გინესის რომელი რეკორდის მფლობელია ჰოლივუდის ვარსკვლავი დუეინ „კლდე” ჯონსონი და რამდენი მილიონი დოლარი მიიღო მან პირველი მთავარი როლისთვის
„ვუყურებ საკუთარ თავს და ვფიქრობ: არაჩვეულებრივი მსახიობია, რა კარგად გამოსდის ყველაფერი”, – ეს ფრაზა ჰოლივუდის ვარსკვლავს, მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გმირს, დუეინ „კლდე” ჯონსონს ეკუთვნის, რომლის გზა წარმატებამდე ამერიკული ფეხბურთითა და რესტლინგით დაიწყო. ახლო მომავალში მსოფლიო კინოეკრანებზე მისი მონაწილეობით ორი პოტენციური ბლოკბასტერი – „ფორსაჟი 6” და „G.I.Joe – კობრას გადატყორცნა 2” გამოვა, რომლებსაც „ბოევიკების” მოყვარულები მოუთმენლად ელიან.
* დუეინ ჯონსონი დაიბადა 1972 წლის 2 მაისს კალიფორნიაში, ჰეივარდში, ცნობილი რესტლერის – სოულმენ როკი ჯონსონისა და პრომოუტერ ატი მაივიას ოჯახში. დუეინის დედის მხარე წარმოშობით სამოას კუნძულიდან არის და მას პოლინეზიური ფესვები აქვს. ბაბუა დედის მხრიდან – ჰაი ჩიფ პიტერ მაივია, ასევე ცნობილი რესტლერი იყო, ხოლო ბებია, ლია მაივია, რესტლერთა საპრომოუშენო კომპანიას ხელმძღვანელობდა სამოაში. ბავშვობის წლების გარკვეული პერიოდი დუეინი ოკლენდში, ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, საიდანაც შემდგომ ჰონოლულუში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა იქ დაასრულა.
* სკოლაში სწავლის პერიოდში დუეინი გატაცებული იყო ამერიკული ფეხბურთით; გარდა ამისა, ის მძლეოსნობასა და ჭიდაობაში ვარჯიშობდა. მაიამის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუეინ ჯონსონი სასწავლებლის გუნდის წევრი იყო და უნივერსიტეტებს შორის ამერიკის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ პროფესიულ სპორტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დუეინ ჯონსონმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა კანადის საფეხბურთო ლიგის კლუბ „კალგარი სტამპიდრესთან”, თუმცა, მხოლოდ ერთი სრული სეზონის თამაში მოახერხა – ზურგის ტრავმამ მას პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზე უარი ათქმევინა.
* დუეინ ჯონსონის დებიუტი რესტლინგ-რინგზე შედგა 1996 წელს. თავდაპირველად იგი როკი მიავიას ფსევდონიმით გამოდიოდა, თუმცა, შემდგომ ფსევდონიმად „კლდე” დაირქვა და ამ სახელით 1990-იანების ბოლოსა და 2000-იანებს დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რესტლერი გახდა რესტლინგის მსოფლიო ფედერაციაში. მისი და სტივ ოსტინის დაპირისპირებები რინგზე რესტლინგის კლასიკად იქცა. აღსანიშნავია, რომ, აქტიური სამსახიობო კარიერის მიუხედავად, დუეინ „კლდე” ჯონსონი კვლავაც განაგრძობს კარიერას რესტლინგში და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან რესტლერად ითვლება. რესტლინგის სამყაროში მისი მეტსახელებია: სახალხო ჩემპიონი, კორპორატიული ჩემპიონი, „დიდებული“, „ყველაზე ფეთქებადი ადამიანი“, „როკი.“ 2001 და 2002 წლებში დუეინი პლანეტის ყველაზე ქარიზმატულ რესტლერად დასახელდა, ხოლო რესტლინგის მსოფლიო ფედერაციის მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო რესტლერთა რეიტინგში იგი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
* 2000 წელს დუეინ „კლდე” ჯონსონმა, ჯო ლაიდენის დახმარებით, დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით – „კლდე“ ამბობს”. „ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, წიგნმა პირველი ადგილი დაიკავა იმ წლის ბესთსელერებს შორის და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი წიგნების რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებდა.
* პირველად დიდ ეკრანზე დუეინ „კლდე” ჯონსონი გამოჩნდა ბლოკბასტერში „მუმიას დაბრუნება,” ხოლო 2002 წელს მისი სრულფასოვანი დებიუტი შედგა „მორიელების მეფეში”, სადაც დუეინმა მთავარი როლი შეასრულა და ჰონორარის სახით კარიერაში პირველი მთავარი როლისთვის რეკორდული თანხა მიიღო – 5,5 მილიონი ამერიკული დოლარი. ჯონსონის ჰონორარი 2002 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
* დუეინ „კლდე” ჯონსონის სიმაღლე 196 სანტიმეტრია, წონა – 120 კილოგრამი.
