამოაქვს გემრიელობები, იციან, რომ მანდ მზეა და თბილა. 13 მაისს, გოგის დაბადების დღეა და მანდ უნდა აღვნიშნოთ – ვაპირებთ, თბილისის რომელიმე პარკში გადავიხადოთ, რომ ბავშვებმა გაიგონ, რას ნიშნავს ლამაზი ხედები. მოსკოვში ხომ ერთი ბორცვიც არ არის, რამეს რომ ზემოდან გადმოხედო (იცინის). კახეთშიც გვინდა წასვლა. წელს ზაფხულში საქართველოში დასვენებას ვაპირებთ. დიდი გეგმები გვაქვს. დროა, ბავშვები თავის ნახევარ კულტურას გაეცნონ. 

– ვინც სატელევიზიო შოუებიდან გიცნობს, მისთვის, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლა ინტერვიუ გავწყვიტეთ იმის გამო, რომ ბავშვს უნდა ესადილა. თავიდან ბოლომდე ჩართული ხარ მათ აღზრდაში.

– კი, ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ და ძალიან ვმეგობრობთ. ჩემმა გოგომ, გუშინ ორი „ორიანი“ მოიტანა. დავსხედით და ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ცხოვრებაზე, როგორ ხდება რაღაცეები, რა ვიბრაცია შეიძლება შემოვიდეს მის ცხოვრებაში ამ „ორიანით,“ რას ნიშნავს „ორიანი“ და „ხუთიანი“ ცხოვრების მასშტაბით... ჩვენ ჩვენი ურთიერთობა და ფილოსოფია გვაქვს. ცხოვრებაში სულ ორჯერ მაქვს ბავშვისთვის მირტყმული და ისე შემრცხვა, ისე ვინერვიულე, დილის ოთხ საათამდე ვბღაოდი. ძალიან ცუდი „ტექნოლოგიაა“ და ამას არასდროს აღარ გავაკეთებ, საშინელი მეთოდია. ჩემი მთავარი მიზანია, რომ არანაირ მდგომარეობასა და სიტუაციაში არ მომატყუონ. მოსკოვში ერთი ნაბიჯია ალკოჰოლამდე  და ნარკოტიკამდე, ისეთი ხელმისაწვდომია, რომ ბავშვებთან ეს სიტუაცია ძალიან მარტივად შეიძლება გაგეპაროს. ამიტომ, მთავარია, არ იყოს ტყუილი.

– შენს კონცერტებზე დადიან?

– წელს იყვნენ პირველად. 31 დეკემბრის ღამე ერთად გავატარეთ გეოლოგიური მუზეუმის დარბაზში – ლამაზია, დინოზავრებია და, ვიცოდი, მოეწონებოდათ. მაგრად ერთობოდნენ, თან, გაკვირვებულები მიყურებდნენ – ვერ ხვდებოდნენ, რა საერთო აქვს სცენაზე მდგარ ქალს იმ ქალთან, რომელსაც სამზარეულოში ხედავენ. მერე გოგი მოვიდა და სცენის წინ ფეხი დამირტყა. დავხედე და – თურმე, თასმა ჰქონია გახსნილი (იცინის). ანუ, ჩამოდი, შემიკარიო. უნდოდათ, ყველას სცოდნოდა, რომ მათი დედა ვარ. 

– აღიქვამენ, რომ ვარსკვლავი ხარ?

– არა, რას ამბობ. „ქალი ვიცი კუხნაშიო“ – ასე არიან ესენიც. არ ვარ მე ისე აქტიური შოუ-ბიზნესში ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

– როგორც ვხვდები, შენ რაღაც ვიწრო, ელიტური მიმართულება აირჩიე, არასატელევიზიო გზა...

– ჩვენი ჯგუფი ძალიან პოპულარულ ივენთ-ჯგუფად იქცა, კერძო მიწვევებით დავდივართ. ბარნაულში და ხაბაროვსკში არ გვიწევს წასვლა, სულ დავდივართ ბერლინში, ვენაში, პარიზში, მონაკოში... უფრო იქ, სადაც ვილები და შატოებია. ჩემი გურული ტვინით ძალიან ადრე გავაანალიზე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჯერ ერთი, ფიზიკურად არ შემიძლია ურთიერთობა და კონკურენცია კირკოროვებთან და მსგავს ტიპებთან, ვინც რუსეთის ტელევიზიებშია.

– გქონია მათთან რამე დაპირისპირება?

– არა, არანაირი. თავიდანვე გავთვალე, რომ მათ პარალელურად მემოძრავა და არა მათ გზაზე და მათ გადაკვეთაზე, ამიტომაც არ ვყოფილვარ დამოკიდებული ინტრიგებზე, მედიაზე, რედაქტორებზე, ფიარზე და სხვა. ეს არის გზა, სადაც მარტო მე ვიქნებოდი ჩემი თავის ბატონ-პატრონი და გამოვიდა. მინდოდა, ჩემს კარიერას ელიტური სახე ჰქონოდა და ასეც აეწყო. მე და სტას მიხაილოვი ერთ პუბლიკას არ უნდა ვიყოფდეთ, ამიტომაც არ მჭირდება სატელევიზიო გამოსვლები, თვეობით გასტროლები. 

– შესაბამისად, მეტი დრო გაქვს ოჯახისთვის და არ ხარ პროდიუსერების მონა.

– აბა რა! რვა-ათი კონცერტი თვეში აბსოლუტურად საკმარისია ცოცხალი შემსრულებლისთვის, ცოცხალი ჯგუფისთვის, რომ სულ ვითარდებოდე და ფინანსურად ნორმალურად იცხოვრო. 15-18 კონცერტი გვაქვს ხოლმე ახალი წლის პერიოდში და, ისე ვიღლები, მერე ინდოეთში ან ტაილანდში პლაჟზე ერთი თვე მძინავს. ვიღაცეები კი ახერხებენ, თვეში ოცდაათი კი არა, სამოცი კონცერტი ჩაატარონ, მაგრამ, მე არ შემიძლია „ფორმულა ერთის“ მოწყობა ცხოვრებაში. მე მინდა, ვუყურო, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები, ვიარო მათ ზეიმებზე, ვატარო სპორტზე, მუსიკაზე. მაინტერესებს ის პროდუქტი, რომელიც შევქმენი რა შედეგს მოიტანს.  ბავშვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ მიმართ. კარიერის დედაც ვატირე ჩემი ოჯახის ხარჯზე. 

– სწორი გზით გივლია.

– მეც ასე მგონია. რაც არ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, დღეს ზუსტად ვხვდები, რომ არც ყოფილა საჭირო. იყო დრო, როცა ძალიანაც მინდოდა ტელევიზორიც, რადიოც, სუპერსთარობაც, ფანკლუბებიც, მაგრამ, ეს სურვილები ძალიან პატარა ასაკში დამთავრდა. ახლა მინდა, სულ მყავდეს ჩემი პუბლიკა და, მადლობა ღმერთს, რომ მყავს. მინდა ვიყო უზრუნველყოფილი, მქონდეს დრო ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და მოგზაურობისთვის და ეს მაქვს.

– ანუ, ბედნიერი ხარ.

– დიახ. მოსაზრება, რომ არ შეიძლება, ქალი ოჯახშიც და კარიერაშიც იყოს წარმატებული, მცდარი აღმოჩნდა და იმაზე ბევრად უკეთ განხორციელდა, ვიდრე ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი. მით უმეტეს, ხელოვანი ქალების ოთხმოცი პროცენტი უბედურია. მე დაბადებული ვარ ბედნიერებისთვის – ეს ჩემი დევიზი და კონცეფციაა!

скачать dle 11.3