* 1997 წლის 3 მაისს დუეინ ჯონსონი დენი გარსიაზე დაქორწინდა. 2001 წელს წყვილს ქალიშვილი – სიმონ ალექსანდრა ეყოლა. 2007 წელს დუეინი და დენი განქორწინდნენ, თუმცა, მეგობრებად დარჩნენ.
* დუეინ ჯონსონი კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, ჰოლივუდისა და ბოდიბილდინგის ლეგენდის – არნოლდ შვარცენეგერის ახლო მეგობარია.
* უეინ „კლდე” ჯონსონი მაიამის უნივერსიტეტის ბაკალავრია კრიმინალისტიკასა და ფსიქოლოგიაში.
* დუეინის ბიძები – აფა და სიკა, ასევე, მისი ბიძაშვილები: მანუ, იოკოძუნა, რიკიში, როსი და უმაგა პროფესიონალი რესტლერები არიან და „ველური სამოელების” გუნდს წარმოადგენენ.
* 17 წლის ასაკამდე დუეინი ცხრაჯერ იყო დაკავებული პოლიციის მიერ ჩხუბისა და მაღაზიებში პროდუქტების მოპარვის ფაქტებზე. „წესით, ციხეში უნდა ვმჯდარიყავი, თუმცა, გამიმართლა – ფეხბურთის მწვრთნელმა მიხსნა და გუნდში ამიყვანა,” – იხსენებდა დუეინ ჯონსონი.
* დუეინ ჯონსონმა 15 წლის ასაკში ისწავლა ავტომობილის მართვა, ხოლო პირველი ავტომობილი 40 დოლარად იყიდა, რომელიც ყიდვიდან მეორე დღესვე გაფუჭდა. დუეინის საყვარელი საავტომობილო მარკა „ფორდია”, რომლის 15-მდე სხვადასხვა მოდელი აქვს გამოცვლილი.
* დუეინ ჯონსონის მეგობარი იყო მაიკლ კლარკ დანკანი – ამერიკელი მსახიობი და „არმაგედონისა” და „მწვანე მილის” ვარსკვლავი, რომელიც 2012 წელს გარადიცვალა. მაიკლი დუეინის პარტნიორი იყო ფილმში „მორიელთა მეფე”.
* დუეინ ჯონსონს სახიფათო ტრიუკების შესრულების დროს ცვლის მისივე ნათესავი, კასკადიორი ტანოია რიდი.
* დუეინ ჯონსონი ტიმ ბარტონის მეორე არჩევანი იყო ვილი ვონკას როლზე ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, იმ შემთხვევაში, თუკი ჯონი დეპი უარს განაცხადებდა ამ როლის შესრულებაზე.
* დუეინ ჯონსონს არაქნოფობია აქვს – მას პანიკურად ეშინია ობობების.
* დუეინ „კლდე” ჯონსონის საყვარელი კერძი შემწვარი ქათამი, ბრინჯი და ბროკოლია. მას ასევე, უყვარს პიცა, რომელშიც ბევრი ყველი დევს.
* დუეინ ჯონსონის თქმით, მას შემდეგ, რაც სამსახიობო კარიერას დაასრულებს, იგი ბედს პოლიტიკაში ცდის და, არ გამორიცხავს, რომ კენჭს იყრის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე. „საბედნიეროდ ამერიკაში ვარ დაბადებული და მაქვს შანსი, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობაზე”, – განუცხადა დაინტერესებულ ჟურნალისტებს მსახიობმა.
* დუეინ ჯონსონს სხეულზე ორი სხვადასხვა დატვირთვის მქონე ტატუირება აქვს: მის მარჯვენა ხელზე წითელთვალება ხარია გამოსახული, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს – კუროს აღნიშნავს, ხოლო მარცხენა ხელზე და მარცხენა მხარზე, სამოური ტრადიციების დაცვით შესრულებული ოჯახის აღმნიშვნელი ტატუირება აქვს, რომელიც მან 2003 წელს ცნობილ ტაიტელ ტატუს ოსტატთან, პოინო ირონდისთან გაიკეთა. მთლიანი ტატუს გაკეთებას, რომლითაც სხეულზე მთელი თავისი ოჯახის ისტორია აქვს გამოსახული, დუეინი 60 საათს მოუნდა.